IMG_5385

ოზურგეთიდან სამარშრუტო ტაქსის თუ გაჰყვებით, რომელსაც მოძველებულ დაფაზე „ნასაკირალი“ აწერია და სულ ბოლო გაჩერებაზე ჩამოხვალთ, მალევე დაინახავთ გზას, რომელიც, როგორც აბრა გვეუბნება, ACF-ის („მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“) მხარდაჭერით დაიგო და რომელიც მესხების ერთ-ერთ დასახლებამდე მიგიყვანთ. დასახლებაში დღეისათვის 19 ოჯახი ცხოვრობს და მას ადგილობრივები „კუნძულს“ უწოდებენ.

ნასაკირალში მესხთა მცირე დასახლებები რამდენიმე ადგილას არის გაბნეული და მათი რაოდენობა სულ 30-35 ოჯახს შეადგენს. აქ მცხოვრები მესხები მუსლიმები არიან და დასახლებიდან მოშორებით მეჩეთიც აქვთ, სადაც ყოველ პარასკევს მამაკაცები ლოცულობენ.

„სტუდენტი ხარ ხომ?“ - მეკითხებიან. შეჩვეულები არიან, რომ ხშირად უნდა მოუთხრონ საკუთარი ამბები სხვებს.

71 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მესხების მასობრივი დეპორტაცია განხორციელდა. მესხებს არ ენდობოდა იოსებ სტალინი და 1944 წლისთვის ისინი, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გაუდგნენ გზას შუა აზიისკენ. შემდგომში, მათ იმ ადგილის დატოვებაც კი არ შეეძლოთ, სადაც ჩაასახლეს. უამრავი რეგულაცია და კანონი არსებობდა იმისათვის, რომ ეს ადამიანები მუდმივი წნეხისა და შიშის ქვეშ ყოფილიყვნენ. „ეს დიდი ისტორიაა, საინტერესო, მაგრამ ტრაგიკული ისტორია,“ - მეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ეს მართლაც დიდი ისტორიაა, რომლის შესახებ ხშირად არ საუბრობენ, ან საუბრობენ განსაკუთრებული მტკიცებულებების გარეშე.

მესხების რეპატრიაციის საკითხი დღემდე მწვავე პრობლემად რჩება. საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ რამდენიმე ასეული მესხი დაბრუნდა. მათი განსახლების არეალი ფართოა, შესაბამისად, საქართველოში დაბრუნებული მესხები ნათესაურ კავშირებს აშშ-მდეც კი მიჰყავს.

მესხების საქართველოში დაბრუნება 1960-იანი წლებიდან დაიწყო და ისინი სხვადასხვა რეგიონში ჩასახლდნენ. სოფელ ნასაკირალში, ე.წ. კუნძულზე კი 10 ოჯახი 1977 წელს დასახლდა. ეს სახლები ერთი და იმავე პროექტით არის აგებული და ოთახების განლაგება თუ კიბეები ზუსტად მეორდება ათივე სახლში

„აქ ათი სახლი ააშენა სახელმწიფომ კრედიტით. პროექტი იყო, რომ ერთი 30 სახლი ავაშენოთ ამ ქუჩაზე, მარა არეულობა რომ დეიწყო, მეტი აღარ აშენდა. ნელ-ნელა იხდიდნენ, მუშაობდნენ ჩაის პლანტაციაში, პედაგოგი ხალხიც ჩაიში მუშაობდენ.“

წნეხი დიდი იყო, გადმოსახლებული მესხებიდან ბევრი უკანვე გაბრუნდა, მაგრამ რამდენიმე ოჯახმა მტკიცედ გადაწყვიტა დარჩენა.

„მაშინ მამაჩემი იყო ლიდერი აქ ჩამოსულ ხალხში და მისი თხოვნით, მთავრობამ ააშენა აქ სახლები. მერე აირია სიტუაცია და ბევრი მესხი გადასახლდა ამ ტერიტორიებიდან, ეშინოდათ, რადგან მაშინ იყო ასეთი ლოზუნგი „საქართველო ქართველებისთვის“. ეს ლოზუნგი იყო ყველგან საბჭოთა კავშირი რომ იშლებოდა. ჩვენ მაინც დავრჩით, რადგან მაშინ აქტიურები ვიყავით და ყველანაირად ვუწევდით წინააღმდეგობას.“

1983 წლისთვის კიდევ რამდენიმე ოჯახი ჩამოვიდა სოფელში მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ მათ საკუთარ მიწაზე უნდა გაეგრძელებინათ ცხოვრება. წინააღმდეგობა დიდი იყო. რთული იყო, როგორც წამოსვლის უფლების მიღება, ასევე ახალ ადგილზე თავის დამკვიდრება და იმის დამტკიცება, რომ მტერი არ იყავი.

IMG_4984 IMG_4979 რუსტამ ბექაძე

რუსტამ ბექაძე

„1983 წელს ჩამოვიდა ჩემი ოჯახი აქ. მესხებს არ უშვებდნენ საქართველოში, კომუნისტების დრო იყო. აქ, ასე ვთქვათ, ძალადობით მოვედი მე. ჩვენ გვინდოდა, მარა აზერბაიჯანიდან არ გვიშვებდნენ. ჩემი ოჯახი შუა აზიაში იყო გადასახლებული, იქ დავიბადე მე. 1958 წლამდე შუა აზიაში ვცხოვრობდით. მერე პროგრამა დაიწყო დაბრუნების, ხალხს უნდოდა უკან დაბრუნება დედამიწაში. კომუნისტები ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანამდე გაუშვით და გაჩუმდნენო. უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან, დედამიწაში, მარა საქართველოს ტერიტორიაზე არა. 1958 წლიდან 1983-მდე ვცხოვრობდი აზერბაიჯანში, მერე მოვედი აქ. მე მინდოდა ჩემი ბოლო გაჩერება ჩემი დედამიწა ყოფილიყო. 32 წლის ვიყავი მაშინ, ცოლ-შვილი მყავდნენ.“

ადგილობრივები ქართულად მესაუბრებიან, თუმცა ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის თურქული ენის ანატოლიურ დიალექტს იყენებენ, რომელიც, მათივე თქმით, აზერბაიჯანულ ენას ენათესავება. ეს დიალექტი თავისთავად ასახავს მესხების მრავალფეროვან გამოცდილებას, რაც მათი საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლას უკავშირდება. ქართულად საუბარი ხანდაზმულებს უფრო უჭირთ. ახალი თაობა კი საკმაოდ თავისუფლად საუბრობს ქართულად. ენობრივი ბარიერის პრობლემა მაინც დიდია, ზოგადად, მესხურ თემში. ისინი აცნობიერებენ, რომ ენის ცოდნა არ ნიშნავს მხოლოდ კომუნიკაციას, ეს შესაძლებლობაა მათთვის, მიიღონ განათლება და შემდგომში დასაქმდნენ.

„მესხებს აბრალებენ, რატომ ქართული ენა არ იცით, რამდენჯერ იყო ამაზე საუბარი, თბილისში კანფერენციებზე, მეც ვესწრებოდი და იყო მსჯელობა. მეც არ ვიცოდი ქართული აქ ჩამოსვლამდე, მარა ხომ ვისწავლე? რომ საყვედურობენ, აბა, გახსნან ქართული სკოლა, იქ ადგილზე და ასწავლონ ქართული. მარტო ხალხის დაბრალება არ შეილება, სხვების ბრალიც ხომაა. რომ ამბობენ, მაგენი თურქები არიან უკვე, აბა, რაფერ ფიქრობენ? სახლში შვილი რომ გყავს და ეტყვი წადი შენ ჩემი არ ხარ, მეორე თვეში ეს ბაღანა გევიდეს სახლიდან და აღარ დაბრუნდება. ერთხელ ეთქვა ვინმეს, ეს ჩვენი ხალხია და მერე გეიგონებენ ისინი ჩვენს სამშობლოში ასე იტყვიანო ჩვენზე და მერე ყველაფერი იქნება სხვანაირი.“

ოჯახში მამაკაცია უფროსი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ქალების მდგომარეობას კი კარგად ასახავს ის ფაქტი, რომ მათ ნაკლებად მიუწვდებათ განათლებაზე ხელი, შესაბამისად, ისინი ნაკლებად ფიქრობენ დასაქმებაზე. ისინი მეტწილად საოჯახო საქმეებითა და შვილებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი. არსებობს ოჯახის სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ მყარია და რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან მესხები. ქალი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ცხოვრობს მამის, ძმის თუ ქმრის მითითებების გათვალისწინებით. სხვადასხვა დროს იყო შემთხვევები, როცა გოგოებს ოჯახმა აუკრძალა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა თუ ბანაკებში წასვლა.

მესხი ბავშვები ნასაკირალის სკოლაში იღებენ დაწყებით განათლებას, უმაღლესი განათლების მიღებაზე კი ან უარს ამბობენ, ან თურქეთში მიდიან სასწავლებლად. იქ სწავლა უფასოა, ნათესავებიც ცხოვრობენ და ეს უფრო ხელსაყრელია მათთვის. სოფლის მაცხოვრებლები იხსენებენ, რომ რამდენიმე ბიჭმა გააგრძელა სწავლა სკოლის შემდეგ, თუმცა გოგონების შემთხვევაში, ასეთი მაგალითის მოძიება მათთვის უფრო რთული აღმოჩნდა. შეიძლება ვთქვათ, რომ ბიჭებისთვის განათლების მიღება ხშირად უფრო პრიორიტეტულად მიაჩნია ოჯახს.

მესხი გოგოს, სოფიას მაგალითი კი სულ სხვა რეალობას ასახავს.

IMG_4940 სოფია ბექაძე

IMG_4972 სოფია ბექაძე

სოფია ბექაძე 20 წლისაა და მომავალ წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისთვის ემზადება. იგი განათლების და მეცნიერების სამინისტროს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის დახმარებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ოროკოს“ ხელმძღვანელია. ორგანიზაცია მესხ მოსახლეობაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ დახმარებას ისახავს მიზნად. ისინი ცდილობენ, თავადვე იყვნენ სასარგებლონი სხვებისთვის. მათი აქტივობებით დგება საინფორმაციო ბაზა, რომლის დახმარებითაც, შემდგომში, ისინი განსაზღვრავენ, სად არიან საჭირონი. თავდაპირველად, სოფია განათლების და მეცნიერების სამინისტროს სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიერ ორგანიზებულ ბანაკში ჩაერთო. ბანაკში ჯერ 9 ბავშვი გაემგზავრა, შემდეგ კი სოფიასა და მისი მეგობრების დახმარებით, ეს ქსელი უფრო და უფრო გაფართოვდა და დღეს ამ პროგრამას 140-მდე ბავშვთან აქვს წვდომა, მესხებით დასახლებულ ყველა თემში. სოფიას და მისი ორგანიზაციის სურვილია, რომ სხვებთან ერთად განახორციელონ პროექტები, თავადაც იყვნენ აქტიურები და შეძლონ უკვე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მესხი თემის გაძლიერება.

ამირან ყურაძე ამირან ყურაძე

ამირან ყურაძე:„მე სულ ვამბობდი ჩვენს ხალხზე, მოითმინეთ, მიიღეთ ეს ხალხი, 10 წელი ასწავლეთ და ნახეთ რა ადამიანები დადგნენ. ჩემნაირი კი არა, მთელი ცხოვრება, რომ მოგზაურობაში გავატარე - უზბეკეთში დავიბადე, იქედან გადმოვსახლდით აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან აფხაზეთში, გალში, აფხაზეთიდან ისევ აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან ყაბარდო- ბალყარეთში და მერე აქ და აქაც რამდენი ადგილი შევიცვალეთ და რაფერ ვისწავლიდი. მაგრამ მადლობა ღმერთს, სწავლის შესაძლებლობაც მომეცა. ადრე იყო თქმული „მესხი სწავლითა ქებულიო“, ახლა განათლების დონე ძალიან დაბალია ამ სოფელში სხვა სოფლებთან შედარებითაც კი. ჩვენ მინიმუმამდეც ვერ მოვდივართ, არავინ გვეხმარება. კაცო, მომავალი თაობა არის ხო? ჩვენ გაზრდილ ბავშვებს ვკლავთ, მის მომავალს ვკლავთ. აქ ნაკლები ყურადღებაა. სწავლა აკვნიდან იწყება და აქ ბაგა-ბაღიც კი არა გვაქვს, მერე მიდიან სკოლაში და იქ ბევრი პრობლემა ექმნებათ. სუფთა ფურცლები ხომ არიან არა ბავშვები? რა უნდა დაწერონ ამ ფურცელზე? ეს ფურცელი ფუჭდება ლაქებით და ყველანაირი სიბინძურით.“

ადგილობრივების არსებობის ძირითადი წყარო თურქეთში გამომუშავებული თანხაა. ახალგაზრდებისთვის ხშირად ეს სწავლის ერთადერთი ალტერნატივაა - გამოიმუშაო ფული საკუთარი შრომით და დაეხმარო ოჯახს.

„ჩემი შვილებიც ძალიან კარგად სწავლობდნენ. თბილისში სწავლობდნენ, უეცრად შეწყვიტეს. ვეკითხები, რა ხდება - კაი, მამა, არ მინდა არაფერიო, წავალ, გადავალ თურქეთში, მექნება ფული და დღეს ფულითაა ყველაფერიო. ხოდა ისეთი სისტემაა მთლიანად, რომ ასეთ ცუდ არჩევანს სთავაზობს ახალგაზრდებს - ფულით ყიდულობს ყველაფერს, ყველაფერი აქვს, მანქანაც, სახლი და ზის ასე. რომ ესწავლა იქნება და უფრო გამოსადეგი კაცი ყოფილიყო. ესაა ჩვენი პრობლემა, ჩვენი უბედურება...“

თურქეთში, კაცები პლანტაციებში მუშაობენ ფიზიკურად, ქალები კი, მეტწილად, ოჯახში დამხმარედ არიან.

IMG_4989

ზოია ცაცანიძე

„თურქეთში გადავდივარ სამუშაოდ 3 თვით და მერე უკან ვბრუნდები, ისევ 3 თვით. მე და ჩემი და ვენაცვლებით ერთმანეთს. რთულია ბავშვების დატოვება აქ, საქმეა სახლში, ვჭირდები ამათ, მარა რა ვქნა. ქმარს არ შეუძლია მუშაობა ჯანმრთელობის გამო. ნეტა აქ იყოს რამე, სულ არ დატოვებდა კაცი აქაურობას, რა მინდა სხვაგან, ესაა ჩემი სახლი. ახლა ჩამოსული ვარ და მალე წავალ... მე სულ მინდოდა ესწავლა ამათ, ბიჭმა უარი თქვა, გოგოს კიდე სულ ვეუბნებოდი, ისწავლე. ისე პირიქით ხდება სულ, აქ ნაკლებად ეუბნებიან მასე გოგოებს, მარა მე მინდოდა ესწავლა. ახლა მოემზადება და ჩააბარებს, მინდა თურქეთში გაგზავნა, იქ თანხა არ დამჭირდება და აქ ვერ შევძლებ. ვნახოთ რა. მე სულ მინდა, რომ ჭკვიანი ქალი იყოს და ქონდეს რაცხა საქმე.“

დასაქმების საკითხი მტკივნეულია მესხებისთვის, რადგან ისინი თითქოს სულ ერთსა და იმავე გზას გადიან, ცდილობენ იყვნენ ქართული საზოგადოების ნაწილი, აქტიური მოქალაქეები, მაგრამ ხშირად უკან დახევა უწევთ და ისევ ათასჯერ ნაცად გზას მიმართავენ - გზას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ოჯახი შეინახონ და მომავალ თაობაზე იზრუნონ.

„ჩემიდან დაწყებული, უმცროსი შვილი მყავს 26 წლის, იმით დამთავრებული, ყველა თურქეთში დავდივართ მთელი სეზონი. არც პოლიტიკის გვესმის, არც სახელმწიფოსი. ვმუშაობთ იქ, როგორც რობოტები, არავის აინტერესებს ჩვენი აზრი, მე ასე მგონია.“

ამბობენ, რომ პოლიტიკა გურულმა ხალხმა შეაყვარა მათ. არჩევნებშიც იღებენ მონაწილეობას და საკუთარ აზრსაც თამამად აფიქსირებენ პირად საუბრებში, კამათობენ. ახალგაზრდებიც ცდილობენ, ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც პასიურები რჩებიან. მათი თქმით, ეს მეტწილად იმის ბრალია, რომ მათ დიდ ნაწილს დღემდე გადარჩენისა და დამკვიდრებისთვის უწევს ბრძოლა.

„ჩვენი ხალხი უფრო კონსერვატიულად მოქმედებს. აქ თუ ვინმე მეთაური ან აქტიური იქნება, ვისაც ესმის პოლიტიკა, იმას უსმენენ და ისე მოქმედებენ, ასე რომ ვთქვათ, ცალ-ცალკე არა. მაგრამ აქტიურად მონაწილეობენ არჩევნებში, მიდიან, ხმას აძლევენ. სახელმწიფო ხალხისთვის თუ აკეთებს რამეს, ამას ხედავენ და უხარიათ, მადლობელნი არიან. ინტერესი უფრო იმაზეა, რომ ქვეყანა აყვავდეს და ფეხზე დადგეს. უკვე ახალგაზრდა მესხებს არ არის საჭირო უთხრა, რომ თქვენ უნდა დაიცვათ საქართველო, ეს ისედაც ესმით - მე აქაური ვარ, მე ქართველი ვარ, მე მესხი ვარ. ადრე ეს იყო პროპაგანდის საგანი - ჩვენ აუცილებლად უნდა მივსულიყავით მათთან და გვეთქვა, რომ თქვენ ქართველები ხართ და ა.შ. განსხვავებული ხედვები აქვთ ახალგაზრდებს და მთავრობის მხრიდან უნდა იყოს დაინტერესება, თორემ ისევე დაიკარგება ეს თაობაც.“

ადგილობრივ ხალხზე საუბრისას, პასუხები მეტწილად ერთგვაროვანია. ისინი პატივისცემას გამოხატავენ გურული ხალხის მიმართ, რომელმაც გულთბილად მიიღო მეზობლად მესხი ხალხი.

„აქ 1977 წელს გადმოვსახლდით ყაბარდო-ბალყარეთიდან. ჩვენზე ძალიან ცუდი პროპაგანდა მიდიოდა. რადგან გადასახლებულები ვიყავით, ცუდი სახელი გვქონდა, რომ, აი, ხალხის მტერია, რომ უღალატეს საბჭოთა კავშირს. მერე შეეჩვივნენ და ნახეს, რომ ჩვეულებრივი ხალხი ვართ. ჩვენ ქართული საერთოდ არ ვიცოდით, რადგან, ხომ იცით, ისტორიიდან გამომდინარე, რომ მესხები იყვნენ თურქების დაქვემდებარების ქვეშ. იქ უფრო თურქული ენა იყო განვითარებული სასაუბრო ენად. ხალხმა მალე ნახა, რომ ეს ჩვეულებრივი ხალხია და რა მტრები, რის მტრები. ჩვენ ავუხსენით სხვებს, ვინც ამართლებდა სტალინს, როგორც იყო და ასეთი ბევრი ახსნა-განმარტების შემდეგ გაჩუმდა ხალხი და გაგვამართლეს, რომ მართლაცდა უდანაშაულო ხალხი ვიყავით და მიგვიღეს. ჩვენც შევეჩვიეთ აქაურობას. გურულები ძალიან გამგებიანი ხალხია, ძალიან კარგად ესმით პოლიტიკა, ისტორია და ჩვენიც ძალიან კარგად ესმით.“

კონფლიქტის ფაქტს ვერ იხსენებენ, კარგი კი ბევრი ახსოვთ. ამბობენ, რომ მათი საბოლოო ინტეგრაცია მაშინ მოხდება, თუკი სახელმწიფო განათლებას მხედავს, თუ მესხები დავიწყებას არ მიეცემიან, თორემ ამ სოფელში ისინი ისედაც საკუთარ სახლში გრძნობენ თავს.

„33 წელია აქ ცხოვრობ და კონფლიქტი არ მახსოვს, აქ ნასაკირალში რამდენი ნაცია ცხოვრობდა და არავისთან. ერთხელ ექსპერტი მევიდა, ევროკავშირის პროგრამით მუშაობდნენ იქ, სადაც მესხები ცხოვრობდნენ. აინტერესებდათ, როგორ არის ურთიერთობა ადგილობრივებთან, ინტეგრაცია. ჩემთან მევიდა და მე ვუთხარი, წაგიყვან სადაც გინდა, რომელ სოფელში გინდა, დაგტიებ შენ და წავალ იქიდან. რომ დამთავრდება საქმე, მოვალ და წამოგიყვან. 1 თვე მუშაობდა ეს კაცი და რომ დამთავრდა მისი ყველაფერი საქმე, მითხრა მე, გაინტერესებს რას ამბობენ ხალხიო? მე ვუთხარი არ მინდა, მე არ იფიქრე რატომ დაგტოვე მარტო? იმ ხალხს მე ყველას ვიცნობდი, ვისთანაც მიდიოდი საკითხავად და მე რომ დავრჩენილიყავი, არ იტყოდნენ იმას, რაც გულით უნდათ. უცხო სოფლებშიც იყო და იქა უთქვამს ხალხს, ასეთი ხალხი გინდ 1000 ჩამოასახლეთო.“

მესხების პრობლემები რეგიონიდან რეგიონში იცვლება. თუმცა მთავარი პრობლემად მაინც გაუცხოება რჩება, რომელიც გამოიხატება სიტყვებით „ჩვენ“ და „ისინი“. ნაპრალი კი ვერ ამოივსება, თუ ამ ადამიანებს არ მიეცემათ იმის საშუალება, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ და საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. აქაური მესხი ახალგაზრდობა თანახმაა, რომ საკუთარი თავი ამ გამოწვევების წინაშე დააყენოს და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდეს.

არავინ იცის ზუსტად, რატომ დაერქვა ამ ადგილს „კუნძული“. იქნებ, იმის გამო, რომ ამ ადგილთან ახლოს, ადრე ჭაობი იყო, ან იმიტომ, რომ აქ წლების წინ „უცხო“ ხალხი - მესხები დასახლდნენ. ფაქტი ერთია, ეს სახელი ზუსტად შეესატყვისება საქართველოში დაბრუნებული მესხების დღევანდელ ცხოვრებას. სინამდვილეში, ეს კუნძული არც არსებობს, ამ კუნძულს ყოველდღე ახლიდან ქმნის ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

ნასაკირალელი მესხები/ფოტოები

IMG_4400

საიდა საიდა

IMG_5281 IMG_5294

IMG_5314

IMG_5302

* საიდას 5 შვილი ჰყავს და უკვე მესამე თვეა ვერ იღებს დახმარებას, რომელიც განკუთვნილია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. დახმარების შეწყვეტის მიზეზი დეკლარაციაში არსებული ცვლილებებია, რაც საიდას თქმით, შესაძლოა, თავისი ქმრის სახელზე სხვისი საკუთრების გაფორმებას გამოეწვია. საიდამ განცხადება უკვე დაწერა და პასუხს ელოდება.

სუზი სუზი

მარინა მარინა

მესხური ცხოვრების დეტალები

IMG_5064 IMG_5065 IMG_5098 IMG_5126 IMG_5353 IMG_5389 IMG_5429

მეჩეთი ნასაკირალში

IMG_5440 IMG_5438IMG_5444

მესხური ქორწილი. 18.08.2015

IMG_4427IMG_4444IMG_4453IMG_4578IMG_4441

პატარძალს მამამთილი მიაცილებს სახლამდე პატარძალს მამამთილი მიაცილებს სახლამდე

აივნიდან სიძე ტკბილეულს გადმოყრის და ასე ეგებება პატარძალს აივნიდან სიძე ტკბილეულს გადმოყრის და ასე ეგებება პატარძალს

პატარძალმა სახლში შესვლამდე, თითები თაფლიან თასში უნდა ამოავლოს და შესასვლელ კართან წაუსვას, რაც ნიშნავს, რომ მისი ოჯახში შესვლა სიტკბოსთან იქნება დაკავშირებული

IMG_4577 პატარძალმა სახლში შესვლამდე, თითები თაფლიან თასში უნდა ამოავლოს და შესასვლელ კართან წაუსვას, რაც ნიშნავს, რომ მისი ოჯახში შესვლა სიტკბოსთან იქნება დაკავშირებული.

IMG_4564

-----------------------------------------------------------------------------

პუბლიკაცია მომზადებულიაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმისფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.