ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) აქტიური მუშაობა ქვემო ქართლის რეგიონში აჩვენებს, რომ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში მძიმედ დგას პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებზე და ბაზისურ სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომლობის პრობლემა. აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე, EMC მიზნად ისახავს კონკრეტული სოფლების დონეზე ადგილობრივი თემის საჭიროებების, წუხილების, ინტერესების იდენტიფიცირებას და მათი ადვოკატირების ხელშეწყობას. ამ მიზნით, EMC-იმ მოამზადა მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის, კერძოდ, სოფელი ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო სარალისა და კასუმლოს საჭიროებების რუკა.

საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოვლინდა მძიმე სოციალური გამოწვევები. ჩვენი დაკვირვებით, ეს გამოწვევები ტიპურია ამ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების ძირითადი ნაწილისთვის.

პოლიტიკური მონაწილეობა

  • სოფელ ხულდარაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებზე და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა.
  • სახელმწიფო ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების დროს უმცირესობების ენაზე თარგმანის რესურსების არ არსებობის გამო ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი იშვითად მიმართავს თვითმმართველობას და სხვა სახელმწიფო ორგანოებს
  • სოფელ ქვემო სარალში ახალზრდები აცხადებენ, რომ ხშირია თვითმმართველობის წარმომადგელების მხრიდან მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობები
  • ამ სოფლებში ქალები და ახალგაზრდები ხშირად თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობას საერთოდ არ იღებენ

სკოლამდელი და სასკოლო განათლება

  • ხულდარაში, ქვემო სარალში და კასუმლოში არ არსებობს სკოლამდელი განათლების დაწესებულება
  • სოფელ ქვემო სარალში ქალები ხშირად იძულებულნი არიან იჯარით აღებულ მიწებზე მუშაობის დროს თან წაიყვანონ სკოლამდელი ასაკის შვილები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ შრომასა და ყოველდღიურობას.
  • სოფელ ხულდარას და აღმამედლოს სკოლები ავარიულ მდგომარეობაშია და არ ექვემდებარება შეკეთებას
  • ოთხივე სოფელში სკოლებს არ გააჩნია ბიბლიოთეკა, ქიმიის, ფიზიკის ან და სხვა კაბინეტები

ბაზისური სოციალური ინფრასტრუქტურა

  • სოფელ კასუმლოს მოსახლეობას სასმელი წყალი კვირაში ორჯერ, მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეწოდება
  • ოთხივე სოფელს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით. სტუდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას საათების განმავლობაში გზაში დგომა და ტრასნპორტის ლოდინი უწევთ
  • სოფელ ხულდარაში ნაგვის ურნების არ არსებობა სოფელში ანტისანიტარიას იწვევს. სოფელში მრავლად არის მიუსაფარი ძაღლები, რაც ხშირად სკოლის მოსწავლეებისთვის სკოლაში მშობლების გარეშე სიარულს საშიშს ხდის
  • სოფლების დიდ ნაწილში არ არის გაყვანილი შიდა გზები, რაც მტვერის და დაბინძურების მიზეზები ხდება

მიწა და მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები

  • სოფელ ქვემო სარალში და კასუმლოში მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს სახნავ-სათესი მიწა. მათი აზრით, სოფლის მიწების და საძოვრების პრივატიზაციის პროცესი, თავის დროზე, უსამრთლოდ განხორციელდა
  • მიწის და საძოვრების გარეშე დარჩენილი მოსახლეობა ან იჯარით იღებს მიწას დასამუშავებლად ან დღიურ იაფ მუშახელად მუშაობს
  • ხშირია ადგილობრივი მოსახლეობის საზღვარგარეთ შრომით მიგრაციაში წასვლის პრაქტიკები, მაშინ როცა სოფლის მიწები ე.წ. „არენდატორების“ ხელში დაუმუშავებელი რჩება.
  • სოფლების დიდ ნაწილში არ არის გამართული სარწყავი წყლის სისტემა
  • ქალების დიდი ნაწილი ამ სოფლებში კერძოდ და სოფლის საერთო მიწის რესურსების არ არსებობის გამო სათბურებში იაფ მუშახელად მუშაობს

ვრცლად, სოფლებში არსებული პრობლემებს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ნახვა

გადმოწერა

საჭიროებების_მიმოხილვა_1585131173.pdf