logo

უარყოფითად ვაფასებთ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი არა თუ არ ამაღლებს საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, პირიქით - კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც საბჭოს მოქმედების მიზნებსა და მოტივებს, ასევე ზოგადად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების წარმატებას.

ჯერ კიდევ 16 ნოემბერის კენჭისყრამდე სერიოზული კრიტიკის საგანი გახდა მოსამართლეთა დაწინაურების მიზნით განხორციელებული პროცედურები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ისე საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან. კრიტიკა გამოითქვა მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპთან დაკავშირებით. კერძოდ:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურება განხორციელდა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ადგენს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის ძალიან ბუნდოვან წესს, არ ადგენს მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის არავითარ პროცედურას ან კრიტერიუმებს და საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაიყვანოს (დააწინაუროს) მოსამართლე ზემდგომი, იმავე ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ვსაუბრობთ საბჭოს მიერ აღნიშნული მუხლის გამოყენების მანკიერ პრაქტიკაზე (2011-2015 წლებში ამ წესით ერთი სასამართლოდან სხვა სასამართლოში გადაყვანილ იქნა 115 მოსამართლე. შედარებისთვის, სასამართლო სისტემაში სულ დაახლოებით 230 მოსამართლეა);
  • 37-ე მუხლის გამოყენებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ისე, რომ წინასწარ არ დაუდგენია შესაბამისი პროცედურა ან კრიტერიუმები. ასეთი პროცედურა და კრიტერიუმები საბჭომ შეიმუშავა მხოლოდ მაშინ როცა დაწინაურების მსურველ მოსამართლეებს უკვე შეტანილი ჰქონდათ საბჭოში განაცხადები. პროცედურა და კრიტერიუმები საბჭოს იერ დადგენილ იქნა ნაჩქარევად, ისე რომ დაინტერესებულ საზოგადოებას არ მიეცა ამ პროცესში მონაწილეობის რეალური შესაძლებლობა;
  • სახალხო დამცველის სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა მოსამართლეთა დაწინაურების მიზნით ჩატარებულმა გასაუბრების პროცესმა. სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია: „არ რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობა დაინტერესებულია კანდიდატების სამოსამართლო უნარებისა და შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოვლენითა და შეფასებით.“

საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა საკითხი მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დაწინაურების შესახებ, გამოითქვა ეჭვი, რომ არსებობდა კონკრეტული მოსამართლეების სია, ვისი გადაყვანაც იგეგმებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნული ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა პროცესის დროს დაშვებულმა ზემოაღნიშნულმა ხარვეზებმა, საბჭოს მიერ ჩატარებულმა გასაუბრებებმა და იმ ფაქტმა, რომ 29 კანდიდატიდან თბილისის სააპელაციო სასამრთლოში დაწინაურებულმა შვიდივე კანდიდატმა კენჭისყრის პირველივე ეტაპზე მიიღო საბჭოს თერთმეტიდან ათი წევრის ხმა.

2015 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა კვლავ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ყოფილიყო სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები, რომელშიც, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ასახულია კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ და საპარლამენტო ანგარიშები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 16 ნოემბრის სხდომაზე როგორც სახალხო დამცველმა, ისე სხდომაზე დამსწრე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოუწოდეს საბჭოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ყოფილიყო სახალხო დამცველის ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგები; მიგვაჩნია, რომ დაწინაურების გადაწყვეტილების მიღებამდე უაღრესად მნიშვნელოვანი იყო საბჭოს შეესწავლა და ემსჯელა მონიტორინგის ანგარიშზე, გაექარწყლებინა ეჭვები კონკრეტულ მოსამართლეთა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ასევე მიეცა თითოეული კანდიდატისთვის აღნიშნულზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება, რათა საბჭოს ჰქონოდა რეალური შესაძლებლობა დაეწინაურებინა მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც უზადო პროფესიული რეპუტაციითა და მაღალი კვალიფიკაციით სარგებლობენ.

თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში შვიდი მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის/დაწინაურების შესახებ ისე, რომ კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა გაზიარებული და გათვალისწინებული არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

ყოველივე ზემოაღნიშნული კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის ობიექტურობასთან დაკავშირებით და სერიოზულ ზიანს აყენებს სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ერთმნიშვნელოვნად მოეხდინა იმის დემონსტრირება, რომ მოსამართლეთა დანიშვნის, განსაკუთრებით კი მათი დაწინაურების პროცესში საბჭოსთვის სახელმძღვანელოა მოსამართლეთა მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და რომ დაწინაურებისას საბჭო უპირატესობას ანიჭებს სწორედ ისეთ მოსამართლეებს, რომელთა მიერ სამართლიანი სასამართლოს განხორციელება არ დამდგარა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ არც საზოგადოების და არც ისეთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუციის მხრიდან, როგორიც არის სახალხო დამცველი.