დღეს ბევრი ლექტორი თუ მასწავლებელი ხშირად ამბობს, რომ საქართველოს ისტორია სავსეა მითებით. ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც სრულიად ჩამოშორებულია რეალურ სამეცნიერო პროცესს, უკვე ათეულობით წელია გაკვეთილებსა და ლექციებზე საზეპიროებივით იმეორებს ქართული საისტორიო ტრადიციის ძირითად ეპიზოდებს, შესაბამისად, ამ ადამიანებს იმდენად მობეზრდათ ეს ამბები, რომ ყველანაირი ფხიზელი მიდგომა დაკარგეს. ხშირად, ისინი საქართველოს ისტორიაზე მხოლოდ გულგრილი ცინიზმით საუბრობენ. მასწავლებლების ამგვარმა დამოკიდებულებამ ახალი თაობის მეცნიერებსა და სტუდენტებზე იქონია გავლენა. ახლა ისინი, მარკეტინგის მარტივ ხრიკებს აყოლილები, დღეში, სულ მცირე, ათ მითს პოულობენ საქართველოს ისტორიაში.

მითები, რომლებსაც ისინი აქარწყლებენ ცუდი სადღეგრძელოებიდანაა ან წარუმატებელი აგიტატორების სიტყვიდან და არა აკადემიური ნაშრომებიდან და გაბატონებული იდეოლოგიით შექმნილი სახელმძღვანელოებიდან. ცალკეული ფაქტობრივი უზუსტობის ძებნაზე მეტად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, თუ როგორ ვკითხულობთ ისტორიას.

იდეოლოგიის გავლენით, ჩვენ მხოლოდ ისტორიის ძალიან მცირე ნაწილს გვასწავლიან. ეს არის ამბები მეფეებსა და ომებზე, თითქმის არაფერი ვიცით ხალხის ნამდვილ ისტორიაზე, მათ ცხოვრებასა და კავშირზე სამყაროსთან. საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის კორპუსი. ოფიციალური ვერსია, ან "კანონიკური" ვერსია. გაიწერა პროგრამა. სწორედ, ამით ვხელმძღვანელობთ დღემდე. ფართო მასები საქართველოს ისტორიის მხოლოდ იმ ეპიზოდებს იცნობენ, რომლებიც მაშინდელმა იდეოლოგიამ ჩათვალა საჭიროდ. ეს ტყუილზე უფრო მეტად ართულებს ჭეშმარიტებისკენ გზას.

კიდევ უფრო სავალალო ვითარებას ქმნის ის ფაქტი, რომ ჩვენ კრიტიკულად არ გაგვიაზრებია ის მეთოდი და პოლიტიკური დაკვეთა, რომლის საფუძველზეც მუშაობდნენ საბჭოთა დროის ისტორიკოსები. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა ხალხს დააჯერეს, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკლებლივ ყველა მეცნიერი ტყუოდა და მხოლოდ პარტიას ემსახურებოდა. მათი იდეოლოგიის თანახმად, კოლონია ვიყავით, რომელსაც ნულიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. მართლაც, გამოჩდნენ მეცნიერები, რომლებსაც გააჩნდათ ამბიცია, რომ ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაეწერათ. (მათ ფორმალურად უარი თქვეს საბჭოთა კავშირის დროს შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებზე და უფრო ადრეულ გამოკვლევებზეც, უარყვეს ჯავახიშვილის მეთოდი, რადგან დღემდე გულუბრყვილოდ მიაჩნიათ, რომ კლასობრივ საკითხზე საუბარი საბჭოთა გადმონაშთი ან მარქსისტული ტერმინების ბრმა გადმოტანაა). ასეთი ხედვებით, ნეოლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, შექმნეს საქართველოს ისტორიის საკუთარი ვერსია, მაგრამ ეს ისტორია ყველაზე მეტად სტალინის ვერსიას დაემსგავსა. ამაში არც არაფერია გასაკვირი, რადგან ეროვნული მოძრაობა ეფუძნებოდა სტალინისტურ ეთნიკურ ნაციონალიზმს, სტალინის ხედვებს იმეორებდა ეროვნული მოძრაობის მთავარი იდეოლოგი, ზვიად გამსახურდია, თავის ცნობილ ნაშრომში "საქართველოს სულიერი მისია". სტალინისავე ხედვების ერთგულნი დარჩნენ თანამედროვე ისტორიკოსები. ისინი სიტყვით მუდმივად სტალინიზმის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ მისი პროგრამით აზროვნებენ დღემდე.
სტალინის ხედვაში გასარკვევად ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის ნიკო ბერძენიშვილის დღიური, რომელშიც აღწერილია მისი და სიმონ ჯანაშიას შეხვედრა სტალინთან: "14 ოქტომბერს ამხ. კ.ჩარკვიანმა აწ განსვენებული აკად. ს.ჯანაშია და მე თავისთან გვიხმო. ამხ. სტალინმა სთქვაო, – “თუ ავტორები გაიზიარებენ, საქართველოს ისტორიის შესახებ რამოდენიმე შენიშვნა მაქვსო“, – თავისთან მიგიპატიჟებთ, თუ სურვილი გაქვთო" (ნიკო ბერძენიშვილისეული დღიურები დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის #1676 ფონდში).

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სტალინი ქართველი ისტორიკოსების წინაშე წარდგება, როგორც ქართველი პატრიოტი, მის შენიშვნებს ისტორიკოსებისთვის განკარგულების ხასიათი აქვს. დღემდე, საქართველოს ისტორიის სწავლა სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის შრომების გარეშე შეუძლებელია. მათ გამოკვლევებს ეყრდნობა სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების უდიდესი ნაწილი. ამ მეცნიერებმა, მართლაც, ფასდაუდებელი შრომა გასწიეს, მაგრამ აუცილებელია გავიაზროთ მეთოდი, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ და განკარგულებას, რომელსაც ემორჩილებოდნენ.

სტალინის ხედვა საქართველოს ისტორიაზე

იმისათვის, რომ გავერკვეთ სტალინის ხედვაში, პირველად, უნდა გავიაზროთ, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, არა საქართველოს ისტორია, არამედ ეთნიკურად ქართველების ისტორია. ამიტომაც, საკვანძო საკითხს წარმოადგენს ქართველთა ეთნოგენეზი. ბელადისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, უჩვენოს ქართველთა უძველესი ისტორია. ხაზს უსვამს, რომ ქართველური ცივილიზაცია ბერძნულზე ძველია, რომ კავკასიაში მცხოვრები სხვა ხალხები ინდოევროპელები არიან, რომლებიც ამ მიწაზე გვიან მოვიდნენ. სტალინი ამ მსჯელობაში ენების ნათესაობის საკითხს ეყრდნობა. ხაზგასმით ამბობს, რომ ნიკო მარის თეორია ენის სტადიალობის შესახებ არ სწამს. ენის საკითხი, ხალხთა მონათესავეობის გასარკვევად-დასადგენად, უმთავრეს საკითხად მიაჩნია.

ბელადი დილეტანტისთვის დამახასიათებელი გაბედულებით ფიქრობს და ასეთ შენიშვნას აძლევს ისტორიკოსებს:

“ჩვენი წიგნი წინ უდევს, გადაშლის. არ აკმაყოფილებს დასაწყისი თავი, მეტ გაბედულებას და გარკვეულობას სცნობს საჭიროდ ქართველთა მონათესავეობა-წარმოშობილობა-იგივეობის შესახებ წინა აზიის უძველეს კულტურულ ხალხებთან: სუმერ-სუბარხეთა-ურარტუსთან. კართაგენი (“კართაშენი”) არ მიაჩნია ებრაელთა მონათესავეებად… ასევე ლიბიელები, ბასკები, ეტრუსკები“, - იგონებს ნიკო ბერძენიშვილი და იქვე სტალინის ციტატა მოჰყავს:

“ბერძნები გვიან მოვიდნენ. ეგვიპტელები მათ ავარებს, რაზბოინიკებს უწოდებდნენ… ყველაფერი ეს შესასწავლია… მეტი გაბედულობაა საჭირო. აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად … სომხები გვიან მოვიდნენ, ალბათ მეჯოგეები, – ურარტუ დაიჭირეს, მოსახლეობა გამოაძევეს ან მათვე შეერივნენ”.

სტალინი შემდეგ აგრძელებს მსჯელობას აღმოსავლური ცივილიზაციების ჩამორჩენილობაზე და ხაზს უსვამს, რომ ქართველები ევროპელები არიან. მისი ეს მსჯელობა ასეა გადმოცემული ისტორიკოსის დღიურში:

ოსმანეთის ჩამორჩენილობას აღნიშნავს, ადარებს საბჭოთა აზერბაიჯანს და უკანასკნელი სამჯერ უფრო მაღლა მდგომად მიაჩნია...ოსმალური და ერანული კულტურისა არა სწამს (მარქსს ეთანხმება: ბარბაროსული საფეხური ფეოდალური ურთიერთობისა). მართლაც და ფეოდალური ურთიერთობის დაბალი საფეხურია, მაშ რა, – როდესაც მიწის კერძო საკუთრებაც კი (რა თქმა უნდა, ფეოდალური) ვერ შემუშავებულა და სადაც ხანი თუ ფაშა მოხელეს ვერ გასცილებია, ფეოდალი ვერ გამხდარა, სადაც ფეოდალური ეტიკეტიც კი ვერ შემუშავებულა...”

"ხალხი გადაასახლეს და კულტურულად მთელი საფეხურით უკან დასწიეს", – ამბობს სპარსელებზე (ლაპარაკი ეხება ფერეიდნელებს). "და განა ასევე არ დაემართა ყველას, ვინც კი ერანის თუ ოსმალეთის კულტურა გაიზიარა. სამცხე-საათაბაგო, აჭარა...და დანარჩენი ქართველები ან აზერბაიჯანი".

ნიკო ბერძენიშვილი სიხარულით აღნიშნავს: "სწორად მიაჩნია ჩემი ფორმულა, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო და რომ ის კვლავ დაუბრუნდა ევროპული განვითარების გზას”. და იქვე ჩაინიშნავს: " მაშასადამე, მე დამჭირდება მთელი აბზაცი სპარსეთ-ოსმალეთის უკულტურობისა, საქართველოს ევროპულობისა და რუსეთთან მისი დაკავშირების პროგრესულობის შესახებ".

სტალინი საუბრობს მწარმოებელ კლასზე, მაგალითისთვის, ერეკლეს შესახებ ამბობს, რომ ის პროგრესული მოღვაწე იყო, რადგან "დამპყრობელ-დამმონებელი", "ხელმწიფე მხედართმთავარი", "ხალხის მტერი" და მისგან მოწყვეტილი კი არ ყოფილა, არამედ ის იყო მოღვაწე, რომელმაც თავისი ძალ-ღონე საქართველოს, მისი მწარმოებელი საზოგადოების დაცვას, გადარჩენას, აღდგომასა და გამოხსნას შეალია.

სტალინს არ აინტერესებს, რომ ერეკლეს ეპოქაში, მანამდეც და შემდეგაც, საქართველოში არსებული მწარმოებელი კლასი მხოლოდ ეთნიკურად ქართველებისგან არ შედგებოდა. იმის ნაცვლად, რომ ამ მხრივ გაშალოს საქართველოს ისტორია, ითქვას, რომ მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის განუყოფელი ნაწილია სხვა ერებიც, ის ეთნიკური ნაციონალიზმის პოზიციებიდან იწყებს საუბარს. ამბობს, რომ ცნება "ქართველი" მხოლოდ კულტურული და ისტორიული გაგებით უნდა გაფართოვდეს და ეძებს ქართველთა მონათესავე ხალხებს (პირინეისა და აპენინის ნახევარკუნძულზე). ამავდროულად, სტალინი მიიჩნევს, რომ ეთნიკურად ქართველებმა უფრო მეტი ტერიტორია უნდა აითვისონ კავკასიაში, საბჭოთა კავშირისთვის "არასანდო" ერების შევიწროების ხარჯზე.

"ამხ. სტალინის "გრუზინი" უფრო ფართე ცნების შემცვლელია, ვიდრე ჩვენ გვესმის, უფრო ფართე, ვიდრე ქართ-ზან-სვანური. ამხ. სტალინ გრძნობს საჭიროებას ამ ტერმინის გაფართოებისა (ისტორია მეცნიერებაა, ჭეშმარიტებაა, ის საფუძვლიანი სილოგიზმია, რეალური და არა ფორმალური და ამდენადვე ის თანამედროვეობასთან სრულ თანხმობაშია. მეცნიერს უნდა ჰქონდეს უნარი ამ თანხმობის აღმოჩენისა…).
ჭეშმარიტებაა – ტერმინი "ქართველი" უნდა გაფართოვდეს. ეს აუცილებელია, როგორც ისტორიული მეცნიერების თვალსაზრისით, ისე ადრინდელი საქართველოს პოლიტიკის თვალსაზრისით…"

ამ ხედვას სტალინი თავის პოლიტიკურ პრაქტიკაშიც თავისებურად იყენებს და ამბობს, რომ თბილისში ქართველები უნდა შეადგენდნენ აბსოლუტურ უმრავლესობას. შემდგომ კი მისი ავტორიტეტით გაბრუებული ისტორიკოსების წინაშე ნამდვილ ქართველ პატრიოტად წარდგება. სერგო ორჯონიკიძეს ეროვნული საკითხისადმი კომსომოლურ დამოკიდებულებაში ამხელს (SIC) და ასეთ ხმამაღალ განცხადებას აკეთებს, კანდიდ ჩარკვიანთან დიალოგში:

"რამდენი მიწა მოდის კოლმეურნეობის წევრზე საქართველოში". ამხ. კანდიდი მოახსენებს, "რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მეტად მცირე, 1-3 ჰექტარამდე". ამხ. სტალინი აღნიშნავს, რომ სარატოვის ოლქში კოლმეურნეზე 23 ჰა მოდის, ხოლო ციმბირში ზოგან 170 ჰექტარიც (ამიტომ, თუ ტერიტორია გვექნება, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასახელოთ იმოდენივე ტერიტორია, რამდენიც ახლა გვიჭირავს)".

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი განცხადებები არ ყოფილა მხოლოდ ცარიელი სიტყვები. ამ პერიოდში, სტალინის ინიციატივით, საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა ტერიტორიები ჩრდილოეთ კავკასიაში. სტალინის და ბერიას გადაწყვეტილებით, ქართველები დაასახლეს აფხაზეთში. ეთნიკურად აფხაზებზე სტალინი აღნიშნავს, რომ "უსაქმურები არიან". მსგავსი კლიშეებით საუბრობს ჩეჩნებზე, ინგუშებზე... რომელბმაც, მისი აზრით, მეორე მსოფლიო ომის დროს მტრების ემისრების გავლენით, საბჭოთა კავშირს უღალატეს. სომხებთან მიმართაც არ მალავს ირონიას და მათ მოჭარბებულ გატაცებას ისტორიით ამასხარავებს, სამაგიეროდ, უფრო კეთილგანწყობილია ოსების მიმართ, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომში მამაცური ბრძოლით გამოიჩინეს თავი.

სტალინი არ ერიდება მარქსის კრიტიკას და ამ მსჯელობის ნიადაგზე ავითარებს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ეს ხედვა დღემდე ქართული ისტორიოგრაფიისთვის ამოსავალ წერტილად რჩება. ჯუღაშვილი მიიჩნევს, რომ მარქსი ცდებოდა, როცა აბსოლუტიზმთან დაპირიპირებული კომუნების პროგრესულობაზე საუბრობდა. მისი აზრით, აბსოლუტიზმი პროგრესის თვალსაზრისით უფრო მისაღებია, რადგან ცენტრალიზებულ სახელმწიფოში სახალხო ძალებს აერთიანებს, კლასთან ბრძოლის არეს აფართოებს, კლასთა ბრძოლას აღრმავებს.

სტალინისთვის საქართველოს ისტორიაში ის მოღვაწეები არიან პროგრესულნი, რომლებიც ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნისკენ მიისწრაფვოდნენ და თრგუნავდნენ ფეოდალურ რეაქციას, რადგან ამ გზით, კლასობრივი წინააღმდეგობის გაღრმავებისთვის საფუძველი იქმნებოდა.

შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ ეს დებულება სრულიად და სწორხაზოვნად გაიგო. ქართველი ისტორიკოსები ყოველთვის ხოტბას ასხამენ მეფეებს, რომლებიც ყველაზე უფრო მიუღებელი გზებით, საკუთარი მოსახლეობის ჟლეტის ხარჯზეც კი და მტრების (ოსმალეთი, ირანი, რუსეთი) სამხედრო დახმარებით, ცდილობდნენ, სამეფო ხელისუფლება გაემყარებინათ. სინამდვილეში, მათი პოლიტიკური პროექტი არაფრით განსხვავდებოდა სხვა სამეფოებისა და სამთავროების მმართველთა მიზნებისგან. ხშირად, ისინი ისეთივე რეაქციონერები იყვნენ, როგორებიც მათი მოქიშპე ფეოდალები, უბრალოდ, უცხოეთიდან მოწვეული სამხედრო ძალითა და თავზე ჩალმით, სისხლის ფასად ინარჩუნებდნენ დრომოჭმულ ფეოდალურ ურთიერთობებს.

ამიერიდან, ქართველი ისტორიკოსები ამ კუთხით მსჯელობას იწყებენ, მათთვის უმნიშვნელოა ხალხის ნამდვილი ინტერესები, საწარმოო ძალთა და საწარმოო ურთიერთობის განვითარება, პოლიტიკური პროცესები, საკუთრივ, კავკასიაში და მის გარეთ, ისინი შუა საუკუნეების სამეფო კარის მემატიანესავით, მუდმივად ყველაზე გავლენიანი მონარქის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოს გაერთიანების პერსპექტივას იკვლევენ. ამ კუთხით, მათთვის როსტომ ხანიც პროგრესული მოღვაწეა. სტალინისთვის ეს პოზიცია კლასობრივი ბრძოლის გაღრმავების პერსპექტივით აიხსნებოდა, ხოლო თანამედროვე ისტორიკოსისთვის - პატრიოტული მოსაზრებებით.

მაშასადამე, ნიკო ბერძენიშვილის დღიური ჩვენ სავსებით მკაფიოდ გვისახავს სტალინის ხედვას საქართველოს ისტორიის შესასწავლად. ეს ხედვა უპირველესად ეფუძნება ეთნიკურ ნაციონალიზმს, წარმოადგენს საქართველოს ისტორიას მხოლოდ ეთნიკურად ქართველების ისტორიად ე.ი. უარს ამბობს საქართველოს ისტორიის ნამდვილ გააზრებაზე. სტალინისთვის უმნიშვნელოვანესია ხაზი გაესვას ქართული ცივილიზაციის უძველესობას, მის აღმატებულებას სხვა ცივილიზაციებთან შედარებით. სტალინის პროგრამა, აღმოსავლური კულტურის ზედაპირული კრიტიკის ხარჯზე, საქართველოს ევროპის ნაწილად მოიაზრებს, ხოლო საქართველოს ისტორიის შესწავლის მთავარ მეთოდად - აბსოლუტიზმის პროგრესულობის ზედაპირულ გაგებას მიიჩნევს. ჩამოაშორეთ ეს ცრურწმენა საქართველოს ისტორიას და სრულიად სხვა რეალობას მივიღებთ.

სულიერი მისიიდან მარკეტინგამდე

ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 2 მაისს თბილისში წაიკითხა ლექცია სახელწოდებით: "საქართველოს სულიერი მისია". შემდგომში ლექციის ტექსტი წიგნად გამოიცა და უდიდესი გავლენა იქონია ქართველ პატრიოტებზე. საინტერესოა, რომ გამსახურდია ლექციის შესავალში აკრიტიკებს სტალინს. ბრალს სდებს, რომ, თითქოს, სტალინის მტკიცებით, ქართველი ერი მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

"მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსებმა, შექმნეს თეორია იმის შესახებ (არსებობს სტალინის თეორია ამასთან დაკავშირებით), რომ თურმე ქართველი ერი, როგორც ასეთი, შეიქმნა და ჩამოყალიბდა ერად მეცხრამეტე საუკუნეში, რომ მანამდე იგი თურმე არც ერი ყოფილა და არც არსებობდა".

აქ ზვიად გამსახურდია ნამდვილად უსაფუძვლოდ აკრიტიკებს ჯუღაშვილს, მისი პრეტენზიები მართებულია ზოგიერთი ხალხოსნის მიმართ (მაგ: ივანე ჯაბადარი), ან ვულგარული სოციოლოგიით გატაცებული და ეროვნულ საკითხში კომსომოლური მიდგომით აღსავსე რომელიმე ბოლშევიკის (მაგ: სერგო ორჯონიკიძე) მიმართ, მაგრამ სტალინს სულ ტყუილად სდებს ბრალს.

ჯუღაშვილი, როგორც უკვე განვიხილეთ, ცნება "ქართველის" გაფართოების მომხრე იყო და ეთნოგენეზზე მსჯელობისას ქართულ ცივილიზაციას ბერძნულზე ადრინდელად მიიჩნევდა.

გამსახურდია თავის მასწავლებლად ასახელებს ივანე ჯავახიშვილს და ნიკო მარს, მაგრამ ქართველთა ეთნოგენეზზე საუბრისას, სწორედ სტალინის კონცეფციას მიჰყვება. ტერმინ "ქართველს" ასე აფართოებს:

"ვილჰელმ ჰუმბოლდტი მისმა გამოკვლევებმა ბასკური ენის სფეროში და პირინეის ნახევარკუნძულის უძველესი მოსახლეობის ვინაობის კვლევის სფეროში მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ევროპის: პირინეების, იტალიის, ხმელთაშუა ზღვის კუნძულების პირველადი ავტოქტონური მოსახლეობა იყო იბერიული მოსახლეობა. ამ მოსახლეობას უწოდებენ პროტოიბერებს, მათგან მომდინარეობს გვიანდელი ევროპული მოსახლეობა. მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი – ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა. იმ მოდგმის აღსანიშნავად, რომელიც იდენტურია ტერმინისა კავკასიური რასსა, არის აგრეთვე ტერმინები: პალეოკავკასიური რასსა, ანუ უძველესი კავკასიური რასსა, უძველესი მედიტერიანული რასსა, რაც ურთიერთის იდენტურია. საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, აგრეთვე, მცირე აზიაში და პალესტინაში".

საინტერესოა, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი დასკვნის გასაკეთებლად გამსახურდია ენების ნათესაობის საკითხს ეყრდნობა და კვლავ სტალინის მეთოდს მიჰყვება და არა მარის.

გამსახურდია უფრო შორს მიდის და ილიონის ომს ქართული და ელინური ცივილიზაციების დაპირისპირებად მიიჩნევს. მისი ხედვით, ტროა ეს ძველი ქართული სამყაროა, ქართველების წინაპრად მიიჩნევს აქილევსსაც, ხოლო ქართული მოდგმის უმთავრესი სიმბოლო - პრომეთეა. მის მსგავსად, ახლა კავკასიასაა მიჯაჭვული, ანუ ქართული მოდგმა ახლა მხოლოდ კავკასიაში სახლობს. გამსახურდიას წარმოდგენაში ჰერაკლე ქრისტიანობას განასახიერებს.

სტალინთან მსჯელობის მთავარი ღერძი ისტორიული მატერიალიზმის მისეული გაგება იყო, ხოლო გამსახურდიასთან ამოსავალი წერტილი გენეტიკა და მითოლოგიაა. ორივესთვის მთავარი ეთნიკური ნაციონალიზმია. სტალინი, ისევე, როგორც გამსახურდია, ხაზს უსვამს მეზობელი ინდოევროპული ხალხების ჩამორჩენილობას ქართულთან შედარებით. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი ძიებები მითოლოგიაში მარტივად ხდება ეთნოცენტრიზმისა და შოვინიზმის საფუძველი.

გამსახურდია იმეორებს სტალინის მსჯელობას აფხაზებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან დაკავშირებით. მისთვისაც ეს ხალხები კავკასიაში გვიან მოსული ეთნოსები არიან, რომლებმაც შეავიწროვეს ადგილობრივი მოსახლეობა.

გამსახურდიას წარმოდგენაში, სწორედ ამ საფუძველზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული სახელმწიფო. მისდა საუბედუროდ, მომავალში ქართველი პოლიტიკოსები და ინტელექტუალები ამ პროექტს გაცილებით უფრო მოკრძალებული მიზნებისკენ მიმართავენ.

ლევან ბერძენიშვილი თავის საჯარო ლექციაში - „მედეა: გრძნეული, ურჩხული, პარადიგმა”, გამსახურდიას მიბაძვით აგრძელებს ‘’ქართველების’’ ძებნას ბერძნულ მითოლოგიაში და ამ ძიებაში იმდენად კომიკურ დასკვნებს აკეთებს, რომ მინოტავრს ''ქართველად'' მიიჩნევს და ამ საშინელი ურჩხულის ხასიათში ქართველებისთვის დამახასიათებელ თვისებებსაც პოულობს.

ამიერიდან, ქართველი პოლიტიკოსებისთვის და ინტელექტუალებისთვის სტალინის და გამსახურდიას დასმული აქცენტები მარკეტინგის შემადგენელი ნაწილი ხდება. მათ არ აინტერესებთ საქართველოს ისტორია. მათთვის ამოსავალი წერტილი ისაა, რომ დაუმტკიცონ დასავლურ სამყაროს ქართული კულტურის უძველესობა და მისი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. ამ გზას მიჰყვებოდა მიხეილ სააკაშვილი, როცა საქართველოს ისტორიას ტურისტების მოსახიბლ ინსტრუმენტად აღიქვამდა. იგივე ხრიკების გამოყენებას ცდილობს საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ ‘’არგონავტების სამშობლო საქართველოა’’. გახარიას ამ განცხადების გამო ბევრი დასცინეს, მაგრამ საინტერესოა, რომ მას ‘’ფაქტობრივი უზუსტობა’’ არ აპატიეს. რადგან მათ ხომ ასე ზუსტად აქვთ შესწავლილი ღმერთებისადა გმირების ეთნიკური წარმომავლობა.

ვინც გახარიას დასცინოდა, არ აქვს რეაქცია მედეას, აქილევსის, პრომეთეს, ან სულაც, მინოტავრის ‘’ქართველად’’ გამოცხადებაზე. რა თქმა უნდა, არც ის აღელვებთ, რომ ქვეყნის ისტორია მხოლოდ ტურისტული ბიზნესის და მარკეტინგის ნაწილი გახდა.

საუბედუროდ, ამგვარმა ბოდვამ მოიცვა განათლების სისტემა. ამგვარ შინაარსებს ეფუძნება სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები.
დღეს საქართველოს ისტორია ყველაზე უფრო დაკნინებულია. ეთნიკური ნაციონალიზმი, რომელიც მითოლოგიის სრულიად არამეცნიერულ გააზრებას ეყრდნობა, ისტორიას მხოლოდ მარკეტინგის ნაწილად აქცევს. ამავდროულად, მოსწავლეების უმეტესობას უბრალოდ გულს ურევს ერთი და იმავე ეპიზოდების, თარიღებისა და სახელების განუწყვეტლივ დაზეპირება საგამოცდოდ. ლექტორები და მასწავლებლები თითქოს დაქირავებული თამადები არიან, ისე ყვებიან სამეფო კარის ამბებს. ამ ისტორიაში ხალხზე არაფერია ნათქვამი. სრული დაცემისადა განათლების კომერციალიზაციის უზუსტესი ასახვაა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანი’’ჩვენი საქართველო’’.

მაგალითისთვის, გაკვეთილზე სვანეთის შესახებ, არაფერია ნათქვამი სვანეთის ისტორიაზე. ცოტაოდენ გეოგრაფიას აქ მოსდევს სვანეთის ტურისტული პოტენციალის აღწერა. ამგვარ მიდგომაში, მასწავლებელი გამოცდილ გიდად გვევლინება, რომელიც ყველაზე უფრო ეგზოტიკურ ამბებს იხსენებს ჩვენი ისტორიიდან, რომელიც, მისი ვარაუდით, ტურისტს აღაფრთოვანებს.

აქ ისევ ხვდება სტალინისტური ისტორია ნეოლიბერალურ ექსპერიმენტში შექმნილ მითოსებს, მათ აერთიანებთ ის, რომ არცერთს განუზრახავს ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ისტორიის შესწავლა. ორივეს მიზანი იყო, დაემტკიცებინა ჩვენი ქვეყნის სიძველე.

ამ მხრივ, მარკეტოლოგები სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ. 2019 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 26 მაისთან დაკავშირებით გადაღებულ ვიდეო რგოლში გვეუბნებიან: ‘’ჩვენი ქვეყნის მეხსიერება 1.8 მილიონ წელს ითვლის“. მაშასადამე, არც შუმერები, ეტრუსკები ტროელები და არც მინოტავრი, არამედ ჰომო ჰაბილისები და ჰომო ერექტუსები უნდა მივიჩნიოთ უძველეს ქართველებად. (ჩვენი სახეობის (Homo sapiens) პირველი კვალი ევრაზიის კონტინენტზე ჩნდება დაახლოებით 50-60 ათასი წლის წინ).

ასეთ რთულ ვითარებაში, ისტორიკოსებს ჩვენი ყველაზე საყვარელი მითი გვაქვს, რომელიც ჯერ ვერავინ დაამსხვრია.

საქართველოს თავისუფლებისთვის გამართულ ყველაზე სასტიკ ბრძოლაში ხედავდნენ, რომ საიდანღაც უცნობი მეომარი ჩნდებოდა, რომელიც მტრის რიგებში ქარივით შეიჭრებოდა და იქაურობას წალეკავდა.

ისტორიკოსებს გვყავს ასეთი მეომარი.

ივანე ჯავახიშვილის საპროგრამო სიტყვა

1902 წელი, ნოემბერი

პეტერბურგის უნივერსიტეტში არსებული იმდროინდელი წესის თანახმად, პრივატ-დოცენტის ხარისხის მოსაპოვებლად, ივანე ჯავახიშვილს უნდა წაეკითხა ორი საცდელი ლექცია (ლექციების ტექსტი მოცემულია წიგნებში: სერგო ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, თსუ 1984 და დავით გვრიტიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ნაკადული 1968).

პირველი თავად აირჩია ( ,,ქართული ეკლესიის რეფორმა XI საუკუნეში’’), ხოლო მეორე ფაკულტეტის დავალებულ თემაზე იყო ( ,,სტეფანოზ ორბელიანის ისტორია, როგორც წყარო ადგილობრივი ისტორიისათვის’’). ჯავახიშვილმა მიმოიხილა წყალობის სიგელები, ეკლესიათა კედელზე დატოვებული წარწერები, რომლებიც შეკრიბა სტეფანოზ ორბელიანმა და მათზე დაყრდნობით ისაუბრა, თუ როგორი დამოკიდებულება არსებობდა საქართველოსა და სომხეთში ფეოდალებსა და ეპისკოპოსებს; ეპისკოპოსებსა და გლეხებს შორის. ამ ურთიერთობის შესწავლასთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერი მნიშვნელოვნად გასცდა მოცემულ თემას. წარმოთქვა საპროგრამო სიტყვა და გააკრიტიკა იმ დროის ევროპაცენტრისტი მეცნიერები, რომლებიც რასობრივ თეორიაზე დაყრდნობით, სრულიად არასწორ მსჯელობას ავითარებდნენ აღმოსავლეთის ხალხების ჩამორჩენილობასა და ‘’გაყინულობაზე’’.


ჯავახიშვილის თქმით, ეს მეცნიერები (ე. მაიერი, ფ. ლენორმანი, მ. დუნკერი, გ. როულინსონი და სხვები ) ,,ეჭვის თვალით უცქერიან, ათვალისწინებული ჰყავთ აღმოსავლეთი''. იმდროინდელი დასავლელი ისტორიკოსების უმრავლესობისთვის აღმოსავლეთი ჩამორჩენილობის სინონიმად ითვლებოდა. ამავდროულად, ასევე ხედავდნენ ,,იმ ევროპის ხალხთა ისტორიასაც, რომელნიც დასავლეთის კულტურაზე მოწყვეტილნი იყვნენ“ . ივანე ჯავახიშვილი ევროპაცენტრისტების წინააღმდეგ პოლემიკაში იშველიებდა ერნსტ ბერჰაიმს, ასევე მის მასწავლებელს - როზენს.

ჯავახიშვილის თქმით, ევროპაცენტრისტი მეცნიერები, რომლებიც რასობრივ თეორიას ემხრობოდნენ, ფიქრობდნენ, რომ ინდოევროპელ ერებს ახასიათებთ ‘’ლტოლვა პროგრესისა და სოციალური განვითრებისაკენ’’, ხოლო აღმოსავლეთის ხალხებს ჰქონდათ ''ბუნებრივი თანდაყოლილი მიდრეკილება ერთ წერტილზე გაყინვისა''.

აქ ჯავახიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ აღმოსავლეთის ხალხთა კულტურულ ნიშნებად ითვლებოდა ,,ერთ წერტილზე გაყინვა, ჩაკეტილობა, წოდებათა და კლასების უქონლობა, წოდებრივისა და კლასობრივი ბრძოლის არ ქონა, ერთი სიტყვით, სულიერი და სოციალური უძრაობა''.

1904 წელს გამოცემულ სტატიაში ,,მამულიშვილობა და მეცნიერება“ წერს: ,,გამოჩენილი გერმანელი ისტორიკოსი ლინდერი ამტკიცებს, რომ აზიის ერებმა არ იციან წოდებრივი უფლებების მოსაპოვებლად ატეხილი ბრძოლა, აზიაში შეიძლება მხოლოდ აჯანყდნენ, ტაქტიკური ბრძოლის უნარი კი არ გააჩნიათო’’.

''აღმოსავლური უძრაობის'' მცდარ ჰიპოთეზას საქართველოშიც ჰყავდნენ მხარდამჭერები. ისინი, ვინც გულუბრყვილო პატრიოტული მოსაზრებებით ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში წოდებებსა და კლასებს შორის ბრძოლა არ არსებობდა. მათ ეგონათ, რომ ამით ქართველი ხალხის განსაკუთრებულ სიკარგეს უჩვენებდნენ. სინამდვილეში, ამით მხოლოდ ევროპაცენტრისტების მოსაზრებებს ამართლებდნენ და აღმოსავლეთის ჩამორჩენილობას ამტკიცებდნენ.

ჯავახიშვილი მიუთითებდა ამგვარ პოზიციაზე მდგომ ავტორებს, რომ წოდებათა შორის ''მამაშვილური'' დამოკიდებულება, რომელიც ქართველთა განსაკუთრებულ თვისებად სახელდებოდა, მოკლებული იყო ყველანაირ საფუძველს და აღნიშნავდა:

''მეცნიერს, რომელსაც კრიტიკულად შესწავლილი აქვს ქართული საისტორიო მასალები, შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველოს წარსული, დიახაც, წოდებრივი ბრძოლის მაგალითებით არის სავსე…“

წოდებრივი ბრძოლა საქართველოში: ''ამბავი სპარსული''

იმისთვის, რომ მკაფიოდ დავინახოთ, თუ როგორ კითხულობდნენ ივანე ჯავახიშვილი და შემდგომი თაობის ისტორიკოსები საქართველოს ისტორიას, განვიხილავთ თამარის საქართველოს პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც წოდებრივი ბრძოლის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.

ამ ისტორიული ფაქტის გააზრებაში საპირისპირო პოზიციებზე დგანან ისტორიკოსები. ივანე ჯავახიშვილი ყუთლუ არსლანის გამოსვლას პროგრესულ მოვლენად მიიჩნევს, ხოლო ნიკო ბერძენიშვილი ამ მოვლენაში მსხვილი ფეოდალების რეაქციულ ინტერესებს ხედავს, რომლებიც, იმდროისთვის, პროგრესულ, ცენტრალიზებულ სამეფო ხელისუფლებას ებრძოდნენ.

ყუთლუ არსლანის და მისი თანამოაზრეების მიმართ, თამარის ხელისუფლების მეხოტბე “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის'' ავტორი მტრულად არის განწყობილი. ყუთლუ არსლანის დასის ინიციატივით, უნდა შექმნილიყო “კარავი”, რომელსაც ექნებოდა უზენაესი მართლმსაჯულებისა და უმაღლეს მოხელეთა დანიშვნა-გადაყენების უფლება. მეფე არ უნდა დასწრებოდა “კარავის” სხდომებს და მას მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება რჩებოდა.

თამარის ისტორიკოსი ამ წამოწყებას ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევს და მისი შეფასებით, ყუთლუ არსლანის მოთხოვნა ‘’სპარსთა წესის’’ მიმბაძველობა იყო. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ აქ ის გულისხმობს ნიზამ ალ-მულქის “სიასათ-ნამეს” დაამ ტრაქტატში გამოთქმულ მოსაზრებებს სახელმწიფოს მართვის შესახებ.

‘’სისათ-ნამე’’ შეიცავდა იმ დებულებებს, რომლებიც რეალურად განხორციელდა ირანში ნიზამ-მულქისა და მალიქ-შაჰის მიერ გატარებული რეფორმებით (სელჩუკთა იმპერიის სულთანი 1072–1092 წლებში). მალიქ შაჰი კარგად იყო ცნობილი საქართველოში, სწორედ მის სახელს უკავშირდება ‘’დიდი თურქობა’’ საქართველოში და მისი სიკვდილის შემდეგ შეძლო დავით აღმაშენებელმა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება.

თამარის ისტორიკოსი შესაძლოა მიიჩნევს, რომ ყუთლუ-არსლანის მოთხოვნა (მეფემ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს პირადი სურვილისამებრ, მან მხოლოდ კარვისელთა თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოს) ნიზამ ალ-მულქთან დაცული არსებული წესის (ე.წ. სპარსთა წესის) ანალოგიაა. რთულია, ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი კი ცხადია, რომ ტერმინი “სპარსთა წესი” ერთპიროვნული მმართველობის მომხრე თამარის ისტორიკოსს ყუთლუ არსლანის მიერ წამოყენებული პროგრამის უარყოფითად წარმოსაჩენად სჭირდება.

ისტორიკოსი ვალერიან გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ‘’ერთმმართველობის მხარდამჭერი მემატიანე, საერთოდაც, ნეგატიურადაა განწყობილი ისეთი “სპარსული” მოვლენისადმი (სპარსული, ამ შემთხვევაში, თურქულ-მაჰმადიანური მნიშვნელობითაა გააზრებული), როგორიცაა XII ს. მთელი მახლობელი და შუა აღმოსავლეთის პოლიტიკური წყობილება დაფუძნებული “მრავალმთავრობაზე”. ამ უკანასკნელს, ახასიათებს “შური” და “ხდომა”, იგი არის “სპარსთა” დაქსაქსულობისა და სისუსტის საფუძველი. “მრავალმთავრობას” უპირისპირდება “ერთმთავრობა”, ქართველთა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც აღებულ ხანაში ამ უკანასკნელის წარმატებათა საწინდარია’’. ( ვ. გაბაშვილი , აღმოსავლეთი XI-XII სს. ქართული საისტორიო მწერლობის ფურცლებზე, კრ. XII ს. საქართველოს ისტორიის საკითხები, შ . მესხიას რედაქციით, თბ., 1968, გვ. 299-300).

ივანე ჯავახიშვილი ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას წოდებრივი ბრძოლის შუქზე განიხილავს და პროგრესულ მოვლენად მიიჩნევს, '' საქართველოში თვითმპყრობელობის აჩრდილიც უნდა გამქრალიყო და მის მაგიერ პარლამენტის მსგავსი დაწესებულება უნდა დაარსებულიყო, რომელშიაც «დიდებულები» იქმნებოდნენ «განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი». რასაკვირველია, ამ დაწესებულებაში უმთავრესი ადგილი დიდ მოხელეობას და მაღალ წრეებს ექნებოდათ დაპყრობილი, მაგრამ თავიდათავი ამგვარი უფლებოსანი დაწესებულებისა და წესწყობილების შემოღება იყო, მერე რაკი საქართველოში, როგორც დავინახეთ, დემოკრატიულს მოძღვრებას თავისი მქადაგებლები ჰყავდა, საქართველოს ბუნებრივი სახელმწიფოებრივი განვითარება გარეშე ძალას რომ არ შეეფერხებინა, საუკუნეთა განმავლობაში ამ დაწესებულების შემადგენლობაც თანდათან შეიძლებოდა შეცვლილიყო''(ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი, ტომი II, გვ. 226).

ჯავახიშვილი თავის ამ მოსაზრებას იმითაც ამყარებს, რომ მას ყუთლუ არსლანი დაბალი სოციალური წარმოშობის პირად მიაჩნია. იგი ეყრდნობა თამარის ისტორიკოსის ცნობას, რომელშიც ყუთლუ არსლანი წოდებულია ''ბიჭად'', ''ვინც ჯორივით ორბუნებოვნება გამოიჩინა''. ბიჭი ძველ ქართულში უკანონო შვილს ნიშნავს. ამიტომაც, ყუთლუ არსლანის მამა, თუნდაც დიდგვაროვანი ყოფილიყო, კანონით იგი, უეჭველია, მამაზე დაბალი წოდების (ყმა) იქნებოდა. უკანონო შვილობაზე უნდა მიუთითებდეს შეხედულება ორბუნებიანობაზეც, ჯორობაზეც, ვინაიდან, ჯორი ცხენისა და ვირის ნაშობია. ვირი დაბალი სოციალური წარმოშობის სიმბოლო უნდა იყოს, ცხენი კი მაღლისა. ( ი ვ . ჯავახიშვილი , ქართული სამართლის ისტორია, II, ნაკვ. II, გვ. 159)

ყუთლუ არსლანის დაბალი წარმოშობის დასადგენად, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგი ხელისუფალი უნდა გამხდარიყო გიორგი III-ის მეფობის ბოლო პერიოდში, მაშინ, როცა სამეფო კარზე უგვაროები დაწინაურდნენ. ივ. ჯავახიშვილის თქმით, “ქართლის ცხოვრების” შევსებულ რედაქციაში, სადაც საუბარია ყუთლუ არსლანზე, დართულია მინიშნება, რომ “გვარითა უაზნოთა სიმდიდრე აღამაღლებს”. (ი ვ . ჯავახიშვილი , ქართული სამართლის ისტორია, II, ნაკვ. II, გვ. 159-150) ეს ცნობა სანდოა, ვინაიდან ყველაფერი, რაც შევსებულ “ქართლის ცხოვრებაში” ჩანართების სახითაა შეტანილი, ძველი წყაროებიდანაა ამოღებული.

მაშასადამე, ივანე ჯავახიშვილი ყუთლუ არსლანის გამოსვლას პროგრესულ მოვლენად თვლიდა, რადგანაც, მისი აზრით, ეს მოძრაობა გზას უხსნიდა მესამე წოდების წარმომადგენლებს ქვეყნის მართვა-გამგებლობაში. ასეთ მოთხოვნას კი, პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიის თანახმად, ყველგან და ყოველთვის, მხოლოდ მესამე წოდების წარმომადგენლები იყენებდნენ.

საფიქრებელია, რომ ივანე ჯავახიშვილის ეს მოსაზრება თავდაპირველად გაზიარებული და დამკვიდრებული იყო საბჭოთა მეცნიერებაში. 1940 წელს თსუ-ს გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ იოანე პეტრიწის ნაშრომების პირველ ტომს დართული აქვს მოსე გოგიბერიძის სტატია: ‘’იოანე პეტრიწი და მისი მსოფმხედველობა’’. აქ ვკითხულობთ: '' არა მარტო სამუსლიმანო ქვეყნების წინააღმდეგ გამართული სახელგანთქმული ომები არის აღნიშნული ამ ეპოქის აღმწერ ისტორიულ წყაროებში, არამედ მწვავე და ხანგრძლივი კლასობრივი ბრძოლები და სამოქალაქო ომები''.

სტატიაში ნათქვამია, რომ ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელია, სოციალური და კლასობრივი ბრძოლის დაწყება ე.წ. განდგომით და დიდგვაროვანთა ღალატით. მოსე გოგიბერიძე კლასობრივი ბრძოლის სრულიად ახალ საფეხურად მიიჩნევს ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას და იქვე გამოთქვამს მწუხარებას, რომ ეს ფაქტი სათანადოდ არ არის შესწავლილი. გოგიბერიძე ჯავახიშვილის აზრს ავითარებს და ყუთლუ არსლანის დასს ''მესამე წოდებას'' მიაკუთვნებს. ავტორის თვლის, რომ თამარ მეფეს მანამდე მოუხდა მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო რეაქციონერ ფეოდალებთან, ამრიგად, ქვეყანაში გაიზარდა ფეოდალების გავლენა და სწორედ, მათ თავგასულობას დაუპირისპირდნენ დაბალი სოციალური ფენიდან გამოსული, მაგრამ ''სიმდიდრით ამაღლებული'' ყუთლუ არსლანის თანამოაზრეები. ამ წყაროზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დროისთვის ოფიციალურ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მიღებული იყო აზრი, რომ ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლა პროგრესული მოვლენა იყო.

მოგვიანებით ვითარება სრულიად შეიცვალა. ივანე ჯავახიშვილის შეხედულებების წინააღმდეგ გამოვიდნენ მთელი რიგი ისტორიკოსებისა. მათი აზრით, ყუთლუ არსლანი დიდგვაროვანი ფეოდალი იყო (ამ შეხედულებას იცავდნენ: ნ. ბერძენიშვილი, პ. ინგოროყვა, გ. სოსელია, მ. ჯანაშვილი) და სწორედ, ამ წოდების ინტერესებს გამოხატავდა. ''საქართველოს ისტორიის ნარკვევბში'' ასე არის შეჯამებული ეს მოვლენა:

''რადგანაც ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა ეს იყო დიდგვარიანთა პოლიტიკური გაფიცვა მათი წოდებრივი პრივილეგიების გაფართოებისათვის, ეს მოძრაობა რეაქციულ ელფერს ატარებდა: ის ასუსტებდა და ზღუდავდა სამეფო ხელისუფლებას, რომელიც იმ ხანებში პროგრესული სახელმწიფოებრივი კურსის გატარებას ცდილობდა (ფეოდალური პარტიკულარიზმის ალაგმვა, ფეოდალური ეკონომიკისა და კულტურის მოწესრიგება, ფეოდალთა კლასის მოწინავე ფენის - მსახურეულ-აზნაურთა - სოციალური და ეკონომიკური ინტერესებისათვის მხარდაჭერა, ბრძოლა “თურქობის” გადმონაშთების წინააღმდეგ კავკასიაში...)''( საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი III. გვ 229).

ამ წერილის მიზანი არ არის, გამოიკვლიოს საკითხი, თუ რეალურად რომელი წოდების ინტერესების გამომხატველი იყო ყუთლუ არსლანის დასი, ეს საკითხი ისტორიკოსთა კვლევის საგანი უნდა გახდეს. აქ შევეცადე, ამ ისტორიული მოვლენის შუქზე მეჩვენებინა ის მეთოდი, რომელსაც ეყრდნობოდნენ ქართველი ისტორიკოსები. სამწუხაროდ, დღეს ეს მიდგომა თანამედროვე ისტორიკოსებს დაკარგული აქვთ, რადგან ბრიყვული სერიოზულობით სჯერათ, რომ წოდებრივ ბრძოლასა და კლასობრივ კონფილქტზე ლაპარაკი საბჭოთა გადმონაშთია, ასევე სწამთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ისტორიის შესწავლის საკითხში არ მომხდარა ძირეული გარდატეხები და მთელი საბჭოთა ისტორიოგრაფია ერთ თარგზეა მოჭრილი. ისინი აღარ სვამენ შეკითხვას, რომელი კლასის ინტერესების გამომხატველია ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და ასევე, რეაქციულ შინაარსს ატარებს, თუ პროგრესულია იგი. შესაბამისად, ეს საკითხები აღარც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გააზრებისას ისმება.

ივანე ჯავახიშვილმა თავის საპროგრამო სიტყვაში, პირველივე ლექციებზე, ყველა ისტორიკოსს, მასწავლებელსა და მოწაფეს უჩვენა გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს ისტორიის შესწავლა. მათ არ უნდა ეშინოდეთ, გაყვნენ მეცნიერის ანთებულ გონების ვარსკვლავს, რომელიც აშუქებს ისტორიას და მომავალს, შექმნილს მილიონობით მამაკაცისა და ქალის მიერ. ისტორიას, რომელიც გვეტყვის ომში წასული ძმის ამბავს, იმასაც, ვისთვის შრომობდა და რისთვის იბრძოდა.