20 მარტს საპატრიარქოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ყველა პრაქტიკის უცვლელად დატოვების შესახებ სამართლებრივ წესრიგთან ღია დაპირისპირებისა და დაუმორჩილებლობის კიდევ ერთი მძიმე გამოცდილება გახდა. სინოდის 20 მარტის ღამის გადაწვეტილებას ხელისუფლებამ 21 მარტს დილით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით უპასუხა. თუმცა, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური სიმამაცე რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრის საპატრიარქოში ვიზიტით და საგანგებო მდგომარეობის, როგორც ზე-სამართლებრივი და სუვერენული აქტის გამოცხადების მის გარეშე განხილვით დასრულდა სიმბოლურად. მას შემდეგ ყოველ დღე ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების ლოიალურ და სუსტ განცხადებებს, საპატრიარქოს მართლსაწინააღმდეგო დაუმორჩილებლობის და მის უკან ანტისოციალური და ანტიჰუმანური მიდგომების მიმართ.

რატომ არის დაქვემდებარებული და დემონსტრაციულად სუსტი, პოლიტიკური ხელისუფლება საპატრიარქოს მიმართ? ეს არის ის ძირითადი კითხვა, რომელსაც მინდა ამ მცირე გამოხმაურებაში ვუპასუხო. ამის პასუხი იმ ისტორიასა და პოლიტიკურ პრაქტიკაშია, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ. ამ კუთხით, სამ ძირითად ასპექტზე მინდა შევჩერდე: მაკონსოლიდირებული პოლიტიკური პროექტის და იდეის არქონა; ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა და მზარდი სოციალური ფრუსტრაცია; პოლიტიკის წარმოების დემოკრატიული და დელიბერაციული პრაქტიკის არქონა.

საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ პოლიტიკურ ელიტებს ამ ქვეყანაში არ შეუქმნიათ მაკონსოლიდირებული პოლიტიკური პროექტი, რომელიც სხვადასხვა სოციალური კლასის და კულტურული ჯგუფების ერთობის საერთო იდეალებს, ინტერესებს, საჭიროებებსა და ხედვებს გააერთიანებდა. გამსახურდიას მმართველობის ეთნოცენტრიზმი და მესიანისტური პოპულიზმი შევარდნაძის სუსტმა, კორუფციულმა და კრიმინალურმა პოლიტიკურმა სისტემამ შეცვალა. 2003 წელს ეს წესრიგი ვარდების რევოლუციამ დაასრულა და რეპრესიული მოდერნიზაციის და ანტისოციალური ეკონომიკური ექსპერიმენტების აქსელერაციის ფაზაში გადავედით. სააკაშვილის მთავრობა 2012 წელს სახელმწიფოს მართვისთვის სრულად მოუმზადებელმა და ინტელექტუალური რესურსებისგან დაცლილმა პოლიტიკურმა გუნდმა შეცვალა, ოლიგარქით სათავეში. ხელისუფლებების ცვლილების და მასთან დაკავშირებული ფასადური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში არ შეცვლილა ორი მნიშვნელოვანი რეალობა: ეკონომიკური წესრიგი და ჩვენი კოლექტიური კულტურული/პოლიტიკური თვითიდენტიფიკაცია.

არსებული ეკონომიკური წესრიგი მკვეთრად უსამართლო და ანტიჰუმანურია. ის აღარიბებს და ბოლო რესურსებს და იმედს ართმევს იმ სოციალურ კლასებს, ვინც 90-იანი წლების შემდეგ მზარდად გაღარიბდა, დაკარგა ყველა რესურსი, გაირიყა სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ დონეებზე, და ამდიდრებს იმათ, ვინც კრიზისის დროს პრიხვატიზაციით და სხვების ყვლეფით გამდიდრდა და საბოლოოდ პოლიტიკური და კულტურული ძალაუფლებაც მოიპოვა. ამ დინამიკაზე მეტყველებს რამდენიმე თვალსაჩინო სტატისტიკური მონაცემი. საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ეკონომიკური უთანასწორობის მონაცემით და ასევე, პირველ ადგილზე - ცენტრსა და პერიფერიებს შორის კეთილდღეობაში განსხვავებით. ნიშანდობლივია, რომ საქართველო წინა ხელისუფლების დროს, მსოფლიოში და ივანიშვილის ხელისუფლების დროს, ევროპაში მეორე ადგილს იკავებს პატიმრების რაოდენობით. ცხადია, რომ ეს მაჩვენებელი ღიად მიუთითებს, მმართველების მიერ სახელმწიფო სამართლებრივი აპარატის, როგორც სოციალური უკმაყოფილების კონტროლის და დათრგუნვის მექანიზმის გამოყენებაზე.

ცხადია, რომ ამ რეალობაში სახელმწიფოსთან ადამიანების იდენტიფიკაცია და სოციალური აღქმა სიღატაკის წარმოებას და დასჯას უკავშირდება და არც ერთ სხვა პოლიტიკურ იდეას! არც ფიზიკურ და სოციალურ უსაფრთხოებას! არც სამართლიანობას! არც ზრუნვას! არც მონაწილეობას! აშკარაა, რომ ეს რეალობა ადამიანების მასებში საბოლოოდ დემოკრატიული იდეების და პროცესების მიმართ უნდობლობას და ფრუსტრაციას აჩენს. ამას აჩვენებს ბოლო პერიოდში ჩატარებული თითქმის ყველა რაოდენობრივი კვლევა.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის შემდეგ, არც ერთ ხელისუფლებას არ გადაუდგამს მნიშვნელოვანი ნაბიჯი თანხმობის მშენებლობისთვის. ვარდების რევოლუციის ლიდერებმა ადამიანების მასები ჩარეცხილებად და რუსეთის აგენტებად მონიშნეს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური კლასი გამოაცხადეს პროგრესის და ჭეშმარიტების გამტარად. ზედაპირული სამოქალაქო ნაციონალიზმის რიტორიკა კი არ გადაზრდილა ინკლუზიის რეალურ პრაქტიკაში. რეპრესიული მართვა კი ყველა რეგიონს შეეხო. პოლიტიკური იდეებისგან დაცლილმა, ოლიგარქის მიერ მართულმა ქართულმა ოცნებამ კი ლეტიგიმაციის კრიზისის ზღვარზე პოლიტიკური პოლარიზების უკიდურესად უპასუხისმგებლო სტრატეგია გამოიყენა, რომელიც დღეს არა მხოლოდ მეინსტრიმ პოლიტიკაში და მედიაში, არამედ მიკრო სოციალური დონეებზეც აწარმოებს დაპირისპირებას და კონფლიქტებს. ამ კუთხით არაფერს ვამბობ დემოკრატიული ინსტიტუტების, დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფუნქციონირების პრობლემატიკაზე, რომელიც დემოკრატიული განხილვებით და ორგანიზებით სოციალური ჯგუფებისთვის ხმის მიცემის, ძალაუფლების გაზიარების და საბოლოოდ თანხმობის მიღწევის მნიშვნელოვანი მექანიზმებია.

ამ ფონზე ერთადერთი გაბატონებული და უნდა ითქვას, ყველაზე უფრო მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური იდეა, რომელიც მუშაობს და კარგად ორგანიზებულია ეს ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმია. ის მუდმივად ახარისხებს და განდევნის სხვადასხვა „სხვას“ (რელიგიურ უმცირესობებს, ეთნიკურ უმცირესობებს, ქალებს, ლგბტი ადამიანებს და ა.შ.) და აზიანებს არა მხოლოდ გარიყულ უმცირესობებს, არამედ უფრო სამართლიანი, სოლიდარული ერთობის პოტენციალს და პროგრესული, გამათავისუფლებელი პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობებს. ამ იდეოლოგიური აპარატის ყველაზე აგრესიული და კარგად ორგანიზებული აქტორი საპატრიარქოა, რომელიც წლების განმავლობაში ზეციური საქართველოს პროფანულ იდეას ქმნის და ყიდის და მესიანიზმის, ეთნოცენტზიმის იზოლაციონიზმის სენტიმენტებით წარმოადგენს. ამასთან, ყველაზე ძლიერი თეოლოგიური კონცეპტი, რომელსაც ის იყენებს აპოკალიფსი და მის უკან სიკვდილის ფეტიშიზმია, რომელიც ფილოსოფიურ, კულტურულ და სოციალურ დონეზე სიცოცხლისუნარიანობას აცლის ჩვენს საზოგადოებას. თუმცა ის საპატრიაროსთვის ჩვენი კონტროლის და დაქვემდებარების ლეგიტიმაციის საფუძველია (სწორედ ეს ორი კონცეპტი იყრის თავს საპატრიარქოს განცხადებებში COVID-19 ვირუსთან დაკავშირებით, სადაც ის საქართველოს განსაკუთრებული ღვთაებრივი დაცულობის და აპოკალიფსის და მისი მინდობის იდეებზე მსჯელობს და სრულად გამოტოვებს მოყვასის სიყვარულის ფუნდამენტურ ქრისტიანულ იდეას).

დიახ, ჩვენს სიღარიბეს, სოციალური ფრუსტრაციას საპატრიარქო საკუთარი ძალაუფლებისთვის იყენებს. სწორედ ამიტომაა, რომ კრიზისის დროს საპატრიარქო არ ხსნის მის ეკლესიებს უსახლკაროებისთვის, რომლებიც კარანტინის გამო ქირას ვეღარ იხდიან და ქუჩაში დარჩნენ. ის არ არიგებს მის ხელში აკუმულირებულ დიდძალ ფინანსურ და ქონებრივ რესურსებს სამსახურებისა და საარსებო შემწეობის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის. ის არ აქცევს მის მღვდლებს სოციალურ მოხალისეებად. ის არ აკრიტიკებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, დიდ ბანკებს და მათ გვერდზე გახსნილ კაზინოებს ჩვენი ყვლეფისთვის. ის ამას არ აკეთებს, იმიტომ, რომ მყვლეფავი და უსამართლო პოლიტიკური და კლასობრივი ძალაუფლების ნაწილი და მისი იდეოლოგიური ზედნაშენის პროვაიდერია. ამ რეალობაში, საპატრიარქოს დღეს ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი და ამდენად პოლიტიკური მხარდაჭერა და ფინანსური და ქონებრივი რესურსები აქვს აკუმულირებული.

ცხადია, რომ ანტისოციალური და პოლიტიკურად და მორალურად დელეგიტიმიზებული პოლიტიკური ხელისუფლებები სწორედ საპატრიარქოს ამ ძალაუფლების იმედად რჩებიან კრიზისების, არჩევნების დროს და ამიტომ მუდმივად ვალში და დაქვემდებარებაში არიან მასთან. ეს მიმართება სრულ პოლიტიკურ და სამართლებრივ იმუნიტეტს აძლევენ საპატრიარქოს და სამართლებრივ სისტემასთან ყოველ ახალ ღია კონფლიქტში შესვლა მისთვის ძალაუფლების კვლავწარმოების შესაძლებლობაა. პოლიტიკური და საეკლესიო ხელისუფლებების ამ ქორწინებაში ჩვენი რეალური საჭიროებები, წუხილები და ინტერესები უმნიშვნელო ხდება.

პროგრესულად მონიშნული კულტურული ელიტა ამ მოცემულობის გარღვევას ვერ ახერხებს. ის მეტწილად ნეოლიბრალური პროგრესის რწმენის ჩარჩოშია, რომელიც ინდივიდუალიზმის ფეტიშიზმის, თავისუფლების გლობალური კულტურული შაბლონების გადმოტანის, ევროპასთან კულტურული და სამომხმარებლო დაწევის, უმრავლესობასთან ეპატაჟური დაპირისპირების და პროგრესული თვითის დამკვიდრების იდეებს აატარებს და ნაკლებად აინტერესებს, რომ მის მიერ მონიშნული „ბნელი უმრავლესობის“ უკან, გაღარიბებული, უიმედო, ექსპლოატირებული და ძალადაკარგული ადამიანები და ოჯახები დგანან. ხალხის მუდმივი ინფანტილიზაცია და მათი განათლების, კულტურის ნაკლებობაზე და ბრალზე მსჯელობა, ამ დროს კი გამრიყავი სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების უგულებელყოფა, ამ ჯგუფის გაუცხოებას და მარგინალიზაციას განაპირობებს.

მე სრულად მესმის, რომ ეს მხილება შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს ბევრი ადამიანისთვის, ვისთვისაც სოციალური და პოლიტიკური უიმედობის პირობებში, ეკლესია, საკრალურობა გადარჩენის და შვების რესურსი და იდეაა. არაერთ სასულიერო პირს ვიცნობ, ვინც მის სამრევლოში სოლიდარობის და განვითარების ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკას ქმნის. ცხადია, რომ ეს კრიტიკა არ მიემართება მათ, არც გულწრფელ მორწმუნეებს. ის მხოლოდ ძალაუფლების აქტორებს მიემართება, რადგან მგონია, რომ ჩვენი გათავისუფლება მათი მხილების გამბედაობაზე დგას.

ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ვართ კრიზისში, რომელიც პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა და კლერიკალურმა ელიტებმა ერთად შექმნეს. იმისთვის კი, რომ როგორც საზოგადოება და პოლიტიკური ერთობა გადავრჩეთ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური გარღვევა და ახალი შეთანხმება ჩვენს პოლიტიკურ იდეალებზე. შეიძლება ეს ხელახალი შეთანხმება ძველი ტრადიციის გაგრძელებაც იყოს, რომელიც მაგალითად, 1921 წლის კონსტიტუციაშია წარმოდგენილი და სოციალური-დემოკრატიის და სამოქალაქო ნაციონალიზმის და ინკლუზიის პროგრესული პოლიტიკური იდეების უნიკალურ გადაკვეთას ქმნის. ამ გარღვევას, პირველ რიგში, სჭირდება დიალოგის დაწყება ჩვენ შორის. ამ დიალოგის მონაწილენი კი ყველანი ვართ - მორწმუნე და სეკულარისტი, მღვდელი და აქტივისტი, ქალი და კაცი, დომინანტური და არადომინანტური კულტურული ჯგუფები. ყველა, ვინც სოლიდარული და სამართლიანი საზოგადოების შექმნაზე ფიქრობს და მზად არის ამისთვის ილაპარაკოს, იშრომოს და იბრძოლოს.