ფოტო: ნეტგაზეთი

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ EMC სასამართლოში წარმოადგენდა მანანა საღლიანის ინტერესებს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ საქმიანობდა. ის მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ახალი დირექტორის 2018 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სამსახურიდან გათავისუფლდა.

დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მანანა საღლიანის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ ბათილად ცნო მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის ბრძანება, მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს დაავალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა იგივე თანამდებობაზე და დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

მანანა საღლიანი სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი მოწინააღმდეგეა. მოსარჩელე სასამართლოში მისი გათავისუფლების მოტივად, სწორედ ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მის აქტიურობას უკავშირებდა. მანანა საღლიანის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა მესტიის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია, რომლის დროსაც, სამსახურიდან ასევე გათავისუფლდნენ მესტიაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტები - ნარგის ნიგურიანი და მაია კახიანი, რომელთა ინტერესებსაც სასამართლოში ასევე EMC იცავს.