2019 წლის 21 იანვარს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა ამავე კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე. სხდომაზე მიწვეული იყვნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაწესებას საჯარო სივრცეში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის - ნიქაბის და ბურქას ტარებისათვის.

ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე საკუთარი აზრი გამოთქვა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსმა მირტაგი ასადოვმა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ შიიტურ მუსლიმურ დღესასწაულებზე აზერბაიჯანული მუსლიმური თემის წევრი ქალები იმოსებიან ნიქაბით და ბურქით. მირტაგი ასადოვის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მუსლიმები ვერ შეძლებენ მუსლიმური რიტუალების სათანადოდ ჩატარებას, ვინაიდან ბურქის და ნიქაბის ტარება დასჯადი გახდება. მირტაგი ასადოვმა მიიჩნია, რომ ამ კანონპროექტის ინიცირება წარმოადგენდა დეპუტატის მოვალეობის დარღვევას. მირტაგ ასადოვი არის საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი. ქართული ენის არცოდნის გამო სამუშაო ჯგუფის სხდომაზე იგი სიტყვთ აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა. მის განცხადებას ქართულ ენაზე თარგმნიდა ამავე თემის წევრი ოქტაი კაზუმოვი.

მირტაგი ასადოვის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი. მან აგრესიულად მოსთხოვა მირტაგი ასადოვს იმის განმარტება, იყო თუ არა საქართველოს მოქალაქე. როდესაც ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მიიღო, ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს მიმართა შეკითხვით, რომ თუ ის საქართველოს მოქალაქე იყო, ქართულად რატომ არ ლაპარაკობდა.

საქართველოს სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევაა, რომ უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კვლავაც პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის არცოდნა. წლების განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ დასძლია ეს პრობლემი. ენის არცოდნა არის ის არსებითი მიზეზი, რაც იწვევს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების და სომხების იზოლირებას სახელმწიფოსაგან და დანარჩენი საზოგადოებისაგან. ემზარ კვიციანის განცხადებაში ცალსახად იყო მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ენის არცოდნის გამო არა აქვს უფლება, კონკრეტულ კანონპროექტზე, რომელიც უშუალოდ ახდენს გავლენას მასზე და მის თემის ცხოვრებაზე, დააფიქსიროს საკუთარი კრიტიკული პოზიცია. დეპუტატმა მსგავსი განცხადებით ენის არ ცოდნა გამოიყენა როგორც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ოპონენტის მარგინალიზაციის საშუალება. დეპუტატმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეთნიკურ უმცირესობას მიკუთვნებული საქართველოს მოქალაქის შესაძლებლობა, მისი წუხილები საქართველოს ხელისუფლების წინაშე გამოთქვას საკუთარ მშობლიურ ენაზე. ამგვარი მიდგომა სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების დეკლარირებულ ძალისხმევასთან, მოახდინოს ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი.[1] ამ კოდექსის „ბ.გ.“ ქვეპუნქტის თანახმად, „პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა პარლამენტის სხვა წევრებს და მოქალაქეებს, არ იყენებს სიძულვილის ენას, რომელიც მიმართულია, რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიის თუ სხვა ნიშნით განსაზღვრული უმცირესობებისკენ.“ ემზარ კვიციანმა, მოცემულ შემთხვევაში, უპატივცემულობა და არატოლერანტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა საქართველოს მოქალაქის ენობრივი და ეთნიკური კუთვნილების ნიშანთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით წარმოადგენს სიძულვილის ენას.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრის არაეთიკურ ქცევაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს ეთიკის საბჭო, რომელიც ამ დრომდე არ არის დაკომპლექტებული შესაბამისად, სამწუხაროდ ემზარ კვიციანის აღნიშნული განცხადება ვერ გახდება ეთიკის საბჭოს მსჯელობის საგანი.

სხდომის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს არავითარი რეაქცია არ ჰქონდა ემზარ კვიციანის განცხადებასთან დაკავშირებით, ამის სანაცვლოდ მან გააკრიტიკა მირტაგი ასადოვის განცხადების ის ნაწილი

, სადაც კანონპროექტის ინიცირება სადეპუტატო მოვალეობის დარღვევად იყო შეფასებული. შემაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის უმოქმედობა, რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, დაიცვან პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები და არ გამოიყენონ სიძულვილის ენა. იმავდროულად, შესაბამისი კომიტეტის თუ პლენარული სხდომის თავმჯდომარემ დროული რეაგირება მოახდინოს დეპუტატის მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის აღსაკვეთად ან მომავალში მის თავიდან ასაცილებლად. ამასთანავე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროულად დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო, რათა ერთი მხრივ, სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ფაქტს, ხოლო მეორე მხრივ, მომავალში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევები.

კოალიცია თანასწორობისთვის

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ„ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”,“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).”



[1] https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/189564?

https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/205673?