მოქალაქეობის მოდერნული გაგება სათავეს ერი-სახელმწიფოების ფორმირებიდან იღებს. თანამედროვე მოქალაქეობა ინდივიდებს გარკვეულ უფლება-მოვალეობებს სახელმწიფოს უფლებამოსილების ქვეშ ანიჭებს (Isin and Turner 2002). მოქალაქეობა, ძირითადად, მოიცავს სამი სახის უფლებებს: სამოქალაქოს (მაგ. თავისუფალი გამოხატვის, რწმენის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლებებს. ხშირად მას მოიხსენებენ როგორც უფლებებს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე[1]), პოლიტიკურს (მაგ. ხმის მიცემის, წარმომადგენლობითი მმართველობის მოთხოვნის უფლებებს. პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებაში მონაწილეობას) და სოციალურს (მაგ. საჯარო განათლების, სოციალური დახმარების უფლებებს[2]) (Marshall 1998 [1950]).

აშკარაა, რომ მთელი რიგი უფლებები[3]  - მოქალაქეობის,[4] ხოლო მოქალაქეობა ერი-სახელმწიფოების ქვეშ მოიაზრება და ხორციელდება, ხოლო ერი-სახელმწიფოს ფორმირებისას მუდმივად იქმნებიან ინსაიდერები და აუთსაიდერები - ადამიანები, რომლებიც ექცევიან სახელმწიფოს საზღვრებში და რომლებიც მის გარეთ არიან. თუმცა საჭიროა ვაღიაროთ, რომ ერ-სახელმწიფოებში წარმოსახული ჰომოგენური და ერთგვაროვანი ერთობა (ვისზეც უფლებები და მოვალეობები თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს) სინამდვილეში მრავალფეროვანია. ამასთან, თავად სახელმწიფოს შიგნითაც უფლებები და მოვალეობები არათანაბრად და უთანასწოროდ ვრცელდება (Holston 2008). იმის რწმენა, რომ ერი-სახელმწიფოები ჰორიზონტალურ და თანასწორუფლებიან ერთობას ჰქმნის, გადაფარავს იმ კლასობრივი, კულტურული, სოციალური სისტემური უთანასწორობების დანახვას, რომლებიც არსებობს ერ-სახელმწიფოებს შიგნით. სხვა სიტყვებით, იმის მიუხედავად, რომ მოქალაქეობაზე საუბრისას, ძირითადად, უნივერსალიზმის, მიკუთვნებულობისა და ინკლუზიის (ჯგუფებისა და ინდივიდების ფარგლებში შემოყვანის) და ამ ჯგუფებსა და ადამიანებზე უფლება-მოვალეობების გავრცელების ენა გამოიყენება, აუცილებელია იმის გააზრება, რომ მოქალაქეობის ცნება და პრაქტიკა ყოველთვის მოიაზრებს და ფარგლებს გარეთ ან „უცხოდ“ აქცევს გარკვეულ ჯგუფებსა და ადამიანებს (Isin and Turner 2002).

მოდერნული შეხედულება მოქალაქეობის შესახებ (რომელიც სახელმწიფოს ქვეშ არსებულ სამართლებრივ სტატუსს ნიშნავს)  ბევრ კონტექსტში დამდგარა ეჭვის ქვეშ, აშკარაა მისი შინაარსის გაფართოვების მცდელობები და ბრძოლები პოლიტიკური ძალაუფლების გაზიარებისა და სოციალური თუ ეკონომიკური რესურსების გადანაწილებისთვის (Isin and Turner 2002). შესამჩნევია მოქალაქეობის სხვადასხვა ასპექტების გადააზრების მცდელობაც - მათ შორის იმ წარმოდგენების, თუ რას ნიშნავს იყო მოქალაქე და ვინ არის, ან არ არის მოქალაქე (რომელ ინდივიდებსა და ჯგუფებზე ვრცელდება უფლებები და მოვალეობები) (ibid.). თუმცა ისიც აშკარაა, რომ ნეოლიბერალიზმის ეპოქაში ადამიანებს წვდომა სოციალურ სიკეთეებზე უფრო და უფრო ნაკლებად აქვთ. მეტიც, განსაკუთრებით პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ხშირად ისმის ის აზრიც, რომ სოციალური უფლებები საერთოდ არ უნდა არსებობდეს უფლებების კატეგორიაში. საქართველოში დღეს საკმაოდ მწირია ის სიკეთეები, რასაც ხელისუფლება საზოგადოებას აწვდის და კიდევ უფრო მწირია ის სიკეთეები, რაზე წვდომაც სოფლის მაცხოვრებლებს აქვთ, მათ შორის განათლების, დასაქმების თუ ინფრასტრუქტურის კუთხით. მაგალითად, OECD-ს კვლევის მიხედვით, „მოსწავლეები სოფლად 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც, დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება,“ განათლების კუთხით სოფელსა და ქალაქს შორის არსებული უთანასწორობა მკვეთრად გაზრდილია წინა 10 წელთან შედარებით [1], ხოლო 2017 წლის მონაცემებით, იმ შინამეურნეობების რაოდენობა, რომლების ერთ წევრს მაინც ჰქონდა უმაღლესი ან შემდგომი საფეხურის განათლება, სოფლად 2-ჯერ უფრო დაბალია ქალაქის იმავე მაჩვენებელზე [2]. იმ შინამეურნეობების რაოდენობა, რომლების ერთი წევრი მაინც არის დასაქმებული მაღალი კვალიფიკაციით ქალაქში 2.5-ჯერ აღემატება სოფელში ანალოგიურ მაჩვენებლებს [3], ხოლო საშუალო კლასის ხვედრითი წილი დედაქალაქში ყველაზე მაღალია (30.1%) და თითქმის ორჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ რეგიონს - აჭარას (16.7%) [4] და „2017 წელს ქალაქში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავალი 867.1 ლარს შეადგენდა, ხოლო სოფლად – 672.7 ლარს“ [5].

რესურსების შეზღუდულობის პირობებში ელემენტარული სერვისები და ინფრასტრუქტურაც კი რეგიონში მაცხოვრებლებისთვის დიდი პრობლემაა და ეს პრობლემა რეგიონების თითქმის ყველა მცხოვრებს ეხება. თუმცა ზოგადი ფონის სიმძიმის პარალელურად, აშკარაა რომ მუნიციპალიტეტები და საჯარო ინსტიტუტები მიმართავენ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ისინი გარკვეულ ჯგუფებს კიდევ უფრო გარიყავენ და აქცევენ შინაურ „უცხოდ“ - არასათანადო ან არამნიშვნელოვან მოქალაქედ, რომელიც მოქალაქეობის უფრო დაბალ საფეხურზე დგას. ეს პრაქტიკები მხოლოდ მხოლოდ ენაში არაა გამოხატული, ანუ მხოლოდ დისკურსული კი არ არის, უფლებებზე წვდომის შეზღუდვის, ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სერვისის მიწოდებით ან არ მიწოდებით ქმნის მეორეხარისხოვან მოქალაქეებს.

ქვემო ქართლში ასეთი ერთ-ერთი გარიყული ჯგუფის მაგალითი აზერბაიჯანელი თემია. იმის მიუხედავად, რომ აზერბაიჯანელი თემის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ხშირად ეს მათთვის მხოლოდ სამართლებრივ სტატუსს ნიშნავს და შეიძლება მხოლოდ არჩევნებში ნომინალური მონაწილეობით შემოიფარგლებოდეს. იმის მიუხედავად რომ ფორმალურად ისინი მოქალაქეები არიან, მათ მოქალაქეობის გარანტიები და სიკეთეები არსებითად შეზღუდული აქვთ.

 

პოლიტიკური უფლებები

პოლიტიკური უფლებები არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას მოიცავს, არამედ წარმომადგენლობითი თვითმმართველობის ყოლას და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობასაც. იმის მიუხედავად, რომ ფორმალურად აზერბაიჯანულენოვან სოფლებში დასახლების კრებებიც იმართება და მერიაში თუ პარლამენტში აზერბაიჯანელ თემს წარმომადგენლობაც ჰყავს, დასახლებების კრებები მოჩვენებითი დემოკრატიის მაგალითი უფროა, სადაც მუნიციპალიტეტი თავად კარნახობს მოსახლეობას გადაწყვეტილებებს [6]. ხოლო მუნიციპალიტეტებში და ხელისუფლების სხვა ორგანოებში აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლობა შემაშფოთებლად მცირეა [7], ამასთან, პარლამენტსა და მუნიციპალიტეტში არჩეული პირები აზერბაიჯანელი თემის წუხილების და პრობლემების მიმტანები არ არიან და არ წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომელთაც შეუძლიათ თემის წინაშე არსებული პრობლემების დასმა და დღის წესრიგში შემოყვანა. შესაბამისად, თუ ფართოდ შევხედავთ პოლიტიკურ უფლებებს და გავიაზრებთ, რომ ისინი მხოლოდ დაწერილი კანონებით არ შემოიფარგლება, აშკარაა, რომ პოლიტიკური მონაწილეობა აზერბაიჯანელი თემისთვის შეზღუდულია.

 

სამოქალაქო უფლებები

სამოქალაქო უფლებები მოიცავს რელიგიის თავისუფლების, პიროვნების თავისუფლად განვითარების, პირადი საკუთრების და სხვა უფლებებს, რომლებიც ხშირად ვერ ხორციელდება აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში. მაგალითად, ბოლნისში აზერბაიჯანული წარმოშობის პირებისთვის სახლების გადაფორმება ფაქტიურად შეუძლებელია ადგილობრივი ინსტიტუციური ან მასიურად გავრცელებული არაფორმალური პრაქტიკების გამო. ხოლო მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მიწები და საცხოვრისები მასიურად არასწორადაა რეგისტრირებული - რეგისტრირებულია სხვის, მაგალითად, მეზობლის ან სხვა სოფელში მცხოვრები ადამიანის სახელზე. რაც იმის განცდას ჰქმნის, რომ სახელმწიფოსთვის საკუთარი მოქალაქების გარკვეული ნაწილისთვის საკუთრების სწორი სახელით რეგისტრაცია უმნიშვნელოა. თითქოს სახელმწიფო ერთიან მასად აღიქვამს ყველა აზერბაიჯანელ მოსახლეს და, შესაბამისად, უმნიშვნელოა მათი პიროვნებებიც და სახელებიც.  მოქალაქეობისთვის აუცილებელი საკუთრების უფლება (რომელსაც ყველაზე თავგამოდებით იცავენ ნეოლიბერალები) ვერ ხორციელდება ადგილობრივი ინსტიტუციური ან მასიურად გავრცელებული არაფორმალური პრაქტიკების გამო. თუმცა პირადი საკუთრების საკითხი კიდევ უფრო კომპლექსურია თუ გავითვალისწინებთ პოსტ-საბჭოთა პერიოდის ისტორიასა და გამოცდილებას. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ სოფლების უმრავლესობაში მიწები მასიურად ძალაუფლების მქონე მხოლოდ რამდენიმე პირის საკუთრებაში მოექცა. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება, რომ თავად ეყიდა ან გადასცემოდა სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები, რამაც სოფლებში  მცირემიწიანობა და სიღარიბის გაღრმავება გამოიწვია.

აზერბაიჯანელ თემს ხშირად ეზღუდება სხვადასხვა სახის უფლებებიც, მათ შორის რელიგიის თავისუფლების და პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებები, მაგალითად, მეჩეთების აშენება მეჩეთის სტატუსით ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში სხვადასხვა ინსტიტუციური თუ არაფორმალური პრაქტიკების გამო თითქმის შეუძლებელია.  

 

სოციალური უფლებები და ინფრასტრუქტურა

ფუკოს მიერ თეორიზებული კონცეპტის, ბიოპოლიტიკის, მიხედვით თანამედროვე სახელმწიფოები მმართველობას ხშირად ახორციელებენ მოსახლეობის ცხოვრებისთვის საჭირო რესურსების განკარგვის მეშვეობით (Foucault 2010[1978-79]). სახელმწიფოებისთვის ზოგიერთი ჯგუფები ან პირები მოქალაქეობას და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ნაკლებად „იმსახურებენ.“ სწორედ ამიტომ ინფრასტრუქტურის მოწყობაში და სხვადასხვა სერვისების მიწოდებაში კარგად გამოიხატება, თუ როგორ ხედავს თავის მოქალაქეებს სახელმწიფო, ვის მიიჩნევს ღირსეულ სუბიექტად, რომელიც იმსახურებს სახელმწიფოს კეთილდღეობას და ვის - ნაკლებ ღირსეულად და ნაკლებ მოქალაქედ (Anand 2017). ამისი აშკარა მაგალითია ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანულენოვან სოფლებში. მათ შორის, მასიური პრობლემაა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ აზერბაიჯანულ სოფელში ფუნქციონირებს და გადაადგილებას უზღუდავს ან ურთულებს სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.[5] დღემდე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება აზერბაიჯანულენოვან სოფლებამდე მისასვლელი გზები. ხოლო თუ სოფლამდე მისასვლელი გზები გაკეთებულია (და ისიც ხშირად უხარისხოდ), სოფლების შიგნით გზები მოპირკეთებული არ არის, ამის გამო ყოველი წვიმისა და თოვლის მოსვლისას ატალახდება ხოლმე და ადამიანებს ფეხით გადაადგილებას ურთულებს.

დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული და მნიშვნელოვანი პრობლემა კი აზერბაიჯანულენოვანი სოფლებისთვის სასმელი და სარწყავი წყალია.[6] სასმელი წყალი ბევრ სოფელს მხოლოდ სოფლის ცენტრში აქვს და დიდი შრომის გაწევაა საჭირო მის ასავსებად და სახლამდე მისატანად. სოფლების ნაწილს კი სასმელად სრულიად უვარგისი წყალი მიეწოდება. ხოლო სარწყავი წყლის სისტემა ქვემო ქართლის აზერბაიჯანული სოფლების სრულ უმეტესობაში არაფორმალური გზებით მცირე გავლენიანი ჯგუფის ხელშია და ის მოსახლეობა, რომელსაც რაიმე სახის მეურნეობა აქვს, წვიმის იმედად ცხოვრობს. მწვავეა ნარჩენების პრობლემაც - იშვიათი გამონაკლისების გარდა,   ნაგვის ურნები სოფლებში არ არის, ხოლო ნაგვის მანქანები არ დადის ან იშვიათად დადის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში, რის გამოც გარემო ნაგვით ივსება და მწვავე ეკოლოგიურ პრობლემები იჩენს თავს.[7] ასევე, ქვემო ქართლში აზერბაიჯანულენოვან სოფლებში მასიურად არ არსებობს ბაღები და წინასასკოლო განათლების დაწესებულებები. მეტიც, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა არსებული ბაღი მხოლოდ ქართულ სოფლებშია.[8] ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გარდა, იმ დასახლებებში, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, აშკარაა რელიგიური თუ კულტურული დომინაციის მცდელობები [8] [9] [10].

აშკარაა, რომ აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის მონიშვნა და სისტემური გარიყვა მხოლოდ ნაციონალისტური (თუ ნაციონალური) დისკურსით კი არ ხდება, არამედ ელემენტარული სერვისების თუ უფლებების მათთვის შეზღუდვით ან ინფრასტრუქტურის შეზღუდვის მეშვეობითაც. გამართული ინფრასტრუქტურის არსებობა ზოგიერთ ჯგუფს აღიარებულ მოქალაქეებად აქცევს, ხოლო ზოგს პირიქით - უგულებელყოფს. ქვემო ქართლში თანამედროვე ინფრასტრუქტურის, სხვადასხვა სერვისის ან ზოგიერთი უფლების გამოყენების თვალსაზრისით, აზერბაიჯანელი თემი მოქალაქეობის დაბალ საფეხურზე თავსდება.  ინფრასტრუქტურასა და სხვადასხვა სერვისზე ხელმისაწვდომობა თუ ხელმიუწვდომლობა განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორია თავად თემის შეხედულება თავიანთი მოქალაქეობის და მათი ადგილის შესახებ სახელმწიფოში (Anand 2017) - გაუმართავი ან არარსებული ინფრასტრუქტურა და უფლებების შეზღუდვის პრაქტიკები საქართველოს აზერბაიჯანელ მოსახლეობაში მიტოვებულობის განცდას იწვევს და თავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ აგრძნობინებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Anand, Nikhil. 2017. Hydraulic City: Water and the Infrastructures of Citizenship in Mumbai.

Foucault, Michel. 2010. The Birth of Biopolitics: Lectures at the Collège de France, 1978-79. Edited by Michel Senellart. Translated by Graham Burchell. Paperback edition. Michel Foucault’s Lectures at the Collège de France. New York, NY: Palgrave Macmillan.

Holston, James. 2008. Insurgent Citizenship: Disjunctions of Democracy and Modernity in Brazil. Information Series. Princeton: Princeton Univ. Press.

Isin, Engin F, and Bryan S Turner. 2002a. “Citizenship Studies: An Introduction.” In Handbook of Citizenship Studies. London: Sage Publications. https://doi.org/10.4135/9781848608276.

———. 2002b. Handbook of Citizenship Studies.London: SAGE Publications Ltd. https://doi.org/10.4135/9781848608276.

Marshall, T.H. 1998. “Citizenship and Social Class.” In The Citizenship Debates: A Reader, edited by Gershon Shafir. Minneapolis: University of Minnesota Press.

Nyers, Peter. 2011. “No One Is Illegal Between City and Nation.” Studies in Social Justice 4 (2): 127–43. https://doi.org/10.26522/ssj.v4i2.998.

[1]უფლებების შესახებ მსჯელობა ხშირად მხოლოდ სამოქალაქო უფლებებზე ვიწროვდება ხოლმე, ხოლო დისკურსის წამყვანი „თავისუფლების“ კონცეფცია ხდება

[2] იმის მიუხედავად რომ თანამედროვე მოქალაქეობის ცნება სამივე ასპექტს მოიცავს, კონკრეტული უფლებები და მათი სიღრმე კონტექსტით არის განპირობებული და განსხვავდება სხვადასხვა სახელმწიფოში.

[3] სხვადასხვა ავტორები, მათ შორის, ჯორჯიო აგამბენი კითხვის ქვეშ აყენებს იმ საკითხს, რომ უნივერსალურ უფლებებს უფლებები შეიძლება ეწოდოს (Agamben 1999).

[4] უნივერსალურ უფლებებზე მითითების მიუხედავად, აშკარაა, რომ მაგალითად, მიგრანტებზე საუბრისას უფლებების უმრავლესობა მაინც ისევ მოქალაქეობის ჭრილში განიხილება. ამ შეხედულებების გადახედვის მცდელობაზე იხილეთ პიტერ ნაიერსის  სტატია No One is Illegal Between City and Nation.

[5] ზოგადად, მუნიციპალური ტრანსპორტი პრობლემაა მთელი საქართველოს რეგიონებში, თუმცა ქვემო ქართლში, ქართულ სოფლებთან შედარებით, მასიურად დიდი პრობლემა აზერბაიჯანულენოვან სოფლებს უდგათ.

[6] პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა აჭარელი ეკომიგრანტების სოფლებშიც.

[7] საჯარო სამსახურები ამას იმით ხსნიან, რომ ზოგ სოფელში მისასვლელი ნორმალური გზა არ არსებობს, თუმცა აშკარაა, რომ ნაგვის გატანის პრობლემა ისევე აქვთ იმ სოფლებს, სადაც გზა გაკეთებულია.

[8] ბოლნისის მუნიციპალიტეტი თანახმაა, ამ პრობლემის გადაჭრის გზები მოინახოს