ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) კარტოგრაფების საქმე შეისწავლა და წარმოადგენს საქმის სამართლებრივ შეფასებას. EMC მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია ამიტომ, მნიშვნელოვანია შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ.

მიგვაჩნია, რომ წარდგენილი ბრალდებები ვერ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. მეტიც, გამოძიების და დევნის დაწყების დრო და პოლიტიკური კონტექსტი, ასევე ამ საქმესთან დაკავშირებით მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წინასაარჩევნოდ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანია, სამართალდამცავი ძალაუფლებისა და სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მაღალ ეჭვებს აჩენს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

EMC-ის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიციები აშკარად დაუსაბუთებელია. ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.

ამ კუთხით, პირველ რიგში, უნდა მიეთითოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენების რელევანტურობის პრობლემაზე. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახელმწიფო კომისიაში დაკავებული ოფიციალური პოზიციები და მათი მანდატი/უფლებამოსილება არ იძლევა უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემის, ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ მიმართული დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობას. ისინი სახელმწიფო კომისიის რიგითი წევრები იყვნენ, რომელიც კოლექტიურად იღებდა გადაწყვეტილებას ყველა ექსპერტულ რეკომენდაციაზე. თავის მხრივ, ყველა ამ ექსპერტულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე სახელმწიფო მაღალ თანამდებობის პირებთან ათანხმებდა. სწორედ ამიტომ, ბრალდებული პირების ოფიციალური სტატუსისა და საჯარო უფლებამოსილების გათვალისწინებით, კოლექტიური ორგანოს მიერ მიღებული ექსპერტული გადაწყვეტილებების გამო, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის გამოყენება არაარსებითი და დაუსაბუთებელი ჩანს.

ამასთან პრობლემური და სადავოა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მთავარი ფაქტობრივი არგუმენტებიც, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ არ გამოიყენეს და დამალეს მათ ხელთ არსებული 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ამ რუკის გამოყენების საკითხი სახელმწიფო კომისიამ რამდენიმე წლით ადრე განიხილა და მეცნიერული არგუმენტების გამო, საბოლოოდ უგულებელყო. ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, რომ ამ გარემოებებს საქმეში ი.მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას გარდა, სხვა პირებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებულ პირებს კომისიის წევრებისთვის ეს რუკა განზრახ არ წარუდგენიათ და არ განუხილავთ, უსაფუძვლოა და ხელოვნურად შექმნილი. მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, არც ამ რუკის გადამალვის ფაქტი დასტურდება, რადგან ჯერ კიდევ 2019 წელს, ნატალია ილიჩოვამ სახელმწიფო კომისიაში მის ნაცვლად დანიშნულ სხვა პირს იგი საქმის მასალებთან ერთად სრულად გადასცა.

მეტიც, ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ყოფილიყო 1: 200 000 მასშტაბის რუკის სამუშაო პროცესში გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 1: 200 000 მასშტაბის რუკაზე ამგვარი ექსპერტიზის ჩატარება არსებითად მნიშვნელოვანი იყო, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ პროკურატურას არ დაუნიშნავს შესაბამისი საპროცესო მოქმედება და 1: 200 000 მასშტაბის რუკის ხარისხისა და სიზუსტის შეუფასებლად ცდილობს შექმნას საზოგადოებაში წარმოდგენა, რომ რუკა ეწინააღმდეგება ი. მელაშვილისა და ნ. ილიჩოვას მიერ სამუშაო პროცესში მომზადებულ და აზერბაიჯანულ მხარესთან გაცვლილ კარტოგრაფიულ მასალას.

პროკურატურა არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს იმ საკითხსაც, რომ თითქოს კარტოგრაფებს 1938 წელს დამტკიცებული 1: 500 000 მასშტაბის რუკების მიღმა სხვა რუკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. 1996 წლის 13 ივნისის შეთანხმებით დადგინდა, რომ სამთავრობო კომისიებს დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების პრეზიდიუმის მიერ 1938 წელს დამტკიცებული 1: 500 000 მასშტაბის რუკებზე ასახული სასაზღვრო ზოლით უნდა ემსჯელათ, თუმცა ამავე დროს შესაძლებელი იყო სამუშაო პროცესში სხვა დოკუმენტაციის გამოყენებაც. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალის დასაბუთებაში პროკურატურა კარტოგრაფების მიერ სხვა რუკების გამოყენების უკანონობაზე უთითებს. ექსპერტიზამ ვერ შეძლო შეეფასებინა, სხვა რუკებზე დატანილი სასაზღვრო ხაზი შეესაბამება თუ არა 1938 წელს დამტკიცებულ 1: 500 000 მასშტაბის რუკაზე დატანილ სასაზღვრო ხაზს. ამ გარემოების შეფასება და დადგენა კი, სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი იყო, რამდენადაც, ნ. ილიჩოვა, ი. მელაშვილი მიუთითებენ, რომ, მართალია, იყენებდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებს, თუმცა გამოყენების პროცესში აუცილებლად ადგენდნენ გამოყენებული მასალის შესაბამისობას 1938 წელს დამტკიცებულ 1: 500 000 მასშტაბის რუკებთან. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე რაიმე საეჭვო გარემოება სამუშაო პროცესში არ გამოვლენილა და არც კომისიის რომელიმე წევრს უცდია დამოუკიდებლად შეემოწმებინა, მომზადებული რუკები იყო თუ არა 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკით დადგენილი სასაზღვრო ზოლის შესაბამისი.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ წარმოდგენილ შეფასებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სასამართლო მეგობრის მოსაზრების ფორმატით, კანონით დადგენილ ვადებში, ასევე გაუზიარებს საქმის განმხილველ სასამართლოს.

განცხადების ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

კარტოგრაფების_საქმე_1606805139.pdf