რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას ნაწილი 3

ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული ქარტიის მიხედვით, მარტივად რომ ვთქვათ, ასე განიმარტება: მოქალაქეების მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა საკუთარი პასუხსიმგებლობით.

რა შეიძლება იყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხი საქართველოში არსებულ დასახლებათა უმრავლესობაში, სოფელი იქნება ეს თუ ქალაქი: გზა, წყალი, ელექტროენერგია, გაზიფიკაცია, დასუფთავება. სკოლა, სოფლის ექიმი, საბავშვო ბაღი, სოფლის მეურნეობა. თითქოს მარტივია, თვითმმართველობის ფუნქციები სწორედ ამ პრობლემათა გადაწყვეტისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ ასე არ ხდება. სულაც, პირიქითაა. სკოლა სოფელს არ ეკუთვნის, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია, იგივე ეხება ამბულატორიას - ის ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი საქართველოს სოფლების უმრავლეობაში საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაა, ელექტროენერგიისა და გაზიფიკაციის საკითხებში თვითმმართველობას არანაირი კომპეტენციები არ გააჩნია და ა.შ.

უცნაურია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად გეოგრაფიისა, მოსახლეობის რაოდენობისა, სიმჭიდროვისა, წყლის მოხმარების საჭიროებისა, წყლის მიწოდებაზე ერთი სახელმწიფო კომპანიაა პასუხისმგებელი. მაშინ როცა სამხედრო გაწვევა, რაც თავისი არსით სახელმწიფო ფუნქციაა, თვითმმართველობებზეა დელეგირებული.

შესაბამისად, მოქმედი სისტემის ერთ-ერთ მთავარ ხინჯს წარმოადგენს ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის პასუხისმგებელი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც თავისი არსით ადგილობრივი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ თვითმმართველობის რეფორმის ამოსავალი კომპეტენციათა ადეკვატური გამიჯვნა უნდა იყოს. თუ სახელმწიფო დეცენტრალიზაციისკენ ნაბიჯს გადადგმას აპირებს, ეს ნაბიჯი პირველი დონის თვითმმართველი ერთეულისთვის ისეთი უფლებამოსილებების მინიჭება უნდა იყოს, რაც თავისი არსებით ადგილობრივია.

აზრი არ აქვს მსჯელობას, როგორი იქნება თვითმმართველობა ადმინისტრაციულად მოწყობილი - იქნება მსხვილი თუ მცირე ზომის მუნიციპალიტეტები, იქნებიან ისინი შერეულნი თუ დაიყოფიან დასახლების ურბანულობის მიხედვით - თუკი არ მოხდა მთავარი: არსებითად ადგილობრივი მნიშვნელობის კომპეტენციების გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. ამ ჩამონათვალში, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შევიდეს ამჟამად სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას მიკუთვნებული ზოგიერთი სფერო, როგორებიცაა კომუნალური მომსახურებები, სასოფლო ამბულატორიების მართვა, ადმინისტრაციული და ფინანსური უფლებამოსილებები ზოგადი განათლების სფეროში და სხვ.

გარდა ამისა, არსებობს რიგი საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა ერთი მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობას არ შეუძლია ფინანსური, ადამიანური რესურსების უკმარობის თუ სხვა მიზეზის გამო, ხოლო მეორე მხრივ ცენტრალური ხელისუფლება არაეფექტიანად ახორციელებს. ასეთი უფლებამოსილებები შუა რგოლის, რეგიონული დონის თვითმმართველობას უნდა მიენიჭოს. ასეთი უფლებამოსილებები, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს ნარჩენების გადამუშავება, ტყის და წყლის რესურსების მართვა, სტიქიური უბედურებების პრევენცია, ქარსაფარი ზოლები, რეგიონული მნიშვნელობის გზები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რეგიონული განვითარების სოციალურ-ეკონომიკური გეგმები, კურორტების მართვა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სხვ.

კომპეტენციათა დეცენტრალიზაცია სავარაუდოდ დღის წესრიგში დააყენებს რიგი სახელმწიფო დაწესებულებების რეორგანიზაციის ან თუნდაც გაუქმების საკითხს. ეს ის გარდაუვალი ხარკია, რაც სახელმწიფომ რეალური თვითმმართველობის სასარგებლოდ უნდა გაიღოს.

ბუნებრივია, ყოველივე ამას დასჭირდება შესაბამისი ფინანსები, თუმცა ფისკალური დეცენტრალიზაცია ცალკე განხილვის თემაა.