ინტერვიუ თენგიზ ვერულავასთან - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის ეკონომისტი

ახალმა კორონავირუსმა რადიკალურად გარდაქმნა ადამიანის, საზოგადოების და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმოდგენები ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე და მის მჭიდრო კავშირზე როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ და სახელმწიფო განვითარების სფეროებთან. პანდემიამ ახალი სიმწვავით დააბრუნა ჯანდაცვის სფეროს და მისი ეფექტური მართვის საკითხები საჯარო თუ პოლიტიკურ ველში. ამის პარალელურად და გამოწვევებზე საპასუხოდ, სახელმწიფო დონეზე სხვადასხვა ტიპის რეფორმა დაანონსდა, რომლებიც პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, სამედიცინო სფეროს დაფინანსების ზრდას თუ ინფრასტრუქტურის განახლებას მოიაზრებს. ამის მიუხედავად, რთულია მოცემულ ეტაპზე შეფასდეს, თუ რამდენად გარდაქმნის კორონავირუსთან გამკლავების პირობებში დაგროვილი გამოცდილება და ცოდნა ჯანდაცვის როლის აღქმას სახელმწიფო ინსტიტუტების თუ გადაწყვეტილების მიმღებთა დონეზე. ამასთან, გლობალიზაციის, კლიმატის ცვლილების, სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის თუ ეკოლოგიური დეგრადაციის მზარდი დინამიკა ცხადყოფს, რომ მსგავსი ტიპის პანდემიები არათუ ერთჯერად და ანაქრონულ მოვლენად დარჩება, არამედ მათი სიხშირე და ნორმალიზებულობა კიდევ უფრო გაიზრდება. კერძოდ, როგორც არაერთხელ მოგვისმენია, ჩვენ მოგვიწევს თანაცხოვრება ვისწავლოთ არა მხოლოდ COVID 19-ის ვირუსთან, არამედ სხვა ახალ და პოტენციურ ვირუსებთან, რაც კიდევ უფრო დიდ მახვილს სვამს სახელმწიფო დონეზე გატარებული ჯანდაცვის პოლიტიკის მნიშვნელობაზე. 

  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს სახელმწიფო დონეზე არსებულ გამართულ ჯანდაცვის სისტემას ვირუსებთან ბრძოლაში?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსი ინფექციური დაავადებაა და ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის და მკურნალობისთვის საჭიროა გამართული ჯანდაცვის სისტემა. კოვიდის ვირუსთან მიმართებით ჩვენ არ ვიცით ვაქცინა და პრევენციის თვალსაზრისით რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის კარანტინი და სოციალური დისტანცირება. რაც შეეხება მკურნალობას - მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა. ცხადია სიმპტომატურ მკურნალობას სჭირდება ჯანდაცვის გამართული სისტემა - სათანადო ხარისხის საავადმყოფოები, საწოლები და სამედიცინო პერსონალი. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბევრ ქვეყნებში ინფექციურ დაავადებების მკურნალობა ხორციელდება ჩვეულებრივი, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში, თუმცა ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ სათანადო მოთხოვნებს და დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის მკაცრი ზომები, რათა უზრუნველყონ პაციენტების სწორი მართვა ინფექციის გავრცელების გარეშე (ბოქსირებული პალატები თავისი გამართული სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით). იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იზოლირებული სავენტილაციო სისტემა ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში ნაკლებადაა წარმოდგენილი, ამიტომ გადაწყდა კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობა ცალკე საავადმყოფოებში, რომ სავენტილაციო სისტემის ხარვეზების შემთხვევაში არ მომხდარიყო ინფექციის საავადმყოფოში შიდა გავრცელება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ინფექციურ საავადმყოფოს საქართველოში აქვს სტრატეგიული დანიშნულება. ინფექციური საავადმყოფო დღეს არასახარბიელო მდგომარეობაშია. 2009 წელს იგი გაიყიდა და შენობა, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრია განთავსებული, თავად ცენტრს არ ეკუთვნის. ეს დაწესებულება ტერიტორიულად იმყოფება კერძო კლინიკის ტერიტორიაზე და იგი, ფაქტობრივად, ტყვეობაშია. ვერ ხერხდება შენობების რეაბილიტაცია, რადგან ის კერძო საკუთრებაშია. მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფექციური ცენტრის აშენებაზე, თუმცა ეს ვალდებულება სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ შეასრულა.

  • კიდევ რა აუცილებელი საკითხებია, რაც სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რათა უფრო მომზადებულად შეხვდეს მომავალ პანდემიებს თუ არსებული პანდემიის ახალ-ახალ ტალღებს?

პანდემიასთან ბროლის წარმატება დაკავშირებულია თითოეული ქვეყნის ეფექტურ ჯანდაცვის სისტემასთან. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მხოლოდ კერძო სამედიცინო სექტორის უპირატესად განვითარება არაეფექტურია. კერძო სამედიცინო სექტორს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მხოლოდ მისით არ შემოიფარგლება ჯანდაცვის სისტემა. აუცილებელია, სახელმწიფო, საზოგადოებრივი კერძო სამედიცინო ორგანიზაციების დაბალანსებული განვითარება. სათანადო ხარისხის საავადმყოფოების გარდა, მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის არსებობა. პირველადი ჯანდაცვა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი ჯანდაცვა არის პაციენტის პირველი კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურებასთან, ექიმთან, ერთგვარი "მეკარიბჭე" ჯანდაცვის სისტემაში, მან უნდა მოახდინოს ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანების პირველადი გამოვლენა და შეფასებას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვა ექიმ-ინფექციონისტთან. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით პაციენტზე წარმოებს მიმდინარე და უწყვეტი მეთვალყურეობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება. შედეგად, ოჯახის ექიმმა კარგად იცის თუ როგორ ჩამოუყალიბდა კონკრეტულ პაციენტს ესა თუ ის ინფექციური დაავადება, როგორ მიმდინარეობს იგი. ასეთი ცოდნა კი მას საშუალებას აძლევს მართოს დაავადება. როგორც ვხედავთ, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშნველოვანია პანდემიის პერიოდში საავადმყოფოებში პაციენტების ნაკადების მართვისთვის, კონტროლისთვის, რომ ყველა პაციენტმა საავადმყოფოებს არ მიმართოს. ოჯახის ექიმს გადამწყვეტი როლი ეკისრება როგორც დაავადებათა ადრეულ გამოვლენაში, ასევე პრევენციაში. ჯანდაცვა კი მხოლოდ მკურნალობა არ არის, იგი უმთავრესად დაავადებათა პრევენციაა. აღნიშნული კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის პერიოდში, როდესაც იზრდება პირველადი ჯანდაცვის ისეთი ფუნქციების როლი, როგორებიცაა: მოსახლეობასთან უწყვეტი კონტაქტი, თითოეული ავადმყოფის მეთვალყურეობა, საპროფილაქტიკო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, პაცინტების სწორი მართვა, ლოჯისტიკა, განაწილება, სათანადო მიმართვიანობის უზრუნველყოფა.

  • ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა საქართველოში და რამდენად იყო/არის განვითარებული პირველადი ჯანდაცვის და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი?

სამწუხაროდ, პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საქართველოში სუსტად არის განვითარებული. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის ნაკლებ განვითარებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3.5-ს შეადგენს (ევროპის ქვეყნებში 7.5-მდე აღწევს). პაციენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ მედიკამენტებს და ეწევიან თვითმკურნალობას. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის დაბალი განვითარების მიზეზია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი დაბალი ნდობა და ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის კულტურის არარსებობა. ოჯახის ექიმის ინსტიტუტი და საერთოდ პირველადი ჯანდაცვა ჩვენს ქვეყანაში ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს ბევრ ქვეყანაში. პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უპირველესად უნდა ითვალისწინებდეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარებას. ამისათვის საჭიროა ოჯახის ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ოპტიმალური გეოგრაფიული განაწილება და ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისევე როგორც შრომის ნორმალური ანაზღაურების უზრუნველყოფა.

  • არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტი ხაზს უსვამს საქართველოს დაწინაურებას COVID 19-თან ბრძოლაში, რა იყო ამის ძირითადი წინაპირობები?

COVID 19-თან ბრძოლაში საქართველოს წარმატებაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგიურ სამსახურს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს... პროფესიონალებმა დადეს სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც (საბედნიეროდ) გაითვალისწინა მთავრობამ. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყო შემთხვევები, როდესაც მეცნიერებმა დადეს რეკომენდაციები, მაგრამ მთავრობამ ისინი არ გაითვალისწინა. ამ ქვეყნებში ინდუსტრიების ლობი უფრო ძლიერი აღმოჩნდა (მაგალითად იტალიაში ტურიზმის ინდუსტრიამ და მათმა მოთხოვნებმა გადაწონეს მეცნიერთა რეკომენდაციები. ინდუსტრიის სურვილი იყო არ გადადებულიყო ფრენები ან არ გამოცხადებულიყო მკაცრი კარანტინი). დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები იყო დროული, ზოგჯერ რევიზიულიც კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციების მიმართ, რათა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინება მომხდარიყო.

  • COVID 19-თან გამკლავების პროცესმა ბევრი ჩავარდნა და ხარვეზი გამოავლინა, იგივე კერძო სექტორის დომინაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მყიფე პოზიციები. ასევე, ხშირად აქცენტი კეთდებოდა ჯანდაცვის სერვისის ხარისხზეც, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?

ცხადია, სამედიცინო მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით, საქართველოს სამედიცინო ორგანიზაციები ჩამორჩებიან წამყვან ქვეყნებს ჯანდაცვის სექტორს. სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ხარისხის სათანადო ინდიკატორები, რომლითაც განახორციელებდა საავადმყოფოების, სამედიცინო ორგანიზაციების შეფასებას. ხარისხის უზრუნველყოფის და კონტროლის სათანადო სისტემის არარსებობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ფაქტობრივად, სახელმწიფომ არ იცის თუ რა დონის საავადმყოფოები არის ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის თვალსაზრისით. სახელმწიფოს არ აქვს დადგენილი სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორები. ბევრ ქვეყნებში სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში სამედიცინო ორგანიზაციების ჩართვისთვის სელექტიური კონტრაქტირება სწორედ ხარისხის შეფასების ინდიკატორების მეშვეობით ხორციელდება. ჩვენთან არც სელექტიური კონტრაქტირების სისტემაა და არც ხარისხის ინდიკატორებია დადგენილი. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში, ფაქტობრივად, ყველა რეგისტრირებული ჰოსპიტალი მონაწილეობს, არ აქვს მნიშვნელობა რა ინფრასტრუქტურული თუ ტექნოლოგიური ბაზა გააჩნია ამ ჰოსპიტალებს, ჰყავს თუ არა სათანადო პერსონალი. ამიტომაც დაგროვდა საქართველოში 270-ზე მეტი საავადმყოფო, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი ბარიერი, ხარისხის ინდიკატორების სახით, და, ფაქტობრივად, მათი უმრავლესობა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში. ასეთი მცირე ზომის, მოგებაზე ორიენტირებული ჰოსპიტლები პარაზიტებივით არიან მიკედლებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და მოითხოვენ თანხებს ისედაც მწირი ჯანდაცვის ბიუჯეტიდან. ასეთი დაუსაბუთებელი, არასაჭირო ხარჯების პრევენციისთვის არსებობს სელექტიური კონტრაქტირების მიდგომა - სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ხდება მხოლოდ სათანადო დონის საავადმყოფოების შერჩევა და მხოლოდ მასთან ხდება კონტრაქტების გაფორმება. ეს ხარჯების სწორად განაწილების და ხარისხის კონტროლის კარგ მექანიზმს წარმოადგენს.

ეკონომიკაში ცნობილია ასეთი ეფექტი - მასშტაბის ეკონომია, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც უფრო მსხვილია საავადმყოფო, მით უფრო მეტი სერვისების გაწევა შეუძლია მას შედარებით ნაკლებ ფასად. ასეთ მსხვილ საავადმყოფოებს უფრო მეტად შეუძლიათ იზრუნონ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სათანადო მოწყობა-დანადგარების შეძენაში ინვესტირებაზე და ა.შ. კვლევები ადასტურებენ, რომ საავადმყოფო, რომელსაც 100 საწოლზე ნაკლები ფონდი გააჩნია არის ე.წ. წამგებიანი საავადმყოფო. ჩვენთან კი უამრავი 20-30 საწოლიანი საავადმყოფოებია გავრცელებული.

პრობლემატურია ისიც, რომ საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ორი მესაკუთრეობის ფორმა: კერძო მომგებიანი და სახელმწიფო საავადმყოფოები (მათგან 95% ეს არის კერძო მომგებიანი). საქართველოში საერთოდ არ არის არაკომერციული (არამომგებიანი) საავადმყოფოები და სახელმწიფო კერძო პარტნიორული ჰოსპიტლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წილი უკავია განვითარებულ ქვეყნებში. ხშირად, სიტყვა "არამომგებიანის" არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ და წარმოგვიდგენენ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც არ ეწევა მომგებიან საქმიანობას. სინამდვილეში კი არამომგებიან, ისევე როგორც მომგებიან ან სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში ცდილობენ მიიღონ მოგება. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მიღებული მოგების განაწილების თვალსაზრისით. კერძოდ, არამომგებიან საავადმყოფოებში მათი საქმიანობით მიღებული მოგება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ახალი სადიაგნოსტიკო მოწყობილობა-დანადგარების შეძენაზე, სამედიცინო პერსონალის ხელფასის გაზრდაზე ნაწილდება. ევროპის ქვეყნებში არაკომერციული სამედიცინო ორგანიზაციები შეადგენენ მთლიანი სექტორის 70-80%-ს, აშშ-ში 57%-ს. საქართველოში საჭიროა მესაკუთრეობის სხვადასხვა ფორმის, კერძოდ, არამომგებიანი სამედიცინო ორგანიზაციების და კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის მოდელის განვითარების ხელშეწყობა. 

  • როგორია განაწილება ქალაქსა და რეგიონების დონეზე წარმოდგენილ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობაზე და რა გარემოებები წარმოაჩინა ამ მხრივ კონორავირუსის კრიზისმა?

ჯანდაცვის სერვისების უმეტესწილად ჭარბადა კონცენტრირებულია ურბანულ ცენტრებში. არა მხოლოდ სერვისების მხრივ, ასევე ექიმების და ადამიანური რესურსის მხრივაც სიჭარბეა თბილისში და დიდ ქალაქებში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში. ამ მდგომარეობას ხელს უწყობს საქართველოს მკვეთრად ცენტრალიზებული ჯანდაცვის სისტემა. მუნიციპალიტეტებს თითქმის არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ვალდებულებები საკუთარი მოსახლეობის ჯანდაცვის საჭიროებების უზრუნველყოფაში. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა ბიუროკრატიული მექანიზმის გამო არ შეუძლია დაეხმაროს ოჯახის ექიმებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურის მოწყობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უკეთ იციან საკუთარ ტერიტორიულ ერთეულში ჯანდაცვის საჭიროებები. ამ მხრივ, საჭიროა ჯანდაცვის სისტემის მეტი დეცენტრალიზაცია.

  • კორონავირუსის პანდემიამ ასევე გაააქტიურა დისკუსიები სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობის, მათი შრომითი პირობების თუ ანაზღაურების შესახებ, ამ მიმართულებით რისი თქმა შეიძლება?

ადამიანური რესურსების კუთხით, უმთავრესი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის არათანაბარი განაწილება, კერძოდ, ექიმების ჭარბი რაოდენობა, არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება, ფართო პროფილის ექიმების ნაკლებობა. საქართველოში აღინიშნება ექიმებისა და ექთნების არაბალანსირებული თანაფარდობა (1 ექიმზე მოდის 0.7 ექთანი, მაშინ როდესაც 1:3-თან მაინც უნდა იყოს). ფაქტობრივად, უგულებელყოფილია ექთნების როლი, ფუნქციები და საჭიროებები. ექთნების რაოდენობის დეფიციტი უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგებზე. რა თქმა უნდა, პრობლემატური საკითხია ჯანდაცვის სფეროს მუშაკთა დაბალი ანაზღაურება და მათი უფლებების დაუცველობაც, განსაკუთრებით კი რეგიონებში. არასრულყოფილია შრომითი და სოციალური დაცვის მექანიზმები. აქტუალურია პერსონალის არასათანადო კვალიფიკაცია და სხვა უამრავი პრობლემა არსებობს.

  • რაც შეეხება სამედიცინო სერვისზე პაციენტების მიერ გაწეულ ხარჯებს, ამ მხრივ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა მოხდეს გაწეული მომსახურებაზე ფასების კონტროლი?

ფასთა კონტროლი ჯანდაცვის სისტემაში მნიშvნელოვანი ასპექტია. სამედიცინო სერვისებზე ტარიფების განსაზღვრა უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ტექნოლოგიას. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკით, ტარიფების გამოსათვლელად გამოიყენება სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები. სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ეფუძნება მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) დაფინანსების მეთოდს, სადაც დიაგნოზით მსგავსი დაავადებები (მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) გაერთიანებულია ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში. სახელმწიფო, როგორც წესი, ადგენს თითოეული ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობას, თანმხლებ დაავადებებს, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობას. თითოეული დაავადებების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტიური ხარჯების საფუძველზე დგინდება თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი., იგი გულისხმობს საავადმყოფოს მიერ პაციენტზე გაწეული მკურნალობის ნებისმიერი, ფაქტიური ხარჯის ანაზღაურების ნაცვლად, დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების მიხედვით დაფინანსებას. მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდის დადებითი მხარეებია ხარჯების პროგნოზირება, რადგან დაფინანსება ხორციელდება ნოზოლოგიური სტანდარტების წინასწარ დადგენილი ფასების მიხედვით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას. ასევე, მცირდება საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა, რადგან სამედიცინო დაწესებულება და პერსონალი ანაზღაურებას ღებულობს მხოლოდ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მას არ აქვს პაციენტის სტაციონარში დაყოვნების გახანგრძლივების მოტივაცია.

თავის დროზე, ექსპერტებმა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდი აღიარეს როგორც ჯანდაცვის დაფინანსების ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაცია, რევოლუციური ცვლილება. ყველაზე უფრო დიდი გარდატეხა მდგომარეობდა იმაში, რომ დაფინანსების ახალმა სისტემამ სრულიად შეცვალა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს (საავადმყოფოები და ექიმები) და დამფინანსებლებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბალანსი. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამ მიდგომით შესაძლებელია ჰოსპიტალური ინდუსტრიის საუკუნოვანი ძალაუფლების დაბალანსება სახელმწიფოს რეგულირების მექანიზმებით, რაც დადებითად აისახება ხარჯების შეკავებაზეც[i].

  • ბოლოს, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ პოსტ-კორონა სამყაროში ჯანდაცვის პოლიტიკის გარდაქმნის მიმართულებით?

21-ე საუკუნე გლობალური ეპიდემიების საუკუნეა. თანამედროვე გლობალიზებულმა მსოფლიომ მოიტანა უამრავი სიკეთე, გაიოლდა ადამიანთა მიგრაცია, მოგზაურობა. ჩვენ დღეს იმდენად ურთიერთდამოკიდებულები ვართ ეკონომიკურად, კულტურულად, რომ წარმოდგენაც კი გვიჭირს თუ რომელ სფეროში არ არის ეს კავშირები ან როგორ შეიძლება არსებული კავშირების გაწყვეტა. მეორე მხრივ, გლობალიზაციამ სიკეთეებთან ერთად მოიტანა სრულიად ახალი გამოწვევები. თუ წინათ ეპიდემიები მოიცავდა მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს, თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში ინფექციური, გადამდები დაავადებების მიერ წარმოქმნილი გამოწვევები ეროვნულ საზღვრებს სცდება. იმის გათვალისწინებით, რომ ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა უპირატესად საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე კერძო, ინდივიდუალური სერვისი, ინფექციური დაავადებების ეპიდემიების ხანა ზრდის ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს მარეგულირებელ როლს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტულობას. ამ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო საშუალება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ტრანსნაციონალური ქმედებები და გადაწყვეტილებებია.

რთულ ეპიდემიოლოგიურ ხანაში შევედით, რომელიც ძირეულად შეცვლის სამყაროს წესრიგს, ეკონომიკას, განათლების და ჯანდაცვის სისტემებს, ადამიანურ ურთიერთობებს. თუმცა, თანამედროვე მაღალი ტექნოლოგიების პერიოდში ყველაფერი დაძლევადია, მთავარია გლობალურ ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დროულად რეაგირება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი აშშ-მა შემოიღო 1983 წელს, მას შემდეგ რაც 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ის ყველაზე დიდი სახელმწიფო პროგრამა „მედიქეა“ (ასაკოვან ადამიანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა) ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების ზრდის გამო დადგა გარდაუვალი გაკოტრების წინაშე. იგი განპირობებული იყო ჰოსპიტალური ხარჯების კატასტროფული ზრდით, რომელსაც თან ერთვოდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ჯანდაცვის სფეროში არსებული მზარდი ინფლაცია. მაშინ იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ გაანალიზებულ იქნა რამოდენიმე შტატის 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მსგავსი დიაგნოზების ჯგუფები ანუ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები. შეიძლება გარკვეული პარალელები გავავლოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და აშშ-ში 1980-იან წლების დასაწყისში განხორციელებულ რეფორმებს შორის. როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში სახელმწიფო იძულებული გახდა შემოეღო ჯანდაცვის ხარჯების შეკავების მექანიზმები, გაეზარდა სახელმწიფო მარეგულირებელი როლი. საინტერესოა, რომ მსგავსი დიაგნოზების ჯგუფების, ანუ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების შემოღებით ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის ზრდა რონალდ რეიგანის მემარჯვენე მთავრობას უკავშირდება. ნიშანდობლივია, რომ თუ აშშ-ში ტარიფების განფასებას საფუძლად დაედო 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას გამოიყენა 150 კლინიკის ფინანსური ინფორმაცია. ამ მსგავს ისტორიაში შეიძლება დავინახოთ მნიშვნელოვანი განსხვავება. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სერვისებზე ტარიფის დადგენისას არა ფინანსური ინფორმაცია, არამედ მსოფლიოში აპრობირებული სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები, იგივე მსგავსი დიაგნოზების ჯგუფები (DRG), რომლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო რეალური დანახარჯების დათვლა, რაც მოგვცემდა ადექვატური ტარიფის დადგენის საშუალებას. აქვე აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაინერგა. თითოეული სახის სამედიცინო მომსახურება განფასებული იყო წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული სამედიცინო ჩარევის მოცულობის მიხედვით. ამ მომსახურების ფასი დამოკიდებული იყო სამედიცინო პერსონალის მომსახურეობის ობიექტურად საჭირო მოცულობაზე, დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევების რაოდენობაზე, „საჭირო“ მედიკამენტების და სამედიცინო მასალების ღირებულებაზე. ამის გარდა, ამ სტანდარტულ ფასში ასევე შედიოდა გარკვეული არაპირდაპირი ხარჯებიც, რომლებიც დამოკიდებული იყო სტანდარტით განსაზღვრული სრულფასოვანი მკურნალობისათვის საჭირო საწოლდღეების რაოდენობაზე. სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები აგებული იყო მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდზე (DRG). სამწუხაროდ, შემდგომ პერიოდში სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები ამოღებულ იქნა. სასურველი იქნებოდა ჯანდაცვის სამინისტროს შეესწავლა სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების საქართველოს გამოცდილება.