ჩილეში 20 ოქტომბერს დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. საპროტესტო მოძრაობა დინამიურად განვითარდა და წინააღმდეგობის პოლიტიკაში მილიონზე მეტმა ჩილელა მიიღო მონაწილეობა. განვითარებული მოვლენებიდან 10 დღეში ჩილეს პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა იძულებული გახდა დაეთხოვა მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო ცვლილებები დაეანონსებინა. ჩილეში არსებული სისტემის წინააღმდეგ დღემდე ბრძოლა გრძელდება და შესაძლოა ის იქცეს ნეოლიბერალური მართველობითი სისტემის დამარცხების დასაწყისად. მიმდინარე მოვლენებთან, სამომავლო გეგმებთან და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ჩილელ აქტივისტს, გარემოს დაცვით სფეროში საჯარო პოლიტიკის მრჩეველს და არასამთავრობო ორგანიზაცია “Terram”-ს ექსპერტს სამუელ ლიევას. გთავაზობთ მასთან სკაიპის საშუალებით ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად.

ინტერვიუს თარიღი: 2019 წლის 28 ოქტომბერი

ინტერვიუერი: თამუნა ქებურია

რესპოდენტი: გარემოს დაცვის საკითხებში საჯარო პოლიტიკის მრჩეველი და აქტივისტი სამუელ რიევა

- მედიის საშუალებით ბევრი განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება ჩილეში მიმდინარე ამბებზე. ეს ინფორმაცია ქართველ მკითხველამდეც აღწევს და მათში ინტერესს იწვევს. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული სანტიაგოში მიმდინარე წინააღმდეგობის აქტებში და ბევრ ჯუფთან გაქვთ კავშირი. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება ახლა სანტიაგოში? რა მოვლენები ვითარდება?

-პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოკლედ ავღწეროთ კონტექსტი. ეს წინააღმდეგობები დაიწყო იმის გამო, რომ მთავრობამ საჯარო ტრანსპორტზე ფასის ზრდა გადაწყვიტა. კერძოდ, მათ გაზარდეს მეტროთი მგზავრობის საფასური, რის შემდეგაც სტუდენტებმა მიმართეს დაუმორჩილებლობას - ისინი არ იხდიდნენ გაზრდილ საფასურს, ახტებოდნენ მეტროს შესასვლელ კარებს და ამით გამოთქვამდნენ პროტესტს. ეს პროტესტი არ იყო ორგანიზებული, მათ არ მოუთხოვიათ შემოგვიერთდით და ერთად გავანადგუროთ მეტროს სადგურები.

- მაშინ რამ განაპირობა ჩილეში მოვლენების მსგავსი განვითარება? როგორ გადაიზარდა ეს ერთჯერადი წინააღმდეგობის აქტები ფართომასშტაბიან პროტესტში?

- აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეტროს ტარიფების ზრდამდე იყო გარკვეული სიტუაცია, რამაც ძალიან გააბრაზა ხალხი. გაკეთდა რამდენიმე განცხადება მინისტრების მხრიდან, საიდანაც ისინი ხუმრობდნენ და დასცინოდნენ იმ სირთულეებს, რასაც რიგითი ადამიენბი ყოველდღიურობაში აწყდებიან. შესაბამისად, ხალხი უკვე ძალიან გაღიზიანებული იყო. ამას დაემატა ტრანსპორტის მინისტრის განცხადება, რომ სტუდენტების პროტესტი უაზრობაა, რადგან მათ ტარიფებს ზრდა არ შეხებიათ. არადა ეს სტუდენტები ხომ იმ ოჯახის წევრები არიან, სადაც ტრანსპორტის ტარიფის ზრდამ მათ ბიუჯეტს სერიოზულად დაარტყა?! შესაბამისად მთელი ეს მოვლენები - მინისტრების აგდებული დამოკიდებულება, პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობა, რიგითი ადამიანების ყოველდღიურ ყოფაზე მიყენებული დარტყმა ძერწავდა იმ დიდ კონტექსტს, სადაც შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც განვითარდა...

- და როგორი იყო ეს განვითარება?

- სამშაბათს დაიწყეს სტუდენტებმა მეტროს შესასვლელებზე გადახტომა, რამაც მეტროს დაცვასთან გააჩინა დაპირისპირების შემთხვევები - იყო დაუმორჩილებლობა, იყო ხელჩართული ჩხუბი.. მომდევნო დღეს, ოთხშაბათს უკვე პოლიცია გამოჩნდა მეტროს სადგურებში წესრიგის აღსადგენად. ეს ძალიან სულელური ნაბიჯი იყო მთავრობის მხრიდან, რადგან ამან გაზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც დაუმორჩილებლობას მიმართავდა და არ იხდიდა მეტროს საფასურს. პარასკევამდე, პოლიციამ არაერთხელ გამოიყენა ძალა, რამაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავა სიტუაცია. ადამიანებმა დაიწყეს მეტროს შესასვლელების დარბევა და ამ გზით თავიანთი პროტესტის დაფიქსირება. ამ კონფრონტაციის პირობებში უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებდა, რომ საკითხი მეტროს საფასურს კი არა, არამედ ცხოვრების საფასურს ეხებოდა.

- ჩემთვის მაინც ამოუხსნელია, რამ განაპირობა პროცესების მსგავსი რადიკალიზება? რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც მილიონზე მეტი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა?

- ეს განაპირობა მთავრობის მიერ მავნებლური გადაწყვეტილებების ჯაჭვმა. სადგურებში პოლიციის ჩაყენების შემდეგ, მომდევნო არასწორი გადაწყვეტილება იყო წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანების “დასჯის” და “გაფუჭების” მიზნით მეტროს სერვისის გაჩერება, პარასკევს საღამოს, პიკის საათის წინ. ჩემი აზრით, მთავრობას ჰქონდა სტრატეგია, რომ ახლა ჩვენ გავაჩერებთ მეტროს, რიგითი ადამიანები, რომლებიც არაფერ შუაში არიან ამ პროცესებთან, აღშფოთდებიან და მათ ბრაზს წინააღმდეგობის ინიციატორებისკენ მიმართავენ და დაუპირისპირდებიან იმ “ვანდალებს” და “მავნებლებს”, ვინც ეს არეულობა გამოიწვია. სინამდვილეში რა მოხდა - სამსახურის დასრულების შემდეგ, ყველა ავტობუსის გაჩერებაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ერთ და იმავე დროს მოულოდნელად ქუჩაში ათიათასობით გაბრაზებული ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც სახლში ვერ მიდიოდნენ და პარასკევ საღამოს გეგმებს ვერ ასრულებდნენ, რადგან მთავრობამ მათ სახლში მისასვლელი გზები ამოქოლა. რა თქმა უნდა ამან გააერთიანა ხალხი, გააჩინა ურთიერთსოლიდარობა და უფრო მეტი დაუმორჩილებლობა. პარასკევს საღამოს ქუჩაში დატოვებულმა ხალხმა დაიწყო ბარიკადების მოწყობა და წინააღმდეგობის რადიკალური ფორმების გამოყენება, ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, დაწვეს რამოდენიმე მანქანა და ეს ყველაფერი მოხდა მთავრობის გადაწყვეტილების გამო.

- პარასკევის საღამო შემდეგ გამოჩდნენ სანტიაგოს ქუჩაში პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფები?

- შაბათს პინიერამ გამოაცხადა კომენდანტის საათი და ქუჩაში ჩააყენა არა მარტო სპეცრაზმი, არამედ ჯარი მთელი თავისი საომარი ატრიბუტებით. მან საომარი მდგომარეობა დააანონსა, ოღონდ არავინ იცოდა ვის წინააღმდეგ.. საომარი მდგომარეობა ფიქტიური მტრის წინააღმდეგ. ამ მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა წინააღმდეგობის ფონი - თუ მანამდე წინააღმდეგობის მიზეზი მეტროს საფასურის ზრდა იყო, ქუჩაში ჯარის გამოჩენამ ხალხი 1973 წელში გადაისროლა და მტკივნეული იარები გააცოცხლა.. ჩვენ ერთხელ უკვე გამოვიარეთ 1973 წელი, და შესაბამისად ხალხი ამას უკვე აღარ შეეგუა, ხალხი არ დაემორჩილა კომენდანტის საათს, სამხედრო მუქარამ არ გაჭრა. ეს ყველა ზღვარს გაცდა.. საჯარო ქვედანაყოფების გამოჩენამ 30 პესო ყველას დაავიწყა.. ქუჩაში გამოჩდნენ საომრად შეიარაღებული ჯარისკაცები, ტანკები, ჯავშნიანი მანქანები.. ამას არავინ აიტანდა.. პინიერამ ომი გამოუცხადა საკუთარ ხალხს და ხალხმა უკან არ დაიხია. ეს ხალხი არ იყო მართული არანაირი ძალების მიერ, მათ უკან არ იდგა არც ერთი მოძრაობა ან პარტია.. ვრცელდებოდა კონსპირაციული თეორიები, რომ ამის უკან დგას ვენესუელა, რომ ამის უკან დგას კუბა, რომ ამის უკან დგას რუსეთი.. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისულელეა. ყველაფერი ეს გამოიწვია მხოლოდ და მხოლოდ პინიერას მთავრობის არასწორი გადაწყვეტილებების ჯაჭვმა, ყოველ დღეს მიღებული მათი გადაწყვეტილება უფრო და უფრო აღვივებდა წინააღდმეგობის მუხტს.

- მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმთან დაპირისპირებას არაერთი ადმიანი შეეწირა, ბევრი დასახიჩრდა, პოლიციამ ძალა გადაამეტა. რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მსხვერპლი ფუჭი არ აღმოჩნდეს?

-ეს სრული სიმართლეა, ამ ერთ კვირიან პროტესტს 20-მდე ადამიანი შეეწირა, უამრავი ადამიანი დახეიბრდა, ასობით ადამიანმა დაკარგა თვალი, ზოგმა სრულიად მხედველობა, ადგილო ჰქონდა ჯარისკაცების მხრიდან ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროებას. ამ ერთმა კვირამ ადამიანები დაარწმუნა, რომ დღეს ჩილეში ახალი სახის ტირანია იბადება და ეს ტირანია ხელახლა აწესებს პინოჩეტის რეპრესიულ სისტემას. საჯარო დანაყოფების გამოყვანა ქუჩაში ძალიან სენსიტიური გადაწყვეყილებაა ჩილეს მსგავს ქვეყანაში, შესაბამისად ამან გამოიწვია ჩილეს გამოღვიძება. ადამიანებმა დაიწყეს არსებული რეალობის გაცნობიერება, მათ ახალ-ახალი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც უკავშირდებოდა კონსტიტუციის ცვლილებას, ჯანდაცვის და საპენსიო სისტემების რადიკალურ ცვლილებას. ამ ერთ კვირაში ადამიანებმა გამოიღვიძეს და მიხვდნენ, რომ პრობლემა 30 პესოში არ არის, პრობლემა ბოლო 30 წელშია, როდესაც ე.წ. დემოკრატიულმა მთავრობამ პინოჩეტის ნეოლიბერალურ დიქტატურაში შექმნილი სისტემა კი არ გარდაქმნა, არამედ უბრალოდ სხვადასხვა მოდელები შემოიღო ამ სისტემის გაპატიოსნებისთვის. საბოლოოდ კი ამ მთავრობამ ხალხს ცეცხლი წაუკიდა თავისი არასწორი გადაწყვეტილებით, და შემდეგ ამ ცეცხლის ჩაქრობა სპეცრაზმის გაზის ბალონებით სცადა. ამიტომაც, წინა პარასკევს სანტიაგოში ადგილი ჰქონდა ისტორიაში ყველაზე დიდ საპროტესტო მსვლელობას, სადაც ადამიანებმა მოითხოვეს სისტემური და ფუნდამენტური ცვლილებები. მათ უარი თქვეს ყველა სახის დიალოგზე მთავრობასთან, სანამ საჯარო დანაყოფები ქუჩას არ დატოვებენ, ამის შემდეგ კი უნდა დაიდოს ახალი სოციალური პაქტი პინიერას მთავრობასა და ხალხს შორის.. ხალხი აღარ დასთანხმდება ისეთივე პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მხოლოდ მინიმალური სახის გაუმჯობესებებს გვთავაზობდა და ამით გვაკმაყოფილებდა.. ჩვენ მოვითხოვთ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რაც ნიშნავს კონსტიტუციაში ცვლილებებს.. რატომ კონსტიტუცია? იმიტომ, რომ ის მიზეზია ყველა იმ პრობლემისა, რომელიც დღეს ღირსეულ სიცოცხლეს შეუძლებელს ხდის ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა ახალი კანონები შემოვიღოთ, ეს კანონები ყოველთვის შეზღუდული იქნება ფუნდამენტურად არასწორი კონსტიტუციით, რომელიც პინოჩეტის დიქტატურულმა რეჟიმმა დატოვა მემკვიდრეობად.

- რა გარანტიები არსებობს იმისთვის, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე იქნება მიყვანილი? მით უმეტეს, როდესაც ამ პროცესებში არავინ აიღო ლიდერობა საკუთარ თავზე და როგორც თქვით, არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი ან მოძრაობა არ დგას პროცესების უკან.

- ხალხის უკან არავინ დგას, ისინი ხალხთან ერთად დგანან. ამ პროცესებში რა თქმა უნდა ჩართულია პოლიტიკური მდგენელები, მოძრაობები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია “სამოქალაქო მოძრაობა კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ”, სადაც 150-მდე ორგანიზაციაა გაერთიანებული და რომლებიც მუშაობენ გარემოს, სოციალური საკითხების, თანასწორობის, ქალთა უფლებების, მკვიდრი მოსახლეობის უფლებების თემებზე. ასევე პროცესებში აქტიურად არიან წარმოდგენილნი პროფესიული კავშირები - მეთევზეების პროფკავშირები, პორტის პროფკავშირები, საჯარო მოხელათა პროფკავშირები, ტრანსპორტის პროფკავშირები.. შესაბამისად, ეს გამოღვიძება შეეხო ყველას - არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალურ მოძრაობებს, პროფკავშირებს, სტუდენტებს, რიგით ადამიანებს.. ეს ჯგუფები თავიანთ მოთხოვნებს უყენებს პინიერას მთავრობას და ამ მოთხოვნების წამოყენებისას თანდათან აცნობიერებს, რომ მაგალითად მოთხოვნა პრივატიზაციის შეჩერებაზე დაკავშირებულია მოთხოვნასთან უთანასწორობის აღმოფხვრაზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება გარემოს დაცვის, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების, უკეთესი საპენსიო სისტემის თუ უკეთესი განათლების უფლების მოთხოვნას. შესაბამისად ეხლა რასაც ვცდილობთ არის ის, რომ ვფოკუსირდეთ ამ ჯგუფებზე და არა მოთხოვნები, არამედ ეს ხალხი და მათი უკმაყოფილება გახდეს სამიზნე. ფაქტია, რომ ყოველ დღე მილიონიან მსვლელობებს ვერ მოაწყობ, მაგრამ თუ გაქვს ერთი დიდი ფლატფორმა, სადაც მილიონი ადამიანის წუხილებია კონცენტრირებული, მაშინ ხელში დიდი იარაღი გიჭირავს.

- ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ საპროტესტო მოძრაობაში ასევე ჩართულნი არიან ატაკამას რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა და აქ მცხოვრები 18 აბორიგენი თემი. რა შეგიძლია გვითხრა მათ ჩართულობაზე და როლზე?

- სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანებიც უერთდებიან სანტიაგოში მიმდინარე პროცესებს და მოთხოვნებს, მაგრამ გარდა ამისა, ისინი ასევე აყენებენ რეგიონალურ მოთხოვნებსაც. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ატაკამას აბორიგენი ტომის საბჭოს გადაწყვეტილება, რომ ჩაეკეტათ გზები და გაეჩერებინათ ლითიუმის მომპოვებელი ერთ-ერთი გიგანტური ჩინური კომპანიის, SQM-ის წარმოება. რა თქმა უნდა ამ ჯგუფმა გამოიყენა მოთხოვნების წამოყენების ეს შესაძლებლობა და შეახსენა SQM-ს, რომ ის მოწინააღმდეგეთა მხარეს იდგა. მათი მოთხოვნა იყო დაებრუნებინათ იმ რესურსებზე კონტროლი და მართველობა, რომელიც მათ ტერიტორიაზე მოიპოვება და მათი სოციალური თუ კულტურული კოსმოლოგიის ნაწილია.

- ჩვენ ინტერვიუს დასასრულს ვუახლოვდებით და ბოლოსკენ მინდა გკითხოთ ჩილელ მუსიკოსზე და პოეტზე, ვიქტორ ჰარაზე - ის მიმდინარე პროტესტის მთავარი სიმბოლო და ინსპირაციის წყარო გახდა, შეგიძლიათ აგვიხსნა რატომ?

- ვიქტორ ჰარა 70-იანი წლების სახელოვნებო მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. მისი სიმღერები გაჟღენთილი იყო მეაბოხე სულით. ვიქტორ ჰარა პინოჩეტის რეჟიმს შეეწირა - პინოჩეტის მოსვლიდან რამოდენიმე დღეში ის დააპატიმრეს, შემდეგ ნაციონალურ სტადიონზე მიიყვანეს და იქ სანახაობრივად აწამეს - დაატეხეს ხელები და ამოაჭრეს ენა, რათა არასდროს დაეკრა და ემღერა. ამის შემდეგ, რამოდენიმე დღეში მისი გვამი მდინარეში იპოვეს და მას სხეულზე 44 ნატყვიარი ჰქონდა. ვიქტორ ჰარას მკვლელობა იყო მაგალითი პინოჩეტის სისტემის, თუ რა შეიძლება მოგივიდეს თუ სისტემის წინააღმდეგ წახვალ, ეს იყო შიშის და ტერორის დანერგვის მცდელობა - არა თუ ერთი სასიკვდილო გასროლა, არამედ წამება და შემდეგ ტყვიებით დაცხრილული გვამი. ამ კვირის განმავლობაში კი, როდესაც პინიერას მთავრობამ ქუჩაში საჯარო დანაყოფები ჩააყენა და საომარი მდგომარეობა დაანონსა, ხალხმა ერთხმად თქვა “ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ მშვიდომაში” და “უფლება, ვიცხოვროთ მშვიდობაში” არის ვიქტორ ჰარას ძალიან ცნობილი სიმღერის სათაური “El Derecho de Vivir en Paz”. ამიტომ კავშირი ვიქტორ ჰარასა და მიმდინარე ამბებს შორის თავისით დამყარდა და ამაზე ბევრი არავის უფიქრია.

აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისს, და ფონდის პროექტების კოორდინატორს - თამარ ანთაძეს იმ ინიციატივისთვის, გაწეული შრომისთვის და შესაძლებლობისთვის, რის შედეგადაც ჩილეში ყოფნის, ადგილობრივი აქტივისტების და მკვლევარების გაცნობის, და დაუვიწყარი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვეცა.