მე ვარ აითაჯ ხალილლი - 22 წლის საქართველოს მოქალაქე.

ერთი თვის წინ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი საკარანტინო პერიოდში ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი აზერბაიჯანულენოვანი ცხელი ხაზის მიმღები და მხარდამჭერი. ამ პროცესში ვაგრძელებდი დღიურის წერას, რომელსაც უკვე 10 წელია ვწერ. ამ დღიურში კი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, აღწერილია ცხელი ხაზის მეშვეობით მოსმენილი ისტორიები და ჩემი თვალით დანახული „წითელი ზონა“ .

დღე 1 (12 აპრილი, 2020)

"არ ვიცი როგორ ვუყურო ბავშვებს თვალებში! არ ვიცი რა ვუთხრა მათ, როცა საჭმელს მთხოვენ!"- აი, ეს სიტყვები წარმოთქვა რამდენიმე დღის წინ მარნეულელმა ქალმა ტირილით.

ისეთი ძლიერი სევდა, დარდი და ამავდროულად მორიდება იმალებოდა ამ ხმაში, რომ ამის არშემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო. მის მეუღლეს ინფარქტი 2-ჯერ ჰქონია გადატანილი და ოჯახის გადასარჩენად მხოლოდ ის მუშაობდა - რძის პროდუქტებს ყიდდა. დღეს კარანტინმა მას შემოსავლის ეს წყაროც დააკარგვინა და ის, მეუღლესთან და თავის 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დარჩა მერიის ჰუმანიტარული დახმარების ამარა. იმ დახმარებისა, რომლის მიღებაც, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ამ 1 თვის განმავლობაში. იმ დახმარებისა, რომლის გარეშეც ისინი საბოლოოდ გაუსაძლის გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. დასაწყისში მერიას ჩვენც გადავეცით მისი მონაცემები, თუმცა რამდენიმედღიანი ლოდინი ამაოდ დასრულდა...

დღეს ისევ დარეკა ტელეფონმა, ახლა ის მტირალა ხმა ქვითინით ამბობდა - „სახლში ყველაფერი გაგვითავდა და ხვალ შვილებს ვერ დავაპურებ“. დღეს ის ქალბატონი კი დავამშვიდე, მაგრამ შემდგომ მე თვითონ ავტირდი. რა რთული ყოფილა თურმე ჩემი სამუშაო, ახლაღა გავიაზრე...

თანამშრომელს მივწერე ამ ოჯახზე და მეც უიმედოდ დედაჩემთან მივედი. პირველად ამ "მისიის" შესრულების პერიოდში, დედას ვუყვებოდი ამბავს "წითელი ზონიდან". დედას, რომელიც საჭმელს ამზადებდა ჩვენთვის, შვილებისთვის...

უსამართლობის შეგრძნებით შევსებულს, დედამ მკითხა, როგორმე ხომ არ შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაეხმაროთო. ამ დროს, თურმე თანამშრომელსაც მოუწერია - "აითაჯ, ჩვენ თვითონ ხომ არ დავეხმაროთო...."

დიახ, მეგობარო, საბოლოოდ ამ ისტორიას ე.წ "ბედნიერი დასასრული" აქვს და ეს ძალზე მახარებს, თუმცა, უზომოდ ვარ გაბრაზებული იმაზე, რომ დღეს ჩემს ქვეყანაში შვილები მშივრები უყურებენ დედებს და დედებმა არ იციან, როგორ დააპურონ შვილები.

დღე 2 (18 აპრილი, 2020)

მეგობარო,

კარანტინისთვის ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ცხოვრებას. გადაადგილების შეზღუდვის გამო დღეიდან ჩვენთანაც, გარდაბანში შეჩერდა მოსავლის გაყიდვის პროცესი. ვამჩნევ, რომ ჩემ ირგვლივ ყველას გაუმძაფრდა შიში, ამავდროულად დიდ გაურკვევლობაში ამოვყავით თავი, მაგრამ ვცდილობთ ეს შეგრძნებები დავმალოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ. ამ დღეებში, ზარების რაოდენობამაც იმატა. როგორც ვატყობ, ისევ ინფორმაციის ვაკუუმში აღმოჩნდნენ ის ადამიანები. ისევ არ იცოდნენ, რა შემთხვევაში, ვისთვის უნდა მიემართათ. რამდენიმემ ისიც კი მითხრა, სამთავრობო ცხელი ხაზების პასუხის მოლოდინში საათები გავატარეთო. შედარებით ასაკოვანი მოქალაქეები კი ვერც უკავშირდებიან ოფიციალურ უწყებების ცხელ ხაზებს, რადგან ვერ იღებენ ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი კრიტიკა მახსენდება და შემიძლია ამ თემაზე საუბარი შენთან საათობით გავაგრძელო, თუმცა მოდი ამ პრობლემის დანახვა ვცადოთ მხოლოდ დღევანდელი დღის გადმოსახედიდან. ახლა არ არის დადანაშაულების, კრიტიკის დრო, ამით ვერაფერს მივიღებთ. მაშინ როცა ქვეყანაში სანდო ინფორმაციის მიღება-გადაცემის აუცილებლობის საკითხი დგას, არ არის მართებული დღევანდელ რეალობაზე თვალის დახუჭვა და არსებული მოთხოვნის უგელებელყოფა.

ყველაზე მეტად რაც მეუცნაურა არის ის, რომ სოფლის რწმუნებულების ნაწილი ჰუმანიტარული რესურსების და საშვის მისაღებად მოსახლეობას ჩვენი ორგანიზაციის ცხელი ხაზის ნომერს აძლევს, წარმოგიდგენიათ?!

ისე, ამ პროცესში რწმენა სულ დამეკარგა სოფლის რწმუნებულების მიმართ და ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა დამიგროვდა ამ „პოზიციასთან“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებით. ძალიან მაინტერესებს, ეს ადამიანები რა ინფორმაციას ფლობენ თავიანთი უფლებამოსილების და ვალდებულებების შესახებ, ან ფლობენ თუ არა საერთოდ. ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა პირადად ჩემთვის. როგორ ხდება მათი მუშაობის მონიტორინგის შეფასება?!

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოსახლეობისთვის ასეთ რთულ ვითარებაში როგორ შეიძლება გულგრილობა, მაშინ როცა ფაქტობრივად შენ ხარ სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელთანაც არსებულ პრობლემებზე პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდეთ მათ?!

ნუთუ საერთოდ არ აწუხებთ სინდისი, როცა დახმარების რეალური საჭიროების მქონე ოჯახებისთვის განკუთვნილ ისედაც მცირე ოდენობის რესურსებს „ახლობლობის“ პრინციპით განკარგავენ?! ვის უნდა მიმართოს ხალხმა, როცა ასეთ აუტანელ უსამართლობას უპირისპირდება?! სად იყურებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები?! რატომ არ ხდება მოსახლეობის რეალური საჭიროებებისა და წუხილების ადგილზე შესწავლა?! ნუთუ ასე რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთთვიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმში, როცა ადამიანი სამსახურს კარგავს ან/და მოყვანილ მოსავალს ვერ ყიდის - ყოველგვარი შემოსავლის გარეშე რჩება და საბოლოოდ სიღარიბეში მოუწევს ცხოვრება. იგივე ადამიანი როცა ხედავს, რომ მისი მდგომარეობით არავინ არის დაინტერესებული, ცხადია, გარიყულობის შეგრძნება შეექმნება!

ისიც საინტერესოა, რამდენად გვესმის იმ ადამიანების, როცა მათ ვთხოვთ გაიგონ მიმდინარე მდგომარეობის სირთულე და მოთმინება გამოიჩინონ?!

ბოლო დროს, აი ასეთი, პასუხის გარეშე დარჩენილი, კითხვებთან ჭიდილში ვატარებ კარანტინს და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთ მათგანზე პასუხს ოდესმე გავიგებ.

დღე 3 (20 აპრილი 2020)

ბოლნისში ბაბუ მყავს, ძალიან საყვარელი და ბრძენი. 71 წლისაა და ცხოვრობს 64 წლის მეუღლესთან ერთად. აპრილის დასაწყისში გავიცანი და იმ დღიდან კვირაში 2-ჯერ მაინც ვსაუბრობთ ტელეფონით.

ან მე ვურეკავ ან თვითონ მირეკავს ხოლმე. მან ჰუმანიტარული რესურსების მოთხოვნით მოგვმართა, გადავამისამართეთ მერიაში და ჩვენც ვაცნობეთ მერიას მისი მოთხოვნა.
იქედან უთხრეს, რომ ახლო მომავალში ჩაუტანდნენ შესაბამის რესურსებს...

არ ვიცი, მერიაში ახლო მომავალს როგორ აღიქვამენ, მაგრამ ეს ახლო მომავალი ვერა და ვერ დადგა თითქმის უკვე 1 თვეა. კიდევ კარგი, წინა თვის პენსიის აღება მაინც შეძლო, თორემ არ ვიცი რა ვითარებაში აღმოჩნდებოდა ახლა ოჯახი, რადგან ბოლო 1 თვის განმავლობაში არც საპენსიო მანქანა ჩასულა მათ სოფელში, ახლა კიდევ გადაადგილებაა შეზღუდული...

ყოველ დარეკვაზე იმ იმედით ვკრეფ ნომერს, რომ მეტყვის, კი შვილო, ავიღეთო და სამწუხაროდ ყოველ ჯერზე იმედები მიცრუვდება...

ბაბუ თავის დიაბეტიან მეუღლესთან და ჩემთან ერთად ელოდება როდის დადგება მათთვის „ახლო მომავალი“, მაშინ როცა ზოგიერთებთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ოჯახებისთვის ის უკვე რამდენჯერმე დამდგარა!

სამწუხაროდ, ასე ვზრუნავთ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე...

დღე 4 (21 აპრილი, 2020)

მეგობარო,

გული მტკივა, თანაც უზომოდ. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ასეთი უძლურება, უსუსურობა. მეტირება...

შვილი გარდაეცვალათ მშობლებს, რომლებიც ბოლნისის საკარანტინო ზონაში იყვნენ ჩარჩენილები.

3-4 დღეა რეანიმაციაში, სულ მარტო ებრძოდა ახალგაზრდა ქალი სიკვდილს...

3-4 დღეა მისი მცირეწლოვანი შვილები ებრძოდნენ მარტოობას...

3-4 დღეა მშობლები იბრძოდნენ საკარანტინო ზონიდან თავის დასაღწევად, რათა სიკვდილის პირას მოსული შვილი ბოლოს ცოცხალი ენახათ...

და დღეს გავიგე, რომ მათ ბრძოლა წაუგიათ....

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ "შვილი მომიკვდაზე“ მძიმე წინადადება შეიძლება არც არსებობს ამ სამყაროში. გავჩუმდით ორივე, ამ წინადადების მერე რის თქმას შევძლებდით ან მე, ან შვილმკვდარი მამა. ისინი ვერ გავიყვანეთ "წითელი ზონიდან" - ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, თანაც ყველაზე მწარე ფორმით...

დღე 5 (22 აპრილი, 2020)

დღემდე სულ ვცდილობდი სამუშაოს მიმართ ძლიერი ემოციური დამოკიდებულებისგან თავი შემეკავებინა. მგონი, ამ დიად ამოცანას ახლა ვერ ვასრულებ. არ შემიძლია არ ვინერვიულო „წითელ ზონაში“ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ჩინოვნიკების სინდისის და სამუშაო ეთიკის იმედად დარჩნენ; არ შემიძლია არ ვიფიქრო 79 წლის მარტოხელა ქალბატონზე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ვერ აიღო პენსია, არც რაიმე ჰუმანიტარული დახმარება მიუღია ბოლო ერთი თვის განმავლობაში; არ შემიძლია, არ ვიდარდო იმ თანამემამულეზე, რომელიც თავის 8 სულიან ოჯახთან ერთად სრულად მოუმზადებელი შეხვდა მკაცრ საკარანტინო რეჟიმს და ახლა, როგორც თვითონ აცხადებს, არ იცის სად დაიმალოს. ან როგორ შეიძლება გულთან არ მივიტანო პურის შესაძენად გასვლისას 3000 ლარით „უსამართლოდ“ დაჯარიმებული იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ავადმყოფ დედას და გარდაცვლილი ძმის მცირეწლოვან შვილს ძლივს არჩენს. „ასე მშიერი კვდება ყველა“ – ეს პასუხი გასცა ამ ადამიანს სახელმწიფო რწმუნებულმა, და ეს პასუხია ლუსტრაცია იმის, როგორ ექცევიან ჩვენ ქვეყანაში მოქალაქეს, რად უღირთ მისი ღირსება. თითქოს შიმშილი და სიღარიბე პოლიტიკური საკითხი არ არის და ბუნებრივი, ან ნორმალური მოცემულობაა. თითქოს მარნეულელი გლეხები რაღაც განსაკუთრებულს ითხოვდნენ და არა იმას, რაც საქართველოს სხვა სოფლების გლეხების საერთო პრობლემაა. ხალხის პროტესტის პოლიტიკურად ანგაჟირებულად შეფასებით, პოლიტიკოსები რეალური საჭიროებების გადაფარვას ცდილობენ. თითქოს ყველაფერი მშვენივრად არის „წითელ ზონაში“.

ეს ადამიანები, ეს ისტორიები ნამდვილია, 35დღიანმა მკაცრმა საკარანტინო რეჟიმმა მათ შემოსავლის წყარო წაართვა, დღეს ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ ფინანსურად, უჭირთ მორალურად...

დიახ, ეს არის „შორიდან დანახული“, ადამიანური ისტორიებით დახატული „წითელი ზონა“, რომელიც, ალბათ საკმაოდ ბევრს, მათ შორის მეც სულ დაგვამახსოვრდება...