გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) 24-ე მუხლში გარანტირებულია განათლების უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის.

განათლების უფლებას აღიარებს არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი. გაეროს კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ახალ სამართლებრივ ვალდებულებებს არ უდგენს. იგი განსაზღვრავს გზებსა და მექანიზმებს იმისათვის, რომ ამა თუ იმ უფლების რეალიზება მოხდეს დისკრიმინაციის გარეშე და თანაბარ პირობებში.

განათლების უფლებასთან მიმართებით მონაწილე სახელმწიფოები იღებენ პასუხისმგებლობას უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვა და განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ამ ღონისძიებების მთავარი მიზანი კი უნდა იყოს: პიროვნების პოტენციალის სრული გამოვლენა, ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის გაღვივება, ადამიანის უფლებების, ძირითადი თავისუფლებებისა და ადამიანთა მრავალფეროვნების პატივისცემის განმტკიცება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი პიროვნების, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საზოგადოებაში ეფექტური ჩართვის შესაძლებლობის მიცემა.

ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ, იმისათვის რომ სახელმწიფოში განათლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების ეტაპზე. შვედეთში, ესპანეთში, უნგრეთსა და ავსტრიაში საგანმანათლებლო სისტემა დაფუძნებულია ინკლუზიის პრინციპზე, რის შედეგადაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უმეტესი ნაწილი განათლებას რეგულარულ სკოლებში იღებს. მაგალითად, შვედეთში ბავშვების მხოლოდ 1.7% იღებს განათლებას არარეგულარურ სისტემაში, რომელშიც მოიაზრება განათლების მიღება სპეციალური სკოლებში.

დასახელებულ ქვეყნებში რეგულარულ სკოლებთან ერთად არსებობს სპეციალური სკოლებიც. ეს სკოლები გათვალისწინებულია იმ შემთხვევისთვის, როდესაც მოსწავლეს სერიოზული სახის დარღვევიდან გამომდინარე არ შეუძლია განათლების რეგულარულ სკოლაში მიღება. ამ შემთხვევაში, ფასდება მოსწავლის შესაძლებლობები და პედაგოგიური, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სოციალური შეფასებების საფუძველზე წყდება საკითხი მისი სპეციალურ სკოლაში მიღების შესახებ.

გარდა ინკლუზიური განათლების შესაძლებლობის არსებობისა, სახელმწიფოები მრავალმხრივ მხარდამჭერ ზომებს მიმართავენ იმისათვის რომ, მოსწავლეებისთვის განათლების უფლებით სარგებლობა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყონ. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები სარგებლობენ უფასო სასკოლო ტრანსპორტით დაწყებით კლასებში, საჭიროების შემთხვევაში კი მაღალ კლასებშიც. შვედეთში სკოლებს სპეციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებსაც აქვთ გარკვეული სიძნელეები განათლების მიზნების მიღწევაში. სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება გამოარკვიოს რომელიმე მოსწავლეს ესაჭიროება თუ არა დამატებითი მხარდაჭერა, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

ავსტრიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს რომელთაც სკოლაში სიარულისათვის პირადი მხარდაჭერა ესაჭიროებათ ასისტენტი ენიშნებათ, რომლის მოვალეობას წარმოადგენს მოსწავლის სკოლაში წაყვანა, მისი სახლში დაბრუნება და სკოლის საათებში მისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა.

ესპანეთის სკოლებში შექმნილია ხელმისაწვდომი გარემო, მათ შორის, არსებობს შესაბამისი პირობები მოსწავლეების გადაადგილებისთვის, ურთიერთობისთვის. ასევე სკოლებში მომზადებულია სპეციალური კურიკულუმები, დანერგილია სპეციალური სასწავლო მეთოდები და საშუალებები, მათ შორის ბრაილის შრიფტი, ტაქტილური სენსორული სტიმულაცია, სივრცესა და დროში ორიენტაციის, ჟესტების ენის და ალტერნატიული კომუნიკაციის სისტემები. განათლების სისტემაში პროგრესის შესაფასებლად არსებობს სპეციალური მეთოდები, მაგალითად, დაკვირვებები, კითხვარები და ინტერვიუები.

ამ სახელმწიფოებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის ბრაილის შრიფტის და ჟესტების ენის სწავლებას. მაგ. შვედეთში ჟესტების ენა განათლების საგნად არის აღიარებული. სკოლებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ ჟესტების ენის სწავლება თუ ამას მოითხოვს ხუთი მოსწავლე მაინც.

ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციუმში და შრომის ბაზარზე ჩართულობის მხარდასაჭერად ითვალისწინებს გადამზადების პროგრამებსაც.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, მასზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის ხარისხი ქვეყანების მიხედვით განსხვავებულია. შვედეთის, გერმანიის, ბელგიის კანონმდებლობა ითვალისწინებს ყველა უნივერსიტეტსა და კოლეჯში შესაძლებელი იყოს განათლების მიღება ყველასთვის. ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მიდგომა საკმარისად კარგად არ არის განვითარებული.

ესპანეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ უმაღლესი განათლება საჯარო უნივერსიტეტებში. საუნივერსიტეტო დონეზე არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების ოფისი, რომელშიც სპეციალისტები მხარდაჭერას უზრუნველყოფენ ამ ჯგუფის სტუდენტებისათვის. კერძოდ, სტუდენტი მათგან იღებს სხვადასხვა სახის პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც მოიცავს გამოცდების დროს მხარდაჭერას, კურიკულუმების ადაპირებას, მოხალისეობრივ მხარდაჭერას, ბრაილით თარგმნას, ჟესტების ენაზე ინტერპრეტირებას და ა.შ. მსგავსი მხარდაჭერის სისტემები დანერგვილი შვედეთშიც.

ბელგიაში უმაღლესი განათლების ინსტიტუციები იღებენ დამატებით დაფინანსებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერის მიზნით. უმაღლესი განათლების ყველა ინსტიტუციაში გონივრული მისადაგება ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისთვის განათლების პროცესის მიყოლისთვის და გამოცდების ჩაბარებისთვის.

მიუხედავად სხვადასხვა სახის ზომებისა რომლებიც სახელმწიფოებმა მიიღეს შშმ პირებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, უნდა აღინიშნოს რომ, ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევა ნაკლებია სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობისთვის გაწეულ ძალისხმევასთან შედარებით.

განათლების უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის სხვა უფლებების რეალიზებასთან და ხშირ შემთხვვეაში წარმოადგენს პირდაპირ წინაპირობას მათი განხორციელებისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა სათანადო პირობები შექმნან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რათა მათ შეძლონ განათლების და სხვა ფუნდამენტური უფლებებით ეფექტურად სარგებლობა.

ბლოგი მომზადებულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ განხორციელებული კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ საფუძველზე