ქართლში თუ წახვალთ და დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ველებზე მარცვლეულს თესავენ, იცოდეთ, რომ ისინი სხვის მიწაზე მუშაობენ. მათი ხელფასი 15-20 ლარია. სამუშაო დღე 12 საათს გრძელდება, მხოლოდ ერთ საათს ისვენებენ. ძირითადად ქალები არიან, თან ბავშვებიც ახლავთ. მამაკაცების უმეტესობა თურქეთში, აზერბაიჯანში ან პოლონეთში მიდის სამუშაოს საძებნელად.

სოფელ ხულდარაში ადგილობრივები ამბობენ, რომ დღიური სამუშაო მუშების ბაზრობაზე (Fəhlə bazarı) უნდა იშოვო. სოფელში ,,არენდატორის'' გამოგზავნილი კაცები მოდიან და მათ მიჰყავთ მშრომელები ველებზე. შორეულ სოფლებში საქმე უფრო რთულდება, იქაურები თვითონ ადგებიან გზას დღიური სამუშაოს საძებნელად. ზოგიერთს ზუსტად ისეთი ჯიბეებიანი ხალათი აცვია, როგორიც კოლექტივიზაციაზე გადაღებულ ფილმებში გვინახავს. სანამ ძალიან დაიღლებიან, გზაზე ამ ფილმების გმირებივითაც მხიარულობენ, თუმცა ახლა მათ აღარავინ ეუბნება, რომ მომავალი ბედნიერებისთვის მუშაობენ. ხულდარაში სკოლა ძველ ქოხშია მოწყობილი, აქაურები პატარა ავტობუსს ქირაობენ, რომელსაც ბავშვები სოფელ მარეტის სკოლაში მიჰყავს. ახლა ერთადერთ გზად ეს ესახებათ. იმედოვნებენ, რომ ბავშვები ქართულს და ინგლისურს ისწავლიან და მშობლების ბედი აღარ ექნებათ.

***

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში პრივატიზაცია დაიწყო. ასე მთელი ქონება ხელში ჩაიგდო მმართველი აპარატის ყოფილმა ჩინოვნიკებმა და საბჭოთა ინტელიგენციამ. ამგვარი ვითარება წლების განმავლობაში მწიფდებოდა. რეალობაში, სადაც სახელმწიფო იყო მესაკუთრე, ანტაგონისტური კლასების გაუქმების მცდელობის პარალეურად, კლასობრივმა განსხვავებებმა ზედნაშენის სფეროში გადაინაცვლა. ასეთმა სურათმა იმპერიის პერიფერიაში კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია შექმნა. გლეხები, რომლებიც გარიყულ სოფლებში ცხოვრობდნენ, დამანგრეველი უთანასწორობის წინაშე აღმოჩდნენ, სრულიად უძლურები იყვნენ რამე გაეწყოთ ყოფილ ჩინოვნიკებთან და ბიუროკრატებთან,რომლებიც ამ ეტაპზე ბიზნესმენებად ყალიბდებოდნენ. ერთ მხარეს იდგა ძალაუფლებით აღჭურვილი კლანი, რომელიც ასევე კულტურულ ელიტასთან და აკადემიურ წრეებთან იყო გადაჯაჭვული, ხოლო მეორე მხარეს - ღარიბი გლეხი ან მუშა, რომელსაც საზოგადოება კულტურულად ჩამორჩენილადაც აცხადებდა. ამგვარი უთანასწორობის თვალსაჩინო მაგალითია ქვემო ქართლში შექმნილი ვითარება 90 -იან წლებში. აქ სახელმწიფო ქონება, ყველაზე ნაყოფიერი მიწები და დიდი საძოვრები ხელში ეთნიკურად ქართველმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ჩაიგდეს. ხალხის გაძარცვის პროცესი მაშინდელმა ჩინოვნიკებმა და საქმოსნებმა ნაციონალისტური საბურველით გადაფარეს. ეს ყველაფერი წარიმართა ,,გაქართველების'' სახელით. წმინდად ფინანსური ინტერესები შეინიღბა ნაციონალისტური და რელიგიური სიმბოლიკებით.

ამ პროცესის პარალელურად, ხალხის ქონების მიტაცებაში ჩაერთო ადგილობრივი ეთნიკურად აზერბაიჯანელი წვრილი ბიუროკრატია და ჩინოვნიკები, რომლებიც, ცხადია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობდნენ და ბოლომდე გაძარცვეს მოსახლეობა. იერარქიის შესაბამისად მიითვისეს სოფლის მიწების უდიდესი ნაწილი. ასე ჩამოყალიბდნენ ე.წ. არენდატორები. მათ იოლად ისარგებლეს აზერბაიჯანული თემის დაუცველობით. რომელსაც ყოველთვის უჭირდა მთავრობასთან კომუნიკაცია - უპირველესად სახელწიფო ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. თავდაპირველად, ზოგიერთი არენდატორი ხალხს არწმუნებდა, რომ მიწას მხოლოდ ფორმალურად არეგისტრირებდა საკუთარ ქონებად, რადგან პრივატიზაცია აუცილებელი და პროგრესული ეტაპი იყო. მალე ყველაფერი ცხადი გახდა. სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთი ჰექტარიც არ გააჩნია, მათ თანასოფლელ არენდატორებს კი ათობით და ასობით ჰექტარი აქვთ.

არენდატორები, რომლებიც უზარმაზარ მიწებს ფლობენ, მეურნეობას იაფი მუშა ხელის ექსპლუატაციით ამუშავებენ, ან სეზონურად აქირავებენ. ერთი სეზონით ერთი ჰექტარის ასაღებად ოჯახები 600 ლარს იხდიან. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა სარწყავი წყლის მოსაპოვებლად, რომელშიც მთელი ძალაუფლება ისევ ბიუროკრატიასთან შეზრდილ მიწათმფლობელებს აქვთ.

ქვეყანაში წყლის რესურსის გადანაწილების გენერალური გეგმა და სტრატეგია არ არსებობს. საბჭოთა კავშირის დროს არსებული ინფრასტრუქტურა მოიშალა და საირიგაციო სისტემებს კერძო კომპანიები აწყობენ, რომელთაც სახელმწიფო უხდის ფულს. სოფლის მოსახლეობა მუნიციპალიტეტს სთხოვს, რომ სოფელი წყლით მოამარაგოს. მოლაპარაკებებში სოფელს უმრავლეს შემთხვევაში წარმოადგენენ მსხვილი მიწათმფლობელები, რომლებიც მუნიციპალიტეტში ისევ და ისევ თავიანთი ოჯახური ან პარტიული კლანის წევრებთან ნახულობენ საერთო ენას. შესაბამისად, ისინი იოლად ახერხებენ, რომ წყალი თავიანთი მიწებისკენ მიმართონ, ხოლო უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ მიწას, ან არენდატორებისგან იჯარით აღებულ მიწას ამუშავებენ, ხშირად სარწყავი წყლის გარშე რჩებიან. ეს კი უმოსავლოდ დარჩენას ნიშნავს.

სხვის მიწაზე მომუშავეები დანანებით ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უკეთესი იყო ცხოვრება. არადა, ამ ხალხმა ,,ყვითელ სოვეტოლეგებზე’’ უკეთ იცის, რომ საბჭოთა სოციალიზმში ექსპლუატაცია და გაუცხოება თავისი ტოტალურობით და ინტენსივობით არანაკლებ მძიმე იყო. მათი ნათქვამის მიზეზი არც კულტურულ საკითხებში დევს და არც ბელადის კულტზე ცრუფილოსოფიურ მსჯელობაში. სუპერეტატიზმის თეორია ხსნის იმ სპეციფიკურ უთიერთობებს, რომლებიც არსებობდა საბჭოთა სოციალიზმში (სადაც სახელმწიფო მესაკუთრე ხდება, ყველა მოქალაქე კი სახელმწიფო სამსახურში დაქირავებულად იქცევა და ასე სახელმწიფო ყალიბდება ექპლუატატორად, ისაკუთრებს ზედმეტ პროდუქტს), რომელიც თავის მხრივ ფეოდალის და გლეხის ურთიერთობას გვახსენებს. რამდენადაც სამუშაო ბაზარი შეზღუდული იყო მოქალაქეების მოცემული რაოდენობით და არ არსებობდა სამუშაო ძალის საგარეო ბაზარი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო-დამსაქმებელი, წარმოების საშუალებათა მესაკუთრე, იძულებული იყო, თავის თავზე აეღო მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ცხოვრების საბაზისო აუცილებლობაზე (წყალი, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები) ზრუნვა, რადგან ეს პირდაპირ აისახებოდა წარმოების გაზრდასა და სახელმწიფოს მოგებაზე, ზედმეტი ღირებულების მაღალ ნიშნულზე. ზემოგების ნაწილი კი ნაწილდებოდა საჯარო სიკეთეებზე. ამ ყველაფრის შედეგად, ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი იყო ბაღები, რომელთა ნანგრევებს ახლაც შეავლებთ თვალს, გამართულად მუშაობდა სკოლები, ფუნქციონირებდა ამბულატორია და ექიმთან მისვლაც ყველას შეეძლო.

სწორედ ამ მინიმალურ სიკეთეებზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებიც აუტანელ სიცხეში გროშებზე მუშაობენ, ხოლო ახლოს არც ამბულატორიაა და არც აფთიაქი. მოხუცები ერთმანეთს რიგ-რიგობით უზომავენ წნევას, ერთმანეთის მაჩვენებლებს იმახსოვრებენ და სამუშაოს უბრუნდებიან.

თანამედროვე რეალობაში დამსაქმებელი არ არის დაინტერესებული დამატებითი ხარჯები მიმართოს ამ ხალხის ჯანმრთელობის დაცვაზე და საჯარო სიკეთეებზე, რადგან მას მუშახელის ნაკლებობის პრობლემა არ აქვს. შესაბამისად, ეს ურთიერთობა მშრომელისათვის უფრო მძიმე და აუტანელია, ვიდრე გვიანფეოდალიზმში გლეხის ყოფა. ველებზე და სათაბურებიში შრომობენ ადამიანები, რომლებსაც ქრონიკურლი ავადმყოფობები აწუხებთ. მათ უმრავლეს შემთხვევაში, არანირი ინფორმაცია არ აქვთ სამედიცინო სერვისებზე.

ადგილობრივმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გვიამბო ისტორია, რომელიც კარგად აღწერს შექმნილ ვითარებას. მას სურდა სოფელში დისკუასია გაემართა, მაგრამ აუტანელი სიცხის მიუხედავად, ქალების სრული უმრავლესობა მიწაზე მუშაობდა. სამირა იხსნებს, რომ მაშინ შეხვედრა სამუშაო ადგილზე ჩატარდა.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) 2019 წლის კვლევაში, რომელიც ეხება ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხს, ვკითხულობთ, რომ ეთნიკური უმცრესობების წარმომადგენელთა შორის გამოკითხულთა 28.7% ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო 23.7% - უმუშევარი, რაც აღემატება საქართველოს მოსახლეობის უმუშევართა რიცხვს. საქსტატის მიხედვით, 2017 წელს უმუშევარი იყო მოსახლეობის - 13.9% (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2017). უმუშევრებად მივიჩნიეთ ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ და ეძებდნენ სამსახურს გამოკითხვამდე ბოლო 4 კვირის განმავლობაში. ხოლო ეკონომიკურად არააქტიურად - ისინი, ვინც არ ეძებს სამუშაოს, მაგალითად, პენსიონრები, დიასახლისები, სტუდენტები და ა.შ. ამავდროულად, ქალი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა - 38.4%-მა - თქვა, რომ ეკონომიკურად არააქტიურია, ანუ არ ეძებს სამსახურს, ხოლო 19.3%-მა უმუშევრად მიიჩნია საკუთარი თავი. რაც შეეხება კაცებს, 28.4%-ის თქმით, ისინი უმუშევრები არიან და 22.6%-ის თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, როცა არ არსებობს არანაირი სიღრმისეული ცოდნა საქართველოში მიწათმფლობელების მიწებზე მომუშავე ადამიანების შრომითი ურთიერთობების და პირობების შესახებ, ვიღებთ რეალობას, სადაც მთავრობის შემოთავაზებულ დოკუმნტებში მიწაზე მშრომელები ზოგიერთ შემთხვევაში თვითდასაქმებულად არიან გამოცხადებული, ხოლო ზოგიერთ ოფიციალურ მონაცემებში ეკონომიკურად არააქტიურთა რიცხვში არიან მონიშნული.

ამ ადამიანების ერთი ნაწილი პენსიონერია, ხოლო სხვები მძიმე საშინაო შრომის პარალელურად, გაჭირვებით გამოთავისუფლებულ დღეებში მუშაობენ სხვების მიწებზე. შესაბამისად ისინი არ ითვლებიან სამუშაოს მაძიებლებად. ბიუროკრატების ენას უბრალოდ არ შეუძლია ილაპარაკოს ამ ხალხზე.

სხვის მიწაზე მშრომელები ყველაზე ხშირად მომავალ ბედნიერებაზე, იმ ახალგაზრდებზე საუბრობენ, რომლებიც განათლებას იღებენ. ახალგაზრდები იშვიათად ლაპარაკობენ მათზე, რადგან განათლების სიტემაში გაბატონებული იდეოლოგია მალავს შრომას და ესპლუატაციას. სანაცვლოდ ახალი თაობისთვის სხვანაირ ბედნიერებას იგონებს, რომელიც ინდივიდუალურ წარმატებაზეა დაფუძნებული.