პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის 20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება,  რომელმაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლისა და სიცოცხლისა  და ჯანმრთელობის დაზიანების ძალიან მაღალი რისკების მიუხედავად, ღვთისმსახურების პრაქტიკა უცვლელად დატოვა. სასულიერო პირები საეკლესიო სივრცეებში კანონის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების აშკარა დარღვევით მასობრივ შეკრებებს აორგანიზებენ. აღსანიშნავია, რომ სხვა ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა ნაწილმა თვითმსახურების პრაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მაღალი ინტერესით, სახელმწიფოს მითითებები გაიზიარა. საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება თეოლოგების, სასულიერო პირებისა და მოქალაქეების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მას უწოდეს ანტისოციალური, ანტიჰუმანური, იზოლაციონისტური და თეოლოგიურად პრობლემური გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ 20 მარტის გადაწყვეტილება  20-მდე სასულიერო პირმა და კიდევ უფრო მეტმა თეოლოგმა კოლექტიურ განცხადებაში კრიტიკულად შეაფასა.

EMC პერიოდულად წარმოგიდგენთ სხვადასხვა თეოლოგისა თუ სასულიერო პირის განმარტებებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე. ამჯერად გთავაზობთ თეოლოგის, ზურაბ ჯაშის პოზიციას:

ზურაბ ჯაში - თეოლოგი:

კორონა ვირუსის პანდემიის გავრცელებამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ეკლესია, საჭირო გახდა ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად გამოძებნოს შესაბამისი საღვთისმსახურო ფორმები. ეკლესიისთვის ძვირფასია ყოველი ადამიანის სიცოცხლე და განუწყვეტლივ ლოცულობს „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა“, რადგან მას სწამს, რომ მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მორალური და სულიერი მდგომარეობისა თითოეული პიროვნება შექმნილია ღვთის მარადიული და უსაზღვრო სიყვარულით დანარჩენ კაცობრიობასთან და მთელ სამყაროსთან ერთად; თითოეული პიროვნება გააცხადებს მასში აღბეჭდილ ღვთის ხატებას და მსგავსებას სრულიად განუმეორებელი სახით. ამიტომ, ეკლესიის მწყემსთავართ, ეპისკოპოსებს თვით უფალ იესო ქრისტეს მიერ დაევალათ იზრუნონ თითოეული სულის გადარჩენისთვის. როგორც თავად ის არის მწყემსი კეთილი, რომელიც “თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“ (იოანე 10:11), ასევე ვალდებული არიან ეკლესიის მწყემსთავარნი მსგავსი თავგანწირული სიყვარული გამოავლინონ მათი სულიერი შვილების მიმართ.

ამგვარი სიყვარულით ხელმძღვანელობენ დღეს განსაცდელის ჟამს მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მწყემსმთავარნი, როდესაც ისინი იძულებული არიან შეზღუდონ ღვთისმსახურების ჩატარება. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოაქვეყნა მიმართვა, რომლის თანახმადაც “ამ საგანგებო ვითარებაში უნდა შეიზღუდოს და შეჩერდეს ხალხის შეკრება და თავშეყრა. მოდით დავრჩეთ ჩვენს სახლებში. მოდით, გამოვიჩინოთ სიფრთხილე და დავიცვათ ადამიანები ჩვენს ირგვლივ. და აქ, ჩვენს სახლებში, გავძლიერდეთ ჩვენი სულიერი ერთობის ძალით. დაე, ყოველმა ჩვენგანმა აღავლინოს ლოცვა მთელი კაცობრიობისათვის“. მეტად საგულისხმოა, პატრიარქის მიერ ხაზგასმა, რომ ღვთისმსახურების ამგვარი შეზღუდვის პირობებში “საფრთხის ქვეშ დგას არა ჩვენი რწმენა, არამედ მორწმუნე ადამიანი; არა ქრისტე არამედ ჩვენ ქრისტიანები; არა ღმერთ-კაცი, არამედ ადამიანები“. მსგავსადვე შეაჩერა ღვთისმსახურებები საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა მრავალმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა, მომლოცველთათვის დაიხურა ათონის მთა. შეიძლება გავიხსენოთ საბერძნეთის ცალკეულ კუნძულებზე ეპიდემიის გავრცელებისას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების ისტორიული პრეცედენტი. მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად ახლად გათავისუფლებული საბერძნეთის სახელმწიფოს მეთაური, გუბერნატორი იოანის კაპადოსტრიასი იძულებული გახდა, 1828 წლის 20 აგვისტოს გამოეცა ბრძანება „სანიტარული მითითებების შესახებ“, რომლის მიხედვით „მოსახლეობას მოეთხოვება დარჩეს სახლებში. იკრძალება ყველა რელიგიური მსახურება. არ დაირეკება ზარები“ ( . . . )[1]. მაშინ ასეთი მკაცრი ზომების მიღებას გაგებით მოეკიდნენ ეკლესიის მწყემსმთავარნი. შედეგად საბერძნეთის დანარჩენი ნაწილი და სხვა მეზობელი ქვეყნები გადაურჩა ეპიდემიის გავრცელებას.

საქართველოს ეკლესიის სინოდმა მიიღო ზემოხსენებულთა საპირისპირო გადაწყვეტილება და არსებული საფრთხის პირობებში ის არ აპირებს არათუ საღვთისმსახურო შეკრებების შეჩერებას ან თუნდაც შეზღუდვას, არამედ არც ზიარების ფორმის შეცვლას. გასაჯაროებული განჩინების ტექსტის თანახმად, ზიარების ფორმაზე რაიმე სახის შეზღუდვის ან ცვლილების დაწესება, თუნდაც საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა “ყოვლად მიუღებელია“, რადგან ეს იქნებოდა “ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება“. როგორც ვხედავთ, აქ ქრისტეს სისხლისა და ხორცის გამომხსნელი ზიარების ნამდვილობის რწმენა წარმოჩენილია როგორც ამ ზიარების გაცემის ფორმასთან პირდაპირ კავშირში მყოფი.

რწმენას ხშირად ვაიგივებთ გრძნობის ორგანოებით მიუწვდომელი და ლოგიკურად დაუსაბუთებელი რაიმე სახის მოვლენის ნამდვილობის დაჯერებასთან. რწმენაზე ამგვარი წარმოდგენა რელიგიური ადამიანისთვის ადვილად იქცევა ფანატიზმის საფუძვლად, რაც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანში ბუნებრივად აღძრავს ბრალდებას მისი რწმენის სიბრმავის შესახებ. მართლაც, ამგვარი რწმენას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ თუ არა ბრმა რწმენას. ხოლო როდესაც ამგვარი რწმენა მიმართულია საეკლესიო რიტუალებისადმი, შედეგად ვიღებთ ამ რიტუალების მაგიურ გაგებას. არა და სწორედ ამის საპირისპიროს წარმოადგენს ქრისტიანული გაგება როგორც რწმენისა ასევე რიტუალისა.

რწმენა არის ჩვენი დადებითი პასუხი ამ შემოთავაზებაზე, ჩვენს მიერ ღმერთის დაპირებისადმი გამოცხადებული ნდობა. ამგვარი ნდობის კულტივირებას და ზრდა-განვითარებას ისახავს მიზნად ეკლესიური ცხოვრება და შესაბამისად მის საიდუმლოებებში მონაწილეობა. მაგრამ აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია და მისი საიდუმლოებები წარმოადგენს არა უკვე დასრულებულ რეალობას სასუფევლისა, არამედ ჩვენი ნებაყოფლობითი ჩართულობის გამოცხადებას ამ რეალობის დადგომის ხანგრძლივ პროცესში. აქედან გამომდინარე, წირვის ძღვენი, უფალ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი არის არა აწმყო მატერიალური რეალობა არამედ მომავალი რეალობის აწმყოში შემოჭრა შემოთავაზების სახით. შესაბამისად, მხოლოდ ჩვენი თავისუფალი ნებითა და ცნობიერებით მისი ზიარების შემთხვევაში ძალგვიძს გამოვუცხადოთ თანხმობა ქრისტეს მომავალ მეუფებას ჩვენზე და ასევე ნდობა მარადიული სიცოცხლის მისეულ დაპირებას. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ წირვის ძღვენი არ წარმოადგენს ქრისტეს ხორცსა და სისხლს ჩვენი რწმენისა და ცნობიერებისგან დამოუკიდებელი ობიექტური რეალობის სახით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ ძღვენს დავუქვემდებარებთ ლაბორატორიულ ანალიზს მისი ქიმიური შემადგენლობის გამოსაკვლევად, ვნახავთ, რომ ის არის პური და ღვინო. ის მხოლოდ ადამიანის გაცნობიერებულ რწმენასთან და მომავალი სასუფევლის იმედთან მიმართებაში იძენს რეალურ ბუნებას. ზიარების ამგვარ შეიძლება ითქვას დიალოგური სახის ონტოლოგიაზე მეტყველებს ეკლესიის დიდი მამის, წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის გაფრთხილება: „მაგრამ თუ ჩვენ ხილულ პურზე მეტს არაფერს ვიგრძნობთ და არ შევიცნობთ ჩვენთან მომავალ სხვა ცხოვრებას, მაშინ, რასაც ვეზიარეთ, არის ოდენ პური და არა ღმერთი“ (ზნეობრივი სწავლება 14). აქ აქცენტი კეთდება შეგრძნებაზე. ჩვენი რწმენა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ შევძლოთ ვიგრძნოთ ზიარების ქრისტესეული რეალობა და არა უბრალოდ ვაიძულოთ საკუთარი თავი, ბრმად ვირწმუნოთ ის, რისი აღქმაც და დასაბუთებაც შეუძლებელი ჩანს. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის რწმენა ღმერთისა და ნდობა მისი მომავალი დაპირებებისა არ ატარებს დოქტრინალური დებულებებისადმი თანხმობის ხასიათს, არამედ ეს არის ღმერთთან როგორც პიროვნებასთან პიროვნული სიყვარულით დამყარებული ურთიერთობა. ასეთი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან კი გულისხმობს ადამიანის სულის განწმენდის ხანგრძლივ ასკეტურ ღვაწლს, რაც საჭიროებს ამქვეყნიური საზრუნავისგან განშორებას და გარკვეული სახის განმარტოებასაც. ამ შემთხვევაში სულიერი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი მოთავსებულია მორწმუნე პიროვნების წიაღში და არა მის გარეთ ეკლესიის ინსტიტუციაში. ეს შესანიშნავად ჩანს თვითონ წირვის ლოცვის სიტყვებიდანაც. სულიწმინდის მოწვევისთვის ლოცვისას წარმოვთქვამთ: „მერმეცა შევსწირავთ შენდა სიტყვიერსა ამას და უსისხლოსა მსხუერპლსა და გხადით და გევედრებით: გარდამოგვივლინე სული შენი წმიდაი ჩუენ ზედა და წინამდებარეთა ამათ ძღუენთა ზედა“ (წმ. იოანე ოქროპირის წირვა). აქ პირველ რიგში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ტერმინ „სიტყვიერ მსხვერპლზე“, რასაც ბერძნულ დედანში შეესატყვისება λογίκη λατρεία, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს აზრისმიერ ანუ გონივრულ მსახურებას. შემდეგ უნდა დავაკვირდეთ, რომ სულიწმინდა უპირველესად გადმოდის „ჩუენ ზედა“  და მხოლოდ შემდეგ არის მოხსენიებული ძღვენი. ეს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ სულიწმინდის მოწვევით, პირველ რიგში, ეს ჩვენ გარდავიქმნებით ქრისტეს სხეულად, და შემდეგ ძღვენის გარდაქმნაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ეს ცხადი ხდება მომდევნო ლოცვებში, სადაც კარგად ჩანს ძღვენის გარდაქმნის მიზანი: „შეცვალე სულითა შენითა წმიდითა. ამინ. ამინ. ამინ. რაითა ექმნეს მიმღებელთა განსაფრთხობელად სულისა, მისატევებლად ცოდვათა, ზიარებად სულისა წმიდისა სულისა შენისათა, სასუფევლისა ცათაისა აღვსებად, ნუ სასჯელად გინა დასასჯელად“ (წმ. იოანე ოქროპირის წირვა). მომადლებულ სიკეთეთა ამ ჩამონათვალში  პირველად ნახსენებია „განსაფრთხობელად სულისა“. თანამედროვე ქართველისთვის კვლავ გაუგებარი შეიძლება იყოს, თუ რა იგულისხმება სიტყვა „განფრთხობაში“. ძველად ის აღნიშნავდა გამოფხიზლებას, სიფხიზლეს. ბერძნულ დედანშია εἰς νῆψιν ψυχῆς, რაც ახალ ქართულად იქნება „სულის გამოსაღვიძებლად“ ან „სულის სიფხიზლისათვის“. ტერმინი „ნეფსისი“ კარგად არის ცნობილი ასკეტურ ლიტერატურაში. ასკეტური ნაშრომების გამორჩეული კრებულის „სათნოებათმოყვარეობის“ სრული სათაურია „წმინდა მღვიძარეთა სათნოებათმოყვარეობა“ (ΦΙΛΟΚΑΛΙΑ ΤΩΝ ΙΕΡΩΝ ΝΗΠΤΙΚΩΝ). რა თქმა უნდა, აქ ტერმინი „მღვიძარება“ აღნიშავს ზემოთ განხილულ ფილოსოფიურ სწავლებას საკუთარი თავისადმი ყურადღების მიქცევისა და საღვთო გონებასთან – ლოგოსთან – შეერთების მიზნით საკუთარი აზრების მოწესრიგების შესახებ.

ეკლესიის ამ სწავლებათა შუქზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულიერი განათლების მიზანდასახულობა საეკლესიო საიდუმლოებებისა ძირეულად განასხვავებს მათ ზოგადად რელიგიური რიტუალებისგან, რომელთა აღსრულებაც აღიქმება ისტორიულად დაწესებული წეს-ჩვეულებების გაუცნობიერებელ მექანიკურ გამეორებად. ქრისტიანული ლიტურგია არის პირველ რიგში „გონისმიერი მსახურება“, როგორც ამას ხაზს უსვამს პავლე მოციქული (რომ. 12:1-2), რაც ასევე აისახა წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგიის ლოცვებში. ამგვარი მსახურება თითოეული პიროვნებისგან მოითხოვს სულიერ სიფხიზლეს და მორალურ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. ამიტომ, ასკეტური ღვაწლი და შინაგანი ლოცვითი მედიტატიური მოღვაწეობა არის აუცილებელი წინაპირობა ღვთისადმი რწმენის ცოცხალი შეგრძნებების დონეზე განვითარებისათვის. თავის მხრივ კი ასეთი რწმენა შესაძლებლობას იძლევა წირვის ძღვენი მივიღოთ როგორც ჭეშმარიტად ქრისტეს ხორცი და სისხლი. ამის შემდეგ უპრიანი იქნება ვიკითხოთ, რამდენ ჩვენგანს აქვს დღეს განვითარებული ამგვარი რწმენა და ნდობა ღვთის აღთქმებისადმი, ან რამდენი ჩვენგანი იღწვის რწმენის განვითარებისათვის, ანდა საერთოდ თუ აქვს თუნდაც მართებული წარმოდგენა ქრისტიანული რწმენის არსზე,  ისე რომ მას შეეძლოს მიეახლოს წირვის ძღვენს მასზე სნეულების გადადების შიშისგან თავისუფლად? რომელ ჩვენგანს აქვს აბრაამის რწმენა, რომელსაც ღმერთი მოსთხოვს მისი მხოლოდშობილი ძის ისააკის მსხვერპლად შეწირვას, ის კი დარწმუნებულია, რომ ღმერთი არ მიიღებს მისგან ამ მსხვერპლს და „ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს“ (დაბ. 22:8)? მაგრამ რატომ უნდა გამოვცადოთ ღმერთი, როდესაც ის არ ითხოვს ჩვენგან ასეთ მსხვერპლს. ის ითხოვს ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისა და მოყვასის სიყვარულის მოწამეობრივ მსხვერპლს, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში ეკლესიას არასოდეს აუყვანია ზიარების საიდუმლოში მონაწილეობა ასეთი მოწამეობრივი მსხვერპლის დონეზე. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომელ ჩვენგანს აქვს უფლება გამოსცადოს სხვა ადამიანების და მთელი საზოგადოების რწმენა მაშინ, როდესაც შესაძლოა ჩვენ თვითონ გავხდეთ სხვებისთვის დაავადების გადამტანები?

მართლმადიდებლური საეკლესიო ტრადიციის სიმდიდრე და მრავალფეროვნება სრულებით იძლევა საშუალებას, თავი ავარიდოთ ამგვარი მორალური სახის დილემებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ზიარების კოვზი ისევე როგორც სხვა ლიტურგიული ფორმები ნამდვილად არ წარმოადგენს უცვლელი დოგმატის ნაწილს. ისტორიაში კარგად არის ცნობილი, რომ კოვზის გამოყენების პრაქტიკა შემოიტანეს XI-XII საუკუნეებში. ადრეული ლიტურგიული პრაქტიკა შემორჩენილია „იაკობ მოციქულისა და უფლის ძმის წირვაში“ (შემორჩენილია ამ წირვის ძველი ქართული თარგმანის ორი სხვადასხვა რედაქცია იხ. Michael Tarchnisvili, Liturgiae ibericae antiquiores. Scriptores iberici, tom. I, Lovanii: E typographeo linguarum orientalium, 1950, 1-64), როდესაც ძღვენის პური არ იდება ბარძიმში არამედ ცალკე ეძლევა ზიარებისას. ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით სავსებით შესაძლებელია პურის ბარძიმში ჩალტობა და შედმეგ მიწოდება მოზიარეთათვის. მეორეს მხრივ, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება შეიძლება გამოვიყენოთ სახლებში ზემოთ განხილული პიროვნული რწმენის განვითარების სულიერი ასკეტური და ლოცვითი მოღვაწეობისთვის, რაც თავისი არსით არათუ განსხვავდება წირვის საზოგადო მსახურებისგან, არამედ მიზნად ისახავს მის სიღრმისეულ გათავისებას. ამგვარი მოღვაწეობის უამრავ მაგალითს გვთავაზობს ეკლესიის ტრადიცია მეუდაბნოე მამებისა და დედების სახით, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ატარებდნენ მარტოობაში და შესაბამისად ვერ იღებდნენ მონაწილეობას საზოგადო საეკლესიო ღვთისმსახურებაში.

დღეისათვის შექმნილ რთულ ვითარებაში პრაქტიკული გადაწყვეტილებების მისაღებად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკლესიისთვის სრულად მისაღები უნდა იყოს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მიერ თანამედროვე სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შემუშავებული უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

დასასრულს, მსურს დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩემი ეკლესიის წმინდა სინოდისადმი, როგორც ჩემი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოსადმი, მაგრამ ამავე დროს აღვნიშნო, რომ ეს არ მაძლევს უფლებას, უკრიტიკოდ მივიღო მისი გადაწყვეტილება, რომელიც არათუ განამტკიცებს ეკლესიის მრევლის რწმენას, არამედ შეიცავს საფრთხეს, რომ ქრისტიანული რწმენა გაგებული იქნეს როგორც მაგიური რიტუალებისთვის დამახასიათებელი ცრურწმენა, რომელიც არ საჭიროებს პიროვნების თავისუფალ გაცნობიერებულ პასუხს ღვთის განგებულებაზე, არამედ პირიქით თრგუნავს ქრისტიანისთვის ესოდენ ძვირფას თავისუფალ ნებასა და აზროვნებას – ღვთის ხატებას ადამიანში. მეორე მხრივ, არანაკლები საფრთხე მომდინარეობს შეუზღუდავი საღვთისმსახურო შეკრებების მეშვეობით დაავადების გავრცელებისთვის ხელშეწყობისაგან, რაც ასევე ეწინააღმდეგება მოყვასის სიყვარულის წმინდა მცნებას. ამგვარი საფრთხეებისგან გამოსავლის ძიებისას ახლა როგორც არასდროს საჭიროა, მივმართოთ ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი საღვთისმეტყველო აზროვნების საუნჯეს. ეს საუნჯე დაგვეხმარება განმარტოებული სულიერი ღვაწლის მეშვეობით არ დავარღვიოთ წირვის არსი ქრისტიანთა ერთობისა გადმოცემული სიტყვებით „ვიყუარებოდეთ ურთიერთას და ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდა სულსა“. ამ დროს უნდა გვახსოვდეს დიდი მეუდაბნოე მამის, ევაგრე პონტოელის სიტყვები: „მონაზონი ყველასგან განშორებულია და ამავე დროს იმყოფება ყველასთან ერთობაში“ (თავები ლოცვის შესახებ 124). ვფიქრობ, დღეს გვეძლევა საშუალება მცირედით მაინც ვეზიაროთ მონაზონთა ამ ღრმა სულიერ გამოცდილებას.

ამავე თემაზე:

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.johnsanidopoulos.com/2020/03/when-kapodistrias-closed-churches-and.html?fbclid=IwAR0SFGAy-

2OKCnHShJ20Y2D9YuKoqtyJnIrumfHFCniwc1c1M9hCRL1ktHU