2020 წლის აპრილში განათლების მინისტრი სიტყვით გამოვიდა, სადაც გამოაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში „განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში.“ ეს განცხადება უჩვეულოდ გამოჩნდა იმ ფონზე, როცა რამდენიმე სკოლაში თვენახევრის მანძილზე ეჭვქვეშ იდგა სასწავლო პროცესის ჩატარება სხვადასხვა მიზეზების გამო, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს - ბოლო არსებული მონაცემებით, საქართველოში ინტერნეტ დაფარვა 66.6%-ია, ტელე-სკოლაში კი საგნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის განთავსებული.

პანდემიამდე საქართველოში მოსწავლეთა შორის უთანასწორობები საკმაოდ აშკარა იყო. OECD-ის 2019 წლის მიმოხილვაში მოყვანილია PISA-ს ტესტირების შედეგები, სადაც დაბალი „სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა 78 ქულით ნაკლები აიღეს, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეებმა, რაც უხეშად, სკოლაში სწავლის 2,5 წელს უდრის ... მოსწავლეები სოფლად 44 ქულით ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს ქალაქებში, რაც, დაახლოებით, სკოლაში სწავლის 1,5 წელს უთანაბრდება".[1] თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ბავშვებს შორის არსებული უთანასწორობები და დისტანციური სწავლების აუცილებლობამ უფრო გააღრმავა ის პრობლემები, რაც რეგიონებში მცხოვრებ და ღარიბ ბავშვებს უდგათ. EMC აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დისტანციური სწავლების პრობლემებით დაინტერესდა. მასწავლებლებთან გასაუბრების საფუძველზე გთავაზობთ დისტანციური სწავლების პრობლემების მოკლე მიმოხილვას. ეს პრობლემები გამოიკვეთა ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვან სკოლებში (მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში), თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს სოფლების და ქალაქების უმეტეს ნაწილში სტატიაში განხილული პრობლემები ისეთივე სიმწვავით დგას.[2]

 

მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესიდან გამოთიშვა

ონლაინ სწავლების ერთ-ერთი მთავარი და მოსალოდნელი შედეგი არის ის, რომ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სასწავლო საგაკვეთილო პროცესში ჩართვას „ინტერნეტის ან კომპიუტერის ხელმიუწვდომლობის და სხვა მიზეზების გამო.“ მასწავლებლების დაკვირვებით ქვემო ქართლის სოფლებში Wifi სულ რამდენიმე ოჯახს აქვს, დანარჩენი მოსახლეობა მობილური ინტერნეტით სარგებლობს. ულიმიტო პაკეტი ძვირია სოფლის მაცხოვრებლებისთვის და შესაბამისად, ბევრი ოჯახი მობილურ ინტერნეტს ყოველდღიურად ვერ იყენებს. ეს პრობლემა მწვავედ დგას როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფისთვის. თუმცა ინტერნეტის არსებობის პირობებშიც მობილური ინტერნეტის ხარვეზები გაკვეთილების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს - სოფლებში ინტერნეტი ხშირად ჭედავს ან ითიშება.

ამას გარდა, მასწავლებლების და მოსწავლეების დიდ ნაწილს კომპიუტერი არ აქვს. ვინც გაკვეთილებზე დასწრებას ახერხებს, მათი უმეტესი ნაწილი მობილურს იყენებს, „თუმცა არის შემთხვევები, სადაც ოჯახში ან საერთოდ არ არის აღნიშნული ტექნოლოგიური საშუალებები, ან ოჯახში რამდენიმე მოსწავლეა და არასაკმარისი ელექტრონული მოწყობილობა, ამიტომ ყველა მოსწავლე ვერ ახერხებს ერთდროულად გაკვეთილებზე დასწრებას. ამ შემთხვევაში ოჯახები ქმნიან ინდივიდუალურ ცხრილებს და ბავშვები რამდენიმე გაკვეთილის გამოშვებით ესწრებიან ხოლმე, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა და სწავლაზე.“ რადგან პატარა ბავშვებს საკუთარი ტელეფონები არ აქვთ, მათ ხშირად მშობლების ტელეფონებით სარგებლობა უწევთ, მშობლები ხშირად არიან სამსახურში და საგაკვეთილო პროცესის დროს სახლში ტელეფონს ვერ ტოვებენ. ესეც საკმაოდ ართულებს ბავშვების მიერ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას.

მასწავლებელთა გამოცდილებით, მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია. ერთ-ერთი მასწავლებელი ამბობს, რომ „ადრე 15 მოსწავლიდან საშუალოდ 10 თუ ესწრებოდა გაკვეთილს, ახლა ეს რიცხვი 5-8 შორის მერყეობს. დასწრება უფრო პრობლემური გახდა ტექნიკური პრობლემების გამო - ამ საკითხებმა დასწრებაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა.“ ხოლო მეორე მასწავლებელი აღნიშნავს, რომ იმდენად უჭირთ მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრება, „4-5 ბავშვი უკვე დასწრების მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს. საშუალოდ, მოსწავლეთა დაახლოებით 20-25% თუ ახერხებს ჩართვას სასწავლო პროცესში.“ კიდევ ერთი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ „ზოგს ტელეფონი არ აქვს, ზოგს ტელეფონი აქვს და ინტერნეტი არა. სრული დასწრებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხულია, სულ მინიმუმ მოსწავლეების 60% პროცენტს პრობლემები ექმნებათ და ვერ ერთვებიან.“ მასწავლებლების დაკვირვებით, არსებობს ბავშვების ნაწილი, ვინც სამი თვის მანძილზე ერთ გაკვეთილზე ჩართვაც ვერ მოახერხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვების გარკვეული ნაწილი სრულიად გამოთიშულია სასწავლო პროცესიდან.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ „რეგიონის სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილების დაბალმა ხარისხმაც გაუარესა მდგომარეობა, რაც გამოწვეულია სკოლებში კომპიუტერების არ ქონით, ან გამოუყენებლობით (კომპიუტერის ოთახები ძირითადად  ან დაკეტილია, ან კომპიუტერები არ ვარგა). სკოლებში ხშირად ნორმალური ინტერნეტი არაა, კომპიუტერები ძველია და ხშირად ინფორმატიკის ოთახები დაკეტილია სკოლებში, ამიტომ ბავშვები სხვადასხვა ტექნოლოგიას ვერ ფლობენ და ამან კიდევ უფრო შეანელა ბავშვების ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. არის სკოლები, სადაც ბავშვები ვერ იყენებდნენ შეთავაზებულ პროგრამას ან იმიტომ, რომ არ იცოდნენ პროგრამის გამოყენება, ან კი შეზღუდულ ინტერნეტზე წვდომის გამო. ამიტომ მასწავლებლებს დავალების მიცემა და გაკვეთილის ჩატარება Whatsapp-ით და მესინჯერით უხდებოდათ, განსაკუთრებით დისტანციური სწავლების საწყის თვეებში.

 

მასწავლებლების წინაშე არსებული სირთულეები

ჩვენ მიერ გამოკითხული მასწავლებლებისთვის ცნობილია, რომ რეგიონში არის სკოლები, სადაც გაკვეთილების ჩატარება ერთი თვის, თვენახევრის დაგვიანებით დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც რესურს-ცენტრიდან სკოლების მიმართ მკაცრი ბრძანება გაიცა და მასწავლებლებს დართეს ნება, ტელეფონით, whatsapp-ით და სხვა რაიმე საშუალებით შეძლებისდაგვარად ჩაეტარებინათ გაკვეთილები. სასწავლო პროცესის ასე დაგვიანებით დაწყების ძირითად მიზეზებად მასწავლებლები ასახელებენ მასწავლებლების ინტერნეტის და ტექნოლოგიების ხელმიუწვდომლობას და სასწავლო ონლაინ პლატფორმის სირთულეებს.

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ „სასწავლო ონლაინ პროგრამების გამოყენება პრობლემურია როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებელთა გარკვეული ჯგუფისთვის ... მასწავლებლებლებთან კი არა მხოლოდ სასწავლო ინსტრუმენტების (Microsoft Teams, Zoom) გამოყენებაა პრობლემა, არამედ კომპიუტერთან მუშაობის პრობლემაც სერიოზულად დგას.“ ბევრმა მასწავლებელმა არ იცის კომპიუტერთან მუშაობა. ქვემო ქართლში მასწავლებლების დიდი ნაწილი 60-65 წლის ან მეტისაა, ამ ასაკის ხალხს ნაკლები შეხება აქვს ტექნოლოგიებთან და მათ ყველაზე მეტად გაუჭირდათ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა. საგულისხმოა, რომ 2014 წლის კვლევის მიხედვით, არაქართულენოვან სკოლებში ყველაზე ასაკოვანი მასწავლებლები ქვემო ქართლის რეგიონში ჭარბობენ, სადაც საპენსიო ასაკის მასწავლებელთა რაოდენობა 30%-ს აღწევს[3]. ამას გარდა, მასწავლებლების დიდ ნაწილს, კომპიუტერის არქონის გამო, სახელმწიფოს მიერ რეკომენდირებულ პროგრამაში Microsoft Teams-ში ჩართვა მხოლოდ ტელეფონით შეუძლია, ამიტომ პროგრამის მრავალი ფუნქცია - პრეზენტაციები, დაფა, კითხვარები და .. გამოუყენებელი რჩება და სწავლის დონეს ეს კიდევ უფრო ქვევით წევს.

როგორც მასწავლებლები გვიყვებიან, რეგიონში ზოგიერთმა სკოლამ შეძლო აღნიშნული პრობლემების გარკვეულწილად მოგვარება დამატებითი რესურსებით ხელშეწყობით, დირექციის აქტივობით და მასწავლებლების დამატებითი შრომის შედეგად, მათ შორის, მასწავლებლის სახლთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელმაც კონსულტანტ-მასწავლებლებს ასწავლა ონლაინ პლატფორმის გამოყენება, რათა მათ სხვა მასწავლებლებისთვის ესწავლებინათ მისი გამოყენება. ზოგ სკოლას კი საკმაოდ გაუჭირდა - მოუმზადებლები აღმოჩნდნენ უჩვეულო სიტუაციაში და გაკვეთილების ჩატარების მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებლებს დაეკისრათ.  გაკვეთილების გარკვეული ნაწილი დღემდე ნაწილობრივ ტარდება ან თითქმის ვერ ტარდება.  

 

მასწავლებლების გაორმაგებული შრომა

მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებისთვის უფრო მეტი დროის და ენერგიის დახარჯვა უწევთ, „უფრო მეტი ელექტრონული სასწავლო მასალების მოძიება და განხილვა გახდა საჭირო ... დისტანციური გაკვეთილი  უფრო მეტ წინამზაობას და დიდ შრომას ითხოვს.“ ამასთან, მათ გამკავება უწევთ მოსწავლეების წინაშე არსებულ ტექნიკურ დეტალებთან: „უფრო ადვილი იყო ფიზიკური გაკვეთილების ჩატარება, ვიდრე ონლაინ გაკვეთილები. საშინაო დავალების მიცემა, ინფორმაციის მიწოდება ძალიან რთულია. ამასთან, ზოგი გვიან შემოდის, ზოგს ინტერნეტი უჭედავს, ზოგს შუქი არ აქვს. ზოგმა არ იცის Zoom-ის, Microsoft Team-ის ფუნქციები, მიკროფონების ჩართვა-გამორთვა. თუმცა თავიდან უფრო რთული იყო მასწავლებლებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაწყებით კლასებთან მუშაობს. პატარებმა საერთოდ არ კომპიუტერის მართვა და უჭირთ.“ ამას გარდა, მასწავლებლები ცდილობენ, უფრო საინტერესო გახადონ ონლაინ საგაკვეთილო პროცესები: „სხვანაირი გარემოა სკოლაში. ეკრანის უკან როდესაც არიან ბავშვები აუცილებელია მრავალფეროვნება და მეტი შრომა იხარჯება ამისთვის.“

ბევრ სკოლაში ხშირად მასწავლებლებზე იყო დამოკიდებული, ბავშვებისთვის ონლაინ პლატფორმებთან მუშაობა სწრაფად ესწავლებინათ, „ზოგ შემთხვევაში დამრიგებლები კარდაკარ დადიოდნენ და ცდილობდნენ  სათითაოდ ესწავლებინათ მოსწავლეებისთვის პროგრამების გამოყენება. ზოგი სკოლა მასწავლებლებს ავალებდა ბავშვების ჩართვას და აკონტროლებდა მათ,“ აღნიშნავენ პედაგოგები ორივე რეგიონიდან.

 

განათლების დონის მკვეთრი გაუარესება

მასწავლებლები არ მალავენ, რომ „სახეზეა ჩამორჩენა.“ ერთ-ერთი მასწავლებელი არ მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემები ამ სემესტრით დასრულდება: „თუ სექტემბერში მეორე ტალღა დაიწყო, ბავშვებს ერთწლიანი ჩამორჩენა ექნებათ 2021 წელს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, სადაც განათლების სისტემას ისედაც უზარმაზარი ხარვეზები აქვს.“ ამ მასწავლებელს საკუთარი სათემო ცენტრი აქვს, სადაც 3 კომპიუტერი იდგა და პანდემიის პირობებში მათ კომპიუტერები ბავშვებს დაურიგეს. მათ იმავე სოფელში ფული შეაგროვეს და ბავშვებს ინტერნეტის ფული ჩაურიცხეს საკუთარი და მოძიებული სახსრებით, თუმცა მასწავლებელი მიიჩნევს, რომ „ამაზე აუცილებლად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს.“

მასწავლებლებს არ სმენიათ, რომ სახელმწიფოს მათი მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასური ჩაერიცხოს, არადა ბევრ მოსწავლეს ეს განსაკუთრებით სჭირდება. მასწავლებლების ინფორმაციით, არც სკოლას უზრუნია მასწავლებლებისთვის ან მოსწავლეებისთვის ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის და როგორც მათთვის ცნობილია, არც სკოლის კომპიუტერები შეუთავაზებიათ ვინმესთვის (თუმცა მასწავლებლები იმასაც ამბობენ, რომ ეს კომპიუტერების უვარგისობითაც შეიძლება იყოს გამოწვეული).

ერთ-ერთი მასწავლებელი აღნიშნავს, რომ მასწავლებლების წინაშე არსებული პრობლემები მათი ბრალი არ არის. „თუ ყველა მასწავლებელს ნორმალური ლეპტოპი ექნება, მაშინ შეუძლიათ გვითხრან რომ ყველა გაკვეთილი ჩავატაროთ. 400 ლარი რომ გვაქვს ხელფასი, რომლითაც ინტერნეტიც უნდა ვიყიდოთ და კომპიუტერიც, ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?“

რაც შეეხება პირველი არხის ტელე-სკოლას, მასწავლებლების აზრით, მას რაღაც შედეგი ნამდვილად ჰქონდა მაღალ კლასებში, თუმცა დაბალ კლასებში  ამ არხების ყურებადობა მინიმალურია. დაბალკლასელებს ნაკლებ ესმით ქართული ენა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ტელე-სკოლა შედარებით მაღალმთიანი სოფლების ზოგიერთ ოჯახში არ იჭერს. ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც უფროს კლასებში ასწავლის, დანანებით აღნიშნავს, რომ ჯერ ძალიან ცოტა საგანია ამ არხზე განთავსებული, თუმცა „არაფერს ცოტაც სჯობს.“ რადგან უინტერნეტობის ან ინტერნეტზე შეზღუდული წვდომის და კომპიუტერის არარსებობის გამო მოსწავლეების დიდ ნაწილს სერიოზული პრობლემები აქვს, იგივე მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ტელევიზიით სწავლება ამ მოსწავლეებისთვის უკეთესი მეთოდია.

 

მომდევნო სასწავლო წელი

დისტანციური სწავლების თანმდევი პრობლემების კვლევა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე კარგ შემთხვევაში სექტემბერში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ აღდგება, თუმცა ბევრ მოსწავლეს ნახევარწლიანი ჩავარდნა ექნება და მათ უფრო გაუჭირდებათ პროგრამასთან დაწევა. რაც შეეხება უფრო ოპტიმისტურ მომავალს, ერთ-ერთი მასწავლებლის აზრით, „ყველა ფიქრობს, რომ პანდემიის პრობლემა მოგვარდება და სექტემბრიდან ნორმალურ ცხოვრებას გავაგრძელებთ, მაგრამ მე არ ვარ ასე იმედიანად. კარგად დამანახა პრობლემა კორონამ - გასაკეთებელი ძალიან ბევრია ამ რეგიონში. ამასთან, მნიშნველოვანია გვქონდეს გეგმა ბ, რომელიც დღემდე არ არსებობს.“ თუ პანდემიის მეორე ტალღის გამო დისტანციური სწავლების საჭიროება ისევ დადგა, გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი კვლავ არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესს მიღმა დარჩენილი და არსებული უთანასწორობები კიდევ არ გაღრმავდეს.

მაწავლებლები აღნიშნავენ, რომ ამის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ახლანდელ სასწავლო პროცესში ხარვეზების შესწავლა და სისტემური ხარვეზების გამოსწორება - სკოლებისა და მასწავლებლების აღჭურვა ტექნოლოგიებით და ცოდნით. როგორც მათთვის ცნობილია, სკოლებმა უკვე მიაწოდეს სამინისტროს იმ მოსწავლეთა სია, ვისაც ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს. ახლა მნიშვნელოვანია სათადარიგო გეგმის მოფიქრება იმისთვის, რომ ყველა ბავშვმა მოახერხოს დისტანციურ სწავლაში ჩართვა. უნდა არსებობდეს გეგმა იმისთვის, თუ როგორ დაეხმარებიან მოსწავლეებს, რომლებიც არანაირ მოწყობილობას არ ფლობენ და ტექნოლოგიები სჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონებში ინტერნეტიზაციის გაძლიერება და ინტერნეტის შეღავათები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის. არსებითად მნიშვნელოვანია არსებული ჩავარდნის ამოვსება ახალ სემესტრში ბავშვებისთვის სპეციალური კურსების შეთავაზებით თუ სხვა მხარდაჭერის ფორმებით. რამდენიმე მასწავლებელს ჰქონდა იდეა, რომ სკოლის ბაზაზე საზაფხულო სკოლა გაკეთებულიყო მოსწავლეების მხარდასაჭერად, მათ შორის, მათთვის ონლაინ პროგრამების სასწავლებლად, თუმცა აღნიშნავენ, რომ ამ იდეას ენთუზიაზმი არ მოჰყოლია და ჯერჯერობით მისი განხორციელება არ იგეგმება. რაც შეეხება ტელესკოლას, მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრების რეზერვის შედგენა, რომ  ტელესკოლის პროექტის საჭიროების შემთხვევაში მათი სწრაფი მობილიზება მოხერხდეს და ტელესკოლაში მნიშვნელოვანია ყველა საგნის ხელმისაწვდომობა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია. (2019). მიმოხილვა განათლებაში შეფასებისა და ატესტაციის სისტემების შესახებ. საქართველო: OECD. გვ 5.

[2] მაგალითად, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის სკოლებშიც იგივე პრობლემები არსებობს.

[3] ტაბატაძე, შალვა, ნათია გორგაძე. (2015). ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებლების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისათვის. თბილისი: გაეროს ქალთა ფონდი.