პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, ღვთისმსახურების პრაქტიკა უცვლელად დატოვა. სასულიერო პირები საეკლესიო სივრცეებში კანონის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების აშკარა დარღვევით მასობრივ შეკრებებს აორგანიზებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა ნაწილმა თვითმსახურების პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მაღალი ინტერესით, სახელმწიფოს მითითებები გაიზიარა. საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება თეოლოგების, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მას უწოდეს ანტისოციალური, ანტიჰუმანური, იზოლაციონისტური და თეოლოგიურად პრობლემური გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტის გადაწყვეტილება 20-მდე სასულიერო პირმა და კიდევ უფრო მეტმა თეოლოგმა კოლექტიურ განცხადებაში კრიტიკულად შეაფასა.

EMC პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვადასხვა თეოლოგისა თუ სასულიერო პირის განმარტებებს საპატრიარქოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე. ამჯერად გთავაზობთ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილის პოზიციას

მირიან გამრეკელაშვილი - თეოლოგი:

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, უფრო მეტად განპირობებულია საპატრიარქოს მენტალური მდგომარეობიდან, ვიდრე სოციო-პოლიტიკური კონტექსტით, თუმცა ამ ფაქტორსაც თავისი წილი მიუძღვის. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ საერთო მართლმადიდელური დუალიზმი, რომელზე მოკლედ, მაგრამ არსობრივად საუბრობს კირილე ჰოვორუნი საკუთარ სტატიაში. სწორედ ამ, სამყაროს შავ-თეთრად აღქმიდან გამომდინარე, აქტიურდება ხოლმე მსგავსი პრობლემატიკის დროს, მეორე თეოლოგიური მიმართულება საქართველოს ეკლესიაში. ეს გახლავთ ძველი აღთქმის, ძირითადად წინასწარმეტყველთა პერიოდის ტექსტებიდან ამოზრდილი, “ცოდვათა გამო დასჯის“ (ებრ. მი ფენეი ჰათაეინუ, מפני חטאינו) შესახებ სწავლება. მოცემულ კონტექსტში ეს არის წარმოდგენა, რომ კოვიდ 19 ჩვენი ცოდვებისთვის ღვთისგან მოვლენილი სასჯელია, რომელსაც უნდა შევეგუოთ. შესაბამისად, ზოგი მოკვდება, ზოგი გადარჩება, რადგან ასეთია “ნება ღვთისა“. ქრისტიანული თეოლოგიური თვალთახედვით ცალსახად მსგავსი რამის მტკიცება, სრული აბსურდია.

მესამე და გადამწყვეტი ფაქტორია იზოლაციონიზმი, რომელსაც განუხრელად ადგას ეკლესია 1997 წლიდან. საპატრიარქო სრულიად მოწყვეტილია დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს და პრინციპში ამ რელიგიასთან მას მხოლოდ ფორმები აკავშირებს, რომლის არ შეცვლისთვის ბრძოლასაც მთელ ენერგიას ახარჯავს. ამ ღრმა ჩაკეტილობის გამო ეკლესიას გაუჩნდა განცდა, რომ ჩვენ ვართ ბოლო ჭეშმარიტი მართლმადიდებლები დედამიწაზე. ამასვეა მიბმული ათასგვარი მითქმა-მოთქმა ბოლო ჟამის შესახებ. სწორედ ვირუსის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე პატრიარქმა იგი გახსნილად გამოაცხადა. მანამდე კი სინოდმა მას ოფიციალურად უწოდა “ბოლო ჟამის მოციქული“ თუ სულაც აპოკალიფსის მხედარი.

პრაქტიკული ფაქტორებიდან აღსანიშნავია ორი საკითხი. საპატრიარქოს სურს დაკარგული რეიტინგი ის წილი, რომელიც სკანდალურ ამბებს შეეწირა, სწორედ ამ კორონა კრიზისის პერიოდში აუნაზღაუროს და სახელმწიფოს წინაშეც უფრო ემანსიპირდეს. სამწუხაროდ, საამისოდ არჩეული იქნა კვლავ ნეგატიური მობილიზაციის გზა და არა პირიქით.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემაა, საქართველოს საპატრიარქოს შიგნით არსებული ფინანსური სისტემის არადემოკრატიულობა. დასავლეთში, მათ შორის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს აქვთ ხელფასი, ერთგვარი საარსებო მინიმუმი მაინც. საქართველოში კი ტაძარი, იქ აღსრულებული წესები და ზოგადად მრევლთან პირისპირ მუშაობაა ხშირად მღვდლის შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ თუ მრევლი ტაძარში აღარ მივა, დაცარიელდება შესაწირის ყუთები, არ გაიყიდება სანთელი, პირადი შემოწირულობები აღარ იქნება. ანუ მიმდინარე შემოსავლის გარეშე დარჩება, სასულიერო პირებისა და მათი მრავალრიცხოვანი ოჯახების მთელი ფენა.

ამ ვითარებაში მოქმედი ხელისუფლება, თავისი წინამორბედების მსგავსად, ერიდება საპატრიარქოსთან მწვავე დაპირისპირებას. საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, საგანგებო სიტუაციის გამოცხადება ეხება რელიგიურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამის იმპლიციტური ხაზგასმა გამოცხადებისას, რასაც საქართველოში ადგილი არ ჰქონია. არსებობს თანამშრომლობის ველი, რომლის უკანაც ალბათ გამალებული პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს. მეორე საკითხია ადგილობრივი ეპარქიების გადაწყვეტილებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სრულიად ლოიალურია, როგორც ეს მოხდა ბოლნისი-მარნეულის ზონის შემთხვევაში. რადიკალიზმის რესურსი, რომელიც რელიგიას გააჩნია, არ არის თავისთავად მხოლოდ ნეგატიური მოვლენა, რადგან გადამწყვეტ მომენტში რწმენით აღვსილ ადამიანთა ერთობას აძლევს მოტივაციას, დაუპირისპირდეს თავისზე გაცილებით დიდი მასშტაბების მქონე ძალებს, როგორც ეს ხდებოდა მაგალითად ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში. გლობალური გამოწვევების დროს გააქტიურებული სიფხიზლეც არაა ურიგო თვისება, თუმცა სწორედ ახლაა საჭირო რწმენის სიჯანსაღე და ცოდნის სისავსე, რომ თოვლი ალუბლის ყვავილებისგან გაირჩეს.

თუ გავითვალისწინებთ მოახლოებულ არჩევნებს, მთავრობას საპატრიარქოსთან უხეშობის არანაირი რესურსი არა აქვს. საკითხი ისევ მორიგების მეთოდით მოგვარდება. თუ დაიყოლიებენ საპატრიარქოს სააღდგომო ლიტურგიების ღია ცის ქვეშ ჩატარებაზე, მაშინ იგი ვირუსული ეპოქის დასასრულს, აუცილებლად რაიმე კომპენსაციას მიიღებს სახელმწიფოსგან.

ამავე თემაზე: