ვალტერ მინიოლო

ნინო მიქაშავიძის თარგმანი

შესავალი

მრავალი წლის წინ (დაახლოებით 1991 წელს), ცნობისმოყვარეობით აღვივსე, როდესაც წიგნების მაღაზიაში, ახალი გამოცემების სტენდზე, შევნიშნე სტივენ ტულმინის ახალი წიგნის სათაური: „კოსმოპოლისი: მოდერნულობის ფარული ზრახვა“(Cosmopolis: The Hidden Agenda of Modernity) (1990). ან-არბორში, „ბორდერსის“ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს, კაფეში შევედი და ფინჯან ყავასთან ერთად, სულმოუთქმელად შევუდექი წიგნის კითხვას. რა იყო მოდერნულობის ფარული ზრახვა? - ეს იყო კითხვა, რომელიც მაწუხებდა. ცოტა ხნის შემდეგ, ბოგოტაში ვიყავი და იქ გადავაწყდი ახლადგამოქვეყნებულ წიგნს ერაკლიო ბონილას რედაქტორობით: „Los conquistados: 1492 y la población indígena de las Américas“(1992). ჩემი ყურადღება მიიქცია ამ წიგნის ბოლო თავმა, რომლის ავტორიც ანიბალ კიხანო გახლდათ. მის შესახებ მსმენოდა, მაგრამ მას არ ვიცნობდი. ესეის, რომელიც მოგვიანებით ჟურნალ „Cultural Studies“-შიც დაიბეჭდა, „კოლონიურობა და მოდერნულობა/რაციონალობა“ („Coloniality and Modernity/Rationality“) ერქვა. წიგნი შევიძინე და იქვე, ახლოს, კიდევ ერთი კაფე ვიპოვნე, სადაც ესეი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და თითქოს გონება გამინათდა. იმ დროს, „რენესანსის ბნელი მხარის“ (“The Darker Side of the Renaissance”) (1995) ხელნაწერი თითქმის დასრულებული მქონდა, მაგრამ მასში კიხანოს ესეი აღარ განმიხილავს. ბევრი რამ იყო მასში, რაც ფიქრს  მოითხოვდა, მაგრამ ჩემს ხელნაწერს უკვე ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა. როგორც კი წიგნი საბეჭდად გავუშვი, ყურადღების სრული კონცენტრაცია მოვახდინე „კოლონიურობაზე“, რომელიც ჩემი წიგნის „ლოკალური ისტორიები/გლობალური გეგმები: კოლონიურობა, სუბალტერნული ცოდნა და მიჯნაზე აზროვნება“ („Local Histories/Global Designs: Coloniality, Subaltern Knowledge and Border Thinking“) (2000) მთავარ კონცეფციად იქცა. ამ წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, დავწერე გრძელი თეორიული სტატია - „ცოდნის გეოპოლიტიკა და კოლონიური განსხვავება“ (“Geopolitics of Knowledge and Colonial Difference”), რომელიც პერიოდულ გამოცემაში „South Atlantic Quarterly“ (2002) გამოქვეყნდა. ტულმინისთვის, მოდერნულობის ფარული ზრახვა ძევს ინსტრუმენტულ რაციონალობას ამოფარებულ ჰუმანიზმში, ჩემთვის კი, მოდერნულობის ფარული ზრახვა (და მისი შავბნელი მხარე) კოლონიურობაა. რასაც შემდგომში აქ გაეცნობით, იმ სამუშაოს შეჯამებაა, რომელიც მოგვიანებით გავწიე „მოდერნულობა/კოლონიურობის“ კოლექტივის წევრებთან თანამშრომლობით.[1]

ფარული ზრახვა

„კოლონიურობა“, როგორც ეს წინათქმაში ავხსენი და წინა პარაგრაფში აღვნიშნე, გვიან 1980-იან და ადრეულ 1990-იან წლებში პერუელი სოციოლოგის, ანიბალ კიხანოს შემოღებული ცნებაა, რომელიც მე კიდევ უფრო განვავრცე წიგნში „ლოკალური ისტორიები/გლობალური გეგმები“ და სხვა შემდგომ პუბლიკაციებში. აქედან მოყოლებული, კოლონიურობის ცნება განიხილება როგორც მოდერნულობის ბნელი მხარე. კიხანომ ტერმინ „კოლონიალიზმის“ მემკვიდრეობას ახალი მნიშვნელობა შესძინა, რადგან ცივი ომის დროს მისი გააზრება „დეკოლონიზაციის“ ცნებასთან (და აფრიკისა და აზიის განმათავისუფლებელ ბრძოლებთან) ერთად ხდებოდა. კოლონიურობა, რენესანსიდან დღემდე, აყალიბებს დასავლური ცივილიზაციის დაარსებისა და განვითარების საფუძველში მდებარე ლოგიკას, რომლის განმსაზღვრელ, თუმცა უმნიშვნელოდ მიჩნეულ, მიჩქმალულ განზომილებასაც წარმოადგენენ ისტორიული კოლონიალიზმები. ამ ცნებას, ჩემს ნაშრომში (ასევე, „მოდერნულობა/კოლონიურობის“ კოლექტივის ნაშრომებში), ვიყენებ არა როგორც ტოტალიტარულ კონცეპტს, არამედ, როგორც კონკრეტული პროექტის განმსაზღვრელ ცნებას: მოდერნულობის იდეის და მისი შემადგენელი ბნელი მხარის, კოლონიურობის, რომელიც აღმოცენდა ევროპის მიერ აბაი იალას, ტავანტინსუიუს და ანაჰუაკის დაპყრობის შედეგად; ამერიკის კონტინენტისა და კარიბის კუნძულების ფორმირებისას; და აფრიკელი მონებით მასობრივი ვაჭრობისას. „კოლონიურობა“ უკვე დეკოლონიური ცნებაა, დეკოლონიური პროექტების კვალი კი XVI-დან XVIII საუკუნის დასასრულამდე ფიქსირდება. დაბოლოს,  „კოლონიურობა“ (მაგ.: el patrón colonial de poder, ძალაუფლების კოლონიური მატრიცა) არის სპეციფიკური პასუხი გლობალიზაციასა და გლობალურ სწორხაზოვან აზროვნებაზე, რომელიც სამხრეთ ამერიკისა და კარიბის კუნძულების ისტორიებისა და მგრძნობელობების ფარგლებში აღმოცენდა. ეს სწორედ ის პროექტია, რომელიც არ აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ თავად წარმოადგენს ერთადერთ პროექტს. ანუ, ეს ერთი კონკრეტული შესაძლებლობაა იმ შესაძლებლობებს შორის, რომელთაც მე აქ დეკოლონიურად მოვიხსენიებ.  უფრო სწორად: მტკიცება, რომელსაც ვაყალიბებ, საკუთარ არსს ძალაუფლების კოლონიურ მატრიცაზე აფუძნებს და ეს განხილვა, როგორც ასეთი, ერთ-ერთია იმ რამდენიმე დეკოლონიურ შესაძლებლობას შორის, რომლებიც მოქმედებს (იხილეთ ბოლოსიტყვაობა).

ამ სპეციფიკური დისკურსის სამყაროში, რომლის შესახებაც ეს-ეს არის ვისაუბრე, მთავარი თეზისი შემდეგია: „მოდერნულობა“ კომპლექსური ნარატივია, რომლის წარმოშობის ადგილიც ევროპაა; ნარატივი, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას მისი მიღწევების განდიდებით აგებს და ამავე დროს, მალავს მის ბნელ მხარეს - „კოლონიურობას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კოლონიურობა მოდერნულობის განმსაზღვრელია - არ არსებობს მოდერნულობა კოლონიურობის გარეშე. აქედან გამომდინარე, დღესდღეობით გავრცელებული გამოთქმა „გლობალური მოდერნულობანი“  „გლობალურ კოლონიურობებს“ გულისხმობს ზუსტად იმ გაგებით, რომ ძალაუფლების კოლონიურ მატრიცას ბევრი ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარე იზიარებს და განიხილავს: თუ შეუძლებელია, არსებობდეს მოდერნულობა კოლონიურობის გარეშე, შესაბამისად ვერც გლობალური მოდერნულობები იარსებებს გლობალური კოლონიურობების გარეშე. ამგვარად, დეკოლონიური აზროვნება და პრაქტიკა XVI საუკუნის შემდეგ აღმოცენდა და განვითარდა, როგორც პასუხი თანამედროვე ევროპული იდეალების იმ მჩაგვრელ და იმპერიულ ტენდენციებზე, რომელიც არაევროპულ სამყაროში ყალიბდებოდა და მყარდებოდა. თუმცა, როგორც წინათქმაში აღვნიშნე, „დეკოლონიზაციის ცნობიერებასა და კონცეპტს“, როგორც კაპიტალიზმისა და კომუნიზმის გარდა არსებულ, მესამე გზას, ხორცი ბანდუნგისა და მიუმხრობლობის მოძრაობის კონფერენციებზე შეესხა. ეს არის პოლიცენტრული და არაკაპიტალისტური სამყაროს (1500 წლამდე) მონოცენტრულ და კაპიტალისტურ მსოფლიო წესრიგად (1500 წლიდან  2000 წლამდე) ტრანსფორმაციის სცენარი (ამ თემას 1-ლ და მე-2 თავებში განვიხილავ).

ოთხთავიანი, ორფეხა ურჩხულის გამოცხადება

საუბარს დავიწყებ მოვლენათა განვითარების ორი სცენარის განხილვით  - ერთს XVI საუკუნიდან მოვიხმობ, მეორეს კი - გვიანდელი XX საუკუნისა და XXI საუკუნის პირველი ათწლეულიდან.

პირველ რიგში, წარმოვიდგინოთ, როგორი იყო სამყარო დაახლოებით 1500 წელს. მოკლედ რომ გითხრათ, ეს იყო პოლიცენტრული, არაკაპიტალისტური სამყარო. მასში თანაარსებობდა რამდენიმე ცივილიზაცია - ზოგი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, ხოლო ზოგიც იმხანად ყალიბდებოდა. ჩინეთს 1368 წლიდან 1644 წლამდე მინის დინასტია მართავდა.  მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ეს ცივილიზაცია, იმ დროს, სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 200 წელს, ჩინეთის ჰუანდინატი (რომელსაც ხშირად, არასწორად უწოდებენ „ჩინეთის იმპერიას“) რომის იმპერიასთან ერთად თანაარსებობდა.  1500 წლისთვის, ყოფილი რომის იმპერია გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია გახდა, რომელიც ასევე არსებობდა ჩინეთის ჰუანდინატთან ერთად, რომელსაც მინის დინასტია მართავდა. VII საუკუნეში შექმნილი ისლამური ხალიფატის (VII-VIII საუკუნეებში ომაიანები მართავდნენ, ხოლო VIII-დან XIII საუკუნემდე აბასიანები) დაშლის შედეგად, XIV საუკუნეში სამი სასულთნო წარმოიქმნა: ოსმალეთის სასულთნო ანატოლიაში, ცენტრით კონსტანტინოპოლში; საფავიდების სასულთნო, ცენტრით ბაქოში, აზერბაიჯანში; და დელის სასულთნოს, რომელიც 1206 წლიდან 1526 წლამდე არსებობდა, ნანგრევებიდან შობილი დიდ მოგოლთა სასულთნო.  მოგოლთა სასულთნო (რომლის პირველი სულთანიც იყო ბაბური, ჩინგიზ-ყაენისა და თემურლენგის შთამომავალი) 1526 წლიდან 1707 წლამდე არსებობდა. 1520 წლისთვის რუსებმა ოქროს ურდო გააძევეს და მოსკოვი  „მესამე რომად“ გამოცხადეს. დაიწყო რუსული ცარიზმის ისტორია. აფრიკაში, იორუბას ხალხის მიერ დაარსებული ოიოს სამეფო (თანამედროვე ნიგერიის ტერიტორიაზე) იყო უდიდესი სამეფო დასავლეთ აფრიკაში, რომელსაც ევროპელი მოგზაურები წააწყდნენ. ბენინის და ოიოს სამეფოები წარმოადგენდნენ ორ უმსხვილეს სამეფოს აფრიკაში. ბენინის სამეფო 1140 წლიდან 1879 წლამდე არსებობდა, ოიო კი - 1400 წლიდან 1905 წლამდე. დაბოლოს, ინკები ტავანტინსუიუსა და აცტეკები ანაჰუაკში, ესპანელების შემოსვლის ჟამს, განვითარებულ ცივილიზაციებს წარმოადგენდნენ. რა მოხდა შემდეგ, XVI საუკუნეში, ისეთი, რამაც მსოფლიო წესრიგი იმგვარად შეცვალა, რომ ის დღეს არსებულ წესრიგად გარდაიქმნა? ამის მარტივი პასუხია „მოდერნულობის“ გავრცელება, მაგრამ... როდის, როგორ, რატომ, სად?

მეორე სცენარის მიხედვით, XXI საუკუნის დასაწყისში, სამყარო ერთი ტიპის ეკონომიკითაა (კაპიტალიზმი) დაკავშირებული და გამოირჩევა პოლიტიკური თეორიებისა და პრაქტიკების მრავალფეროვნებით.[2] დამოკიდებულების თეორია სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით უნდა გავაანალიზოთ. მაგრამ, აქ, მხოლოდ  ორი მიმართულების განხილვით შემოვიფარგლები. ერთი მხრივ, ხდება გლობალური პოლიტიკის დივერსიფიკაცია და იმ ტიპის ეკონომიკის გლობალიზაცია, რომელიც კაპიტალიზმის სახელითაა ცნობილი (ეს უკანასკნელი კი, თავისი არსით, ჩასახვისთანავე გლობალურ მასშტაბზე გავრცელებას უმიზნებდა). მეორე მხრივ, ჩვენ ვხდებით ანტინეოლიბერალური გლობალიზაციის მოძრაობების, პროექტების, გამოვლინებების (მაგ., ანტიგლობალური კაპიტალიზმი) გამრავლებისა და გამრავალფეროვნების მოწმენი.

პირველი მიმართულების მხრივ, ჩინეთმა, ინდოეთმა, რუსეთმა, ირანმა, ვენესუელამ და ახლად აღმოცენებულმა სამხრეთ ამერიკის გაერთიანებამ უკვე ცხადად დააფიქსირეს, რომ აღარ სურთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა და თეთრი სახლის სწორხაზოვანი დირექტივების გათვალისწინება. ირანის უკან სპარსეთისა და საფავიდების სასულთნოს ისტორია დგას; ერაყის უკან კი - ოსმალეთის სასულთნოსი.  უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში დასავლეთის შესვლამ ჩინეთში (მარქსიზმი და კაპიტალიზმი) ვერ ჩაანაცვლა ჩინეთის ისტორია ევროპისა და აშშ-ის (1500 წლიდან მოყოლებული) ისტორიით. ეს არ მომხდარა არც ინდოეთში. პირიქით, დასავლურმა შეჭრამ გააძლიერა ჩინეთის სწრაფვა სუვერენიტეტის მოსაპოვებლად. ტერმინი პოსტნაციონალური - დასავლური გამოთქმაა, რომელიც ერი-სახელმწიფოების საზღვრების წაშლისა და თავისუფალი ვაჭრობისათვის კარის გაღების სურვილსა და ოცნებას გამოხატავს. მაგრამ არაევროპულ სამყაროში, პოსტნაციონალური ნიშნავს იმ იდენტობის განმტკიცებას, რომელიც წინ უსწრებს ნაციონალიზმის ევროპაში წარმოშობასა  და მის მსოფლიოში გავრცელებას. ნაციონალიზმი იდენტიფიკაციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც უპირისპირდება ჰოოგენიზციის გამომწვევ  გლობალიზაციის  ძალებს. გლობალიზაციას ორი მხარე აქვს: მოდერნულობის ნარატივისა და კოლონიურობის ლოგიკის. ეს ნარატივები წარმოშობს სხვადასხვანაირ საპასუხო ქმედებას; ზოგიერთ მათგანს აქ დევესტერნიზაციას ვუწოდებ, ზოგს - დეკოლონიურობას. პოსტნაციონალიზმი დასავლეთში ნაციონალიზმის დასასრულს ნიშნავს; არაევროპული სამყაროსთვის კი, ახალი ეპოქის დასაწყისს, როდესაც ნაციონალიზმის იდეა ემსახურება იდენტობების, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის საფუძვლის, აღდგენას. XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთის ქვეყნების მიერ აფრიკის იმპერიულმა დანაწილებამ (რამაც პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია) ვერ ჩაანაცვლა აფრიკის ისტორია დასავლეთ ევროპის ისტორიით. ასევე, 500 წლის განმავლობაში, სამხრეთ ამერიკის კოლონიურმა მმართველობამ, ჯერ პირენეის ნახევარკუნძულის მეთაურობით, ხოლო შემდგომ, 1900-იანი წლების დასაწყისიდან, კრეოლი და მეტისი ელიტების მიერ, ვერ წაშალა ინდიელთა წარსულის ენერგია, ძალა და მოგონებები (შეადარეთ ახლანდელ პრობლემებს ბოლივიაში, ეკვადორში, კოლუმბიაში, სამხრეთ მექსიკასა და გვატემალაში); და არც აფრიკული წარმოშობის თემების ისტორიები და მოგონებები წაშლილა ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, ვენესუელასა და კარიბის კუნძულებზე.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მე თავად ვარ მოწმე მრავალი არაოფიციალური (და არა არასამთავრობო) ტრანსნაციონალური ორგანიზაციის აქტივობისა, რომლებიც  არამხოლოდ კაპიტალიზმისა და მოდერნიზაციის „წინააღმდეგ“ გამოდიან და კრიტიკულად უყურებენ მოდერნულობას, არამედ ხსნიან გლობალურ, თუმცა არაკაპიტალისტურ ჰორიზონტებს და ემიჯნებიან იმ იდეას, რომ არსებობს ერთადერთი და ძირითადი მოდერნულობა, რომელიც გარემოცულია პერიფერიული ან ალტერნატიული მოდერნულობებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება სულაც არ უარყოფდნენ მოდერნულობას,  ეს ორგანიზაციები ნათელს ჰფენენ იმას, რომ მოდერნულობა განუყოფელია კოლონიურობისაგან. შესაბამისად, მოდერნულობის ანალიზი უნდა მოხდეს ორმხრივად, როგორც მისი მიღწევების, ისე მისი ბოროტმოქმედების მხრივ. მოდი, ამ გლობალურ სფეროს „დეკოლონიური კოსმოპოლიტიზმი“ ვუწოდოთ (მე მას მე-7 თავში დავუბრუნდები).[3]

რა მოხდა ზემოთ აღწერილი ორი სცენარის განვითარების ინტერვალში, XVI და XXI საუკუნეების შუალედში? ისტორიკოსმა კარენ არმსტრონგმა, რომელიც დასავლეთის ისტორიას ისლამის ისტორიკოსის პერსპექტივიდან განიხილავს, ორი საკვანძო პოზიცია ჩამოაყალიბა. არმსტრონგი ხაზს უსვამს დასავლური მიღწევების განსაკუთრებულობას XVI საუკუნემდე ცნობილ ისტორიასთან მიმართებაში, და ორ არსებით სფეროზე ამახვილებს ყურადღებას: ეკონომიკასა და ეპისტემოლოგიაზე. ეკონომიკის სფეროში, აღნიშნავს არმსტრონგი, „ევროპის ახალ საზოგადოებასა და მის ამერიკულ კოლონიებს გააჩნდათ განსხვავებული ეკონომიკური საფუძველი“ და ეს განსხვავება გახლდათ წარმოების გასაზრდელად ნამატის ხელახლა რეინვესტირება. არმსტრონგის მიხედვით, პირველი ტრანსფორმაცია ეკონომიკის დარგში მომხდარი რადიკალური ცვლილება იყო, რამაც დასავლეთს „საკუთარი რესურსების შეუზღუდავი კვლავწარმოების“ საშუალება მისცა და ის, ზოგადად, კოლონიალიზმს უკავშირდება.[4] მეორე, ეპისტემოლოგიური ტრანსფორმაცია კი, ევროპულ რენესანსს უკავშირდება. ეპისტემოლოგიას აქ ვიყენებ ფართო მნიშვნელობით, რომელიც მეცნიერებას/ცოდნასა და ხელოვნებას/მნიშვნელობას მოიცავს. არმსტრონგი ამ ტრანსფორმაციას ცოდნის სფეროში ათავსებს, რამდენადაც, XVI საუკუნეში, ევროპელებს “სამეცნიერო რევოლუციის შედეგად, მიეცათ გარემოს კონტროლის ისეთი დიდი საშუალება, რომლისთვისაც მანამდე არავის მიუღწევია.”[5] რა თქმა უნდა, არმსტრონგი არ ცდება, როდესაც ახალი ტიპის ეკონომიკისა (კაპიტალიზმის) და სამეცნიერო რევოლუციის აქტუალურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ორივე შეესაბამება და ესადაგება მოდერნულობის დომინანტურ რიტორიკას - კერძოდ, ხსნისა და სიახლის რიტორიკას, რომელიც რენესანსის დროინდელ ევროპულ მიღწევებს ეფუძნება.

თუმცა, არსებობს მოვლენების განვითარების ფარული ხაზი, რომელიც პარალელურად ვითარდებოდა, როგორც ეკონომიკის, ისე ცოდნის დარგში: ინდუსტრიული რევოლუციიდან მოყოლებული XXI საუკუნემდე, ადამიანის სიცოცხლისა და, ზოგადად, სიცოცხლის უგულებელყოფა (ან გაუფასურება). აფრო-ტრინიდადელი პოლიტიკოსი და ინტელექტუალი ერიკ უილიამსი ლაკონიურად აღწერს ამ სიტუაციას და აღნიშნავს, რომ “1688 წლის სახელოვანი რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი... იყო ის ბიძგი, რაც მან თავისუფალი ვაჭრობის პრინციპს მისცა... ნებისმიერი სხვა ტიპის ვაჭრობისათვის მინიჭებულ თავისუფლებას, მონებით ვაჭრობისათვის მინიჭებული თავისუფლებისაგან მხოლოდ ერთი დეტალი განასხვავებდა - სავაჭრო საქონელს ადამიანი წარმოადგენდა”.[6] ამგვარად, მოდერნულობის რიტორიკას ამოფარებული ეკონომიკური პრაქტიკები უგულებელყოფდა ადამიანის სიცოცხლეს, ხოლო ცოდნა ამართლებდა რასიზმს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც ბუნებრივად მიიჩნევდნენ არაარსებითად.

ზემოთ აღწერილი ორი სცენარის ინტერვალში, ასპარეზზე გამოდის „მოდერნულობის” იდეა. თავდაპირველად, ის დროისა და სივრცის ორმაგი კოლონიზაციის სახით მჟღავნდება. ასევე, ვამტკიცებ, რომ დროისა და სივრცის კოლონიზაცია დასავლური ცივილიზაციის ორი ფუძემდებლური პრინციპია და ამ ორ საკვანძო კონცეპტს მე-4 და მე-5 თავებში განვიხილავ. დროის კოლონიზაცია რენესანსის პერიოდში შუა საუკუნეების გამოგონებით მოხდა, ხოლო სივრცის - ახალი სამყაროს დაპყრობითა და კოლონიზაციით.[7] მიუხედავად იმისა, რომ მოდერნულობა კოლონიურობასთან ერთად წარმოიშვა: ამერიკა ჯერ კიდევ არ არსებობდა, როგორც მოცემულობა, რომელიც უნდა აღმოეჩინათ. ის გამოიგონეს, რუკაზე დაიტანეს. მისი აპროპრიაცია და ექსპლუატაცია ქრისტიანული მისიის დროშის ქვეშ მოხდა. 1500 წლიდან 2000 წლამდე, შესაძლებელია, სამი სახის კრებსითი (და არა თანმიმდევრული) მოდერნულობის გამორჩევა: იბერიულ-კათოლიკური, რომელსაც ესპანეთი და პორტუგალია უძღვებოდნენ (დაახლოებით 1500-1750 წლებში); „ევროპის გულის” (ჰეგელი), რომელსაც ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი უძღვებოდნენ (1740-1945); და შეერთებული შტატების ამერიკული სახე, რომელსაც აშშ უძღვებოდა (1945-2000). ამის შემდეგ, აღმოცენდა ახალი გლობალური წესრიგი: ერთი და იმავე ტიპის ეკონომიკით დაკავშირებული პოლიცენტრული სამყარო.

კიდევ ერთი, განსახვავებული ვერსია იმისა, თუ რა მოხდა 1500-2000 წლებს შორის, არის ის, რომ XVI საუკუნის დიდი ტრანსფორმაცია იყო ხელისუფლების, ეკონომიკის, სუბიექტურობის, გენდერის, სექსუალური ნორმებისა და ურთიერთობების კონტროლისა და მართვის სტრუქტურის აღმოცენება, რომლის მამოძრავებელ ძალასაც წარმოადგენდნენ დასავლეთ (ატლანტიკური) ევროპის (იბერიის ნახევარკუნძული, ჰოლანდია, საფრანგეთი და ინგლისი) ქვეყნები, როგორც შიდა კონფლიქტების, ისე შრომის ექსპლუატირებისა და მიწის ექსპროპრიაციის მხრივ.[8] აღნიშნული ტრანსფორმაცია მიმდინარეობდა ატლანტის ოკეანის აუზში, რომელიც აკავშირებდა ევროპულ წამოწყებებს, დამონებულ აფრიკელებს, დანგრეულ ცივილიზაციებს (ტავანტინსუიუს, ანაჰუაკსა და უკვე განადგურების პირას მყოფ მაიას), და მოიცავდა აიტის (რომელთაც 1492 წელს კოლუმბმა ისპანიოლები უწოდა) გენოციდს. XVIII საუკუნის მიწურულს, ამ მოვლენათა განვითარება ნათლად ასახა ოტობა კაგოანემ, როდესაც აღწერა მონებით ვაჭრობის იმპერიული ფორმირება, რომლითაც ხასიათდებოდა სამკუთხა ატლანტიკური ეკონომიკის[9] წარმოშობა.

ვაჭრობა, ადამიანების მოტაცებისა და პარვის მეშვეობით, აფრიკის სანაპიროებზე პორტუგალიელებმა წამოიწყეს და რადგანაც ამით სარგებელი ნახეს თავიანთი უკეთური მიზნებისათვის, მათ ხელი მიჰყვეს უარეს აოხრებასა და გაპარტახებას. ესპანელები მათ სამარცხვინო მაგალითს მიჰყვნენ. აფრიკელი მონებით ვაჭრობა მათთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რათა სხვების სასტიკი ჩაგვრისა და დამონების ხარჯზე, თავად უდარდელად და შეძლებულად ეცხოვრათ. როდესაც ფრანგებმა, ინგლისელებმა და სხვა ევროპულმა ერებმა ახალშენები და კოლონიები დააარსეს კარიბებსა და ამერიკაში, ესპანელებსა და პორტუგალიელებს არ ჩამორჩნენ, და გააგრძელეს აფრიკის ძარცვა, რბევა და გაჩანაგება, ისევე, როგორც დასავლური კონტინენტის მაცხოვრებლების ხოცვა და აოხრება.[10]

ნარატივი მოვლენების დრამატულ განვითარებას ასახავს, რომელთა მიღმაც მართვისა და კონტროლის მტკიცე სტრუქტურა ყალიბდებოდა, XVI და XVII საუკუნეებში ამგვარი მოვლენების განვითარების ფონზე. კონტროლი და მართვა, აქ, ნიშნავს იმას, რომ აქტორები და ინსტიტუციები, რომლებიც თამაშს წარმართავდნენ, ადგენდნენ კიდეც თამაშის წესებს, რომელთა მიხედვითაც გადაწყვეტილების მიღებისათვის ბრძოლა გაიმართებოდა. აფრიკელები და ინდიელები ამ პროცესში არ მონაწილეობდნენ. გლობალური გეგმების დადგენა და მათი განხორციელება ევრო-ატლანტიკური ერების (რომელთაც ოტობა კაგოანე ასახელებს) საქმე იყო. ამ პროცესის ფარგლებში, აფრიკელი მონებით ვაჭრობით და ინდიელების მიწებით და შრომით პირადმა დაინტერესებამ ესპანეთს, პორტუგალიას, ჰოლანდიას, საფრანგეთსა და ინგლისს შორის შიდა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია. ამგვარად, ამ პროცესის არეალში შიდა იმპერიული უთანხმოების წესები (ევროპულ იმპერიულ სახელმწიფოებს შორის) დამყარდა (მაგ., ელისაბედ I-ის მიერ წამოწყებული ინვექტივები ახალ სამყაროში ესპანელების სისასტიკის წინააღმდეგ, რომელიც „შავი ლეგენდის” სახელითაა ცნობილი).[11] სწორედ, ამ პირობებმა გამოიწვია ძალაუფლების კოლონიური მატრიცის წარმოშობა.

 

სრული ტექსტი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

ვალტერ_მინიოლო._მოდერნულობის_ბნელი_მხარე._1562848868.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] 1998 წლის შემდეგ, კოლექტივის მიერ გაწეული სამუშაოს პირველი ინგლისური პუბლიკაცია შედგა  ჟურნალის Cultural Studies  21, no. 2 (2007) სპეციალურ ნომერში, რომელიც „გლობალიზაციასა და დეკოლონიურ შესაძლებლობას“ ეძღვნებოდა.

[2]კაპიტალიზმს მაქს ვებერისეული გაგებით ვიყენებ: „კაპიტალიზმის სული აქ იხმარება სპეციფიკური მნიშვნელობით, ეს არის თანამედროვე კაპიტალიზმის სული... დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კაპიტალიზმის.“ (The Protestant Ethic and the Spirit of Capitalism, 51–52).

[3]Mignolo, “Cosmopolitanism and the De-Colonial Option.”

[4]Armstrong, Islam, 142, კურსივი ჩემია.

[5]იქვე.

[6]Williams, Capitalism and Slavery, 32.

[7]Dagenais, “The Postcolonial Laura.”

[8] “აიტი” - ადგილობრივი სახელი იმ კუნძულებისა, სადაც არავაკებისა და ტაინოს ტომები ბინადრობდნენ. ჟან-ჟაკ დესალინიმ მათი სახელი მოწიწებით აღადგინა, როდესაც “ისპანიოლას” კვლავ “აიტი” უწოდა.

[9]იგულისხმება ე.წ. სამკუთხა ვაჭრობა. ამ ტიპის ვაჭრობა დამახასიათებელი იყო XVI საუკუნის  ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში, ტრანსატლანტიკური სავაჭრო გაცვლისათვის, მსოფლიოს სამ კონტინენტს - აფრიკას, ამერიკას და ევროპას შორის. გემებს აფრიკაში ჩაჰქონდათ ტექსტილი, რომი, ცეცხლსასროლი იარაღი, სამრეწველო ნაწარმი და იქ მონების შესაძენად ჩერდებოდნენ; მონების გატაცებისა თუ შეძენის შემდეგ, ისინი ატლანტის ოკეანის გავლით, კარიბის კუნძულებზე ან კონტინენტურ ამერიკაში ჩაჰყავდათ;  ამერიკიდან ევროპაში კი, მონური შრომის მეშვეობით წარმოებული პროდუქტები - შაქარი, ყავა, ბამბა, თამბაქო და ინდიგო ჩაჰქონდათ  (მთარგმნ. შენ.)

[10]Ottobah Cugoano, Thoughts and Sentiments on the Evil of Slavery, 72.

[11] იხილეთ Greer, Mignolo, and Quilligan, Rereading the Black Legend.