imnadze_guram

მალე, ევროკავშირის მორიგი სადამკვირვებლო მისიის ვიზიტის ფარგლებში, შემფასებელთა კომისია კიდევ ერთხელ დაინტერესდება ქართული ნარკოპოლიტიკით, მიღწეული პროგრესით და იმით, თუ რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ კომისიის რეკომენდაციები ქვეყანაში ნარკოვითარების გასაუმჯობესებლად. გასული ვიზიტის შედეგად, ქვეყანამ ამ თემაზე ორი ძირითადი რეკომენდაცია მიიღო. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარების მიზნით შენახვა და მისი გასაღება, უკვე გამიჯნულია კანონში. კომისიის მეორე რეკომენდაცია კი ქუჩის არაგეგმიურ, იძულებით ნარკოტესტირებას ეხებოდა. კომისია ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ საჭიროა ამ პროცედურაზე სამართლებრივი კონტროლის გაძლიერება. აღნიშნული რეკომენდაცია, დიდი ალბათობით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირების უმეტესობისათვის მოხმარების ფაქტის დადგენის უარყოფით მაჩვენებელს უკავშირდებოდა.

ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში პროგრესისთვის, სამართალდამცავ სისტემას, სავარაუდოდ, იძულებითი ნარკოტესტირების პროცედურებისა და პრაქტიკის გადახედვა მოუწევს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ნარკოტესტირების მარეგულირებელი კანონები ახლებურად და უფრო ცხადად ჩამოყალიბდება. თუმცა, ნაკლები წინაპირობა არსებობს იმისა, რომ სახელმწიფომ ამ პრაქტიკაზე სრულად თქვას უარი და პოლიცია მისთვის მეტისმეტად კომფორტული ბერკეტის გარეშე დატოვოს.

იძულებითი ტესტირება, ერთი შეხედვით, ლოკალური პრობლემაა, სადაც მთავარ ხარვეზს სამართალდამცავებისთვის დაწესებული ე.წ. გონივრული ეჭვის სტანდარტი იწვევს, რომლითაც ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ და რომელიც ზედმეტად ფართო არეალს უტოვებს პოლიციელებს თვითნებობისთვის. რა თქმა უნდა, კანონმდებელს შეეძლო უფრო მკაფიო და ნათელი ყოფილიყო პოლიციელისთვის სახელმძღვანელო სტანდარტის განსაზღვრისას. შესაძლებელი იყო, მინიმუმამდე დაეყვანათ კანონის არასწორად წაკითხვის რისკებიც, როცა ყველა მარტივად შეთანხმდებოდა, როდის არის პირის ექსპერტიზაზე გადაყვანა დასაბუთებული კანონიდან გამომდინარე და როდის არა.

რეალურად, ქუჩის ნარკოტესტირება არც ლოკალური პრობლემაა და არც მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკაა მხოლოდ ბუნდოვანი მტკიცებულებითი სტანდარტით გამოწვეული. მოქალაქეების ტესტირებაზე იძულებით გადაყვანა არსებული, მკაცრი, არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორია და ის პირდაპირ ეხმიანება იმ რეპრესიულ მიდგომებს, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ნარკოტიკული ნივთიერების პირადი მოხმარებისთვის.

იძულებითი ნარკოტესტირება იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს გვაქვს (და აქ, მხოლოდ პოლიციელთათვის განსაზღვრული დაბალი მტკიცებითი სტანდარტი არ იგულისხმება), არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, როგორც ინდივიდუალური პოლიციელისთვის, ისე მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის. ეს არის კარგი საშუალება მარგინალიზებულ ჯგუფებზე, მათ შორის, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევ პირებზე, მუდმივი კონტროლის დაწესებისა და შიშველი ძალადობისთვის. და ზოგადად, ეს არის იოლი გზა სისტემის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირებისა და საკუთარი არსებობის ლეგიტიმაციისთვის. ნარკოტესტირება არის პოლიციელის კონტროლის ქვეშ მოქალაქის მიერ გატარებული 12 საათი, მინიმალური სამართლებრივი გარანტიებისა და დაცვის გარეშე; ეს არის მოქალაქეზე ძალადობის, მისი დაშინებისა და დაშანტაჟების 12 მოსახერხებელი საათი; ეს არის დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც, საპოლიციო სისტემამ შეიძლება მიაღწიოს თავის ყველაზე ბოროტ მიზნებს.

იძულებით ნარკოტესტირება არის ძალადობრივი სამართალდამცავი სისტემისა და რიგითი მოქალაქის ერთ-ერთი მთავარი შეხების წერტილი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წერტილის სწორად დასმა შეიძლება გარდამტეხიც იყოს დღეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასასრულებლად. თუმცა, ამისთვის საჭიროა სრულყოფილად წარმოჩინდეს ნარკოტესტირების ნამდვილი ბუნება და ის მიზეზები, რაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში თვითნებური ჩარევის ასეთ მაჩვენებელს იწვევს.

არსებულ სისტემაში, სადაც პოლიციელის მთავარი მოტივაცია პირადი გეგმის შესრულება, ხოლო სისტემის ძირითადი ამოცანა - წინა წლის მაჩვენებელზე უკეთესი სტატისტიკის წარმოებაა, იძულებით ნარკოტესტირებაზე სამართალში არსებული უმაღლესი მტკიცებულებითი სტანდარტის დაწესებაც კი, შეიძლება ვერ გახდეს პოლიციელის თვითნებობისგან დაცვის გარანტია. მითუმეტეს, როცა პოლიციელზე არ ვრცელდება ეფექტური კონტროლის შიდა და გარე მექანიზმები და მას დღეს არსებული გონივრული ეჭვისგან გადახვევაც მარტივად შეუძლია. სტანდარტის განსაზღვრა შეიძლება და უნდა იყოს ერთ-ერთი მიზანი, თუმცა, რეალური ცვლილებისთვის ბევრი კონცეფციის ახლებურად გააზრებაა საჭირო.

ამ კონტექსტში, კიდევ ერთხელ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, რა უნდა იყოს პოლიციელის მთავარი ფუნქცია? სად გადის ზღვარი, რომლის მიღმაც სისტემას აღარ აქვს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება, სადაც მოქალაქე დაცულია და მას სრული თავისუფლება გააჩნია? რა არის სამართალდამცავი სისტემის რეალური წარმატება და შეიძლება თუ არა გამართული საპოლიციო სისტემა შარდის პოლიტიკაზე იდგას?