ფოტო: ipn.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს გუშინ დაკავებული, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ინტერესებს.

საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ, სადაც სხვადასხვა პირები ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. ამ ქმედებებში მონაწილეობას იღებდა მორის მაჩალიკაშვილი, კერძოდ, ურტყამდა პოლიციის თანამშრომლებს და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

ამ ეტაპზე საგამოძიებო ორგანოს მიერ წარმოდგენილი საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილმა განახორციელა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, მით უფრო ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმა ან რაიმე სხვა ძალადობრივი ქმედება. 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის დროს მიმდინარე მოვლენები პროკურატურის მხრიდან დეტალურ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. პროკურატურამ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს აქციის მონაწილეების ნაწილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქცევა, შეკრების იმ მონაწილეების ქცევისგან, რომლებიც პოლიციასა და აგრესიულ აქციის მონაწილეების ნაწილს შორის მომხდარ დაძაბულობასა და ჭყლეტაში მოჰყვა და სპონტანური ქცევა და თვითგადარჩენის მდგომარეობაში ყოფნა უწევდა. ამ მოცემულობას, მათ შორის, ქმნიდა პოლიციის მიერ მასების მართვისთვის გამოყენებული არასათანადო სტრატეგია, რომელიც აქციის მონაწილეებს საკუთარი ქცევის სათანადო კონტროლის შესაძლებლობას უკარგავდა. ამასთან, შეკრების მონაწილეების მიერ განხორციელებული ძალადობის საკითხის შეფასების დროს, პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს ძალადობის განხორციელების დრო და კონკრეტულ მომენტში პოლიციის ქცევა, რომელიც შეიძლება შეკრების მონაწილის მოგერიების ან თვითგადარჩენის მდგომარეობაში ჩაყენების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. სწორედ ამიტომ, სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მტკიცებისთვის პროკურატურამ მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობა უნდა შექმნას, სადაც აშკარად და რეალურად ჩანს პოლიციის დაზიანების, ძალადობის განხორციელების და პარლამენტში შეღწევის მიზნით კორდონის გარღვევის აქტიური და აშკარა განზრახვა შეკრების მონაწილის მხრიდან. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე გაზიარებული საქმის მასალები და მტკიცებულებები ამ გარემოებას ვერ ადასტურებს.

ამ დროისთვის, EMC აგრძელებს დაკავებულის დაცვას და საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შემდგომ ეტაპზე გააკეთებს შესაბამის განმარტებებს.