საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარუდგინა. წარდგენას მწვავე კრიტიკა მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რადგანაც წარდგენილი კანდიდატები მოსამართლეთა იმ ჯგუფის ლიდერებს ან მასთან დაახლოებულ მოსამართლეებს წარმოადგენდნენ, რომელიც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში არაფორმალურ მმართველ გუნდად (ე.წ. კლანად) სახელდება. კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტმა კანდიდატების განხილვა გაზაფხულისთვის გადადო. მოგვიანებით ათივე წარდგენილმა მოსამართლემ თავისი კანდიდატურა მოხსნა. პარლამენტის მიერ საკითხის განხილვის გადადების გამოცხადებიდან მეორე დღესვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძესთან გასაუბრება დანიშნა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაამტკიცა. რა სმენია საქართველოს მოსახლეობას ამ პროცესის შესახებ? სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ ჩატარდა, საზოგადოებას არ აქვს ბევრი ინფორმაცია დანიშვნის პროცესზე და უმეტესად არ იცნობს წარდგენილ კანდიდატებს. გამოკითხული რესპონდენტები არც იმ კანდიდატთა დანიშვნას ემხრობიან, რომელთა შესახებაც ინფორმაცია აქვთ. და ბოლოს, მოსახლეობას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის ზუსტად ნახევარს სმენია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისა და პარლამენტის მიერ განხილვის გადადების შესახებ. მათი დაახლოებით მეხუთედი (22%) ნდობას უცხადებს ამ პროცესს. თითქმის ნახევარი (48%) არ ენდობა, ხოლო 30%-ს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გააჩნია.

საზოგადოების დიდ ნაწილს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ არ სმენია. მათგან, ვისაც სმენია მოსამართლეთა წარდგინების შესახებ, 41%-ზე მეტი წარდგენილი ათი კანდიდატიდან ექვსს არ იცნობს. ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მოსახლეობას ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, ისინი უფრო მეტად ამბობენ, რომ კანდიდატები უზენაეს სასამართლოში უვადოდ არ უნდა დაინიშნონ. მოსახლეობას შედარებით მეტი ინფორმაცია სამი კანდიდატის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილის შესახებ აქვს. უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებში, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომელიც სასამართლო სისტემაში არაფორმალური მმართველი გუნდის ლიდერად მიიჩნევა, სხვა კანდიდატებთან შედარებით „დიახ“ და „არა“ პასუხების ყველაზე მეტი წილი მიიღო.

საერთო ჯამში, რაც უფრო უკეთ იცნობს მოსახლეობა კანდიდატს, მით უფრო დიდი ალბათობით ამბობს, რომ იგი უზენაეს სასამართლოში არ უნდა დაინიშნოს. საქართველოს მოსახლეობის იმ ნახევრიდან, რომელსაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ სმენია, მხოლოდ 13% ეთანხმება, რომ კანდიდატები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით შეარჩიეს; 45%-მა არ იცის, ან - არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 41% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას.

რესპონდენტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შესახებაც ჰკითხეს. მურუსიძე წარსულში ბევრი გახმაურებული და პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეს განიხილავდა და ხშირად სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ობიექტი იყო. იგი მოსამართლეთა არაფორმალური მმართველი ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება. საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შესახებ. მათმა ნახევარზე მეტმა (57%) ეს მოვლენა უარყოფითად შეაფასა. მხოლოდ 13%-მა გამოხატა დადებითი დამოკიდებულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილების შესახებ, 29%-ს კი შეფასება გაუჭირდა.

ამრიგად, მოსახლეობის მხოლოდ ნახევარს სმენია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს. რაც უფრო მეტად სმენიათ გამოკითხულებს ცალკეული კანდიდატების შესახებ, მით უფრო ამბობენ, რომ ისინი არ უნდა დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში უვადოდ. ზოგადად, პროცესი უფრო უარყოფით ჭრილშია აღქმული, რაც ხაზს უსვამს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის გაუმჯობესების საჭიროებას.

შენიშვნა: ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასში წარმოდგენილი ინფორმაცია სატელეფონო გამოკითხვას ეფუძნება. ტექსტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „CRRC-საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI). სტატიაში არსებული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის პროცესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების დასადგენად „CRRC-საქართველომ“ 2019 წლის 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე პერიოდში ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა“ ფარგლებში. გამოიკითხა საქართველოს სრულწლოვანი ქართულენოვანი 804 მოქალაქე; მონაცემები საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენლობითია; ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.6%-ის ტოლია.