კოალიცია „ღირსეული შრომისათვის“, ეხმაურება სოციალური აგენტების მიერ 3 ივლისს დაანონსებულ გაფიცვას, მხარდაჭერას უცხადებს და უერთდება მათ სამართლიან მოთხოვნებს.

მიუხედავად წლების განმავლობაში უცვლელად არსებული უმძიმესი შრომითი პირობებისა, რაც გამოიხატება სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასის (80 ლარი) საარსებო მინიმუმთან შეუსაბამობაში, ერთ თვიან შრომით ხელშეკრულებებში, სატრანსპორტო ხარჯების აუნაზღაურებლობასა და სხვა საკითხებში, საპროტესტო განწყობების შექმნამდე, ეს პრობლემები ვერ გახდა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ყურადღების საგანი. ახლაც, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამინისტრო არ იჩენს პოლიტიკურ ნებას, დასმული საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადასაჭრელად. გარკვეული ტექნიკური მიზეზების საბაბით, დავის მოსაგვარებლად ამ დრომდე არ არის დანიშნული მედიატორი, ხოლო მიუხედავად მედიაციის პროცესის დაწყების ოფიციალური მოთხოვნისა, მინისტრის მოადგილის მხრიდან ვისმენთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისთვის არავის მიუმართავს აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მოთხოვნით.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია პროფკავშირების წარმომადგენელთა მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ცალკეულ სოციალურ აგენტებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება შეხვედრისა და ცალკეული საკითხების გადაჭრის პირობით, იმ ფონზე, რომ სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საკითხში სოციალური აგენტების პროფკავშირის მოლაპარაკების მხარედ ჩართვას. შევახსენებთ სამინისტროს, რომ სოციალურ აგენტთა პროფკავშირი წარმოადგენს მედიაციის მხარეს და სწორედ ამ პროფკავშირის ინიციატივით იქნა მოთხოვნილი მედიაციის პროცედურის დაწყება. აღნიშნული ფაქტი მიგვაჩნია პროფკავშირის, როგორც დასაქმებულთა გაერთიანების დისკრედიტაციისა და დასაქმებულთა მოლაპარაკების ძალის დასუსტების მცდელობად.

ვინაიდან, სოციალური აგენტების მძიმე შრომითი პირობები და ყოფა პირველ რიგში აისახება ქვეყნის ყველაზე გაჭირვებული ფენის ყოველდღიურობაზე, მათი დროული და ეფექტური გადაწყვეტა მიგვაჩნია გადაუდებელ საქმედ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  • სამინისტრომ დროულად დანიშნოს მედიატორი კოლექტიურ დავაზე;
  • მედიაციის პროცესში ჩართოს ყველა სოციალური აგენტი და მათი პროფკავშირი;
  • უზრუნველყოს სოციალური აგენტების მოთხოვნების დაუყოვნებელი დაკმაყოფილება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • სოლიდარობის ქსელი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი
  • თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი