426423_552477951451515_965786212_n

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს (იგივე GPB-ს ბორდის) კანდიდატების წარდგენამ დიდი საქმის გარჩევა გამოიწვია ეროვნულ პირწიგნაკში (საავტორო უფლებები ბლეფია). ზოგს კანდიდატის პოლიტიკური იდენტობა მოსწონს, ზოგს კანდიდატის ქმრის. შეიძლება პირიქითაც ითქვას, ცხადია.

სამეურვეო საბჭო, რომელსაც პარლამენტი 6 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს, 9 ადამიანისგან შედგება. სიითი შემადგენლობის უმრავლესობა პარლამენტის წევრების ფაქტობრივი რაოდენობიდან გამოითვლება და თუ საკანონმდებლო ორგანოში წევრთა რაოდენობა რაიმე მიზეზითი (დეპუტატის გარდაცვალებით, ან სხვა თანმდებობაზე გადაყვანიათ) შემცირებული არ არის, 76-ს უდრის. ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას (თუ ასეთი არსებობს) უპრობლემოდ შეუძლია დანიშნოს ბორდის ისეთი შემადგენლობა, რომელიც მას ხელს აძლევს.

თუმცა, იქამდე, რა თქმა უნდა, კანონმდებელმა ჩადო გარკვეული შემაკავებელი მექანიზმები, რამაც წესით უმრავლესობა უნდა დააბალანსოს. ხოდა მგონია, რომ ძაღლის თავი სწორედ ამ მექანიზმებშია ჩადებული, რაც დაკომპელქტების წესს პარტიული ინტერესების სპეკულირების მექანიზმად აქცევს.

ბორდი კი ასე კომპლექტდება: კომისია შეარჩევს, სულ ცოტა, 27 კანდიდატს. ამათგან ორს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს სახალხო დამცველი, ერთს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, სამს - საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატები, სამს - კი თავად საპარლამენტო უმრავლეოსობა. წარდგენის და შესაბამისად კანდიდატურების შერჩევის უპირატესობა, აქ მოყვანილი თანმიმდევრობით აქვთ სახალხო დამცველს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარტიებსა და უმრავლესობას.

აღნიშნული პროცედურის ლოგიკა ასეთია: თუ უმრავლესობას არ უნდა, ვერავინ ვერ შევა სამეურვეო საბჭოში. მაგრამ თუ მას სურს დემოკრატიულობის მანტია მოისხას, შეუძლია ომბუდსმენს უარი არ უთხრას ორ კანდიდდატზე და თუ ის აკონტროლებს აჭარის უმაღლეს საბჭოს ხომ კარგი, თუ არადა შეიძლება ერთზე პრობლემები არ შექმნას, ამასობაში კი იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არ შედიან უმრავლესობაში, დაუთმოს წევრების 1/3, ოღონდაც მას შეუძლია მუდმივად ყავდეს ერთი-ორი ყურმოჭრილი ,,უპარტიო’’ მაჟორიტართა ფრაქცია, რომელიც უმრავლესობის წევრი კი არ იქნება, მაგრამ პრინციპულ მომენტში მას დაუჭერს მხარს და 1/3-დან ერთი მეურვე ერგება.

როგორც გამოჩნდა, ასეთ დროს მეტად ფაქიზი ვითარება შეიქმნება. კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება ბორდში ,,შენი კაცი’’ დაგჭირდეს და თუ არ გეყოლება შენი პოლიტიკური ინტერესი დაზიანდება. დაკომპლექტების წესი, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშეს (გარდა სახალო დამცველისა, რომელსაც პოლიტიკური ინტერესები ინსტიტუტიცურად არ მოსდგამს) აიძულებს ბორდში საკუთარი ინტერესების გამტარებელი ადამიანები წარადგინოს და არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოქალაქეები. ამგვარად, დაკომპლექტება ხდება პოლიტიკური ინტერესებით და არა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზრუნვის ინსტინქტით.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთ დღესაც არ აღივსება დემოკრატიული სულისკვეთებით და ალტრუისტული პრირიტეტებიდან გამომდინარე, წარადგენს არა მიკერძოებულ, არამედ მიუკერძოებელ კანდიდატებს, მაგრამ მე ვსაუბრობ სისტემის ლოგიკაზე, რომელიც არა შეთანხმებული გადაწყვეტილების მიღებაზე, არამედ პოლიტიკური ინტერესებით თამაშზეა ორიენტირებული. პოლიტიკური მოთამაშეები კანდიდატებს შეარჩევევნ არა იმის მიხედვით, რამდენად კონსენსუსუნარიანი არიან ისინი, არამედ იმის მიხედვით თუ რამდენად ექსკლუზიურად არაინ დაკავშირებული ამ ძალასთან; არა იმის მიხედვით რამდენად მისაღებია ყველასთვის, არამედ იმის თუ რამდენად მისაღებია ,,ჩემთვის’’.

სხვათაშორის, ეს შეიძლება ტესტიც იყოს, რადგან ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემაში ცუდი კანონებიც კი კარგად მუშაობს. ვნახოთ როგორ იმუშავებს საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე კარგი გარემო მაინც ახლაა.

ბოლოს კი უმთავრესი: პარლამენტს საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება აქვს. უნდობლობა კი არის პოლიტიკური და არა სამართლებრივი პროცედურა. აქ პოლიტიკური ლოგიკა მუშაობს. ასეთ პირობებში ახალ უმრავლესობას ექნება შანსი უნდობლობა გამოუცხადოს ,,ურჩ’’ ბორდს და შექმნას ახალი. ბორდი პოლიტიკური ორგანო არ არის, ამიტომ არასწორია მის მიმართ პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება. მაგრამ ეს ჯდება კანონის ლოგიკაში, რადგან კანონის ლოგიკით სამეურვეო საბჭო შექმნილია არა როგორც მიუკერძოებელი ინსტიტუტი, არამედ როგორ პოლიტიკური ინტერესებით ვაჭრობის მექანიზმი.

თავდაპირველად გამოქვეყნდა Liberali.ge-ზე