პროექტისსამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტებიფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუ წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმაების მნიშვნელობა და მათი კავშირი ქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები

გთავაზობთ სონია კილორან-მაკკიბინისა და ანა ზალიკის სტატიასმომპოვებლურ/მწარმოებლური დიქოტომიის გადააზრება ნეოლიბერალიზმის პირობებში"

სტატიისთვის სინთეზური შესავალი მოამზადა ანა დიაკონიძემ

 

სინთეზური შესავალი

სონია კილორან-მაკკიბინისა და ანა ზალიკის სტატია უაღრესად საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ექსტრაქტივიზმის (იგივე მომპოვებლობის) ფენომენს განიხილავს ძალიან ფართო პერსპექტივაში. კერძოდ, ტექსტში გაკრიტიკებულია ვიწრო ფოკუსი, რაც გარემოსა და სამუშაო ძალის ექსპლუატაციაზე გადის და აქცენტი კეთდება ექსტრაქტივიზმის, როგორც ნეოკოლონიალიზმის განმტკიცების ერთ-ერთ მექანიზმზე.

გუდინასის თეორიაზე დაყრდნობით, ავტორები განასხვავებენ ორი ტიპის ეკონომიკას: მომპოვებლურს (რომელიც, ძირითადად ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებითა და ექსპორტითაა დაკავებული) და მწარმოებლურს (რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის მიმღები და გადამამუშავებელი ქვეყნებია). ამასთანავე, ხაზგასმულია ის, რომ ექსტრაქტივიზმი (იგივე მომპოვებლობლური მრეწველობა) ძირითადად გლობალურ სამხრეთშია გავრცელებული, ხოლო გლობალური ჩრდილოეთი (განვითარებული სამყარო) კი მოპოვებული ნედლეულით აწარმოებს მრეწველობას. სწორედ ეს წარმოადგენს ნეოკოლონიალიზმის ერთ-ერთ თანამედროვე გამოვლინებას.

ავტორების მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული დიქოტომია მომპოვებლური და მწარმოებლური ეკონომიკების შესახებ მცდარია: მომპოვებლობა, იგივე ექსტრაქტივიზმი, გარკვეული დოზით მოიცავს წარმოებას თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ იგი ადამიანის შრომის შედეგია; ამასთანავე მწარმოებლური ეკონომიკები დღეს უფრო და უფრო მეტად ექსტრაქტიული ხდებიან. აღნიშნულის მაგალითად ავტორებს მოჰყავთ სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელშიც საკვები პროდუქტების წარმოება უფრო მეტად ორიენტირებულია ექსპორტზე (ჩრდილოეთის ქვეყნების დაკმაყოფილებაზე), მაშინ, როდესაც ადგილობრივად (გლობალური სამხრეთის ქვეყნებში) შეიძლება საკვები პროდუქტების დეფიციტი არსებობდეს.

განსაკუთრებით საინტერესოა დისკუსია “ნეო-ექსტრაქტივიზმის” შესახებ, რომელიც ასევე გუდინასის მიერ შემოტანილი კონცეპტია, და რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ექსტრაქტიული პრაქტიკის ნაციონალური მიზნებისთვის გამოყენებაზე აკეთებს აქცენტს. ტექსტში განხილულია სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის (ბოლივია, ეკვადორი) მაგალითი, სადაც მემარცხენე მთავრობებმა ახალი დატვირთვა მიანიჭეს წიაღისეულის მოპოვებას და გაზარდეს მომპოვებლური კომპანიებისათვის გადასახადები იმ მიზნით, რომ ამოღებული თანხა სოციალურ პროგრამებზე მიემართათ. ზოგიერთ შემთხვევაში კი მათ დაიწყეს მოპოვებითი ინდუსტრიების ნაციონალიზაცია. ავტორები აკრიტიკებენ მსგავს მიდგომას, რადგან, მათი აზრით, ეს არ ცვლის ექსტრაქტივიზმის ექსპლუატაციურ ბუნებას - სახელმწიფო და ტრანსნაციონალური კომპანიები ამ შემთხვევაში ერთმანეთის ლეგიტიმაციას ეწევიან და იცვლება დისკუსიის ფოკუსი: ნაცვლად იმისა, რომ საუბარი იყოს იმაზე, თუ რა როლი აქვს ექსტრაქტიულ ინდუსტრიებს ქვეყნის განვითარებაში, საუბარი მიდის იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ მისგან მიღებული შემოსავალი.

მთავარი პრობლემა, რაც საინტერესოა ყველა სხვა განვითარებადი ქვეყნისთვის, იმაში მდგომარეობს, რომ დავინახოთ აღნიშნული სექტორის როლი ქვეყნის განვითარებაში, თუკი ასეთი საერთოდ შეიძლება არსებობდეს. სწორედ, ამ ჭრილშია საინტერესო საკითხის ანალიზი საქართველოს შემთხვევაშიც.

 

მომპოვებლური მრეწველობები საქართველოში

ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებას ქართულ ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა, ის არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც ე.წ. ჰოლანდიურ დაავადებას ან “resource curse”-ს განიცდიან[1]. ამის მიუხედავად, უაღრესად მნიშვნელოვანია გავიაზროთ რა სტრატეგიით ხდება წიაღისეულის მოპოვება ქვეყანაში, ვის ხელშია ეს ინდუსტრია? (ეროვნული თუ ტრანსნაციონალური კომპანიების) და შესაბამისად, ვინ იღებს სარგებელს ამ საქმიანობისგან? (მთავრობა, მასში დასაქმებული ადამიანები თუ მფლობელი კომპანია?).

საქართველოში საუბარიც კი არ მიდის ნეო-ექსტრაქტივიზმზე. პირიქით, ბოლო პერიოდში მოპოვებითი ინდუსტრიის სფეროში მიმდინარე გაფიცვებზე სახელმწიფოს გამოხმაურება ის იყო, რომ გადასახადებს და ჯარიმებს ვერ გაუზრდიდნენ/დაუწესებდნენ კომპანიებს მათი ქვეყნიდან გაქცევის შიშით. სექტორში დასაქმებულთა სამუშაო პირობების ანალიზი, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მიყენებული ზიანისა და კულტურული მემკვიდრეობის ნგრევის ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ ცხადია, რომ, ექსტრაქტივიზმი საქართველოში ექსპლუატაციურია ყველაზე მკაცრი გაგებით! 

აღნიშნულის ფონზე ცხადია, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ადგილი უნდა ეჭიროს ამ ინდუსტრიას ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაში და მისი განვითარების სტრატეგიაში. ეს განსაკუთრებით საინტერესოა იმის ფონზე, რომ სფეროში მიმდინარე კვლევები მიუთითებენ ექსტრაქტიულ ეკონომიკებში არსებულ სტრუქტურულ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლიან მოპოვებითი ინდუსტრიებიდან მიღებული რესურსების სოციალური მიმართულებით გადამისამართებას. ექსტრაქტივიზმი, სოციალური ტრანსფორმაცია და დეკოლონიზაცია სტრუქტურულად შეუთავსებელი მოვლენებია - სწორედ ეს დასკვნები/არგუმენტები არის უმნიშვნელოვანესი ქართულ (და არამარტო) კონტექსტში მდგომარეობის ანალიზის დროს.  

 

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ნახვა

გადმოწერა

მწარმოებლურ_მომპოვებლური_1555675801.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] დეტალურად იხილეთ თარგმნილ ტექსტში