დემოკრატიულ სისტემაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების სამართლიანობას, რასაც დიდწილად განაპირობებს საარჩევნო სისტემა. თუ სისტემა ხარვეზიანია ეს იმთვითვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩეული ორგანოების და თანამდებობის პირების ლეგიტიმურობის საკითხს.

სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ აუცილებელია შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც უპასუხებს დემოკრატიის მაღალ პრინციპებს და შექმნის პოლიტიკური სტაბილურობის გარანტიებს.

მოქმედი ქართული საარჩევნო სისტემა ასე გამოიყურება: პარლამენტის ასარჩევად გამოიყენება შერეული საარჩევნო სისტემა, საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. პროპორციული სისტემით არჩევნები ტარდება დახურული საარჩევნო სიების გამოყენებით, რაც გულისხმობს, რომ ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას რომელსაც მიღებული ხმებით პროპორციულად გაჰყავს პარტიული სიიდან კანდიდატები პარლამენტში, ხოლო მაჟორიტარული არჩვნები ტარდება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში. საარჩევნო ოლქების დაყოფა, ემთხვევა მუნიციპალურ დაყოფას და რეალურად თითოეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ერთი დეპუტატით.

არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები ქართულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით. კერძოდ, არ არის დაცული ამომრჩეველთა ხმის თანაბრობის პრინციპი, რაც გულისხმობს:

  • ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობასა და მიღებულ საპარლამენტო მანდატებს შორის მნიშვნელოვანი დისპროპორციაა;
  • ვერ მოხერხდა საქართველოში, დაახლოებით, თანაბარი ზომის საარჩევნო ოლქების უზრუნველყოფა, რითაც შერეული სისტემის ფარგლებში ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობა იქნებოდა გარანტირებული;
  • განსხვავებული რაოდენობის ამომრჩევლები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში ერთ მაჟორიტარს ირჩევენ საქართველოს პარლამენტში, ხშირად ეს განსხვავებები 100%-ს აღემატება.

ვენეციის კომისიის და ეუთოს რეკომენდაციით, საარჩევნო ოლქებს შორის, ამომრჩეველთა რაოდენობრივი განსხვავება 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში 15% არის განსხვავების მაქსიმალური ზღვარი. აღნიშნულ პოზიციას იზიარებს თითქმის ყველა ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საარჩევნო მონიტორინგის მისიას ან საარჩევნო საკითხებზე მუშაობს.

მოქმედი საარჩევნო სისტემის მიხედვით, მაჟორიტარული წესით გამართულ არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად კანდიდატმა უნდა გადალახოს 30%-იანი ზღვარი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არსებობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნა, რომ მაჟორიტარი კანდიდატისთვის 30%-იანი ნდობა საკმაოდ დაბალი ლეგიტიმაციის დონეა და აუცილებლია მისი გაზრდა.

არსებობული ტენდენციით, ხელისუფლება ყოველთვის თავს იკავებს მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ რეკომენდაციების გაზიარებისაგან, მაშინ როცა პროპორციულ სისტემასთან მიმართებით გვაქვს რამდენიმე გათვალისწინებული რეკომენდაცია, კერძოდ, ორგანიზაციები წლების განმავლობაში მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას მეტისმეტად მაღალი საარჩევნო ბარიერის დაწევისკენ და შეიძლება ითქვას, ეს წარმოადგენს იმ გამონაკლისს, როცა რეკომენდაციები გათვალიწინებულ იქნა და პროპორციული სისტემით გამართული არჩევნებისთვის მინიმალური ბარიერი 5%-ით განისაზღვრა. აგრეთვე ეუთოს რეკომენდაციის შესაბამისად გასწორდა კიდევ ერთი საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, კანონში არ იყო ნათლად გაწერილი საიდან გამოითვლებოდა მინიმალური ბარიერი: ნამდვილად მიჩნეული ბიულეტენების თუ ჩაყრილი ბიულეტინების რაოდენობიდან. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, ბარიერი ნამდვილად მიჩნეული ბიულეტინების რაოდენობიდან გამოითვლება.

ხშირ შემთხვევაში, პრინციპულ საკითხებთან მიმართებით არ არის გაზიარებული საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც გარკვეულწილად მიუთითებს, რომ მთავრობა არ არის მზად საარჩევნო სისტემის რეფორმირება მოახდინოს სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების აქტიური ჩართულობის ფონზე. თუმცა ბოლო პერიოდში არსებობს მისასალმებელი ტენდენცია და პოლიტიკური ნება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები ფართო დისკუსიის საგანი გახდეს.