კონფლიქტის რეგიონებში და მახლობლად მცხოვრები ადამიანების უფლებები და კონფლიქტის ტრანფორმაცია

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და კონფლიქტის მოგვარების საკითხი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში გამოტოვებული არ არის, თუმცა, ისინი ვერ გვთავაზობენ არსებითად ახალ, ტრანსფორმაციულ მიდგომებს, რომელიც კონფლიქტების მოგვარების ეტაპობრივ და რეალისტურ ხედვებს გააჩენდა. ქართული ოცნების პოლიტიკური ხედვა კონფლიქტის მოგვარებასთან და იქ ადამიანების უფლებების დაცვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ ჩანს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. მმართველი პოლიტიკური გუნდი აპირებს გააგრძელოს უკვე არსებული შერიგების და ჩართულობის პოლიტიკა და გაზარდოს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ხედვა, თუ კონკრეტულად რა ზომებს უპირისპირებს „მცოცავი ოკუპაციის“ პრობლემას და როგორ პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს. ქართული ოცნების მართველობის პერიოდში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების და იზოლაციის შემთხვევების გახშირებამ ჰუმანიტარული კრიზისის არაერთი ტალღა გააჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქებს და დაბებს, არამედ, აფხაზებს და ოსებსაც შეეხოთ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით გასაკვირია, როცა კვლავ ბუნდოვანი რჩება მმართველი გუნდის ხედვა, თუ როგორი აპირებს მართოს მსგავსი კრიზისები, რა მექანიზმებით უნდა გააუმჯობესოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ზოგადი ჰუმანიტარული სიტუაცია.

კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის ახალი ხედვებით არც სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები გამოირჩევა. ოპოზიციური პარტიების გეგმები ამ მიმართულებით კვლავ ითვალისწინებს არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, „ოკუპაციის“ როგორც ტერმინის შენარჩუნებას საერთაშორისო დოკუმენტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან აქტიური ადვოკატირების გაგრძელებას რუსეთისთვის, როგორც ოკუპანტი ძალისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. ასევე გათვალისწინებულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება, დევნილებისთვის დასაქმების და საცხოვრისის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ინიციატივა. პოლიტიკური პარტიები „მცოცავი ოკუპაციის“ შესაჩერებლად საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაზრდას, პატრულირების გაძლიერებას, ვიდეოთვალთვალის დაწესებას გეგმავენ. წინასაარჩევნო პროგრამებში ასევე საუბარია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ამოქმედებაზე, რომელიც მცოცავი ოკუპაციის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმადაც ესახებათ. გარდა ამისა, სტრატეგია აღმაშენებლის და ლელოს პროგრამები აღიარებენ ნდობის აღდგენის მნიშვნელობას და პირდაპირი დიალოგის დაწყებას აფხაზებთან და ოსებთან. თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა და შესაბამისი ბენეფიტების გაზიარება/შეთავაზება აფხაზებისთვის და ოსებისთვის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობაა.

პოლიტიკურ პარტიებს კვლავ უჭირთ კონფლიქტის მოგვარებისთვის გარდამტეხი ინიციატივების შეთავაზება. პოლიტიკურ პარტიებს კვლავ არ აქვთ სათანადოდ გააზრებული წინა წლებში მსგავსი მექანიზმების წარმატების, თუ წარუმატებლობის მიზეზები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ცვალებადი პოლიტიკური კონტექსტები და განწყობები. საქართველოს ეკონომიკური წინსვლა და ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა, ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი მხარეებს და თემებს შორის ნდობის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. პოლიტიკურ ელიტებს ჯერაც არ გაუაზრებიათ, რა ხარვეზები და პრობლემები აქვს ჟენევის საერთაშორისო ფორმატს, რომელიც 12 წლიანი მუშაობის შემდეგაც ვერ იძლევა გარდამტეხ პოზიტიურ ცვლილებებს. ამასთან აშკარაა, რომ ვერც ეს ფორმატი და ვერც მისი მთავარი მიღწევა, ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი (IPRM) ვერ აღმოჩნდა საკმარისი ჰუმანიტარული კრიზისის საპასუხოდ.

პოლიტიკური პარტიები ასევე ვერ გვთავაზობენ, თუ რა მექანიზმებით აპირებენ ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არც შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების დანერგვაზე არსებობს ხედვა. აქვე ნიშანდობლივია, რომ როდესაც უფლებების დაცვის პრობლემაზე ვსაუბრობთ, აქცენტი მეტწილად კეთდება ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციაზე და უფლებების დარღვევის პრაქტიკაზე, რაც, ცხადია, გვაშორებს ნდობის აღდგენის და შერიგების მიზნებს, რაც გამაერთიანებელი იდეის მხარდაჭერას ითხოვს.

ამდენად, პოლიტიკური პარტიების პროგრამები დეოკუპაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის შესახებ მეტწილად მოძველებულ ხედვებს ეფუძნება და გამოტოვებულია ის ცვალებადი პოლიტიკური და სოციალური გარემო, რომელიც ამ რეგიონებში არსებობს. პროგრამები ასევე არ ეფუძნება ადგილობრივი კონტექსტიდან ამოზრდილ ახალ პოლიტიკურ ალტერნატივებსა და ხედვებს, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის მშენებლობას და შერიგებას, ასევე ორივე მხარეს ადამიანის უფლებების დაცვასა და კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს.