პანკისის ხეობაში მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ორგანიზების შემდეგ 1 წელი გავიდა, თუმცა, სახელმწიფოს არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები, რომელიც ნდობის  და დემოკრატიული დიალოგის მშენებლობისკენ იქნებოდა მიმართული და თემში არსებულ სოციალურ უკმაყოფილებებს და წუხილებს რეალურად უპასუხებდა.

პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობის და ტენდენციების შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის დასაწყისში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) პანკისის ხეობის 4 ძირითადი სოფლის - დუისის, ჯოყოლოს, ბირკიანის, ომალოს, მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებთან ჩაწერილი ინტერვიუები  აჩვენებს, რომ მათი უკმაყოფილება უკავშირდებოდა, როგორც პანკისის ხეობაში ჭარბად უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებულ პოლიტიკას და მის მძიმე უფლებრივ და სოციალურ შედეგებს, [1] ასევე ადგილობრივ დონეზე არსებულ მწვავე სოციალურ გამოწვევს, მათ შორის, დასაქმების, სასმელი წყლის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გზის, სამედიცინო და სოციალური ინფრასტრუქტურის და პოლიტიკის საკითხებს.  

ადგილობრივი თემის მტკიცებით, ადგილობრივ პოლიტიკაში მათი მონაწილეობა არსებითად სუსტია და ხელისუფლება თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებულ დემოკრატიულ მექანიზმებს სუსტად იყენებს და მათი ჩართულობა წარმოსახვითი უფროა, ვიდრე რეალური. მათ შორის, სამოქალაქო საბჭოს მუშაობა ახმეტის მუნიციპალიტეტის დონეზე ნომინალურია.  ადგილობრივები წუხან, რომ მათი პრობლემები უკვე რამდენიმე წელია არ გვარდება, რაც მონაწილოებითი პროცესების მიმართ ზოგად ფრუსტრაციას განაპირობებს.  კიდევ უფრო არადემოკრატიული და ბუნდოვანია ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკა ხეობასთან დაკავშირებით და ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და რიტორიკის ლოგიკა.

ადგილობრივები მსჯელობენ მათზე ყოველდღიური და ჭარბი საპოლიციო კონტროლის პრაქტიკაზე. ისინი აცხადებენ, რომ მათი გადაადგილება მკაცრად კონტროლდება არა მხოლოდ ხეობაში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონში გასვლის შემთხვევაშიც და საზღვარზეც. ადგილობრივები უთითებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ხშირად აჩერებენ და პასპორტს სთხოვენ ტურისტებსაც, რაც ხეობაში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ზღუდავს. საპოლიციო კონტროლი მისი ყველაზე აშკარად და მძიმე ფორმებით ხეობაში დაგეგმილი ჰესების კასკადის მშენებლობასთაბ კავშირში დადგა, როცა 21 აპრილის მოვლენებამდეც, ინტენსიურად ხდებოდა ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეების დაბარება და შევიწროება პოლიციაში და მათთან რეალური კომუნიკაცია პოლიტიკურ უწყებებს გაწყვეტილი ქონდათ.   ადგილობრივებში ბევრი კითხვა არსებობს 2019 წლის 21 აპრილის მოვლენების შემდეგ სოფელ ბირკიანში დაგეგმილი პოლიციის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივებთან სათანადო საჯარო კომუნიკაცია არ ჰქონია.

ადგილობრივების თქმით, 2019 წელს დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტული პროექტის განხორციელება ხეობაში შეჩერდა, რაც, მათი რწმენით, სწორედ 2019 წლის 21 აპრილის მოვლენებს უკავშირდება და თემის ერთგვარი ‘დასჯის’ მიზანს ატარებდა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2020 წლის გაზაფხულს დაიწყო დაპირებული რამდენიმე სოციალური ინფრასტრუქტურული პროექტი (სკოლის, გზის მონაკვეთის მშენებლობა/რეაბილიტაცია), რაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ გამოკითხული ადგილობრივების პოზიციები ხეობაში ჰესების კასკადის[2] მშენებლობასთან დაკავშირებით კვლავ უარყოფითია და ამ საკითხზე დისკუსიის განახლებასაც გამორიცხავენ. ეს დამოკიდებულებები კიდევ უფრო გაძლიერდა 2019 წელს შემოდგომით გვარებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც მათი თქმით, ჰესების მშენებლობის საკითხზე დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდებოდა. [3]

მძიმე სოციალური მდგომარეობა, დასაქმების პრობლემა და სოციალური ნიჰილიზმის ზოგადი კონტექსტი ადგილობრივებში მიგრაციას ახალისებს, რაც ადგილობრივებისთვის დიდი გამოწვევაა. გამოკითხულების თქმით, ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა პანკისის ხეობა დატოვა, რადგან აქ განვითარების და სოციალური გარანტიების მიღების შესაძლებლობებს ვერ ხედავენ. სოციალური ფრუსტრაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესა და მისი არაეფექტიანი გამოძიების,[4] ასევე ამ კუთხით ხელისუფლების გამრიყავ რიტორიკას ასახელებდნენ.[5]  

ზემოთ აღნიშნული სისტემური პოლიტიკური გამოწვევების მიღმა, ადგილობრივების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად შემდეგი სოციალური პოლიტიკის საკითხები დასახელდა:

  1. სასმელი წყლის დაბინძურებისა და დეფიციტის პრობლემა თითქმის ყველა სოფელში ხეობაში;
  2. ხეობაშ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების არ ქონა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების და ჯანმრთელობის რისკები;
  3. მუნიციპალურ დონეზე სოციალური მხარდაჭერის არამდგრადი პოლიტიკა, მათ შორის, თემის საჭიროებებზე ორიენტირებული მდგრადი და პროაქტიული სოციალური სერვისების არ ქონა;
  4. ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის ფრაგმენტულობა და მულტიკულტურული მიდგომებისა და ინტერეთნიკური/რელიგიური/კულტურული დიალოგის პლატფორმების სისუსტე;
  5. ხეობაში დემოკრატიული კონსულტაციებით შექმნილი ტურიზმის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის არ არსებობა;
  6. სოფლების შიდა გზების გაუმართაობა და გზაზე უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის არ არსებობა;
  7. ელექტროგაყვანილობის ბოძების უსაფრთხოება და დენის ვარდნასთან დაკავშირებული პრობლემები;
  8. საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა და მასთან დაკავშირებული დამატებითი სოციალური ტვირთი მოსახლეობისთვის;
  9. სოფლების დიდ ნაწილში სპორტული დარბაზებისა და მოედნების, ასევე სხვა საჯარო სივრცეების არ ქონა;
  10. სანიტარიის პრობლემა და სანაგვე ურნების განთავსებისა და ნარჩენების მართვის მოუწესრიგებლობის პრობლემა;
  11. უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის დამატებითი სოციალური მხარდაჭერის არ არსებობა (საცხოვრებელთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯები), რაც ეკონომიკურად მოწყვლადი ოჯახებისთვის უმაღლესი განათლების მიღების პროცესს აფერხებს.

მოსახლეობის თქმით, აუცილებელია აღინიშნოს მუნიციპალიტეტის კულტურის პოლიტიკის პრობლემურობაც, რომელიც ნაკლებად არის ორიენტირებული უმცირესობების თვითმყოფადი კულტურის დაცვასა და განვითარებაზე და ასევე მულტიკულტურალიზმის წახალისებაზე. ადგილობრივები იხსენებენ, რომ 2019 წლის ივლისში მუნიციპალიტეტმა დააწესა „ხადორობის“ დღესასწაული, რომელზეც ქისტები არ იყვნენ მიწვეულნი და მოსახლეობამ, მხოლოდ დღესასწაულის ჩატარების შემდგომ შეიტყო მის შესახებ.[6] ამასთან, მეორე წელია არ ტარდება პანკისობა, რომელიც თავდაპირველად, მაჩალიკაშვილების ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, მოსახლეობის გადაწყვეტილებითვე არ ჩატარდა. თუმცა, შემდეგ წელს ამ დღესასწაულის არაღნიშვნა, დემოკრატიული კონსულტაციების გარეშე მოხდა.

21 აპრილს პანკისის ხეობაში დაგეგმილი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებისა და მისი მძიმე სოციალური შედეგების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ არსებითია სახელმწიფომ შეიმუშავოს პანკისის ხეობის თემის ისტორიულ გამოცდილებაზე და მათ რეალურ საჭიროებებსა და წუხილებზე დაფუძნებული დემოკრატიული პოლიტიკა. არსებითია ეს პოლიტიკა დემოკრატიის, მშვიდობის, თანასწორობის და სოციალური სამართიანობის იდეებსა და მათ განუხრელ პატივისცემას ეფუძნებოდეს. ამასთან არსებითია სახელმწიფომ გაიაზროს სწორედ ინკლუზიური, ადამიანის უფლებებზე და სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკის პირველადობა და მნიშვნელობა უსაფრთხოების მიზნისთვის და საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიები სწორედ ამ პრინციპებს და მიდგომებს მიუსადაგოს. 

სწორედ ამ მიზნით EMC აღნიშნული დოკუმენტი თავდაპირველად რელევანტურ სახელმწიფო უწყებებს გაუზიარა და მათ თემთან დიალოგზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვისკენ მოუწოდა. ჩვენი ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ ამ საკითხებზე დისკუსია პანდემიის და მასთან დაკავშირებული სირთულეების შემდეგ კვლავ განახლდება. მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ნაწილი კი, რომელიც მათ შორის, პანდემიის პირობებში შექმნილ სოციალურ სირთულეებს უკავშირდება, სახელმწიფოს მიერ დროულად იქნება გაზიარებული.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

პანკისი_-_საჭიროებების_მიმოხილვა_1587460035.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, პოლიტიკა და რელიგია პანკისის ხეობაში, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/usafrtkhoebis-mzeris-kvesh-istoria-politika-da-religia-pankisis-kheobashi

[2]  პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/pankisshi-dagegmili-hesebis-ekologiuri-daskvnis-dokumentebis-kritikuli-analizi , ამავე თემაზე ვიდეო მასალა: https://emc.org.ge/ka/products/hesebi-pankisshi

[3]რა მოხდა მკვლელობის დღეს და მანამდე - სისხლიანი კონფლიქტი პანკისში, 2019,  ხელმისაწვდომია: https://radioway.ge/news/people/item/943-ra-moxda-mkvlelobis-dges-da-manamde-sisxliani-konpliqti-pankisshi

[4] შეფასების დოკუმენტი, EMC, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/temirlan-machalikashvilis-sitsotskhilis-khelqofis-sakme-2-tslis-shemdgomats-gamoudziebelia

[5] https://publika.ge/sistema-cdilobs-chaakhshos-chveni-khma-pankiseli-akhalgazrdebis-manifesti/

[6] პანკისში «ხადორობა» ეთნიკური ქისტების გარეშე იზეიმეს, 2019, ხელმისაწვდომია: https://radioway.ge/news/people/item/928-pankisshi-%E2%80%9Exadoroba%E2%80%9C-etnikuri-qistebis-gareshe-izeimes