ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ულოცავს თბილისის მეტროს დამოუკიდებელ პროფკავშირებს “ერთობა 2013“-ს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას და სასურველი შედეგის მიღწევას. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდის მეტროს მემანქანეთა წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელმაც ივნისის თვეში მიაღწია კულმინაციას და გაფიცვაში გადაიზარდა, საბოლოო ჯამში წარმატების მომტანი აღმოჩნდა. კერძოდ, მეტროს მემანქანეებმა უკანასკნელ თვეებში მძიმე და დაძაბული მოლაპარაკების პირობებში, შეძლეს გაფიცვის პერიოდში მიღებული ზეპირი შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და ხელფასების უპრეცედენტოდ მაღალი ზრდის დაფიქსირება.

არსებული მოლაპარაკების შედეგად 1500 ლარზე მაღალი სახელფასო ჯგუფის მეტროს თანამშრომლებს (გარდა მაღალი ადმინისტრაციულ-მმართველობითი თანამდებობებისა) ხელფასები გაეზრდებათ 10%-ით, 1500 ლარზე მომუშავე მეტროს რიგით თანამშრომლებს, რომელთა რიცხვი დაახლოებით 6 000 ადამიანია, 15%-იანი ზრდა დაუფიქსირდება, ხოლო გაფიცვის ძირითად ორგანიზატორებს, მემანქანეებს, რომლთა რიცხვი 240 ადამიანამდეა და რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები მოლაპარაკების წარმოებისა და მედიაციის პროცესში როგორც ადმინისტრაციასთან, ასევე თბილისის მერიასთან, ხელფასები 30%-იანი ზღვარის ფარგლებში გაეზრდებათ, რაც ღამის საათების ანაზღაურების ზრდის ხარჯზე განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ მშრომელთა გაფიცვების უახლეს ისტორიაში არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მშრომელთა წინააღმდეგობას მსგავსი მაღალი შედეგისთვის მიეღწიოს და 10%-იდან 30%-მდე ზღვარში ხელფასის ზრდა მოეპოვებინოს. EMC ულოცავს მემანქანეებს და ყველა მშრომელს ამ წარმატებას, რომელიც ისტორიის და განვითარების კურსის ტრანსფორმირების, მშრომელებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის მოთხოვნის და კოლექტიური მოქმედებების გაძლიერების რეალურ მაგალითს იძლევა.