Assessment of the performance of the Ministry of Interior after November 2012 Transparency International Georgiaთბილისი, 26 აპრილი 2014 – დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგინეს ერთობლივი ანგარიში – შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შეფასება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

ანგარიში წარმოადგენს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს და მოიცავს 2012 წლის ნოემბრიდან 2014 წლის მარტამდე პერიოდს. ანგარიშში შეფასებულია სამინისტროს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული ქმედებები და დანაშაულის პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებები. ასევე, საუბარია შსს-ს თანამშრომელთა მიერ სავარაუდო უფლებამოსილებათა გადამეტების ფაქტებზე. ანგარიშში შეფასებულია არჩევნების შემდეგ პერიოდში შსს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს მუშაობის შედეგები.

მონიტორინგის შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა:

  • მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა განვითარების სტრატეგია, მასში არ მოხვდა სამინისტროდან უშიშროების ნაწილის გამოყოფის საკითხი.
  • დადებითად უნდა შეფასდეს ახალი „პოლიციის შესახებ კანონის“ შემუშავების ფაქტი, რადგანაც საქართველოს პოლიცია 90-იან წლებში შემუშავებული კანონმდებლობით მოქმედებდა. თუმცა, ახალ კანონში დარჩა მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ის რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც, მართალია, დანაშაულის პრევენციისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, მაგრამ, ამავდროულად, პოლიციელს ბევრ შემთხვევაში ადამიანის უფლებების შელახვის საშუალებას უტოვებს.
  • შსს-ს რიგი საკანონმდებლო ინიციატივები ცალსახად იყო არაპროგრესული და სამართალდამცავ სფეროში რეფორმების შემაფერხებელი. მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის კიდევ ორი წლით გადავადება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. იგივე შეიძლება ითქვას ადვოკატის უფლებების გაზრდისთვის მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების გადავადებაზე.
  • 2013 წელს შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ სამინისტროს მხრიდან გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შეფასება რელიგიის თავისუფლების და უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით ცალსახად უარყოფითია. ქვეყანაში გამოვლინდა რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სისტემური ხასიათის მწვავე პრობლემები. განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ პოლიცია არ იყო ეფექტური აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. 2013 წლის 17 მაისის აქციის დროს პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქციის ჩატარებისთვის აუცილებელი უსაფრთხოების ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა და დამნაშავე პირების დაკავება და მათ მიმართ ადეკვატური სანქციების გამოყენება.
  • კვლავაც პრობლემად რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიული თვალთვალისა და მიყურადების ძველი მანკიერი სისტემის არსებობა. პრობლემას წარმოადგენს აგრეთვე არსებული კანონმდებლობის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
  • საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა მოწმეებზე ზეწოლისა და ეფექტური გამოძიების არ ჩატარების რამდენიმე ფაქტი.
  • საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ადგილი ქონდა დანაშაულის პრევენციის მიზნით ე.წ. რეიდების განხორციელებას, რა დროსაც დაირღვა მოქალაქეების უფლებები. ადგილი ქონდა პოლიციის მიერ უფლებამოსილებების გადამეტებას.
  • შსს-ს თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილებათა გადამეტებისა და სამართალდარღვევათა გამოძიება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. არ არსებობს სამართალდამცავ უწყების თანამშრომლების მიერ კანონდარღვევათა გამოძიების დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც ხელს შეუწყობს მონიტორინგისას გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებას.