• ავტორი: სტივენ პ. სავაჟი (2012)
  • ქეთევან თიკანაშვილის თარგმანი

ბოლო 15 წლის მანძილზე ბრიტანეთისა და ირლანდიის კუნძულებზე შეიქმნა მთელი რიგი სააგენტოები, რომლებიც საპოლიციო საჩივრებისა და დისციპლინარული გადაცდომების დამოუკიდებელი გამოძიების საშუალებას იძლევა.[1] მოცემული ნაშრომი, ეყრდნობა რა სამი ასეთი სააგენტოს პრაქტიკოსებთან 100-ზე მეტ ინტერვიუს, იკვლევს საპოლიციო საჩივრების  დამოუკიდებელ გამოძიებას ორი ძირითადი შეკითხვის დასმის გზით - როგორ განმარტავენ „დამოუკიდებლობას“, როგორც პროფესიულ ფილოსოფიასა და პრეზენტაციის იარაღს ისინი, ვინც გამოძიების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი და რა შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს აღიქვამენ პრაქტიკოსები ბარიერებად ამ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში. ამ საფუძვლებზე ნაშრომი წარმოგვიდგენს საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელ გამოძიებას, როგორც მუდმივ ურთიერთქმედებას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და მარეგულირებელი სისტემის წნეხს შორის.

საპოლიციო საჩივრების სისტემისა და პროცესის შესახებ დებატებისა და ანალიზის დიდ ნაწილს “დამოუკიდებლობის” ცნებაზე მსჯელობა მოიცავს. როდესაც პოლიციაში სისტემის წარუმატებლობა ვლინდება, ხშირად, პრობლემის გადაჭრის გზად საპოლიციო მმართველობის „დამოუკიდებელი“ დონეების შემოღება გვევლინება. როდესაც ზემოთხსენებული სისტემური წარუმატებლობა კონკრეტულად პოლიციის დისციპლინურ გადაცდომას ეხება,  გამოსავალი, როგორც წესი, კონკრეტულად საპოლიციო საჩივრების პროცესში დამოუკიდებელი ელემენტებისა და მექანიზმების შემოღებაა. როდესაც თავად საჩივრის მექანიზმები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, შეშფოთებას, როგორც წესი, დამოუკიდებლობის აშკარა „ნაკლებობა“ იწვევს. გამოსავლად, უფრო ხშირად, დამოუკიდებელი ელემენტის  გაძლიერება ანდა ‘მეტი’ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა გვესახება. ამ კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური და დომინანტურიც კი ხდება დამოუკიდებლობის ერთ-ერთი განზომილება - საპოლიციო საჩივრებისა და დისციპლინარული გადაცდომის დამოუკიდებელი გამოძიება. საპოლიციო საჩივრებისა და დისციპლინარული გადაცდომების დამოუკიდებელი გამოძიების ცნებამ განუზომელი მნიშვნელობა შეიძინა საპოლიციო მმართველობის სფეროში. თუკი საპოლიციო საჩივრების განმხილველი ორგანოს ეფექტურობის საზომი მისი დამოუკიდებლობის ხარისხია, საპოლიციო საჩივრების მექანიზმების ირგვლივ არსებული დებატებითა და ანალიზით ეს ხარისხი ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად პოლიციისგან დამოუკიდებლად ხდება საჩივრების გამოძიება კონკრეტულ იურისდიქციებში.  (Seneviratne 2004; Prenzler 2011;Filstad and Gottschalk 2011). პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დამოუკიდებელი გამოძიების  ხარისხი ლაკმუსის ტესტად იქცა იმის განსასაზღვრად, არის თუ არა საპოლიციო საჩივრების სისტემა ეფექტური, სანდო და სამართლიანი, ან სულ მცირე, აღიქმება თუ არა ეს სისტემა ასეთად.  (Watersand Brown 2000) კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც შეფასების ამ ფორმას არეგულირებს, ყურადღებას ამახვილებს დამოუკიდებელი გამოძიების ფარგლებზე; იმაზე - თუ რამდენად შორს წასვლის უფლებას აძლევს დამოუკიდებელ გამოძიებას პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების განხილვის არსებული მექანიზმები.

თუკი არსებობს პოლიციის ზედამხედველობის უფრო ფართო ტრაექტორია, თითქმის გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ეს ტრაექტორია საჩივრების სისტემაში დამოუკიდებლობის ელემენტის გაზრდაა; უფრო კონკრეტულად კი - საჩივრებისა და დისციპლინური გადაცდომების დამოუკიდებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის ზომების მიღება.

ეს აზრია დაჭერილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების საბჭოს სპეციალური მომხსენებლის ანგარიშში პოლიციის სერიოზულ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით; ანგარიშში ნათქვამია:

ეფექტური ზედამხედველობის განხორციელებისთვის, [გარეშე] სააგენტოს უნდა ჰქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ძალაუფლება. დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების კანონიერი უფლებამოსილების გარეშე, სააგენტოს მიერ განხორციელებული ზედამხედველობა მოწყვლადი იქნება პოლიციის გავლენის მიმართ. (Aston 2010: 22)

ამ ნაშრომის მიზანია იმის ჩვენება, რომ დამოუკიდებელი გამოძიების ჩარჩოს შემოღება მხოლოდ დასაწყისია და საკითხისთვის პრაქტიკოსების თვალით შეხედვისას იბადება ორი მთავარი შეკითხვა. პირველი შეკითხვაა რას ნიშნავს იყო „დამოუკიდებელი“ - რა არის დამოუკიდებლობა პრაქტიკაში? როგორც  ნაშრომშია განხილული, დამოუკიდებლობა არაა მხოლოდ ონთოლოგიური მდგომარეობა და არც კონკრეტული ინსტიტუციური ფორმა; ის კომპლექსური ცვლადი კულტურული ცნებების სფეროა და სამოქმედო ჩარჩოა. მეორე შეკითხვაა, რა არის ის გარემო ფაქტორები, რომელთა პირობებშიც დამოუკიდებელ გამოძიებას უწევს მოქმედება და რა გავლენა აქვთ ამ პირობებს დამოუკიდებლობის განხორციელებაზე? როგორც ამ კითხვის პასუხად ირკვევა, საპოლიციო საჩივრების დამოუკიდებელი გამოძიების პროცესი მოიცავს „მარეგულირებელი წნეხის“ ძალებთან და დამოუკიდებლობის განხორციელების სხვა პოტენციურ ბარიერებთან მუდმივ ურთიერთქმედებას.

სტატია სრულად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ნახვა

გადმოწერა

მსჯელობა_დამოუკიდებლობაზე_1606218955.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: სტატიაში მოხსენებული ინგლისისა და უელსის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო IPCC (Independent Police Complaint Commission) 2018 წლის იანვრიდან ჩანაცვლდა საჯარო სამართლის იურიდიული პირით - IOPC (Independent Office for Police Conduct).