ავტორი: გიგა კარაპეტიანი

 

წინამდებარე ბლოგ-პოსტის მიზნად იმ წუხილების აღწერას ვისახავ, რომელში ცხოვრებაც უწევთ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქე ქალებს ახალი კორონავირუსის, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. წარმოდგენილი ტექსტი ცდილობს აჩვენოს ემიგრანტი ქალების რეალობა, მის მიღმა არსებული თეორიული, თუ პრაქტიკული ცოდნის გარეშე. ამის მისაღწევად, თხრობის ცენტრში მათ ენასა და გამოცდილებებს ვაყენებ. ჩემი მიზანია, დავწერო ქალების გამოცდილება და სულ მცირე, იმ ემიგრანტი ქალების წუხილები გადმოვცე, რომლებიც წლებია არალეგალურად შრომობენ სამშობლოს მიღმა, ახლობელი ადამიანებისგან შორს.

ბლოგ-პოსტისთვის ჩავწერე ცხრა ინტერვიუ იტალიაში მყოფ, არაფორმალურად დასაქმებულ ქალებთან. ინტერვიუში ვგულისხმობ არასტრუქტურირებულ დისკუსიას, რომელიც სადისკუსიო გეგმის გარეშე წარიმართა. აღნიშნულმა, საშუალება მომცა გამოცდილება მათი პერსპექტივით გამეგო და არ შეზღუდულიყო სასაუბრო თემები.

 

რა იყო ადრე?

ემიგრაციაში წასვლის მიზეზი ბევრია და ხშირად - უხილავი. იმდენად ბევრი, რომ ეს სხვა დისკუსიისა, თუ ნიუანსირიზებული კვლევის საგანია. ბლოგ-პოსტის ამ ნაწილში, მოკლედ ვსაუბრობ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ქალები იქამდე, სანამ კოვიდ-19 იტალიაში მასობრივად გავრცელდებოდა და, ამის გამო, მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდებოდა.

ემიგრანტი ქალებისთვის ღიმილისმომგვრელი იყო, როცა ვინტერესდებოდი თუ როგორი იყო მათი ცხოვრება ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებამდე. მათგან ნაწილმა მითხრა, რომ თვითიზოლაცია, რასაც ახლა ეპიდემიოლოგები მოსახლეობას დაჟინებით ურჩევენ, მათთვის უცხო არ არის; მათ მიერ გაწეული შრომის ხასიათიდან გამომდინარე, მრავლადაა შემთხვევები, როცა მთელ დღეებს სახლში ატარებენ. ქალების თქმით, ხშირია ისეთი პრაქტიკაც, როდესაც დამსაქმებლები მათგან ისეთი ტიპის შრომას ითხოვენ, რომელზე შეთანხმებაც თავდაპირველად არ ყოფილა. მაგალითისთვის, ემიგრანტების დიდი ნაწილი მოხუცებთან მუშაობს. მათი მოვალეობა მოხუცებისთვის მოვლა-მზრუნველობითი საქმის გაწევაა. გარდა ამისა, დამსაქმებლები ემიგრანტი ქალებისგან ხშირად ითხოვენ სახლის დალაგებას, რაც დასაქმებული ქალების დროით სიღარიბეს განაპირობებს; ქალების თქმით, ხშირად, როდესაც სახლის საფუძვლიანი დალაგება უწევთ, შრომა რამდენიმე დღესაც გრძელდება. ერთ-ერთმა ქალმა აღნიშნა: ,,საქმეს როცა ვრჩები, სახლი თავიდან არის დასალაგებელი[1]’’.

დამსაქმებლებთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება ემიგრანტი ქალებისთვის მნიშვნელოვანია. მათი თქმით, ეს ერთგვარი სტრატეგიაა იმისთვის, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური შეინარჩუნონ; თუმცა, ხშირად, ზედმეტი შრომის გაწევისას, დამსაქმებლებს დამატებით ანაზღაურებას ვერ სთხოვენ, რადგან ქალები მათ ახლობელ ადამიანებად მიიჩნევენ. ემიგრანტ ქალთაგან ბევრია ისეთი, რომელსაც დასვენების დღის ანაზღაურებად შრომით დღეში გაცვლა უწევს. ამის მიზეზები, მათი თქმით, ძალიან ბევრია; სტუდენტი შვილისა თუ შვილიშვილის სწავლის, ქირის, კომუნალური გადასახადებისთვის საჭირო ხარჯი იმდენად მაღალია, რომ დასვენების დროის გამოყენების ,,ფუფუნებას[2]’’ ისინი საკუთარ თავს ვერ აძლევენ; იმ დასვენების დროის ათვისების საშუალება არ აქვთ, რომელიც მათთვის, კვირაში ერთხელ, დადებითი ემოციების მომტანი უნდა იყოს - სცილდებოდეს ანაზღაურებად შრომით სივრცეს და მის მიღმა სოციალიზაციის საშუალებას იძლეოდეს.

ემიგრანტი ქალების ფიქრები არასდროს ეხება საკუთარ თავებს, არამედ - ოჯახის წევრებისა და/თუ ახლობელი ადამიანების კეთილდღეობას; ზრუნვა - მიემართება შვილებს, მეუღლეს, დედასა და მამას, მაგრამ არა საკუთარ თავს. ქალების წუხილების ნაწილი დაკავშირებულია უსახლკარობის პრობლემებთან. წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამაც კი ვერ მისცა მათ იმის საშუალება, რომ საკუთარი სახლი ჰქონოდათ. სახლი, რომელიც მათი იმედი გახდებოდა იმისთვის, რომ სადღაც ,,უფასოდ[3]’’ იცხოვრებდნენ და ჩამოსვლის შემდეგ ,,ჭერი[4]’’ ექნებოდათ.

ქალების თვიური ანაზღაურება წინასწარ არის გაწერილი. ფინანსური ვალდებულებები, რომელიც მათ და/ან მათი ოჯახის წევრებს აქვთ საქართველოში თანხის გადანახვის საშუალებას არ ტოვებს. ემიგრაციაში ბევრია ისეთი, რომელიც მიმდინარე სესხს ფარავს; იმ სესხს, რომელიც საჭმლისთვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა, თუ შვილისთვის განათლების მიღების მიზნით აიღეს.

 

რა ხდება ახლა?

ბლოგ-პოსტის დასაწყისში აღვნიშნე, რომ ქალები, რომლებმაც ნაშრომის დასაწერად საკუთარი გამოცდილება გამიზიარეს, იტალიაში არალეგალურად შრომობდნენ. ამ ქალების მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა იტალიის მთელ ტერიტორიაზე 12 მარტს გამოცხადებულმა შეზღუდვებმა[5]. შეზღუდვების თანახმად, იტალიის მთელ ტერიტორიაზე დაიკეტა ყველაფერი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. საჯარო ტრანსპორტმა ფუნქციონირება კვლავ განაგრძო. თემა, რომელიც მსურს რომ განვავრცო, უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში, გარეთ გასვლასა და მასთან დაკავშირებულ სირთულეებს ეხება. ემიგრანტი ქალებისთვის, არსებული შეზღუდვები მისაღებია ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების გამო. თუმცა, ბუნდოვანი დარჩა იმ ქალების ყოფის საკითხი, რომლებიც იტალიაში საბუთის გარეშე, არალეგალურად შრომობენ.

12 მარტის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში სახლიდან გასვლისას, ყველას თან უნდა ჰქონდეს საბუთი ვინაობის იდენტიფიცირებისთვის. ამასთანავე, იტალიის მთავრობის მიერ გამოცემულ იქნა ერთ გვერდიანი დოკუმენტი - ავტოსერთიფიკატის მოდული, რომელიც სავალდებულოა, ჰქონდეს ნებისმიერ პირს, ვინც აუცილებელი მიზეზით გარეთ გავა.

აღნიშნული მოდულის შესავსებად, აუცილებელია იტალიაში მყოფმა პირმა მიუთითოს შემდეგი ძირითადი ინფორმაცია: (1) რეგისტრაციის მისამართი, (2) ფაქტობრივი მისამართი, (3) დოკუმენტის ტიპი, (4) დოკუმენტის ნომერი, (5) გაცემის ორგანო, (6) გადაადგილების დაწყების მისამართი, (7) დანიშნულების ადგილი; აღნიშნული დოკუმენტი რამდენჯერმე შეიცვალა და ის ,,საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში’’ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა[6]. ავტოსერთიფიკატის მოდულში თითოეული გრაფის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებს 3000 ევრომდე ფულადი ჯარიმა[7]. ამის გათვალისწინებით, არალეგალურად მყოფ ემიგრანტ ქალებს, ავტოსერთიფიკატის მოდულის შევსება არ შეუძლიათ; მათ არ აქვთ ფორმალური მისამართი. თითქოს, არც არსებობენ. ემიგრანტი ქალები იმ ოჯახის წევრების იმედად რჩებიან, სადაც მუშაობენ. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში სწორედ მათგან აქვთ დახმარების იმედი. ქალების მთავარი დარდი კი საქართველოში მყოფი ოჯახის წევრებისა თუ ახლობელი ადამიანების კეთილდღეობას უკავშირდება; ასევე, ხელფასის გამოგზავნის ფაქტობრივ შეუძლებლობას. იმ ხელფასის, რომლითაც მათი ოჯახის წევრები ქირას, კომუნალურ გადასახადებსა თუ სხვა, საბაზისო საჭიროებებისთვის საჭირო თანხებს იხდიან.

განსხვავებულია იმ ქალების მდგომარეობა, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ. სამსახური დაკარგეს ქალებმა, რომლებიც ანაზღაურებად საშინაო საქმეს რამდენიმე სახლში ასრულებდნენ, ასევე რესტორნებსა თუ სასტუმროებში მუშაობდნენ. რთული და მათთვის ჯერ-ჯერობით უიმედო მდგომარეობის მიუხედავად, წამოსვლას ვერ ბედავენ. მათი თქმით, ბევრ ვალდებულებაზე აქვთ პასუხისმგებლობა აღებული, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მსგავს მძიმე სიტუაციაშიც კი სამშობლოში დაბრუნდნენ. ამჟამად ნაქირავებ ბინაში სხვა, უმუშევრად დარჩენილ ქალებთან ერთად ცხოვრობენ. დარჩენილ თანხებს მაქსიმალური ეკონომიით ხარჯავენ. აშინებთ, რომ მალე საჭმლის ფული აღარ დარჩებათ, რადგან, როგორც წესი, ხელფასის ძირითად ნაწილებს ოჯახებში აგზავნიდნენ. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქალების უკან მათი ოჯახის წევრები დგანან. ქალების თქმით, ისეთი ფინანსური ვალდებულებები, როგორიც ქირა, კომუნალური გადასახადები თუ შვილისთვის სწავლის გადასახადია ვერ მოითმენს. აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად მალე მცირე დანაზოგიც აღარ ეყოფათ და დამატებითი სესხების აღება მოუწევთ. შემოსავლის გარეშე დარჩენილი ქალებისთვის ,,დღეების გადაგორების საშუალებას მათი (ქალების) ერთად ყოფნა წარმოადგენს[8]’’.

 

ქალები ერთმანეთის იმედად - გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა

წარმოუდგენლად რთულია იმ ქალების მდგომარეობა, რომლებმაც ენა არ იციან. კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ენის ცოდნამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. უფლებების, საინფორმაციო სამსახურის ტელეფონისა და ვებგვერდების ცოდნა ,,არასდროს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი[9]’’. ქალები ერთმანეთის იმედად დარჩნენ. იყენებენ სოციალურ ქსელებს - ქმნიან ფეისბუქ ჯგუფებს, სადაც ერთმანეთს საჭირო ინფორმაციას უზიარებენ. ამასთან ერთად, ამავე ჯგუფებში, ქალები მხარს უჭერენ ერთმანეთს და პრობლემების დროულად აღმოფხვრის იმედებს აღვივებენ. მათი წუხილები სხვადასხვაა, მაგრამ მათგან ბევრი - ერთმანეთის მსგავსი. არსებულ ვითარებაში, არალეგალურად მყოფი ქალების ემოციური მდგომარეობა მძიმეა. მიუხედავად ამისა, ისინი ოჯახის წევრებს ამხნევებენ. არ სურთ მათზე საყვარელმა ადამიანებმა იღელვონ; ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა, რომ ხანდაზმულ დედას ხშირად ატყუებს და ეუბნება, რომ ,,მდგომარეობა ლაგდება და უკეთესობისკენ მიდის[10]’’. ფეისბუქ ჯგუფებში, ქალები რომლებმაც იტალიური ენა იციან, სისტემატიურად თარგმნიან სიახლეებს, რომელიც ჯერ-ჯერობით, მათი იტალიაში დარჩენის შესაძლებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. ამასთანავე, ის ქალები რომლებმაც გადაადგილების წესები იციან, ჯგუფებში ღიად ტოვებენ პირადი ტელეფონის ნომრებს და სხვა ქალებს მოუწოდებენ, ინფორმაცის მისაღებად ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ; შესამჩნევია ისეთი პრაქტიკაც, როცა ლეგალურად მყოფი ემიგრანტები ქალებს სამშობლოში თანხის გაგზავნაში ეხმარებიან და/ან პროდუქტებით ამარაგებენ.

სოლიდარობის ეს პრაქტიკა ყურადღებას იმსახურებს. მათგან შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ; თუმცა, ჩემი მიზანია, ფიქრი დავიწყოთ იმაზე, თუ ჩვენ რა და როგორ შეგვიძლია მათ მივცეთ; როგორი გზებით შეგვიძლია მათთვის კეთილდღეობის შეთავაზება და ჩვენი დედების, დების, ნათესავების, მეგობრების, მეზობლებისა თუ ნაცნობების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა.

 

წერას ვამთავრებ ემიგრანტი ქალის სიტყვებით:

,,ჩვენ არ დავნებებულვართ. ჩვენ არავინ მოგვისმინა[11]’’.