პოლიტიკური წესრიგები იმით განსხვავდებიან თუ როგორი ეთიკით განიხილავენ ადამიანს.ამგვარად თანამედროვე დემოკრატია, დემოკრატიის თეორია ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც მთავარი ღირებულება არის ადამიანის ღირსება. სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების მიმართ გააჩნია ვარაუდი, რომ, როგორც წესი, ისინი საკუთარ თავისუფლებას ბოროტად არ გამოიყენებენ, რომ ისინი კეთილსინდისიერნი არიან, ასრულებენ მათ მიერვე მიღებულ კანონებს და არ მიმართვენ ანტისოციალურ ქმედებებს. დემოკრატია ენდობა ადამიანს. იმიტომ, რომ სისტემა ადამიანის უსაფრთხოებას და განვითრებას უზრუნველყოფს და მას არ აწყობს სისტემის დანგრევა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ძალადობას გამოიყენებას მხოლოდ იშვიათად, ასე ვთქვად, ultima ratio, იყენებს, ანუ მაშინ როდესაც ეს უკიდურესი აუცილებლობით არის გამოწვეული. აქვე განვმარტავ, რომ ძალადობაა, სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირის ავტონომიაში იჭრება და მის იძულებას ისახავს მიზნად.

დემოკრატიის ფუნდამენტალური პარადიგმა მდგომარეობს შემდეგში, არსებობს პრეზუმფცია თავისუფლების სასარგებლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაასაბუთოს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, მასზე ზემოქმედება. ამის სპეციალურ შემთხვევას წარმოადგენს კიდევ ერთი, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანი უდანაშაულოა მანამ სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება. თუ სახელმწიფო ამ თოერიული კონსტრუქციიდან გამოდის და აღარ ენდობა ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ თვითონ სისტემა აღარ მუშაობს, ის მის პირველად ფუნქციას - დაიცვას თავისუფლება და თანასწორობა ვერ ასრულებს.

უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები, რასაც ხალხმა ,,პოლიციის რეიდები’’ უწოდა, საინტერესო საფუძველია, ანალიზისთვის, რა გზას ადგას ჩვენი სახელმწიფო აპარატი, რას წარმოადგენს ძალაუფლების ეს დემონსტრირება. პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ ეს არ არის დღევანდელი, ან გუშინდელი ფაქტები, ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა ჩვენ უფრო აქეთ 2010 წლის ამბით დავინტერესდეთ, ამ წელს პოლიციის ესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვილებები, რომელსაც შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ინსტიტუტი შემოჰქონდა. ამ პროცედურის მიხედვით „პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“. ცვლილებებს სამოქალაქო სექტორის მხრიდან მკაცრი კრიტიკა მოყვა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ იყო დაყენებული ამ ნოვაციის თავსებადობა ადამიანის უფლებებთან. ყველაზე ირონიული ის ამბავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მაშინდელი ერთ-ერთ მოსარჩელე დღევანდელ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს, იმ სამინისტროში რომელმაც ეს კანონი სრულიად თვითნებურად, დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ განახორციელა. სასამართლომ მაშინ სარჩელი არ დააკმაყოფილა, მაგრამ ის დეტალურად განმარტა, და მიუთითა სტანდარტი, რომლითაც ის უნდა გამოიყენოს ძალოვანმა უწყებამ. მე სწორედ ამ გადაწყვეტილების შუქზე განვიხილავ პოლიციის ქმედებებს.

როგორც ზემოთ წერია, კანონის მიხდვით „პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ“. სასამართლომ მიიჩნია, რომ, რომ სიტყვები „დანაშაულის შესაძლო ჩადენა“ მოიცავს როგორც შემდგარ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ დანაშაულს. ანუ ,,პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ მას აქვს გონივრული ეჭვი, რომ პირმა დანაშაულებრივი ქმედება უკვე განახორციელა, ასეთ ქმედებას შეჩერების მომენტისთვის ახორციელებს ან გეგმავს დანაშაულის ჩადენას.’’

შს სამინისტროს საპატრულო პოლიციამ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ასეულობით ადამიანი შემოაწმა, ისინი გაადგილდებოდნენ როგორც ქვეითად ისე სატრანსპორტო საშულებით. შეამოწმა ისინი, ზოგ შემთხვევაში ვერაფერი აღმოაჩინა, ზოგ შემთხვევაში კი როგორც, სამოქალაქო სექტორის საპროტესტო განცხადებების შემდეგ,[1] თავადვე აცხადებს, ,,რამდენიმე დღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოიღო ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.’’ სამინისტრო ამ მოქმედებებს ,,პრევენციულ ღონისიებებს უწოდებს’’. განცხადებაც და პოლიციის მოქმედებებიც ცხადად მიუთითებს იმის შესახებ, რომ საქმე გვაქვს ზოგად პრევენციასთან, ანუ პოლიციამ გადაწყვიტა რომ ქვეყანაში დაგროვდა დიდი ოდენობით უკანონო იარაღი და საჭროა მისი ამოღება. საკონსტიტუციო სასამართლოს პერიფრაზს თუ გავაკეთებთ, სამინისტროს წარმოეშვა გონივრული ეჭვი, რომ ფაქტობრვად მთელმა ქვეყანამ, საკუთარი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დანაშაულებრივი ქმედება უკვე განახორციელა, ან ასეთ ქმედებას ამ მომენტისთვის ახორციელებს ან გეგმავს დანაშაულის ჩადენას. ეს რა თქმა უნდა ძალაინ თვითნებურია და ეწინააღდეგება ზემოთ აღწერილ დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს.

პრევენიული მოქმედებები რა თქმა უნდა შეუძლია სახელმწიფოს განახორციელოს, მაგრამ პრევენცია შესაძლებელია კონკრეტული დანაშაულის მიმართ და არა ზოგადად, ზოგადი პრევენციის მიზანს სახელმწიფოს რეპრესიული ფუნქციებიდან, ყველაზე ეფექტურ მექანიზმს სასჯელების სათანადო პოლიტიკა შეიძლება ასრულებდეს, საპოლიციო რეპრესიული ფუნქცია არ შეიძლება იყოს ზოგად პრევენციაზე ორიენტირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ სახელმწიფოს, სადაც პარადგმა იცვლება, სადაც ყველა ადამიანი დამნაშავეა სანამ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდება. ეს პოლიციური სახელმწიფოა, საითკენაც ბოლო რამდენიმე წელია მივდივართ.

პარადიგმის ამგვარი ცვლილება ადამიანის ღირსებას ლახავს.

ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ვითხოვთ შს სამინისტროსგან ახსნა განმარტებებს, ვსვამთ კითხვებს, ველოდებით პასუხს, ოპერაციის შედეგებს და მის გამართლებას, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რომ ეს ფორმალური კითხვები და ფორმალური მოლოდინებია ამ კითხვებზე პასუხის. ბოლო დღეებში პოლიციის ქმედებების მასიურობა მიუთითებს იმას, რომ შეუძებელია იგი გამართლდეს.