ბოლო წლებში განხორციელებული არაერთი რეფორმის მიუხედავად, ქართულ მართლმსაჯულების სისტემაში დღემდე არაერთი ფუნდამენტური გამოწვევა არსებობს. სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას კლანური მმართველობის პრობლემა, რაც ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის და ზოგადად მართლმსაჯულების ხარისზე უკიდურესად უარყოფითად აისახება და იწვევს მთლიანად სასამართლო სისტემის პოლიტიზირებას. სამართალდამცავ ორგანოებში დღემდე გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური გავლენები უწყებების ყოველდღიურ საქმიანობაზე; ძალაუფლების კონცენტრაცია ამ უწყებების ხელმძღვანელობის ხელში; სათანადო ანგარიშვალდებულბის მექანიმზმების არარსებობა. ასევე პრობლემაა კადრების კვალიფიკაცია როგორც სამართალდამცავ, ისე სასამართლო სისტემაში.

ინსტიტუციური პრობლემების მიღმა, პრობლემურია მართლმსაჯულების ხარისხი და შინაარსი. სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში დღემდე სახელმწიფოს არ გააჩნია მკაფიო პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, რა პრინციპებსა და კონცეფციებს უნდა ემყარებოდეს ის. ხარვეზიანია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაც, რომელიც მხოლოდ ფორმალურად აწესებს პროცესში მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას, რეალურად კი მნიშვნელოვნად არის დარღვეული ბალანსი პროკურატურის/საგამოძიებო უწყების ინსტიტუციურ ძალაუფლებასა და ბრალდებულის ხელთ არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს შორის. მოქალაქის ინსტუმენტალიზების, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელებისა და უსამართლობის მაგალითია არსებული ნარკოპოლიტიკა, რომლის ფუნდამენტურად შესაცვლელად კვლავაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ადამიანის უფლებების დაუსაბუთებლად და თვითნებურად შელახვის რისკებს შეიცავს სამართალდაცვითი საქმიანობის თითქმის ყველა ძირითადი მიმართულება, იქნება ეს პრევენციულ-საპოლიციო, ოპერატიულ-სამძებრო თუ საგამოძიებო მოქმედებები.

ცალკე პრობლემაა უკონტროლო ძალაუფლების მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არ ექვემდებარება ეფექტიან საპარლამენტო ანგარიშვალდებულებას და უწყებას აქვს ყველანაირი ბერკეტი, გავლენა მოახდინოს სოციალური ურთიერთობების ფაქტოვრივად ყველა სფეროზე, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ ვითარებაზე. უსაფრთხოების სამსახურიც უკიდურესად პოლიტიზირებული უწყებაა და მისი ჭარბი ძალაუფლების ფონზე, განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას.

ჩამოთვლილ პრობლემებს არაერთი გამომწვევი მიზეზი აქვს, იქნება ეს ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი, უწყებების ინსტიტუციური მოწყობა და ა.შ. პრობლემების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ცხადია, ხარვეზიანი კანონმდებლობაა, რომელიც კვლავაც ტოვებს ინსტიტუციების პოლიტიზირების თუ ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული ოთხი წლის განამვლობაში ზემოაღნიშნული პრობლემები სხვადასხვა დროს აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყო, მე-9 მოწვევის პარლამენტმა ისე დაასრულა საქმიანობა, რომ მართლმსაჯულების სფეროში არსებული ფუნდამენტური გამოწვევები, დიდწილად მოუგვარებელი დარჩა.

კერძოდ, გასული ოთხი წლის მანძილზე საკანონმდებლო ორგანომ ვერ აღმოფხვრა სასამართლო სისტემიდან კლანური მმართველობა; ვერ შექმნა იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფდა პოლიციის და პროკურატურის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს; პარლამენტმა არსებითად ვერ შეცვალა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკაში, მათ შორის შენარჩუნდა დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა; პრობლემად დარჩა უკონტროლო და ჭარბი ძალაუფლებით აღჭურვილი უსაფრთხოების სამსახური.

წარმოდგენილ დოკუმენტში გაანალიზებულია პარლამენტის მუშაობა უშუალოდ კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. კერძოდ, რა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა გასულ ოთხ წელიწადში, რათა მართლმსაჯულებაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები მოგვარებულიყო. დოკუმენტში ნათლად იკვეთება, რომ ჩამოთვლილი პრობლემები ან სრულებით იგნორირებული იყო საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ანდაც უკიდურესად ფრაგმენტულად იყო დანახული. შედეგად, გამოწვევები რომელიც არც თუ ახალია ქართული კონტექსტისთვის და ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით იჩენდა ხოლმე თავს, კვლავაც მოუგვარებელი რჩება.

შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

მე-9_მოწვევის_პარლამენტის_საქმიანობის_შეფასება_1603952950.pdf