პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუ წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმანების მნიშვნელობა და მათი კავშირი ქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები.

სიმჭიდროვე და კონცენტრაცია - მოსახლეობის, კაპიტალის და შრომის ის კომპონენტებია, რომლებიც ხშირად ასოცირდება ურბანიზაციასთან და აღნიშნავს საქალაქო მოსახლეობის რაოდენობის და სიმჭიდროვის ზრდას. თუმცა, ეს უნივერსალური პროცესი არ არის და წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს, გვერდს უვლის მსოფლიოს ბევრ ქალაქს და ხშირად მხოლოდ მეგაპოლისებსა და დიდ ქალაქებში გვხვდება, რომელთა რაოდენობა არც ისე დიდია. უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საქალაქო მოსახლეობის წილის გლობალურად მასშტაბური, შეუქცევადი, ზრდის მიუხედავად მაინც ვხვდებით ადამიანების ქალაქიდან იძულებით გადაადგილების და საქალაქო გარემოს მკვეთრი გაუარესების შემთხვევებს. საშუალო და მცირე ზომის საქალაქო დასახლებები ხშირად კარგავენ მაცხოვრებლებს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება გლობალიზაციის და მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ცვლილების გავლენით ხდება და გამოკვეთილ სივრცით და დემოგრაფიულ ხასიათს ატარებს. თუმცა, ეს პროცესი არათანაბარი, სივრცობრივად უთანასწოროა.

მსოფლიოში ქალაქების ზრდა და შეკუმშვა ხშირად პარალელურად ხდება და მრავალი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის ზეგავლენის შედეგია. გლობალიზაცია ადამიანების გადაადგილების მასტიმულირებელ ფაქტორებს წარმოქმნის. შედეგად ზოგიერთი ქალაქი მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციის ადგილი ხდება, როდესაც უამრავი სხვა ქალაქი და რეგიონი ხალხისგან იცლება. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ახალ გლობალურ ეკონომიკურ წყობაზე თანდათანობით გადასვლამ და მასთან ერთად წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების ახალმა შესაძლებლობებმა წარმოშვა ახალი საქალაქო ფორმა. დაბები, ქალაქები და მთლიანი რეგიონები, რომლებიც ტრადიციული წარმოების ცენტრებს წარმოადგენდნენ, განიცდიან კაპიტალის და ადამიანური რესურსის გადინებას, და ხასიათდებიან სამეწარმეო აქტივობის შემცირებით, ინოვაციების და ინტელექტუალური ჩართულობის დაბალი მაჩვენებლით. ქალაქები, რომლებიც დაფუძნებულნი იყვნენ ცალკეულ (მონო) ინდუსტრიებზე, ან წარმოადგენდნენ ერთ სექტორში მოთავსებული სფეროების კონცენტრაციას, განსაკუთრებით დაზარალდნენ. კრისტინა მარტინეს-ფერნანდესი, ივონე აუდირაკი, სილვიე ფოლი და ემანუელე კანინგამ-საბო სწორედ ასე იწყებენ საკუთარ სტატიას კუმშვადი ქალაქების ფენომენის შესახებ, რომელიც 2012 წელს ურბანისტიკის დარგში წამყვანი კრიტიკული გამოცემის ურბანული და რეგიონალური კვლევის საერთაშორისო ჟურნალის კუმშვად ქალაქებზე წარმოებული კვლევებისგან შემდგარ სპეციალურ ნომერს დაერთო.

კუმშვადი ქალაქები საერთაშორისო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ქალაქგეგმარებით პრობლემას წარმოადგენს. როდესაც ქალაქები იკუმშება, ისინი ხშირად ავლენენ საერთო მახასიათებლებს, რომელსაც რეკიენი და მარტინეს-ფერნანდესი „კუმშვის იდენტობის“ ქვეშ აერთიანებენ. კუმშვადი ქალაქი ეს არის საქალაქო დასახლება - ქალაქი, ქალაქის ნაწილი, აგლომერაცია ან დაბა - რომელიც განიცდის მოსახლეობის შემცირებას, ეკონომიკურ დაღმასვლას, უმუშევრობის ზრდას და სხვა სოციალურ პრობლემებს, როგორც სტრუქტურული კრიზისის მახასიათებელ სიმპტომებს. ურბანული შეკუმშვა არის მასშტაბური ფენომენი, რომელიც გამოირჩევა მრავალმხრივი ეფექტებით და გააჩნია ეკონომიკური, დემოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური და ფიზიკური განზომილება.

ქალაქების კუმშვა გლობალიზაციის სივრცითი გამოვლინებაა, რომელიც განსაკუთრებით კარგად აისახება ადგილობრივ დონეზე. წარმოების შემცირებასთან ერთად მცირდება დასაქმების საშუალებები, რაც თავის მხრივ ქალაქის მაცხოვრებლებს ემიგრაციისკენ უბიძგებს. მცირდება ქალაქის მაცხოვრებლების და ათვისებული საცხოვრებელი სივრცის რაოდენობა. ამ დროს ქალაქის ზოგიერთ ნაწილში იკლებს მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და შესაბამისად მისი ახალ რეალობასთან ადაპტირება ხდება საჭირო, რაც ხშირად რიყავს ქალაქის დარჩენილი მოსახლეობის ნაწილს საქალაქო გარემოდან. ვინაიდან საქალაქო მოსახლეობის შემცირება ხშირად მოსახლეობის დაბერებასაც იწვევს არსებობს მაღალი რისკი, რომ მოხუცთათვის განკუთვნილ სერვისებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდოს. ამის საპირისპიროდ, შემცირებული მოთხოვნის გამო, შეიძლება დაიხუროს საჯარო სკოლები და ბაღები. უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ შეიძლება შეამციროს მისი ფასი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვნად გააუარესოს საქალაქო გარემო. მცირდება მოთხოვნა საქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ის საბიუჯეტო რესურსები, რომელიც ამ ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას, და ზოგადად, კუმშვად ქალაქში ახლად წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად ქალაქს სჭირდება.

წარმოდგენილი სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ შემცირებადი ქალაქების კონცეფციის განხილვა შეუძლებელია ამერიკული და გერმანული გამოცდილების ხსენების გარეშე. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი დისკუსიებს აკადემიურ და პოლიტიკის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ქალაქები ამ პროცესის „პიონერები“ არიან, ისინი ნაკლებად ასახავენ იმ რეალობას, რომელიც გერმანიისა და პოსტ-სოციალისტური ქვეყნების შემთხვევაში ქალაქების მასშტაბის რადიკალურ შემცირებას უკავშირდება. ამერიკაში 1950-იანი წლებიდან ზოგიერთი ქალაქის ან ქალაქის (ძირითადად ცენტრალური) ნაწილის მოსახლეობის თავდაპირველი შემცირება უფრო მეტად რასობრივ კონფლიქტებსა და სუბურბანიზაციის პროცესთან არის დაკავშირებული, და ნაკლებად ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან, რომელიც უკვე 1970-იანი წლებიდან გავლენას ახდენს ამერიკულ ქალაქებზეც. პოსტ-ფორდისტული ეკონომიკური წარმოების პრინციპებზე გადასვლას, რომელიც გლობალური ჩრდილოეთის ქვეყნებში მეტ-ნაკლები თანმიმდევრობით განხორციელდა, სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, და მათ შორის საქართველოშიც, „შოკური თერაპიის“ სახე ჰქონდა, და განსაკუთრებით დააზიანა ინდუსტრიული ქალაქები. ამასთან ერთად, გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და მას მოყოლილი საჯარო რესურსების მასობრივი პრივატიზაცია პოსტ-საბჭოთა ქალაქების შეკუმშვის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი გახდა. ამ ფაქტორების კომბინაციის შედეგად, ქალაქების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო წარმატებული ტრანსფორმაცია და კონკურენტულ თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკური სისტემაში საკუთარი თავის დამკვიდრება.

რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ნაშრომი ქართული კონტექსტის უკეთ გასააზრებლად? სხვა პოსტ-საბჭოთა ქალაქების მსგავსად 1991 წლიდან საქართველოში არაერთი ქალაქი შემცირდა სხვადასხვა მახასიათებლით და აქ ნათლად ვხედავთ იმ პროცესებს, რომლებიც კუმშვად ქალაქებში ვითარდება.

საქართველოს მოსახლეობა მცირდება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს შემცირება განსაკუთრებით ნათელია იმ ქალაქებში, რომლებიც საკვანძო ეკონომიკური მნიშვნელობას ატარებდნენ საქვეყნო ან საკავშირო მასშტაბით და სხვადასხვა ტიპის წარმოების ცენტრებს წარმოადგენდნენ. შემცირება განსაკუთრებით მკვეთრად იყო გამოხატული იმერეთისა და ქვემო ქართლის იმ ქალაქებში სადაც სხვადასხვა ინდუსტრიები დასაქმების და ძირითად ქალაქწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენდა. ამ ქალაქებმა მრავალმხრივი შემცირება განიცადა (ზოგიერთ შემთხვევაში მოსახლეობა ორჯერ და მეტჯერ შემცირდა), რომელიც პირველ რიგში ეკონომიკური ბაზის/ფუნქციის, და შესაბამისად სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის რაოდენობის რადიკალურ კლებაში გამოიხატა.

დღევანდელი მონაცემებით, საბჭოთა პერიოდთან შედარებით ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი სულ ცოტა 6-ჯერ არის შემცირებული და დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ამ სფეროს მიღმა დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ მიმართულებით ჩატარებული საფუძვლიანი კვლევები, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ უმუშევრად დარჩენილ ადამიანთა დიდმა წილმა დატოვა საკუთარი ქალაქი და სავარაუდოდ საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა. მეორეს მხრივ, მაცხოვრებელთა მნიშვნელოვანი წილი მძიმე ეკონომიკური პირობების გამო იძულებული გახდა სოფლის მეურნეობაში ჩართულიყო. ამ პროცესმა ცალსახად ხელი შეუწყო დე-ურბანიზაციის პროცესს, რომელიც ქალაქების კუმშვის ერთ-ერთ გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ამ პროცესის შემადგენელი სხვადასხვა ასპექტები და მათი შედეგები ქალაქში, იშვიათად გამხდარა მსჯელობის საგანი საზოგადოებრივი პოლიტიკისა თუ აკადემიურ სფეროში. ამაზე ის ფაქტიც მიუთითებს, რომ არ არსებობს ჩამოყალიბებული და დამკვიდრებული ტერმინი, რომლითაც ზემოთ განხილულ პროცესს აღვწერდით. კუმშვადი ქალაქების თემაზე ადგილობრივი გამოცდილების უკეთ შესასწავლად აუცილებელია საქართველოში არსებული შემთხვევების სიღრმისეული კვლევა და ჩარევა დაგროვებული ცოდნის საფუძველზე, რომლებიც საქალაქო გარემოს და არსებული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გააზრებასა და რადიკალურ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამასთან ერთად ეს ცოდნა გაამდიდრებს მსოფლიო ურბანულ თეორიებს, რომლებიც კუმშვადი ქალაქების შესახებ იწარმოება და ძირითადად ევროპული და ამერიკული ქალაქების შეზღუდული წილის გამოცდილებით იკვებება.

საქართველოში მდებარე კუმშვად ქალაქებსა და დაბებში არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად შესაბამისი გადაწყვეტილებების გატარებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაბიჯების ამოსავალი წერტილი არა მხოლოდ საქალაქო მოსახლეობის და ამ ქალაქში არსებული წარმოების ზრდა, არამედ ალტერნატიული მდგრადი გადაწყვეტების ძებნა უნდა იყოს, რომელიც მომავალში მსგავს კრიზისულ მდგომარეობას აარიდებს ქალაქს. ასეთივე მოწოდებით ასრულებენ მარტინეს-ფერნანდესი და მისი თანაავტორები საკუთარ სტატიას შემცირებადი ქალაქების ფენომენზე. მათი აზრით, აუცილებელია პარადიგმის ცვლილება ქალაქგეგმარებაში საქალაქო ზრდიდან შეზღუდულ (ინკლუზიურ) ზრდასა თუ ქალაქის ზრდის შემცირებაზე მიმართული მიდგომით, რათა ეფექტურად შევერკინოთ მსოფლიოს ქალაქებში გავრცელებულ ფენომენს, რომელიც უკვე ერთნაირად ნაცნობია გლობალური ჩრდილოეთისა თუ გლობალური სამხრეთის ეკონომიკებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ის განსხვავებული სიმწვავით არის გამოვლენილი.

თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

კუმშვადი-ქალაქები_1564144611.pdf