ფოტო: Billy Bilikhodze

ბათუმის კონცხზე, პორტთან ახლოს, მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. 2019 წლის 22 აგვისტოს, ქალაქის საკრებულომ “ბათუმი რივიერას” განაშენიანების გეგმა დაამტკიცა ხოლო 2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ კომპლექსის შემადგენელი ერთი, 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. პროექტი სულ 5 მაღალსართულიან შენობას მოიცავს.

6 თებერვალს გაირკვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის კიდევ ერთი ნაწილის, ხელოვნური ლაგუნას მოწყობის ნებართვაც გასცა. დაგეგმილ მშენებლობას ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის ჩამოყალიბებული „დაიცავი ბათუმი” და მოძრაობა „მწვანე მომავალი” აპროტესტებენ.

„ბათუმი რივიერა” იმ ზედაპირულობის ემბლემატურ მაგალითად იქცა, რომლითაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ქალაქგეგმარებისა და ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის გარშემო მნიშვნელოვანი კითხვები არსებობს, პასუხისმგებელი პირები ზონალური რეგულირების გადაწყვეტილებებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იღებენ, გეოლოგიურ რისკებს სათანადო შეფასების გარეშე უგულებელყოფენ, კომპლექსის ეკონომიკურ მხარეზე კი კარიკატურულად პრიმიტიული არგუმენტებით მსჯელობენ, რომლებიც ინვესტიციის მოცულობასა და ხშირად ბუნდოვან სოციალურ სარგებელს ეხება. თითქოს მნიშვნელობა არ ჰქონდეს ინვესტიცია უძრავი ქონების აშენებაზე დაიხარჯება, თუ ეკონომიკის რომელიმე უფრო პროდუქტიულ სექტორში; თითქოს არაფერს ცვლიდეს ეს უძრავი ქონება სანაპირო ზოლზე აშენდება, ისტორიული დაცვის ზონაში, თუ სხვაგან; თითქოს უმნიშვნელოა დახარჯული ფულით იახტ-კლუბი მოეწყობა თუ ისეთი საჯარო სივრცე, რომლითაც ყველა ისარგებლებს.

ბათუმის კონცხი, სადაც „რივიერა ბათუმის” მშენებლობა იგეგმება, ბათუმის მერიისთვის მომზადებულ სივრცით დოკუმენტში ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მოხვდა. თუმცა, 2018 წლის 30 მარტს, საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკის” მიერ მერიის დაკვეთითვე მომზადებული დოკუმენტი მერიამ დასაბუთების გარეშე ისე დააკორექტირა, რომ კონცხი, ისევე როგორც კონცხის მიმდებარე მთლიანი სანაპირო ზოლი, დაცვის ზონის საზღვრებს მიღმა აღმოჩნდა. ამ ტერიტორიის დაცვის ზონიდან გატანის საფუძველი გაუგებარი აღმოჩნდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბჭოსთვისაც, რომელმაც დაადგინა, რომ “იმ ტერიტორიების სენსიტიურობისა და დაცულობის საჭიროების გათვალისწინებით, რომელიც ამოღებულ იქნა პროექტის კორექტირებული ვერსიით, და ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამისი კვლევებისა და არგუმენტაციის არქონის გამო, უარი ეთქვას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილ ქ. ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების პროექტის კორექტირებულ ვერსიას.”

ინვესტორ კომპანიასა და პროექტის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი უთანხმოების საგანი პროექტის გეოლოგიური მხარეა. აჭარის სანაპირო ზოლი, რომელიც 53 კილომეტრის სიგრძისაა, კლიმატის ცვლილებისა და სხვა ანთროპოგენური ფაქტორების გამო ახალი საფრთხეების წინაშე დგას. მათ შორისაა კონცხთან არსებული წყალქვეშა კანიონის სტაბილურობა, მდინარე ჭოროხის ცვალებადი ჩამონადენის გავლენა სანაპიროს ინტენსიურ წარეცხვაზე და უფრო და უფრო არასტაბილური მეტეოროლოგიური რეჟიმი, რომელიც გლობალურ კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. ამ პირობებში სანაპირო ზოლის მართვა განსაკუთრებულ, ბუფერულ ფუნქციებს უნდა მოიაზრებდეს, რაც მის როლს, როგორც ქალაქის ზღვისგან დამცავ პირველ ზოლს, ეფუძნება.

მიუხედავად ამისა, “[ნატანის] მიმართულებით კვლევა 10 წელზე მეტია არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, აქ დაგროვილი ნატანის სავარაუდო ოდენობაზეც კი, ამ დროისთვის არცერთ სახელმწიფო უწყებას პასუხი არ აქვს.” სანაპირო ზოლის დაცვის სამსახური „საქნაპირდაცვა”, რომელიც კვლევით ფუნქციებს ასრულებდა, დიდი ხანია აღარ არსებობს. გარემოს ეროვნულ სააგენტოში თვლიან, რომ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შესწავლას კოდექსი მათ არ ავალდებულებს. ამავდროულად, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სპეციალისტი, რომელმაც „რივიერა ბათუმის“ დაკვეთით ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევა ჩაატარა, დამატებითი შესწავლის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამას დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტებიც იზიარებენ. კომპანიის დაკვეთით მომზადებული გეოლოგიური რისკების დამატებითი, მოკლე შეფასებაც იმაზე საუბრობს, რომ “ბათუმის კონცხის მორფოდინამიკა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა აკონტროლონ.” იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო აპარატი პასუხისმგებლობას ისხლეტს და მთლიანად ინვესტორის მიერ შეგროვებულ გეოლოგიურ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის შეფასებისა და გადამოწმების არც სურვილი და არც კომპეტენცია მას არ გააჩნია.

გეოლოგიური კვლევების გაუთვალისწინებლობამ აჭარაში მსგავსი ზომის საინვესტიციო პროექტს მასშტაბური ზიანი სულ რამდენიმე წლის წინ მიაყენა: 2017 წელს, ამუშავებიდან ორ თვეში, „შუახევი ჰესი,” რომლის აშენებაზეც 400 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ავარიულად გაჩერდა. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი გეოლოგიური ქანები გვირაბის წყლით გავსებისას გაიჟღინთა და გაფარდოვდა. შედეგად გვირაბის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოინგრა. დამატებითი და ძვირადღირებული სამუშაოების შემდეგ ჰესი 2019 წლის ნოემბერში ჯერაც სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

პრობლემა მხოლოდ გეოლოგიური რისკების გაუთვალისწინებლობით არ იწურება. „ბათუმი რივიერას” შემთხვევა ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკური არგუმენტების ზედაპირულობასაც, რომლებსაც სახელმწიფოსა და დეველოპერების წარმომადგენლები მსგავს პროექტებზე საუბრისას აჟღერებენ ხოლმე. ინვესტიციის ზომას ხშირად ყოვლისმომცველ მონაცემად ასაღებენ, რომელიც თავის თავზე მეტყველებს. საჯარო გამოსვლებისას თუ სარეკლამო სტატიებში, დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები, ისევე როგორც პროექტის გულშემატკივრები ბათუმის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროში, საუბარს ინვესტიციის ზომაზე საუბრით იწყებენ და ასრულებენ, რომელიც 300 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ კომპლექსი 1000 ადამიანს დაასაქმებს. ის, რომ ეს მონაცემები თავისთავადი მნიშვნელობის მატარებლად მიაჩნიათ, მათ ცალმხრივ, ერთგანზომილებიან და გაუაზრებელ პერსპექტივაზე მიუთითებს.

პირველ რიგში ჩნდება კითხვები პროექტით შექმნილი სამუშაო ადგილების მდგრადობის შესახებ: რა ტიპის სამუშაო ადგილები შეიქმნება ამ პროექტით და უზრუნველყოფენ თუ არა ისინი ადგილობრივების ღირსეულ დასაქმებას? თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნდოვანია რასთან შედარებით ეჩვენებათ ბათუმის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროში დაგეგმილი პროექტი მიმზიდველად. სივრცის რა ალტერნატიული დატვირთვა განიხილეს და უარყვეს? რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს - და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მომავალში - ურღვევ, შედარებით განტვირთულ, მეტწილად საჯარო ან ფართოდ ხელმისაწვდომ ბათუმის კონცხს? არც ტერიტორიის გასხვისებისას და არც მას შემდეგ ბათუმის მერიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც უცდია - ამის ნაცვლად ის იმეორებს ინვესტორის რამდენიმე ზედაპირულ მონაცემს და საკუთარ პასუხისმგებლობას საერთოდ ვერ ხედავს.

თავისთავად ზედაპირულობა კი ელიტური ეკონომიკური ინტერესების გამოვლინებაა და მათ ემსახურება. ისტორიულ, გეოლოგიურ და სოციო-ეკონომიკურ სიბრმავეს კერძო სარგებლის შესაძლებლობა ჩრდილავს. მერიისა და ეკონომოკის სამინისტროს გადმოსახედიდან, ისტორიული დაცვის ზონა, შესაძლო გეოლოგიური რისკები და სოციო-ეკონომიკური გვერდითი მოვლენები იმ მოგების წინაშე უფერულდება, რომლის დაგროვებაც დეველოპერულ კომპანიას შეუძლია.