პანდემიის პირობებში საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ღვთისმსახურების წესის უცვლელობის შესახებ, თეოლოგიური დავის საგანი გახდა. გამოითქვა არაერთი მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება მოყვასის სიყვარულის შესახებ ქრისტიანობის ფუნდამენტურ კონცეფციას ეწინააღმდეგება და შინაარსის ნაცვლად, ფორმაზე, რიტუალზე ჭარბად მიმართული, სოლიდარობისგან დაცლილი გადაწყვეტილებაა. ამ მიზნით ჩვენ რამდენიმე სასულიერო პირისა და თეოლოგის მოსაზრებები შევკრიბეთ სოლიდარობასა და მოყვასის სიყვარულზე.

ამ ტექსტების შეკრების და თქვენთვის გაზიარების მიზანია მკითხველის დაფიქრება პანდემიის დროს სოლიდარობის მნიშვნელობაზე.

გარდა ამისა, ეს არის მცდელობა მოვუწოდოთ მორწმუნეებს, გაიაზრონ საკუთარი სოციალური და ქრისტიანული პასუხიმგებლობა და ამ რთულ ვითარებაში მათი ახლობლების, თემის წევრების და უცნობების სიცოცხლის დასაცავად სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე:

სახარებების დასკვნითი თავები მოგვითხრობენ იესო ქრისტეს გაცემისა და შეპყრობის შესახებ. დიდი მარხვის ბოლო კვირას მრავალჯერ გაჟღერდებიან ეს საკითხავები, მრავალჯერ აღგვაშფოთებს ის უსამართლობა და გულს შეგვიკუმშავს ის სისასტიკე, რომელიც იესო ქრისტეს მიმართ გამოვიჩინეთ.

თავად იესო, ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი, აგრძელებს ადამიანებზე ზრუნვას, არ სურს საკუთარი მოწაფეების გამოცდა, არ სთხოვს მასთან ერთად გაიზიარონ ჯვრის მსხვერპლი და ასე დაუმტკიცონ ერთგულება. პირიქით, ცდილობს აარიდოს განსაცდელი და მის შესაპყრობად მისულ ჯარისკაცებს ეუბნება: „მე ვარ ვისაც ეძებთ, ესენი გაუშვით“.

ვინ იცის, იქნებ აქამდე არც მიგვიქცევია ამისთვის ყურადღება, იქნებ ქრისტეს შეპყრობისას ჩვენი სამართლიანი აღშფოთების მიღმა ჯერაც არ დაგვინახავს ის ნაზი მზრუნველობა, რომელსაც იჩენს მოწაფეებისადმი, ჩვენდამი... ამბობს, „მე ვარ ვისაც ეძებთ“, და მიემართება საპყრობილეში, შემდეგ კი ჯვარზე, რათა თავისიანები გადაარჩინოს და გვასწავლოს არ გამოვცადოთ ერთმანეთის რწმენა, დავიცვათ ერთმანეთი განსაცდელისაგან.

დღეს ის არ გვთხოვს რომ ჩავსხდეთ საპყრობილეში, საკმარისია სახლში ჯდომა. საკმარისია ვთქვათ: „ეს მე ვარ, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა საკუთარი დებისა და ძმების გადარჩენისა, მე შემიძლია მივბაძო იესოს და გავიღო სულ მცირე მსხვერპლი თვითიზოლაციისა“. დღეს იესო ქრისტეს მიბაძვა, ჩვენიანებზე ზრუნვა, მათი სიცოცხლის გადარჩენა, მათგან დისტანციაში მდგომარეობს, რა დროსაც დანამდვილებით შეგვიძლია, ამ ვნების შვიდეულში კრძალვით ვფურცლოთ სახარება ჩვენს სახლებში და ყველაფრის მიუხედავად მისი საოცარი ფიქრები შევიგრძნოთ ჩვენზე: „ეს მე ვარ ვისაც ეძებთ, ესენი გაუშვით“.

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა:

კორონავირუსით გამოწვეულმა უმძიმესმა მდგომარეობამ, ბევრი ჩვენთაგანი ფიზიკური დასნეულებისა და სიკვდილის საფრთხის გარდა, მენტალური და სულიერი გამოწვევების წინაშე დააყენა. ექიმები, როგოროც ჩვენი ხორცის მკურნალნი და კომპეტენტური პირები, გვირჩევენ მრავალ მეთოდს, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და სხვაც ამ საფრთხისაგან. ჩვენ ეს რჩევები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ, ასევე, აუცილებლად საჭიროა სულიერი რჩევები სულის მკურნალი ეკლესიისაგან.

სულიერი მკურნალობა რწმენისეულია. ადამიანის სულიერი დისჰარმონია აისახება ჩვენს ყოველდღიურ ყოფაზე, და მათ შორის, გარემოზეც — ცოდვით დაცემულ სამყაროში ბუნებრივი სტიქიები ხშირად კაცობრიობის წინააღმდეგ მოქმედებენ. მაშასადამე, ისმის კითხვა, როგორ უნდა იქნეს დაძლეული ადამიანსა და სამყაროს შორის არსებული სულიერი დისჰარმონია და აღდგენილი უნივერსალური ერთობა. სულიერი ჰარმონიის აღდგენის პირველი ნაბიჯი საღმრთო სიყვარულის გზით მოყვასზე მზრუნველობაა, რათა აღვასრულოთ უფლის უმთავრესი მცნება: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.

ნუ ვიფიქრებთ, რომ ტაძარში მისვლისა და წმინდა ლიტურგიაზე ფიზიკური დასწრებისაგან დროებითი თავშეკავებით განვერიდებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს. დღეს არის დრო, როდესაც შეგვიძლია საკუთარ ოჯახებში განვიცადოთ იესო ქრისტეს მყოფობა, ვიქცეთ ქრისტეს ჭეშმარიტ სხეულად, მის ჭეშმარიტ ტაძრად და ევქარისტიად. იესო ქრისტესთან ჩვენს ამგვარ სულიერ სიახლოვეს განსაზღვრავს მოყვასის მიმართ საღმრთო სიყვარული, რომლითაც შთაგონებულებიც უნდა გავუფრთხილდეთ მოყვასს, რომ ნებით თუ უნებლიედ არ გავხდეთ მისთვის ზიანის მიმყენებლები. ჩვენი მოთმინება და თავშეკავებულობა, პასუხისმგებლობა და მორჩილება არის ის მსხვერპლი მოყვასზე ზრუნვისა, რომელსაც შეიწირავს უფალი და რომელიც მოგვიტანს სულიერ ერთობასა და დაკარგულ ჰარმონიას. ვიყოთ ნაწილნი ქრისტეს მისტიური სხეულისა, დავიცვათ ჩვენი თითეული ნაწილი განსაცდელთაგან და ამით გავერთიანდეთ უფალ იესო ქრისტეში.

დეკანოზი გიორგი წეროძე:

ადამიანი პირველ რიგში არის ის, ვისაც შეუძლია გაიგონოს ღმერთის და უპასუხოს მას. ადამიანი არის ის, ვისაც შეუძლია ღვთაებრივი წესის ურთიერთობებში შევიდეს ღმერთთან. ღმერთი თავის თავშიც მხოლოდ განსაკუთრებული სახის ურთიერთობით არსებობს. ურთიერთობა მამა, ძესა და სულიწმიდას შორის. ამის გარეშე და ამის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს. ეს ურთიერთობები არის პიროვნული, თითოეულის ერთადერთობის, ერთმანეთისთვის შეუცვლელობის მნიშვნელობით. მასთან, ყოველ ადამიანთან და მთელ ქმნილებასთან ამდაგვარივე ურთიერთობებში მონაწილეობისთვის მოგვიწვია არარსებობიდან ღმერთმა. ასევე ურთიერთობების შინაარსის გადახედვისკენ მოგვიწოდებს და ქადაგებს იოანე ნათლისმცემელი. გვითხრა დაფიქრება, სხვაგვარად მოვლენების დანახვა (სინანული) თქვენს სულში ღვთაებრივ ნათლს შემოიტანსო. სინანულის გარეშე ღმერთზე არც იოცნებოთო. და სინანულის კარად კი დაგვიდო გვერდით მყოფი ადამიანის გასაჭირის გაზიარება. არ არის საჭირო ზეცისკენ თვალების აპყრობა, გაიხედე გვერდზე, შეინანეთ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო (დღეს იგივეა რაც: მონათლული ვარ, ვეზიარები, პატრიარქი ან ეპისკოპოსი მემეგობრება, მლოცავს, სტუმრად მიწვევს, მინისტრი ვარ, მდიდარი ვარ, მაქებენ, ვუყვარვართ); ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილებიო. ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენო”. და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათ? ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”. მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?” ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”. ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ (დღეს იგივეა რაც ძალაუფლების მქონენი, ხელისუფალნი): "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთო.

ეს არ არის უბრალო სოლიდარობა, ეს ღვთაებრივამდე მისასვლელი პირველი და აუცილებელი საფეხურია. მე გავთავისუფლდი იდეოლოგიებისა და მოძღვრებებისგან. ვცდილობ დავინახეო ჩემი თავი სხვისი უსასრულობის პირისპირ და მაშინ სხვას და მეორეს ისე ვუფრთხილდები, როგორც ღმერთს, ან ყველაზე ძვირფას არსებას ამ ქვეყნად.

მღვდელი გრიგოლ ჭეჟია:

თანამედროვე სამყაროში მრავლად არიან ადამიანები რომლებიც: სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სახის დახმარებას საჭიროებენ. ეს საჭიროებები განსაკუთრებით გაამძაფრა დღევანდელმა პანდემიურმა ფონმა. ქრისტეს ისტორიული სახე ნაზარეთიდან ეკლესიისგანაც შესაბამის სახეს ითხოვს. ეკლესიამ გასაჭირში მყოფ ადამიანებში თავისი ღარიბი და გაჭირვებული დამაარსებლის სახე უნდა შეიცნოს. ქრისტიანს ქრისტე უნდა გაახსენდეს გაჭირვებული თანამოძმის დანახვისას. პარადოქსია, მაგრამ აქტუალური კრიზისიდან გამომდინარე დისტანციის დაცვაც სწორედ ადამიანისადმი მსახურებაა. არასდროს არ ყოფილა ისე მნიშვნელლოვანი კოლექტიური მარტო ყოფნა, როგორც დღეს. რა თქმა უნდა, მსახურება და ზრუნვა ნიშნავს ამ კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანებთან ყოფნას იმ საშუალებებით, რომლებიც ექიმებისგან რეკომენდირებულია. შესაბამისად ადამიანებისადმი ზრუნვა, გამოიხატება პირაბდის და სხვა დამცავი საშუალებების ტარებით,დახმარებით საავადმყოფოებსა, თუ შესაბამის დაწესებულებებში. რა თქმა უნდა, ზრუნვაა ამ პერიოდში იმედის გაღვივება გარშემომყოფებში. იმედისა, რომელიც ნუგეში და სიხარულია ქრისტესი, რომელიც ჩვენ გაგვათავისუფლებს. უპირველესად გაგვათავისუფლებს შიშისგან.

დედა სიდონია:

"და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?“

ქრისტიანული სიყვარული - სოციალური სოლიდარობაა და არ მოიცავს მხოლოდ ჩემიანს. სიყვარულის ცნება ეკლესიის სოციალური დოქტრინის ძირითი ქვაკუთხედია - გიყვარდეს ღმერთი შენი და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი (მათ 22: 37-40) ადამიანი სოციალური არსებაა და, მისი ღვთის ხატება არ უნდა იყოს მექანიკური და, კი არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში, არამედ ქრისტეს მცნებებმა ჩვენი ცხოვრება და ქცევა უნდა გარდაქმნას. ქრისტიანულმა მორალმა სამყაროს მოვლენებზე დადებითი გავლენა უნდა იქონიოს. ნუ იფიქრებ, იუდეველთა მსგავსად, რომ შენი მოყვასი მხოლოდ შენი ახლობელ-მეგობარია, შენი ნათესავი თუ ამხანაგი, არამედ უწყოდე, რომ უკლებლივ ყველა ადამიანია შენი მოყვასი, ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „ყოველი ადამიანია ჩვენი მოყვასი, და არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს არსებობდეს რაღაც შეუსაბამობა, უთანაბრობა გვარისა იქ, სადაც ერთი ბუნებაა“ (118-ე ფსალმუნზე მე-8 სიტყვა). და კვალად იგივე წმიდა მამა ამბობს: „ჩვენ ყველანი ერთურთისათვი სმოყვასნი ვართ ჩვენი მიწიური შობის მდგომარეობით და სასოებით ზეციური მემკვიდრეობისა“ (სიტყვა 59-ე „დროის შესახებ“). მაშ, იცოდე, ქრისტიანო, რომ შენი მოყვასი ყოველი ადამიანია, რომელიც შეწევნასა თუ რჩევა-დარიგებას საჭიროებს: სულ ერთია, იგი შენი ნათესავი იქნება თუ არა; კეთილი თუ ბოროტი, ნაცნობი თუ უცნობი, - ყველა უკლებლივ შენი მოყვასია. ასე, რომ მდიდრის მოყვასი - ღარიბია, ბრძენისა - უბირი, ჯანმრთელისა - სნეული, თავისუფალისა - ტყვეობაში მყოფი, ბედნიერისა - უბედური, - როცა ერთს დახმარება სჭირდება, მეორეს კი ძალი შესწევს შემწეობა აღმოუჩინოს მას. რამეთუ ჩვენ ადამიანის ზნეს კი არ უნდა ვუყურებდეთ, არამედ მის გაჭირვებას, და უნდა შევეწეოდეთ არა კერძოდ რომელიმე ადამიანს, არამედ უბედურ ადამიანურ ხვედრს. მაშ, ხშირად გაიხსენე ხოლმე, ქრისტიანო, სამარიტელი, მოხსენიებული დღევანდელ სახარებში, და როცა კი შენს გვერდით ღარიბ-გლახაკთ, მიმძლავრებულთ, გაძარცვულთ, ტყვეთ, ქვრივ-ობოლთ, უძლურთ, უმწეოთ, უსახლკაროთ, შიშველთ და სხვა შეჭირვებულთ იხილავ, ყოველთვის ეცადე სამარიტელი მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარული არ იკითხავს, რა სარწმუნოებისაა მოყვასი, რომელი ტომისა და მიწა-წყლის, მას უყვარს არა საკუთარი გამორჩენისათვის, არამედ მოყვასის სარგებლობისათვის, უყვარს ფაქიზად, ერთგულად, და ყოველმხრივ ცდილობს შეუმსუბუქოს მოყვასს ხვედრი, შეეწიოს უბედურებაში და შეძლებისდაკვალობაზე მოუტანოს მას ბედნიერება. მაშასადამე, ჩვენ ყოველი ადამიანი უნდა გვიყვარდეს თანალმობით აღსავსე სიყვარულით, ქმედითი მზრუნველობით, და აუცილებლობის შემთხვევაში - თავგანწირვითაც. ასეთი, სრულყოფილი და თავგანწირული სიყვარულის მაგალითი მოყვასისადმი ჩვენ, ქრისტიანებს, თვით იესო ქრისტეში გვაქვს, რომელმაც გვითხრა: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქვენ, რაითა იყვარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყვარენ თქვენ, რაითა თქვენცა იყვარებოდით ურთიერთას“ (იოანე 13,34). ოდესღაც უფალმა ასე უთხრა თავის მოწაფეებს: „უფროისი ამისა სიყვარული არავის აქვს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“ (იოანე 15,13), და მართლაც, მან თავი თვისი დასდო ჩვენთვის მაშინ, როცა ჩვენ მისი მტრები ვიყავით. აი, ასეთი უსაზღვროა უფალ იესოს სიყვარული ჩვენდამი! და აი, ამგვარივე უნდა იყოს ჩვენი სიყვარულიც ერთმანეთისადმი, მოყვასისადმი. დღეს, პანდემიით განსაცდელია გამოცდა ჩვენი სწორი ქრისტიანობისა. ვინც პანდემიაში ხედავს ჟამის მოახლოებას, შევახსენებ რომ, მამათ სწავლებით ბოლო ჟამის უმთავრესი ნიშანი სწორედ - ადამიანთა გულგრილობა იქნება, დაცლილი სახარებისეული სიყვარულისგან. და, სწორედ ესაა ჩვენი საზრუნავი - სიყვარული, სულგრძელება და განურჩევლად ზრუნვა ადამიანებზე რათა სინათლე და სიკეთე განვამრავლოთ სამყაროთი.

გამოყენებულია მღვდელ გრიგოლ დიაჩენკოს განარტებები,

ზურაბ ჯაში, თეოლოგი:

როგორც ჩვენს ირგვლივ ასევე მთელ მსოფლიოში ათასობით დასნეულებული და გარდაცვლილი ადამიანის მიმართ თანაგრძნობამ წაშალა ყოველგვარი ეროვნული და რელიგიური საზღვრები, თითქოს სივრცე შეიკუმშა და ყველაზე შორეულიც ჩვენი გულის სიახლოვეს აღმოჩნდა. მაგრამ ამავე დროს სწორედ ეს თანაგრძნობა მოითხოვს ჩვენგან, მისი ქმედითი გამოვლინება შემოვფარგლოთ ჩვენი კერძო სივრცით. დღეს მხოლოდ სახლში დარჩენა არის სნეულებასთან ბრძოლისა და მისგან მომავალი საფრთხისგან მოყვასის დაცვის ყველაზე ეფექტური გზა. პანდემია გვაყენებს გამოწვევის წინაშე უჩვეულო ფორმით გამოვხატოთ სიყვარული განსაცდელში მყოფი მოყვასის მიმართ და ნდობა შემოქმედი ღმერთის მიმართ. მოყვასისადმი სიყვარული ვერ ვლინდება მასთან ფიზიკურ სიახლოვეში. თუმცა, ეს არ ანელებს გრძნობას, არამედ პირიქით საშუალებას აძლევს მას უფრო ღრმად გაიდგას ფესვი ჩვენს სულში. უფლის საქმეთა გაცხადება კი გულისხმობს ერთსა და იმავე დროს ადამიანის სიკვდილით მოწყვლადობის უსამართლობისა და ღვთის მიერ მისი დაძლევის იმედის გაცხადებას. სიკვდილის ძლევა არის ქრისტეს სახარების, მის მიერ ნაუწყები სასიხარულო ამბის არსი. მალე ამ იმედს იზეიმებენ მართლმადიდებელი ქრისტიანები (სხვა აღმსარებლობის ქრისტიანებმა უკვე იზეიმეს) აღდგომის დღესასწაულზე საგალობლით: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავებსა შინა ცხოვრების მიმნიჭებელი!“ ამჯერად ეს სიტყვები უნდა წარმოვთქვათ არა ქვით ნაგებ ტაძრებში შეკრებისას, არამედ სულიწმინდის დავანებით ღვთის ცოცხალ ტაძრად ქცეული ჩვენი სხეულის წიაღ და ჩვენი სულის ცოცხალ ხატში განჭვრეტილი ღვთის პირისპირ. ასე კიდევ მეტად გაღრმავდება ჩვენი რწმენა ღვთისადმი და განმტკიცდება იმედი სასიკვდილო სენის დაძლევისა.

მირიან გამრეკელაშვილი,თეოლოგიის დოქტორი:

უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანებისა, ვისთვისაც ძალიან ძვირფასი და შეუცვლელია საკუთარი რელიგიურობის განცდა საერთო შესაკრებელში და ქრისტესმიერი სიყვარულის გაზიარება ფიზიკურად წარმოდგენილ საკუთარ თემთან, ვისაც ტაძრის მიღმა უფალთან შეხვედრის გამოცდილება ჯერ არ გააჩნია.

თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეკლესიის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ტაძარში სიარული დიდი გმირობა იყო და მართლაც ქრისტეს გამო დევნილი ხდებოდა ადამიანი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. “ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცის ქვეშეთში“(ეკლ.3,1), არის ჟამი შეკრებისა და ჟამი განშორებისა. დღეს სწორედ სოციალური დისტანციის დაცვით, არის შესაძლებელი მოყვასზე ზრუნვა. რაც მთავარია, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, უფალთან მიახლების გზა, უპირველესად სწორედ ჩვენს გულს, სულსა და გონებაზე გადის. სწორედ შინაგანი ფერისცვალება და გარდასახვაა წინაპირობა, რიტუალებში ჭეშმარიტი თანამონაწილეობისა, როგორც ამას მეზვრისა და ფარისევლის შესახებ სახარებისეული იგავიც (ლუკა 18,9-14) გვასწავლის.

ამგვარი დამოკიდებულების კიდევ უფრო მძაფრი მაგალითია, როდესაც მაცხოვარი ჩვენი, უფალი იესო ქრისტე მოახლოებული პასექისას (פֶּסַח) შეკრებილ ფარისევლებს ეუბნება, რომ დაანგრიონ იერუსალიმის ტაძარი და სამ დღეში აღადგენს მას. “დახსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე" (იოანე 2:19)“. ის გულისხმობს საკუთარ სხეულს, რომელშიც ჩვენთვის და ჩვენი ცხოვნებისათვის ხორცნი შეისხა. ის მომავალ აღდგომას მოასწავებს, თუმცა ეს იგავური შეპირისპირება სწორედ ამ საზრისსაც ატარებს: უსულო ნაგებობები ან მხოლოდ მექანიკური რიტუალები ვერაფრით იქნება ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი. სიცოცხლეზე, რომლის უზენაესობას უკავშირდებოდა პასექი და ქრისტიანთათვის კი აღდგომა, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯების ბრწყინვალე დღესასწაული, რომელისაც წინასწარ გილოცავთ! ქრისტე აღდგა!

ზაზა თევზაძე, მღვდელი:

ღირებულებათა შორის ყველაზე მაღალი სიცოცხლეა, რომელიც ღმერთმა გვიბოძა თავის უსაზღვრო სიყვარულითა და უკიდეგანო გულმოწყალებით. თითოეული ადამიანის, თითოეული ქრისტიანის მოვალეობაა გაუფრთხილდეს ღვთის ამ უზენაეს საბოძვარს, სიცოცხლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არის უმთავრესი და არსებითი ნაწილი იესოს ქრისტეს მოძღვრებისა, რომლის ჭეშმარიტება დაგვიდასტურა თავისი ამქვეყნიური ცხოვრებით; სხვა ყველა დანარჩენი ღირებული ამ უმთავრესი იდეის მეუფებასა და უზენაესობას უნდა ემსახუროს, ამის გარეშე ყოველგვარი რელიგიურობა მკვდარი და უსარგებლოა, ამას გვასწავლის იგი, ვინც ჩვენგან მსხვერპლს კი არ მოითხოვს არამედ განუსაზღვრელ წყალობას გვპირდება. დღეს კი, სწორედ დღეს უნდა გამოჩნდეს როგორი ქრისტიანები ვართ, როცა კაცობრიობას ბიოლოგიური სტიქია, ვირუსული პანდემია განადგურებით ემუქრება; როდესაც მთელი მსოფლიო არნახულ და არგაგონილ განსაცდელშია, როცა მიმდინარეობს იდეური ომი საღ აზრსა და მასიურ ფსიქოზს შორის, ჯანსაღ რელიგიურობასა და აპოკალიპტურ ისტერიას შორის, ძალთა ბალანსი როგორც წუთსოფელს სჩვევია ხოლმე ამჟამადაც სიკვდილის მხარეს იხრება, სიცოცხლის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულებით; ისევ ჯვარს აცვამენ იესო მაცხოვარს, უზენაეს სიცოცხლეს და ყოველგვარი სიცოცხლის წყაროს, პარადოქსია მაგრამ მას ჯვარს აცვამენ ვითომდა მისი მსახურები, ეგრეთ წოდებული უმაღლესი რელიგიურ ელიტა, კაიაფა მღვდელმთავრის სულიერი მემკვიდრეები, რომელთა მტაცებელური და მგლური იდენტობა უწყინარი და სახიერი კრავის ნიღბითაა შეფუთული და ამით აბრიყვებენ მიამიტ სამწყსოს, რომელთაც ნამდვილი სახე და ნიღაბი ერთურთისაგან ვერ გაურჩევიათ. ამავდროულად ისევ მრუდდება სამოქალაქო სამართალი უზნეო კომპრომისზე წასული სახელმწიფო მოხელეების მიერ, რომლებიც გასაოცარი სიზუსტით იმეორებენ პილატე პონტოელის სიმულაციურ მართლმასაჯულებას.

ქრისტიანობის უდიდესი მასწავლებელი, მოციქულთა შორის გამორჩეული პავლე გვასწავლის და გვაძლევს უაღრესად მნიშვნელოვან ფორმულას, რაც უმთავრეს პრინციპად და ორიენტირად უნდა იქცეს ქრისტიანთა შორის: „მობაძავ ჩემდა იქმენით ვითარცა მე ქრისტესა“, ანუ მე იმდენად მაღიარეთ რამდენადაც ჩემში ქრისტეს ხედავთო, აი ესაა უმთავრესი კრიტერიუმი, ქრისტიანული მორჩილების შეუცვლელი და ერთადერთი პირობა. ღვთის მსახური რომელშიც ქრისტე არ განიჭვრიტება ის ღვთისმსახური არაა, იგი ღმერთის უცხო და გარეგანია.

ისევ განვმეორდები და ვიტყვი - სიტუაციის შესაბამისი განმარტოების და აუცილებელი იზოლაციის გზით ვიცავთ სიცოცხლეს, ვერთიანდებით ღმერთში-უზენაეს სიყვარულში, აღდგომისა და უკვდავების ყოვლისმომცველ საიდუმლოში!..

თეიმურაზ ბუაძე, თეოლოგი:

რამდენიმე მღვდელმთავარმა მორწმუნეებს მოუწოდა აღდგომის ღამეს სახლში დარჩენილიყვნენ და იქ ელოცათ. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, ბევრად უკეთესი იქნება, თუ სხვა მღვდელმთავრები ფოთისა და ბათუმის მიტროპოლიტებს მიბაძავენ და სააღდგომო წირვას კვირა დილით ადრე აღავლენენ. ეს იძულებულს არ გახდიდა წირვაზე დასასწრებად მისულ მორწმუნეებს, მინიმუმ, 9 საათი, საღამოს ცხრიდან დილის აქვსს საათამდე ერთად ყოფილიყვნენ ეკლესიის შენობასა და ეზოში. დაღლილი, ღამენათევი მრევლისთვის ძნელი იქნება სოციალური დისტანცია ყოველთვის მკაცრად დაიცვას. „ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკუთრხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი“. ლიტურგია უსისხლო მსხვერპლშეწირვაა და ცხადია მასაც ეხება მათეს სახარების (5, 23 - 24) ეს სიტყვები. თუ დილით წირვისას უფრო ნაკლებ საფრთხეს შეუქმნი შენს მოყვასს და უფრო ნაკლებად გააბრაზებ და ალანძღინებ ეკლესიას და მის იერარქიას ადამიანებს, ვიდრე ღამით წირვისას, ცოდვა კი არა, სახარების სიტყვების აღსრულება იქნება თუ „შემდეგ მიხვალ და შესწირავ შესაწირავს“. აუცილებელი არაა, ყველა მართლმადიდებელი ერისკაცი მივიდეს სააღდგომო წირვაზე და ეზიაროს პანდემიის დროს. ეს შეიძლება მოგვიანებითაც, უფრო უსაფრთხო პირობებში გააკეთოს. იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის ცხოველმყოფელობა და ძალმოსილება დამოკიდებული არაა კალენდარულ დღეებზე, არც ეკლესიურზე და არც საეროზე. უფლისგან მადლის მიღება დამოკიდებულია არა დღესასწაულებზე, არამედ მორწმუნის შინაგან მდგომარეობაზე. რაც უფრო მეტად გიყვარს მოყვასი და ზრუნავ მასზე (მათ შორის მის ჯამრთელობაზე), მით უფრო მეტ მადლს მიიღებ უფლისგან. ქრისტიანისთვის მოყვასზე ზრუნვა ერთ-ერთ მცნებათანი კი არაა, არამედ ყველა სხვა სიკეთის საფუძველი და კრიტერიუმია. ვინც მოყვასზე არ ზრუნავს, მას უფლის სიყვარულიც არ შეუძლია, და მხოლოდ „მოჟღრიალე რვალი და წკრიალა წინწილია“.

ამავე თემაზე: