ინტერვიუერი: მარიამ შალვაშვილი

რესპონდენტები:

  • აითაჯ ხალილლი - პლატფორმა „სალამის“ წევრი
  • სამირა ბაირამოვა - აქტივისტი
  • აიშან გიზბასლი - პედაგოგი
  • თოზუ გულმამადლი - ქალების უფლებადამცველი

დომინანტურ დღის წესრიგში საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა პრობლემები, უმეტესწილად, მხოლოდ ერთი - გოგონების იძულებითი ქორწინების საკითხით შემოიფარგლება. საჯარო დისკუსიებში ამ თემის განხილვისას შესამჩნევია ნაადრევი ქორწინების ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე დაბრალების რიტორიკა. ამ მსჯელობაში ხან უხილავად, ხანაც ღიად ჩანს აზერბაიჯანელი თემის „ჩამორჩენილად,“ „ნაკლებად განვითარებულად“ მონიშვნის მიდგომა, რომელიც გარედან სხვების, ან ადგილობრივი „გაცივილიზებული“ მამაცი ინდივიდების „ხსნას“ საჭიროებს. თითქოს ნაადრევი ქორწინების პრაქტიკა მხოლოდ მაშინ მოიშლება, როდესაც აზერბაიჯანელი თემი უარს იტყვის ტრადიციებზე და შეიქმნის „მოდერნულ“ ცნობიერებას. ამის გამო ცნობიერების ამაღლების და შეცვლის პროგრამები არის ის ძირითადი მეთოდი, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები აქტიურად იყენებენ ამ თემში მუშაობისთვის და ინტერვენციისთვის. ამ დისკუსიაში ასევე დომინირებს რეპრესიის რიტორიკა, რომ ადგილობრივი კაცები მხოლოდ მაშინ გამოსწორდებიან, თუ მათ დასჯიან უკოპრომისოდ, სასტიკად და დემონსტრაციულად. ამ მსჯელობაში სრულად დაკარგულია ის სტრუქტურული სოციალური და ეკონომიკური გარემოებები, რომელშიც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი ისტორიულად ცხოვრობს. იგნორირებულია სიღარიბის, განათლების, საჯარო სერვისების, სოციალური დაცვის პროგრამების, საზოგადოებრივი სივრცეების საკითხები, რომელიც ჩვენს ისედაც ღარიბ და უთანასწორო ქვეყანაში, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების მიმართ კიდევ უფრო მწირი, ჩამორთმეული და შეზღუდულია. საინტერესოა, რომ ამ განხილვების დროს თითქმის ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება აზერბაიჯანელი ქალების რეალური საჭიროებები, წუხილები და ინტერესები. მათი ხმაც ამ პროცესში სუსტად ისმის, ან ისეა ინტერპრეტირებული, როგორც ეს დომინანტურ პერპექტივას აწყობს. როგორ შეიძლება თავისთავშივე კოლონიური მიდგომა, რომელიც ამ ქალების თემს და სასიცოცხლო გარემოს უარყოფს და ღირებულებას უკარგავს, ემანსიპატორული იყოს? ან და როგორ შეიძლება ემანსიპაციაზე მსჯელობა ძალადობის, ჩაგვრის მაწარმოებელი მიზეზების ტრანსფორმაციის გარეშე? სტატიაში აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელი ქალები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არის პრობლემური ნაადრევ ქორწინებასთან და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებული გაბატონებული დისკურსი და გვიყვებიან, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოს აზერბაიჯანელ ქალებს რეალურად.

აითაჯი: „18 წლის ასაკში, თბილისში სასწავლებლად ჩამოსვლის პირველ დღეებში, გარშემომყოფთაგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ის იყო, თუ როგორ მოხდა, რომ დაოჯახებული არ ვიყავი. სულ მაინტერესებდა, ადამიანი როცა იგებს, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ვარ, რატომ მიყურებს უცნაური მზერით და რატომ თვლის თავს ვალდებულად, გაიგოს მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, თუ როგორ გადავრჩი 13-14 წლის ასაკში ქორწინებას. მაშინ იმდენად ხშირად მიწევდა ამ საკითხზე საუბარი და ახსნა-განმარტება, რომ ბოლოს უკვე დაზეპირებული პასუხებით ვაკმაყოფილებდი ცნობისმოყვარეობით აღსავსე შეკითხვებს. ბოლოს აღმოჩნდებოდნენ ისეთებიც, რომლებიც ჩემზე ამტკიცებდნენ, რომ „აზერბაიჯანელია, მაგრამ... განათლებულია, არ არის გათხოვილი და საკმაოდ კულტურულიც არის“. საკმაოდ ბევრისგან მსმენია, „აითაჯ, ეთნიკურად აზერბაიჯანელებზე შეხედულებები რადიკალურად შემიცვალეო.“ ამ დროს მებადება კითხვა, „კი მაგრამ, საიდან დაიბადა ეს შეხედულება?“ ადამიანი, რომელსაც საერთოდ შეხება არ ჰქონია კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან, რის საფუძველზე ასკვნის, რომ ამ ჯგუფში ხშირია გაუნათლებლობა ან უკულტურობა? რატომ ასოცირდებიან ქართველი აზერბაიჯანელები ძირითადად ადრეულ ქორწინებასთან? რატომ მიიჩნევა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ამ თემში არსებობს და მხოლოდ ამ თემის პრობლემაა?

სამირა: „როდესაც ნაადრევი ქორწინების საკითხზე დომინანტური ჯგუფის საუბარს ვუსმენ, აშკარაა უცოდინრობა - თითქოს მათ მარტო ორ პრობლემაზე აქვთ წარმოდგენა (აზერბაიჯანულ თემში ენის არცოდნაზე და ნაადრევ ქორწინებაზე) და იმის იქით არც კი იციან რა ხდება. მესმის, მედია სენსიტიური თემების გაშუქებას უფრო ცდილობს, მაგრამ არასოდეს არის პრობლემის არსზე, ან ნამდვილ მიზეზებზე საუბარი. მედია და დომინანტი ჯგუფები ეთნიკური უმცირესობათა კულტურას წარმოაჩენენ, როგორც ეგზოტიკურს, ან პრობლემურს. ნაადრევ ქორწინებას ხშირად უკავშირებენ ხოლმე უცნაურ მითებს, რომლებიც არანაირ კავშირშია თვითონ ეთნიკურ უმცირებებთან. ხშირად ცდილობენ, ნაადრევი ქორწინება გააშუქონ როგორც ტრადიცია და რიტუალი. თითქოს, ეს თემის კულტურის ნაწილია და რადგან საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, ხალხის ტრადიციების ესმის. ამიტომ ხელისუფლებაც ცდილობს, მხოლოდ მსუბუქი ჩარევით შემოიფარგლოს.

სინამდვილეში არც მედია და არც დომინანტი ჯგუფები არ იცნობენ ეთნიკური უმცირესობების წარსულს, ან ტრადიციებს. ისინი არ ლაპარაკობენ ღარიბი თემის სოციალურ პრობლემებზე, არც განათლების ხარისხზე. ისინი ხშირად არც იმის საშუალებას აძლევენ თემს, რომ პრობლემაზე ეთნიკურმა უმცირესობებმა თავად ისაუბრონ და ახსნან პრობლემის არსი. ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის ეს თემი არის გაუნათლებელი, ეგზოტიკური, პრობლემის და მისი გადაჭრის გზების არმცოდნე ხალხი. ნაადრევი ქორწინების გარშემო მსჯელობა, ძირითადად, მხოლოდ ტრადიციულ და მენტალურ დონეზე განიხილება. მაგალითად, ჩვენს რეგიონში არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ეარსება სრულფასოვანი რეაბილიტაციის პროგრამას. ჩვენს რეგიონში არ არსებობს კრიზისიული დახმარების ცენტრი, სადაც ძალადობის, ან ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი ქალები იურიდიულ ან ფსიქოლოგის დახმარებას მიიღებენ.“

აიშანი: „ზოგადად, მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ აზერბაიჯანული თემის უარყოფით მხარეებზე, პრობლემებს აშუქებენ ზედაპირულად, ისე რომ სიღრმისეულად შესწავლის საჭიროებასაც ვერ ხედავენ. რასაც შემდგომში მოჰყვება დომინანტური ჯგუფის მხრიდან ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფა და დაჩაგვრა. ეს ჯგუფებს შორის დაპირისპირების და სიძულვილის გაზრდას იწვევს. თუმცა მომზადებულა ისეთი გადაცემებიც, რომლებიც რეალობას ასახავენ და ერთდროულად გადმოგვცემს თემში არსებულ როგორც დადებით, ასევე პრობლემურ საკითხებს. ეს მისაღებია ყველასთვის და არ არის გამაღიზიანებელი. ჩემი აზრით, სწორი მიდგომისთვისა და კარგი შედეგის მისაღწევად რეალობაზე დაყრდნობა და თემის წარმომადგენლების ჩართულობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენი პრობლემების მიღმა სხვადასხვა საკითხები დგას. პირველ რიგში ეს არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. როგორც ვიცით, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს და განათლების დონეც ცენტრთან შედარებით საკმაოდ დაბალია. პრობლემების დიდი ნაწილი თავს იჩენს სკოლის ასაკიდან. სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიჭები ძირითადად სკოლას იმიტომ ტოვებენ, რომ ოჯახს ფინანსურად მხარი დაუჭირონ. ასევე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახები შეძლებული და კარგი ოჯახის შვილზე ათხოვებენ საკუთარ გოგონებს (ხშირ შემთხვევაში ადრეულ ასაკში), რომ იგივე პრობლემების გადატანა არ მოუწიოს გოგონებს. ამ გოგონების დედები ხშირად დიასახლისები არიან ან ორივე მშობელი დაბალი ანაზღაურებით ძლივს არჩენენ ოჯახს. თუმცა არიან მშობლებიც, რომლებიც უკანასკნელ კაპიკებსაც დებენ შვილის განათლებაში და ათასნაირ სირთულესთან უწევთ გამკლავება. ჩვენი თემის უიმედობას ისიც იწვევს, რომ არ ფასდებიან ის ადამიანები, რომლებმაც დიდი შრომა და დრო დახარჯეს განათლებში და ამის მიუხედავად სათანადო ადგილი ვერ დაიკავეს სახელმწიფო სტრუქტურებში თუ სხვაგან.

მოსწავლე-ახალგაზრდებს, სკოლის გარდა (რომელიც, როგორც წესი, ჩაკეტილია სიახლეებისადმი), წასასვლელი და გასართობი არაფერი აქვთ. ეს ენერგიითა და მოთხოვნებით სავსე ახალგაზრდის ერთ ოთახში ჩაკეტვისგან ბევრად არ განსხვავდება. ახალგაზრდებს არ აქვთ ისეთი სივრცეები, სადაც თავისუფალ დროს გაატარებენ ეფექტურად. სოფლებში სახელმწიფო არ მუშაობს და არ ქმნის ამ მიმართულებით მექანიზმებს. ახალგაზრდებს არ შეუძლიათ საკუთარი უნარების, ინტერესის სფეროს აღმოჩენა და თვითრეალიზება. ქორწილები და მსგავსი ცერემონიები გოგონებისთვის ერთადერთ გასართობ ადგილად და ინტერესის სფეროდ იქცევა. კლასში ერთიც რომ დაინიშნება, შემდგომში ეს სენი თანაკლასელებში და სკოლაში ვრცელდება. სწორედ ასე ვკარგავთ მოსწავლეებს. ჩვენი მომავალი პოტენციური ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცავები და ა.შ. უცებ პოტენციური რძლის კანდიდატებად გადაიქცევიან. პრობლემის ძირ-ფესვიანად ამოფხვრისთვის ახალგაზრდებში განათლების მიმართ ინტერესის გაზრდა და ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა.“

აითაჯი: „ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალები ყველაზე ნაკლებად არიან ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში წარმოდგენილნი. ქორწინების შემდეგ, ქალების დიდი ნაწილი ფინანსურად დამოკიდებულია თავის ქმარზე, რაც თავისთავად ოჯახში ძალადობის შემთხვევების მიმღებლობას იწვევს. ზემოთხსენებული პრობლემის ამოსავალ წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე თითქმის არასდროსაა საუბარი. პროფესიულ განათლებაზე შეზღუდული წვდომა განსაკუთრებით ამძიმებს აღნიშნულ მდგომარეობას. პროფესიული განათლების დაწესებულებები, ძირითადად, ქალაქებშია განთავსებული და არ ითვალისწინებს ქართული ენის არ მცოდნე მოქალაქეებს. ენის ბარიერის საკითხები კი ცალკე განსახილველი საკითხია. ასევე, საინტერესოა, რომ სოფლებში არასათანადო ინფრასტრუქტურის გამო გამოჩენილი დამატებითი სამუშაოების ტვირთსაც, რომელიც უხელფასო შრომაა, ძირითადად ქალები ასრულებენ, რაც მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს.“

თოზუ: „აზერბაიჯანელ თემში ქალებისთვის ასევე ძალიან დიდი პრობლემაა საბავშვო ბაღების ნაკლებობა ან არარსებობა. როგორც წესი, ოჯახში ბავშვის რაოდენობა, საშუალოდ, სამია, ბავშვის მოვლა კი მთლიანად ქალს ეკისრება, ამიტომ ბაღების არარსებობა მათ შრომის პირობებს უმძიმებს. ამის გარდა, რადგან ენის ბარიერი თემის ბევრ წევრს აქვს, გარდა იმისა, რომ ქალები ვერ იღებენ იღებენ ინფორმაციას ყოველდღიური მოვლენებზე, ისინი არ არიან ინფორმირებულები რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ერთის მხრივ, აზერბაიჯანულად ამ თემებზე ბევრი ინფორმაცია არ დევს, მეორეს მხრივ, ექიმების უმრავლესობა ქართულენოვანია. ამიტომ ქალები ექიმებთან ხშირად თარჯიმანთან ერთად დადიან და სიტუაცია რთულდება, თუ თარჯიმანი კაცია.

აზერბაიჯანელი ქალი, ძირითადად, არაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე ნაკლებად მგონია ეს ენის პრობლემასთან დაკავშირებული. მაგალითად, შეიძლება არჩევნებზე დავდიოდეთ, მაგრამ კარგად არ ვართ ინფორმირებული კანდიდატებზე ან პარტიებზე. საინფორმაციო შეხვედრები ან დასახლების კრებები სოფლის მოსახლეობასთან მაინც უფრო კაცების ჩართულობით ტარდება და გადაწყვეტილებასაც ისინი იღებენ.“

სამირა: „ძალიან აქტუალურია ქალების ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის პრობლემა - კარგად ვიცით რომ რეგიონებში, სოფლებში ქალების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობა დაბალია ან საერთოდ არ ხდება. მაგრამ, ჩემი აზრით, მათი ჩართულობის გაზრდა შესაძლებელია. ვფიქრობ, შესაძლებელია ჩასატარებელ შეხვედრებზე მათი მობილიზება, ორგანიზება, ტრანსპორტირება, კომუნიკაცია იმაზე, თუ რა შეხვედრა იმართება. როგორც წესი, სოფლებში მხოლოდ ის ინფორმაცია ვრცელდება, რომ მთავრობიდან ვიღაც უნდა მოვიდეს, მაგრამ არასდროს არის საუბარი იმაზე, თუ რა შეხვედრაა ან რა საკითხები განიხილება. ამის გამო სოფლის მოსახლეობა იშვიათად ინტერესდება ამ შეკრებებით.

პრობლემაა ქალების კულტურულ, სოციალურ საკითხებზე ჩართულობაც - მახსოვს, ადრე ჩვენთან სოფელში არსებობდა ქალების თეატრი, ქალი მომღერლები ან მსახიობები. ახლა საერთოდ ამაზე საუბარი არ არის და არ არსებობს ასეთი ცენტრები ქალების განვითარებისთვის. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქალების თვითგანვითარებისთვის ცენტრების გახსნა - მაგალითად, საბავშვო ბაღებში ან კულტურის სახლებში ოთახის გამოყოფა, სადაც ქალებისთვის გაიხსნება სხვადასხვა სასარგებლო კურსები.

უმწვავესი პრობლემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ადგილზე სოციალურ ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომის საკითხი - მხოლოდ რუსთავშია ფსიქოლოგიური ცენტრი, მაგრამ ჯერ ერთი, ეთნიკური უმცირესობების დიდმა ნაწილმა ენა ასე კარგად არ იცის და მეორე, რუსთავი მათთვის ძალიან შორია, პრობლემაა ტრანსპორტირებაც, რომელიც ბევრ სოფელში არ მოძრაობს ან შეზღუდულად მოძრაობს. ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროს პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ქალების უმეტესობა ჩვეულებრივად სახლში ბრუნდება მოძალადესთან. შესაბამის მსხვერპლთა დახმარების ცენტრებს რომ ადგილზე ეარსებათ, იქნებ შემთხვევის მერე იქ გადაეყვანათ ეს ადამიანები.“

თოზუ: „დღეს ბევრი ქალი სახლში ითმენს ძალადობას, რადგან წასასვლელი არსად აქვს. ქალი თუ ოდესმე ფიქრობს ძალადობისგან თავის დაღწევას, ერთადერთი წასასვლელი სახელმწიფო თავშესაფრებია მაგრამ იქ გაჩერება მხოლოდ 6 თვე შეუძლიათ. იქ შეზღუდული ადგილები და რესურსებია. ექვსი თვის მანძილზე გათვალისწინებული არაა, რომ თავშესაფარში ცოტათი ასწავლონ სახელმწიფო ენა ან ისეთი პროფესია, რომ ქალი შემდგომ მდგრადად დასაქმდეს. ან მოძალადესთან შერიგებას ცდილობენ ან დაბალანაზღაურებად, მძიმე ფიზიკური შრომით დატვირთული სიმბოლური სამსახურის პოვნას, რადგან ამის საფუძველზე შეეძლებათ თავშესაფრიდან მათი გაშვება. მე პირადად მინახავს, როგორ მუშაობდა თავშესაფრის მიერ შეთავაზებულ სამუშაოზე აზერბაიჯანელი გოგო მრეცხავად ისეთ ადგილას, სადაც ცხელი წყალი არ იყო, თვეში ხელფასი ჰქონდა 120 ლარი და რადგან ფორმალურად „დასაქმებულია,“ შეუძლიათ ის თავშესაფრიდან გაუშვან.“

ქართველ აზერბაიჯანელ ქალებსა და გოგონებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ცენტრიდან მოშორებით ცხოვრობენ, მრავალი პრობლემა აწუხებთ: განათლებაზე ხელმიუწვდომლობა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეების არარსებობა, ბაღების და ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო დამძიმებული აუნაზღაურებელი შრომა, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებიდან მათი გამორიცხვა, ძალადობის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ საკმარისი მხარდაჭერის არქონა. ეს პრობლემები ნაკლებად შუქდება მედიაში და დომინანტურმა ჯგუფებმაც ნაკლებად იციან ამ პრობლემების შესახებ. თემში ქალების მხარდაჭერისთვის აუცილებელია ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების განსაზღვრა მათივე ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამების მიმართვა მათი განათლების, დასაქმების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით, ხოლო ნაადრევი ქორწინების ხელშესაშლელად მრავალმხრივი პრევენციული მექანიზმების დანერგვა.