EMC ეხმიანება კორონავირუსის გავრცელების ფონზე დასაქმებულების შრომითი უფლებების მასიურ დარღვევას და მოუწოდებს სახელმწიფოს, განახორციელოს აუცილებელი ინტერვენციები მშრომელების უფლებების დაცვის, გაძლიერების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი კორონავირუსი მსოფლიო პანდემიად დეკლარირდა და მისი გავრცელება 158 ქვეყანაშია დაფიქსირებული. 18 მარტის მდგომარეობით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვირუსის შეკავების ეტაპიდან მისი გავრცელების ეტაპზე გადასვლა დააანონსა, რის ფარგლებშიც მოხდება სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა, საჯარო თავშეყრის ადგილების დახურვა, 70 წელს გადაცილებული ადამიანების თვითიზოლაციაში განწესება და სხვა ზომების მიღება. არსებული სიტუაცია არა მხოლოდ საჯარო ჯანდაცვას და ადამიანთა ჯანმრთელობას აყენებს დარტყმის ქვეშ, არამედ სხვა საზოგადოებრივ სექტორებსაც, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სფეროებს.

მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დინამიურად იცვლება და ყოველდღიურად ახალ ამოცანებთან უწევთ გამკლავება როგორც ქვეყნის მთავრობებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე თითქმის ყოველდღიურად ხდებდა ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ეკონომიკური სტიმულირების წახალისებისა თუ მშრომელთა საკითხების თემებთან დაკავშირებული იმ რეკომენდაციებს გადახედვა და მოდიფიცირება, რომლებიც ცვალებად რეალობასთან გამკლავებაში უნდა დაეხმარონ სახელმწიფოებს და მთავრობებს.

ევროკავშირი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მოუწოდებენ დამსაქმებლებს, გამოიჩინონ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნება დართონ დასაქმებულებს სამუშაო დისტანციურად შეასრულონ. ამასთან, ევროკავშირმა შეიმუშავა კორონავირუსის პირობებში მაკროეკონომიკური ფაქტორებისა და დასაქმების რეგულაციების მხრივ აუცილებელი ცვლილებების შემაჯამებელი დოკუმენტები.

ეროვნულ დონეზე, აშშ-ს შრომის დეპარტამენტმა მოამზადა გზამკვლევი დამსაქმებლებისთვის, რათა მათ შეძლონ დასაქმების ადგილების სპეციალურად მომზადება და გარკვეული სპეციფიკის სამსახურებისთვის დისტანციური შრომითი პირობების შეთავაზება. სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო უწყებებმა მიიღეს ზომები იმისთვის, რომ ახალი კორონავირუსის პირობებში შემცირებული სამუშაოს პირობებშიც კი დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ შრომითი ხელშეკრულების პირობებში დადგენილი ბენეფიტები. იქმნება ოჯახების მხარდაჭერის სხვადასხვა პროგრამები, ხოლო სამუშაო ადგილას დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტების გამოსავლენად აქტიურად მუშაობენ სამეთვალყურეო და ინსპექტირების ორგანოები. ახლადშექმნილი სახელმწიფო მითითებები, წამახალისებელი პროგრამები და რეგულაციები მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენასა და საფრთხისშემცველი სამუშაოსთვის თავის არიდებას უადვილებენ. რამდენიმე ქვეყანაში, მაგალთად ირლანდიაში, განიხილავენ დროებითი უნივერსალური შემოსავლის დაწესებასაც, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულების სოციალურ უზრუნველყოფას ემსახურება.

ჯერჯერობით დასაქმებულთათვის შრომითი გარანტიების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას, გარდა თბილისის მერიისა, მსგავსი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. საქართველოს სახელმწიფო დიდწილად ვერ ახერხებს აღკვეთოს დასაქმებულების ინტერესებისა და მათი უფლებების ფართომასშტაბიანი ხელყოფა. ბოლო დღეების განმავლობაში უფლებების დარღვევის რამდენიმე კატეგორია გამოვლინდა:

  • დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის შემცირება, ანაზღაურებაზე უარის თქმა, დასაქმებულისთვის არაანაზღაურებადი შვებულებების აღების დავალება ან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
  • დამსაქმებლის მიერ თვითიზოლაციაში მყოფი დასაქმებულებისთვის სამსახურში გამოცხადების დავალდებულება;
  • დამსაქმებლის მიერ დასაქმებულების პირბადებიით და სხვა ჰიგიენური საშულებები არუზრუნველყოფა.

კორონავირუსით გამოწვეული გარემოებები და მშრომელთა უფლებები - EMC-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

კორონავირუსი_და_მშრომელთა_უფლებები_1584776111.pdf