პოლიტიკური ჰომოფობია ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებულ ჰომოფობიას, სადაც სოციალური ფობიის ეს სახეობა განპირობებულია არა იმდენად ჰომოსექსუალური ურთიერთობის მიმართ ფსიქოლოგიურად, ან კულტურულად მოტივირებული ზიზღით, არამედ პოლიტიკური ფაქტორებით. მაგალითად, ასეთი ფაქტორი შეიძლება იყოს პროპაგანდა, ანუ როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა ჰომოფობიას პოლიტიკური მიზნებისთვის, ხშირად საკუთარი ოპონენტების პოზიციების დისკრედიტაციისათვის იყენებს, ან როდესაც ჰომოსექსუალობა სიმბოლურად იგივდება გარკვეულ პოლიტიკურ რეჟიმთან და მისი რადიკალური უარყოფა ჰომოფობიით გამოიხატება. ორივე შემთხვევაში, პოლიტიკურად მოტივირებული ჰომოფობია ემყარება და იყენებს ფსიქოლოგიურ და კულტურულ ფაქტორებს და მათ საკუთარი იდეოლოგიის ნაწილად გარდაქმნის.

ჰომოსექსუალობის მიუღებლობის ფსიქოლოგიური მიზეზები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, რომელთაგან ყველაზე ხშირად ე.წ. ინტერნალიზირებულ ჰომოფობიაზეა საუბარი. ჰომოფობი, ანუ ის, ვისშიც ჰომოსექსუალობა ზიზღით გამოხატულ შიშს აღძრავს, ლატენტური, ან ვერრეალიზებული ჰომოსექსუალია, რომელიც შემდგარ ჰომოსექსუალში საკუთარ თავს, საკუთარ ვერგანხორციელებულ სურვილს ამოიცნობს, რაც მასში ერთდროულად შურსაც იწვევს და საკუთარი ფარული ვნების მხილების პანიკურ შიშსაც. თუმცა, ჰომოფობიის ეს სახეობა ინდივიდუალურია და კოლექტიურ ფსიქოლოგიაზე ნაკლებად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა. უფრო მასობრივია მიბაძვითი ჰომოფობია, ანუ როდესაც ადამიანები რეალურად სულაც არ არიან ჰომოფობები, მაგრამ იმის გამო, რომ ჰომოფობია კულტურულად მიღებულია, ანუ უმრავლესობას ჰომოსექსუალობის მიმართ განცხადებულად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, ისინიც, ვისაც ჰომოფობიის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ, ჰომოფობობენ, იმიტომ, რომ ასეა მიღებული. ამას სოციალური ფსიქოლოგია „კონფორმიზმს“ უწოდებს: ადამიანი ვერ აყალიბებს, ან ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს იმ მარტივი მიზეზით, რომ უმრავლესობა სხვა აზრზეა. თავად ეს უმრავლესობა კი სწორედ ასეთი კონფორმისტების სიმრავლეა. ეს სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტი, ყველაზე მეტადაა დაკავშირებული კულტურულ ჰომოფობიასთან, რომელიც მხოლოდ კოლექტიური ფორმით არსებობს.

კულტურული ჰომოფობია, რომელშიც არა მხოლოდ უცხოსადმი სიძულვილის ტრადიციული სტერეოტიპები აირეკლება, არამედ ის, ერთი მხრივ, ჰომოსექსუალობის ხასიათს, მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ ფონს, მეორე მხრივ კი, მისი კულტურული თვითგამოხატვის ფორმებსაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს.

კულტურულ ჰომოფობიაში იგულისხმება ის ადგილი, რომელიც კულტურამ, ანუ იმან, რაც ადამიანს ცხოველთა სამყაროდან განასხვავებს - ადამიანების მიერ არა ბუნებისგან თანდაყოლილმა, არამედ ხელოვნურად შექმნილმა სოციალური ურთიერთობის ფორმებმა - ადათ-წესებმა, რელიგიამ, პოლიტიკურმა და სამართლებრივმა აზროვნებამ თუ მორალურმა წარმოდგენებმა და კულტურულ ღირებულებათა იდეალებმა, ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს მიუჩინა: ესაა მარგინალურობა, რომელსიც ეპოქისა და კონკრეტული კულტურის შესაბამისად, ხან დეკადენტობის ნიშანია, ხან ცოდვა, დანაშაული, სუბკულტურა და ა.შ. თვით ანტიკურ სამყაროშიც, სადაც ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ გარკვეული ტოლერანტული დამოკიდებულება არსებობდა, სექსუალობის ამ ფორმას საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ დაუკავებია ცენტრალური ადგილი, არ ყოფილა „ნორმა“.

ნორმატიულობა საზოგადოების მოწყობისა და ძალაუფლების გადანაწილების პრინციპებს უკავშირდება და ის კულტურის საწყისებშივეა ჩადებული. კულტურა იწყება მაშინ, როდესაც გამრავლების ინსტინქტის რეგულაცია შემოდის, ანუ როცა ცხოველთა ჯოგში სოციალური ორგანიზაციები ჩნდება. სამეცნიერო თეორიების გავლენიან ნაწილს (ფსიქოანალიზი, სტრუქტურალიზმი) ადამიანის ბუნებისგან, ანუ ცხოველთა სამყაროსგან გამოყოფის და კულტურის დაბადების პირველ ნაბიჯად სექსუალური ცხოვრების რეგლამენტაცია, კერძოდ კი, სისხლის აღრევის ანუ ინცესტის აკრძალვა მიაჩნია. ამგვარად ჩნდება პირველი სოციალური ორგანიზაციები: ოჯახი, გვარ-ტომი, თემი, რომლებიც დროთა განმავლობაში სახელმწიფოდ და ერად ვითარდება. რამდენადაც ყველა ეს სოციალური ორგანიზაცია პატრიარქალურია, ანუ მამრობითი სქესის დომინანტურ პოზიციას, მის ძალაუფლებას ეფუძნება, სექსუალობის ნორმირებაც პატრიარქალური წესრიგის განმტკიცებას ემსახურება.

მამაკაცის ძალაუფლება სიმბოლურად სექსუალურ აქტშიც აისახება, რომელიც, ერთი საკმაოდ გავლენიანი ანთროპოლოგიური თეორიის თანახმად, მამაკაცის მიერ ქალზე ძალადობად გაიგება.[1] ეს მოტივი სულხან-საბა ორბელიანის მიერ სექსუალური აქტის განმარტებაშიც ჩანს: „ტყუნა - კაცთაგან ქალის დამდაბლება.“[2] ქალის სექსუალური დაუფლებით, მასზე სიმბოლური ძალადობით, ყოველი მამაკაცი, შეიძლება ითქვას, ღვთაებრივი ძალაუფლების უმაღლეს არქეტიპს - შესაქმის აქტს იმეორებს, რომელიც შემოქმედი ღმერთის მიერ ქაოსზე ძალადობად და მის ძალადობრივ დამორჩილებად გამოისახება. ამდენად, ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან, სექსუალური აქტი ობიექტის ძალადობრივ დაუფლება-დამორჩიელებისა და დაქვემდებარების კონოტაციას შეიცავს.

სექსუალობის ნორმირებას, გარდა სიმბოლურისა, ეკონომიური მნიშვნელობაც აქვს და ისიც, საბოლოო ჯამში, ძალაუფლებას უკავშირდება: სექსუალობის გამრავლებამდე დაყვანით, დაქვემდებარებული ქალის სექსუალობა რეპროდუქციის ფუნქციით შემოისაზღვრება. სიამოვნებაზე უფლება, რომლის საშუალებადაც არა მხოლოდ ქალი გამოიყენება, პრივილეგიად გადაიქცევა: სექსუალური, ისევე, როგორც ყველა სხვა სახის სიამოვნება, პრივილეგირებული ფენების, ძალაუფლების მქონეთა უფლებაა. გარდა ამისა, გამრავლებით, ჯერ ოჯახის, შემდგომ გვარ-ტომისა თუ სანათესაოს, ბოლოს ერის დემოგრაფიული ზრდით, ძალაუფლების არეალი ფართოვდება. ასეთ კულტურულ ფონზე, ჰომოსექსუალობა, რომელიც არაა გამრავლებისა და ექსპანსიის საშუალება, არ მონაწილეობს დანათესავება-დამოყვრების პროცესში, არამედ სუფთა სახის ვნებაა, მთელი პატრიარქალური სისტემის საბოტაჟად გაიგება.

ჰომოსექსუალობის, როგორც „არაბუნებრიობის“ (რაც გამრავლების ინსტინქტზე უარის თქმას გულისხმობს) ცოდვად, გარყვნილებად, გადახრად, დეკადენტობად თუ დანაშაულად შერაცხვა, კულტურული ეკონომიის პერსპექტივიდან გამომდინარე, მისი სწორედ საბოტაჟად, მტრობად, წესრიგზე თავდასხმად აღქმიდან უნდა გამომდინარეობდეს. ამასთანავე, ნორმირებული სექსუალობის პირობებში, სადაც სექსუალური როლები მამაკაცისა და ქალის ძალაუფლებრივ ბალანსს, უფრო სწორედ, მამაკაცის მიერ ქალის დაუფლება-დაქვემდებარებას ემსახურება, ჰომოსექსუალობას სრული სუბვერსია და ქაოსი შემოაქვს და სქესთათვის განსაზღვრული კულტურული და სოციალური როლები წყობიდან გამოყავს. ასეთი საეჭვო მოვლენა მარტივად გადაიქცევა აგრესიისა და სიძულვილის სამიზნედ, პარაზიტად, რომელიც არ მონაწილეობს ბიოლოგიური დოვლათის შექმნაში.

ამგვარმა კულტურულმა კოდებმა და სტერეოტიპებმა პოლიტიკური მნიშვნელობა ახალ ეპოქაში, მოდერნის ხანაში შეიძინა, როდესაც ძალაუფლების ასპარეზს, მიშელ ფუკოს ტერმინი რომ ვიხმაროთ, ბიოპოლიტიკა იკავებს და მისი სამიზნე მოსახლეობა, მისი ცხოვრების დარეგულირება ხდება. მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ეს პროცესი თანხვედრაშია ნაციონალიზმების გაჩენასა და აღმავლობასთან, რომელიც ჰეროიზმის მითოპოეტური ხატების შექმნის ფონზე, მასკულინობის ახალ სტერეოტიპებს აყალიბებს. „ნაციონალიზმი დასაბამიდანვე მამაკაცურობის იდეალის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო,“ - წერს ისტორიკოსი და ნაციონალიზმის კულტურული იდეალების მკვლევარი ჯორჯ მოსე.[3] ნაციონალიზმის სუბიექტი მამაკაცის იდეალია, ჰიპერმასკულინიზირებული ნიშან-თვისებებითა და ღირებულებებით. ეს იდეალი მასკულინურობის ყველა იმ სტერეოტიპს აერთიანებს, რომელიც მამაკაცურობის განმსაზღვრელი ხდება მთელი მოდერნულობისათვის: მამაკაცი, როგორც მეომარი, მეთაური, რაციონალური, დომინანტი. შესაბამისად, ქალი, როგორც ერთგული მეუღლე და მზრუნველი დედა, რომელიც ქვეყანას ღირსეულ შვილებს უზრდის. ეს იდეალი წარმოქმნის თავის ანტიიდეალსაც: რბილი, ემოციური, „ქალური“ მამაკაცი. ფემინური მამაკაცი და „არაქალური“ ქალი ნაციონალიზმის ჰეროიკული იდეალების დეკადენტური ანტიპოდებია, რომლებსაც 1920-30-იან წლებში ფაშისტური იდეოლოგიები ეროვნული სხეულის დაავადებებად წარმოსახავენ.

მე-19 საუკუნის მიწურულს, სექსუალობის შემსწავლელი მეცნიერების გაჩენა, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა სქესობრივი სტერეოტიპების გადასინჯვას. მეორე მხრივ, სწორედ ჰომოსექსუალთა ემანსიპაციის მცდელობები კიდევ უფრო აძლიერებდა ნაციონალისტური და კონსერვატორული ძალების მხრიდან ჰომოსექსუალობის დემონიაზაციას. სწორედ მოდერნიზაციისა და პოზიტიური მეცნიერებების მე-19 საუკუნეში, ევროპის ქვეყნებში დაიწყო ჰომოსექსუალურ ურთიერთობათა კრიმინალიზაცია. მაგალითად, 1871 წელს, ახლადშექმნილმა გერმანიის იმპერიამ მიიღო სისხლის სამართლის კოდექსის 175-ე მუხლი, რომელიც ჰომოსექსუალური საქციელისათვის 6 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 1935 წელს, უკვე ნაცისტურ გერმანიაში, სასჯელი 5 წლით პატიმრობამდე გაიზარდა. ნაცისტურ იდეოლოგიაში ჰომოსექსუალობა „რასობრივი ჰიგიენის“ კონცეფციის ნაწილი იყო, რომელიც ნაცისტებს ისევე უნდა აღმოეფხვრათ, როგორც მემკვიდრეობითი სნეულებები, ან არიული რასის დაბინძურება არაარიული სისხლით. ნაცისტურ რიტორიკაში ჰომოსექსუალობა, ისევე, როგორც „რასობრივი ჰიგიენის“ სხვა ასპექტები, უმეტესწილად, სამედიცინო დისკურსიდან ნასესხები, ან ნაწარმოები ტერმინებით აღიწერებოდა, რომლებსაც პოლიტიკური პროპაგანდა დამატებით შინაარსებსაც ანიჭებდა და ისინი უცხოსა და მტრულის კატეგორიებში გადაჰყავდა. თუმცა, აქვე გაჩნდა სპეციფიკური ნიშნებიც: ჰომოსექსუალი, როგორც „გაუკუღმართებული“, არა გენეალოგიურად უცხოს, არამედ სწორი გზიდან გადახრილ საკუთარს აღნიშნავდა. ის განიხილებოდა, როგორც არასრულფასოვანი და დასნეულებული ორგანო, რომლისგანაც სხეული ქირურგიული ჩარევით უნდა გათავისუფლებულიყო. ნაცისტური იდეოლოგია თავად ჰიტლერსაც ქირურგად გამოსახავდა, რომელსაც დაავადებული წყლულები უნდა მოეკვეთა და ეროვნული სხეულის სიჯანსაღე დაეცვა.[4]

ჰომოსექსუალობის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ სოციალისტურ პარტიებს, რომლებიც სექსუალობის გათავისუფლებას ნორმატიული შეზღუდვებისგან კლასობრივი ბრძოლის პრიზმიდან განიხილავდნენ. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1922 წელს გამოცემულ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსიდან გაქრა 1832 წელს მიღებული „მამათმავლობის“ ამკრძალავი პარაგრაფი. უკვე 1928 წელს, კოპენჰაგენში გამართულ სექსუალურ რეფორმათა მსოფლიო კონგრესზე, საბჭოთა კავშირი დასახელდა სექსუალური ემანსიპაციის მხრივ სანიმუშო ქვეყნად.[5] თუმცა ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა 1930-იან წლებში, რასაც 1934 წელს ჰომოსექსუალური ქცევის ხელახალი კრიმინალიზაცია მოყვა. აღსანიშნავია, რომ 30-იან წლებში, საბჭოთა პროპაგანდა ჰომოსექსუალობის თემას ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა და ნაციზმის (ფაშიზმის) ჰომოსექსუალობასთან გაიგივებას ცდილობდა. ამასთანავე, საბჭოთა ანტიჰომოსექსუალური პროპაგანდა თითქმის ისეთივე არგუმენტებს იყენებდა, როგორსაც ნაციზმი, რასაც კიდევ ტერმინი „კონტრრევოლუციური“ ემატებოდა.[6] სავარაუდოა, რომ სტალინური ტერორის ფონზე, ჰომოსექსუალობის კონტრრევოლუციურ ქმედებასთან გაიგივებამ და, ამდენად, მისმა პოლიტიზაციამ, იმდენად შიშისმომგვრელი კვალი დაამჩნია სექსუალობის ამ ფორმას, რომ ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე ყოველგვარი დისკურსული სივრციდან გაქრა.

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას⇓

 

ნახვა

გადმოწერა

პოლიტიკური_ჰომოფობია_1525101975.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Walter Burkert, Homo necans, Berlin/New-York 1972, გვ. 74.

[2] სულხან საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, თბილისი 1928, გვ. 338.

[3] შდრ. George L. Mosse, The Image of Man. The Creation oft Modern Masculinity, New York 1996, გვ. 107.

[4] შდრ.: Wolfgang Fritz Haug, Die Faschisierung des bürgerlichen Subjekts. Die Ideologie der gesunden Normalität und die Ausrottungspolitiken in deutschen Faschismus, Hamburg 1987, გვ. 26.

[5] Igor S. Kon, The Sexual Revolution in Russia, New York 1995, გვ. 70.

[6] იქვე, გვ. 71-72.