ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და „მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის“ - მაია ბაქრაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.  EMC დავობს კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება),  მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) მუხლებთან ერთობლიობაში,  მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლების) სავარაუდო დარღვევაზე. 

მაია ბაქრაძე არის მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება „მოსამართლეთა ერთობის“ დამფუძნებელი წევრი. „მოსამართლეთა ერთობა“ შეიქმნა 2013 წელს სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად და მის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების გზით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიების გაუმჯობესება. ამ მიზნის მისაღწევად, „მოსამართლეთა ერთობა“ და მისი წარმომადგენლები, მათ შორის მაია ბაქრაძე, საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს.

2015 წლის 22 სექტემბერს, მაია ბაქრაძე გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო. 2015-2016 წლებში მაია ბაქრაძემ  მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მაია ბაქრაძის გასაუბრების ჩანაწერები ცხადყოფს, რომ საბჭოს წევრები, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების შეფასების ნაცვლად, დაინტერესებული იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ საქმიანობითა და მაია ბაქრაძის შეხედულებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ კრიტიკული განცხადებების თაობაზე. გარდა ამისა, 2013-2016 წლებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის შედეგების ანალიზისას, იკვეთება, რომ იმ ყოფილ მოსამართლეთა დიდი უმრავლესობა, რომელსაც უარი ეთქვა ხელმეორედ დანიშვნაზე, იყვნენ „მოსამართლეთა ერთობის“ წევრები. EMC-ს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მითითებულია, რომ მაია ბაქრაძე გახდა განსხვავებული მოპყრობის მსხვერპლი იუსტიციის საბჭოს მხრიდან, მისი და „მოსამართლეთა ერთობის“ კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევას მე-8, მე-10, მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში.

გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არასათანადოდ განიხილეს მაია ბაქრაძის დისკრიმინაციის საქმე. კერძოდ, მათ არ დააკმაყოფილეს მისი შუამდგომლობები საქმისთვის არსებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, რამაც იგი მოპასუხესთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა. ამასთან, ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს, გამოიყენა თუ არა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთიანი სტანდარტი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ და იკვეთებოდა თუ არა მათ გადაწყვეტილებებში არათანაბარი მოპყრობის ნიშნები, რაც დამატებით, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფის დარღვევას წარმოადგენს.

მაია ბაქრაძის საქმე ერთ-ერთი მაგალითია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსხვავებული აზრის დევნისა და მოსამართლეთა დანიშვნის კუთხით მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებისა, რომელზეც  წლებია მიუთითებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები.[1]  ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფონზე. საკითხის სიმწვავეზე მაშინაც მიუთითებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი და ვენეციის კომისია.[2]

 

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის  ამ საქმეზე მოამზადა დოკუმენტი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

კოალიციის_დოკუმენტი_ბაქრაძეზე_1580285930.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 2017 წლის ანგარიში http://www.coalition.ge/files/____________________________________________________.pdf

[2] სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: http://www.ombudsman.ge/res/docs/2019100811095425887.pdf;
ვენეციის კომისიის დასკვნა: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2019)002-e