უკვე ბევრჯერ გაჟღერდა კორონასვირუსის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური დაკვირვება: სულ რამდენიმე კვირა ადამიანები მოიხმარენ მხოლოდ იმას, რაც მართლა სჭირდებათ, და მსოფლიო კაპიტალიზმი უკვე იმაზე უარეს კრიზისშია, ვიდრე 2007-09 წლებში. რა თქმა უნდა, კორონას პირობებში არა მხოლოდ მოხმარების შემცირება, არამედ მუშახელის ნაკლებობა ან დეაქტივაცია, და ამით გამოწვეული წარმოების რადიკალური შემცირებაც, არის კრიზისის განმაპირობებელი. პანდემიის პირობებში ცხადად ვხედავთ, რას ნიშნავს ეკონომიკა, რომელსაც შეუნელებელი ზრდა სჭირდება, და რას ნიშნავს ადამიანის ცხოვრება მაშინ, როცა ადამიანის გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ მისი შრომის ბაზარზე გაყიდვაზეა დამოკიდებული. ვხედავთ, რა ადვილად ხდება მობილობის შეზღუდვა სისტემის კრიზისის მიზეზი. მაგრამ, კორონა მხოლოდ დასაწყისია. კორონავირუსი ის გამოწვევაა, რომელიც კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ მოსალოდნელ კატასტროფებებზე ადრე გვეწვია. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ თავად კორონასვირუსის და მისი მსგავსი დაავადებების გავრცელება, ცხოველებში არსებული ვირუსების ადამიანზე გადასვლა, პირდაპირ უკავშირდება ბუნების ექსპლუატაციის არსებულ დაუნდობელ პრაქტიკას.

გამოწვევა ცხადია - ის მთელი ინფრასქტრუქტურა, ლოგიკა, მობილობა, გაცვლა, რასაც კაპიტალისტური ეკონომიკა ეყრდნობა, აგერ უკვე გაურკვეველი დროით გამოგვეცალა ხელიდან[1]. როგორ გავუმკლავდეთ ამ კრიზისს? რაც მთავარია, როგორ მოვემზადოთ მომავლისთვის, სადაც მსგავსი მოვლენები, იმ გაცვლის და მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოშლა, რომელზეც ასე ძალიან ვართ დამოკიდებული, აუცილებლად გახშირდება და გამწვავდება?

ახლა, სანამ მასიურად შეფერხების შემდეგ კაპიტალისტური ლოგიკა ისევ სფინქსივით აღდგება,  კაპიტალისტური ძალაუფლების ხელით მართული სახელმწიფოები ცდილობენ (ზოგი მეტად წარმატებულად, ზოგი ნაკლებად) კაპიტალიზმის არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობის - მასიური საფრთხის ქვეშ დამდგარი სამუშაო ძალის კვლავწარმოების შენარჩუნებას. გასაკვირი არაა, რომ ამ დროს ეგრედ წოდებული კეთილდღეობის სახელმწიფოს გააქტიურება ხდება[3]. საქართველოში კეთილდღეობის სახელმწიფო ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენთან ამ დროს ისევ სოლიდარობის ეკონომიკა, ურთიერთდახმარება, ოჯახის და სხვადასხვა სოციალური წრეების შიგნით აქტიურდება. თუმცა თავის მხრივ, ასევე აქტიურდებიან გამომძალველი, პარაზიტი და მტაცებელი კერძო მევახშეები, მიკროკრედიტორები და ბანკები. ამ ყველაზე რთულ დროს, დანაზოგების არმქონე, დღიური შრომის გაყიდვაზე დამოკიდებული მოსახლეობა ერთი-ერთზე რჩება ამ ბანდიტურ ჯგუფებთან.  ამასობაში იმდენი ხანია უთანასწორობა ღრმავდება, და იმდენი ხანია ყველაზე ღარიბის და მოწყვლადის გაძარცვის ხარჯზე მდიდრდება საქართველოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ძალა - კაზინო (რეალურ-ვირტუალური), ბანკი (და სხვა კიდევ უფრო მავნე საკრედიტო კომპანიები), ეკლესია (პირდაპირი რეგრესული რედისტრიბუციის ხარჯზე მოწყობილი ინსტიტუცია) და კიდევ რამდენიმე შედარებით მსხვილი სექტორი - რომ ეს გაძარცვული მოსახლეობა, ერთმანეთის დახმარებით სულ რომ თავი გადადოს, დიდხანს ვერ გაძლებს. სახლში დამწყვდეული, მივიწყებული და არაფორმალური სოლიდარობის ეკონომიკაზე შეტოვებული ხალხი  მალე იფეთქებს.

მაშინ, როცა პრინციპულად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კრიზისის მოკლევადიან პერიოდში სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა, სამუშაოს და შესაბამისად, თვითრჩენის შესაძლებლობის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებაა, ასევე მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, როგორი ეკონომიკა დაიცავდა ამ საზოგადოებას კორონასვირუსის პირობებში თუ მომავალი კრიზისების წინაშე. ვხვდები, რომ ახლა, როცა ადამიანები შიმშილის პირას არიან, ადგილობრივი კაპიტალი მონობის ახალ ფორმებს აწესებს, ეკლესია კი, მრევლს ყოველდღე მსხვერპლად სწირავს, ძნელია იმაზე ფიქრი, თუ რა მოგვამზადებდა მომავალი კრიზისებისთვის, თუმცა მაინც ვისურვებდი გაგიზიაროთ, ჩემი აზრით, რა უნდა იყოს საბაზისო ნაბიჯები.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შეწყდეს რეგრესული რედისტრიბუცია, ანუ მდიდრების მიერ ყველაზე ღარიბების ძარცვა, მშრომელი ადამიანების, ისედაც მიზერული შემოსავლის, თავხედური მიტაცება. ეს გულისხმობს მშრომელთა ინტერესების დაცვას და მოგების მშრომელების ხელფასებზე ღირსეულ ასახვას. სწორედ აქ ხდება დიდი ძარცვა. დღეს კაპიტალის მიერ მშრომელების შრომით შექმნილი მოგების უდიდესი წილი კაპიტალს რჩება, რადგან მას შრომის დაფასება არ მოეთხოვება. თუ კომპანია ვერ ახერხებს მოგების მიღებას შრომის ღირსეული ანაზღაურების პირობებში, მაშინ ესეთი კომპანია არ უნდა არსებობდეს. ეს გულისხმობს, ყველაზე საბაზისო დონეზე, საკრედიტო კომპანიების რადიკალურ რეგულაციას, სამომხმარებლო მიკროკრედიტების აკრძალვას (რამდენადაც მიკროკრედიტი, როგორც ასეთი, პატარა/მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის იარაღი უნდა იყოს და არა სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის 30 პროცენტიანი სესხის გამცემი, როგორც ეს დღეს ხდება); ეს გულისხმობს კაზინოების და სხვა აზარტული თამაშების რადიკალურ რეგულაციას, და ონლაინ თამაშების სრულ აკრძალვას; სია ბევრად დიდია, მაგრამ აქ შევჩერდები იმ იმედით, რომ ლოგიკა გასაგებია - უნდა შეწყდეს პირდაპირი ძარცვა და მოქალაქეებისგან რესურსების გამოძალვა.

მეორე, უნდა დაიწყოს კარგად ცნობილი, ადამიანის ელემენტარული გადარჩენისთვის საჭირო ეკონომიკური სექტორების, განათლების, ჯამრთელობის, საცხოვრებლის და კვების, საბაზრო ეკონომიკაზე (და დაურეგულირებელი საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბანდიტებად ქცეული ეკონომიკური ძალებზე) დაქვემდებარების შეწყვეტა, ან მნიშვნელოვანწილად შემცირება მაინც. უნდა დაიწყოს საბაზისო საჭიროებების ადგილობრივ ( ეს იქნება დასახლებული პუნქტის, რეგიონის თუ სახელმწიფოს)  დონეზე წარმოების და მიწოდების უზრუნველყოფაზე ზრუნვა. აგარის შაქრის ქარხნის მაგალითი განმსაზღვრელია, რამდენადაც ამ შემთხვევაში სახელწმიფომ სწორი კითხვა დასვა: რა გვჭირდება, რაც დიდი ვარაუდით კრიზისის დროს დავგაკლდება და რისი წარმოებაც ადგილობრივად შეგვიძლია?[4] თავისთავად პრობლემურია დაშვება, რომ შეგვიძლია და მომავალშიც შეგვეძლება ყველაფრის იმპორტი. ცხდია იმპორტზე დამოკიდებულების მნიშვნელოვანი შემცირება რთულია, მაგრამ საბაზისო პროდუქტების წარმოება ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით სოფლის მეურნების ხელშეწყობის პირობებში შესაძლებელია. ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად გვჭირდება (პირველ რიგში ტაბუების დავიწყება და შემდეგ უკვე) კონკრეტულ პროდუქტებზე (განსაკუთრებით სოფლის სამეურნეო პროდუქტებზე) ტარიფების დაწესება, სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვან სექტორებში ინვესტირება, პარაზიტული კომპანიების ხელში ჩავარდნილი (განსაკუთრებით მომპოვებელი) ინდუსტრიების ნაციონალიზაცია, კოლექტიური წარმოების ფორმების ხელშეწყობა, არსებული სოლიდარული ეკონომიკის დაფასება და ხელშეწყობა[5].

მესამეც, ყველაზე საბაზისო საჭიროებების ადგილობრივი წარმოება და მიწოდების ხელშეწყობა, და რაც მთავარია, ამ საჭიროებების დაკმაყოფილების კომერციალიზაციის შეზღუდვა ( ანუ მათი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დემოკიდებულების აღმოფხვრა) ბევრად უფრო დიდ საგადასახადო ბაზას და სახელმწიფო და საჯარო აქტორების ეკონომიკური აქტივობის ზრდას საჭიროებს, ვიდრე ეს დღეს გვაქვს. განსაკუთრებით ჯამრთელობის და განათლების უზრუნველყოფა (სოფლის მეურნების პროდუქტებისგან განსხვავებით) საზოგადოებრივი ხარჯებით და საზოგადოებრივი მიზნებისთვის, აუცილებლად საჭიროებს გადასახადების ზრდას. პირველ რიგში, პრაქტიკულად რეგრესული გადასახადების (როგორიცაა მაგალითად შემოსავლის 20% იანი გადასახადი) შეცვლას, და მეორეც - საშუალო და მსხვილი ბიზნესის დაბეგრვას[6].

მთელი ამ დისკუსიის დროს, მე ჯერ ისევ სახელმწიფოს როლზე ვსაუბრობ. ეს როლი მნიშვნელოვანია, და ზემოთ დასახელებული ნაბიჯები ყველაზე მარტივი, ყველაზე საბაზისო ცვლილებებია, რასაც სახელმწიფოსგან უნდა მოვითხოვდეთ (რადგან, ჩემი აზრით, სახელმწიფო, არა მხოლოდ საბაზისო საჭიროებების, არამედ კომპლექსური ეკონომიკური სექტორების, არამატერიალური სიკეთეების, ხელოვნების, სოციალური გაცვლის, და სივრცითად დაბალანსებული სოციო-ეკონომიური კვლავწარმოების ხელმშეწყობი უნდა იყოს).  მაგრამ, ჩემთვის ყველაზე უფრო ცენტრალური და მნიშვნელოვანი სათქმელი ბოლოსკენ შემოვიტოვე - ადამიანების, კოლექტივების, საზოგადეოებების არა მხოლოდ საბაზისო, არამედ მათთვის/ჩვენთვის სასურველი (და სავარაუდოდ საკმაოდ მრავალფეროვანი) წარმოებით და გაცვლით უზრუნველყოფის მისაღწევად დაგვჭირდება სახელმწიფო-კერძო საკუთრების ფორმების დიქოტომიასთან ბრძოლა, და აქამდე მიჩქმალული კოლექტიური ან/და სოლიდარული ეკონომიური წარმოების, ან სოციო-ეკონომიური კვლავწარმოების ფორმების რეაბილიტაცია და ხელახლა გამოგონება. ამ პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, სახელმწიფო და განსაკუთრებით სახელმწიფოს არსებული ფორმა, ჩვენი მტერია. ყველაზე მეტად ზუსტად იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოს არსებული ფორმა არის კერძო ან სახელმწიფო საკუთრების დიქოტომიის მთავარი მწარმოებელიც და საყრდენიც (კაპიტალისტურ, ისევე როგორც უმეტეს სოციალისტურ გამოცდილებებში). იმ მომავლისთვის, სადაც საზოგადოებებს საკუთარ ცხოვრებაზე, მოხმარებასა და წარმოებაზე არჩევანის გაკეთება შეუძლიათ, სახელმწიფოს არსებულ ფორმას ორი მხრიდან უნდა გამოეცალოს საყრდენი - ერთი, სხვადასხვა მასშტაბის მრავალფეროვანი საკუთრების და წარმოების ფორმების მოძებნით, და მეორეც, პოლიტიკური ორგანიზების და მართვის სხვადასხვა საფეხურების დემოკრატიზაციით. 

ვიცი, რომ ეს უკანასკნელი განაცხადი არარეალისტურად ჟღერს და შეიძლება სხვა სტატიის და სხვა დისკუსიის ნაწილია. რეალურად მომავალ თვეებში ძალიან დიდი იქნება ზეწოლა ადგილობრივი კაპიტალისტური კლასის მხრიდან, მაგრამ კიდევ უფრო მძიმედ და მწარედ გლობალური კაპიტალისტური წესრიგის აგენტების მხრიდან, რომ კრიზისის გადაგორებისთანავე ჩვეულ მდგომარეობაში - პერიფერიული, ადამიანის და ბუნების უკიდურესად დაუნდობელ ექსპლოატაციაზე დაყრდნობილი გლობალიზებული კაპიტალიზმის პირობებში დავბრუნდეთ. თავისთავად ადგილობრივი თვითმყოფადობის ზრდა პატარა ქყევნებისთვის არა მხოლოდ ადგილობრივი ცოდნის და რესურსების სიმწირის, არამედ მსგავსი ქვეყნების გლობალურ კაპიტალიზმზე უკვე არსებული ბმის და დაქვემდებარების გამოა რთული.  შეიძლება ამ ეტაპზე უბრალოდ სახელმწიფოს როლის ზრდისთვის, სახელმწიფოს როგორც არსებული პოლიტიკური ერთეულის შიგნით მეტ ეკონომიურ და სოციალურ თვითმყოფადობაზე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ თუ ეს სცენარი განვითარდა, მაინც საკითხავი გვექნება, როგორ და რა ფორმატებით მოხერხდება არა უბრალოდ სახელმწიფოს გაძლიერება, არამედ არასახელმწიფო და არაკაპიტალისტური სოციალურ-ეკონომიკური კვლავწარმოების ფორმატების მოძიება. როგორც ზემოთაც ვთქვი, საქართველოში ჯერ ისევ არსებობს სოლიდარობაზე, ნაცვალგებაზე, ურთიერთდახმარებაზე დაყრნობილი გაცვლის და წარმოების მრავალფეროვანი პრაქტიკები. როგორც ზემოთაც ვთქი, დღევანდელ პირობებშიც ისევ ეს სოციალური წრეები გააქტიურდება, და ისევ მსგავსი უერთიერთდახმარების სოციალური სივრცეები იქნება გადამწყვეტი კოლექტიური თვითგადარჩენისთვის. საკითხავი ისაა, რამდენად არის სასურველი ან შესაძლებელი მსგავსი ფენომენებისთვის, მსგავსი დღეისთვის სახელმწიფოსგან შედარებით სუვერენული სოციალური სივრცეებისთვის (რასაც მე პოლიტიკურ საზოგადოებას ვუწოდებ ხოლმე), უფრო ფორმალური სახის მიცემა, არსებული ინსტიტუციური კონტურების შეცვლა, რომ მსგავს სოციალურ სივრცეებს მეტი გასაქანი, მეტი გავლენა და დამოუკიდებლობა ჰქონდეს.

ამ კითხვას ღიად დავტოვებ, რამდენადაც ჩემთვისაც ღია რჩება პასუხი(ან პასუხები). დასკვნის სახით კი იმას ვიტყვი, რომ იმედი მაქვს კორონასვირუსის პერიოდის ყველაზე საბაზისო გაკვეთილი - გლობალიზებული კაპიტალიზმის და მისი ინფრაქტრუქტურის არამდგრადობა, გადაიზრდება ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მაქსიმალურად ადგილობრივი წარმოების და გაზიარების ფორმების ძიებასა და გამონახვაში. ამისთვის, პირდაპირი ძარცვის შეწყვეტა, საბაზისო საჭიროებების ადგილობრივი წარმოება და მიწოდების ხელშეწყობა, გადასახადების და სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობის ზრდა, როგორც ზემოთაც ვთქვი - ყველაზე პრიმიტიული, საწყისი ნაბიჯებია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] რეალურად არა მხოლოდ კორონასვირუსის პირობებში თავდაყირა დამდგარი კაპიტალიზმი, არამედ საბჭოთა კავშირის დანგრევის შედეგების მაგალითიც უნდა იყოს ჩვენთვის გაკვეთილი. რამდენადაც ზუსტად ადგილობრივი წარმოების დამოუკიდებლობის და თვითმყოფადობის არ არსებობა  იყო პოსტ-საბჭოთა წარმოების ჩამოშლის  ერთ-ერთი ცენტრალური მიზეზი.

[2] ამ სტატიის მკითხველი ბაზრის კერპთაყვანისმცემლები ისედაც არ იქნებიან, მაგრამ მაინც რომ არავინ დაიბნეს ვიტყვი რომ არა, ბაზარი მოთხოვნის მიხედვით არ გვაწოდებს პროდუქტს, ჩვენ სულ მცირე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვცხოვრობთ მსოფლიო კაპიტალიზმში რომელიც მიწოდებას მიყავს - ანუ მოვიხმართ რასაც გვაწოდებენ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა რასაც შევწყვდებით. 

[3] ეს კეთილდღეობის სახელმწიფო ხომ ზოგადადაც იმისთვისაა, რომ მუშახელი შიმშილ-სიკვდილის პირას არ მივიდეს.

[4] ძირითადად ადგილობრივი წარმოების წინააღმდეგ ასეთი კრიტიკა ისმის ხოლმე: ადგილობრივი წარმოება ფასებისა და ხარისხის თვალსაზრისით კონკურენტულუნარიანი არაა. ანუ ჯობია უკეთესი და უფრო იაფი პროდუქცია შევისყიდოთ. ერთი რომ წარმატებული კაპიტალისტური ქვეყნების (ყოფილი იმპერიების) პროდუქცია სწორედ სისტემატიური სახელმწიფო ხელშეწყობის (ხშირად სამხედრო ძალით დანარჩენი სამყაროს ძარცვის) ხარჯზეა ‘უკეთესი და უფრო იაფი’. სანამ ჩვენ სახელმწიფოს გონია რომ ეკონიმიკაში არ უნდა ჩაერიოს ვერც ვერაფერი გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებას. მაგრამ უფრო მთავარი ისაა რომ საერთოდ უნდა დავივიწყოთ კონკურენციაზე საუბარი და შეგევუოთ ან ადაპტაცია გავიაროთ მოცემულობასთან სადაც იმპორტ ექპორტი შეიძლება გართულდეს.

[5] ხაზი უნდა გავუსვა რომ ჩემი მოსაზრებები თავისებური პროტექციონიზმის ზომების შემოთავაზებას გავს. რეალურად ეს მოსაზრებები ჩემთვის როგორც ასეთი სახელმწიფოს ან/და პროტექციონიზმის სიყვარულთან არ არის დაკავშირებული. უბრალოდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მთავარი არსებული ( და არა ზოგადად შესაძლებელი) პოლიტიკური აგენტია. რეალურად როგორც საქართველოში ისე ყველგან სხვაგან მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა რეგიონულ და სახელმწიფო დონეებზე, ადგილობრივი საჭიროებების ( არა სრულად, მაგრამ მნიშვნელოვანწილად მაინც) ადგილობრივი პროდუქციით მომარაგება. ერთის მხრივ ეს რეალურად აუცილებელი პირობაა გლობალური დათბობის პირობებში პროდუქტების ტრანსპორტირების საჭიროების შესამცირებლად. მეორეს მხრივ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სახის მომზადებაა კრიზისის პერიოდებთან გასაკმლავებლად.

 

[6] ჩვენ უკვე ვიცით, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო ცდილობს საზოგადოებრივი სიკეთის დაკმაყოფილებას იმ პირობებში, სადაც საკუთრება და მიწოდება კერძოა. ანუ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სახელმწიფო ცდილობს დაფაროს ჯანდაცვის (ან განათლების) ხარჯები და რეალურად ჯანდაცვის კერძო მომწოდებლების, და კერძო ფარმაცევტული კომპანიების მოხმარების სუბსიდირებას აკეთებს. სანამ სახელმწიფო, ან არამომგებიანი საზოგადოებრივი ეკონომიკური აქტორები, არ დაიწყებენ პროდუქტის და სერვისების მიწოდებას, ყოველთვის ბევრად მეტი რესურსი დაიხარჯება და ბევრად ნაკლები შედეგი ექნება სახელმწიფოს მიერ უკვე კომერციალიზებული პროდუქტის და სერვისის შესყიდვის მცდელობებს.