Library Thumbnail Image

ხელმძღვანელი: ლინა ღვინიანიძე

ავტორი: ლელა გვიშიანი

გვერდების რაოდენობა: 57

გამოცემის წელი: 2016

ნახვა

გადმოწერა

ქმედუნარიანობის_სისტემის_რეფორმისა_და_მისი_იმპლემენტაციის_პროცესის_შეფასება.pdf

საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წელს არაკონსტიტუციურად ცნო ის საკანონმდებლო ნორმები, რომელსაც ეფუძნებოდა ქმედუნარიანობის სისტემა. რის შედეგადაც, საქართველოს პარლამენტმა შეცვალა ქმედუნარიანობის მოდელი.

კვლევა მიზნად ისახავს, ქმედუნარიანობის ახალი სისტემის შეფასებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით განსაზღვრული სტანდარტებით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით. აგრეთვე, გამოკვეთს მის ძირითად მახასიათებლებს, მიდგომებს, სამართლებრივ ხარვეზებსა და იმპლემენტაციის პროცესის სირთულეებს. დოკუმენტში ასევე შესულია რეკომენდაციები, რელევანტური სახელმწიფო უწყებების მიმართ, რომელიც გულისხმობს კანონმდებლობის მოწესრიგებას ქმედუნარიანობის სისტემის სტანდარტების შესაბამისად და შემდგომ უკვე ამ სტანდარტების დანერგვას.

EMC მიიჩნევს, რომ ქმედუნარიანობის რეფორმამ არსებითად შეცვალა ქმედუნარიანობის გააზრება და დააფუძნა ის პირის ნების ავტონომიასა და მის მნიშვნელობას, რაც უდავოდ პოზიტიური ცვლილებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აღიარებისა და დაცვის თვალსაზრისით. თუმცა, კვლევა ავლენს, რომ არსებული კანონმდებლობა ცალკეულ უფლებებთან მიმართებით ბოლომდე არ იზიარებს დანერგილი მოდელის ძირითად პრინციპებს და სხვადასხვა უფლების რეგულირებისას, მათ შორის, საარჩევნო უფლების, შრომის უფლების და სხვა, ითვალისწინებს უფლებაში არათანაზომიერი ჩარევის მექანიზმებს ან ქმნის ამგვარ საფრთხეებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის პროცედურა ითვალისწინებს კონვენციის ძირითად სახელმძღვანელო მოთხოვნებს, ის მაინც ქმნის საფრთხეებს მხარდასაჭერად საცნობი პირის ინტერესების პროცესში არასათანადო წარმოდგენის კუთხით.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს რომ უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან ცალკეულ ნორმათა ინტერპრეტაცია პირდაპირ ეწინააღმდეგება პირის მხარდაჭერის მიმღებად აღიარების არსს და იმეორებს ქმედუნარიანობის გაუქმებული მოდელის შინაარსს. შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასამართლო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მხარდაჭერის მექანიზმის ამუშავებას, რაც საბოლოოდ სისტემის სათანადო აღსრულების საკითხს სრულად აყენებს ეჭვქვეშ.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ რეფორმამ, რომელმაც ქმედუნარიანობის მოდელის პარადიგმული ცვლილება გაითვალისწინა, აღსრულების მიზნებისათვის, არ მოახდინა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების, შესაძლებლობებისა და რესურსების რეფორმის მიზნებთან შესაბამისი კრიტიკული გადააზრება და არ მოიცვა ინსტიტუციური სისტემის ისეთი გარდაქმნა, რაც უზრუნველყოფდა გადაწყვეტილების მიღებაში მხარდაჭერის სისტემის რეალურ ამოქმედებას.

მხარდაჭერის მიმღებ პირთა უფლებების სათანადო დაცვისა და რეალიზების გარანტირებისათვის, დღის წესრიგში დგას სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ნორმატიული შინაარსის ბარიერების აღმოფხვრის, ისე სათანადო ინსტიტუციური და ადმინისტრაციული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რაც რეალურად შესაძლებელს გახდის მხარდაჭერის სრულფასოვანი სისტემის დანერგვასა და აღსრულებას.

ნახვა

გადმოწერა

ქმედუნარიანობის_სისტემის_რეფორმისა_და_მისი_იმპლემენტაციის_პროცესის_შეფასება.pdf