პოსტსოციალიზმის შესახებ არსებულ კრიტიკულ ლიტერატურაში (რომელიც ძირითადად პოსტსოციალისტური ანთროპოლოგიისა და სოციალური მოძრაობების სწავლებების დისციპლინის შიგნით განვითარდა), პოსტსოციალიზმი გაიგება არა როგორც გეოგრაფიული სივრცით შემოსაზღვრული ვითარების შესწავლა – ე.წ “Area Studies”, არამედ როგორც კრიტიკული პოზიციონირება, რომელიც მიზნად ისახავს გლობალურად პოსტსოციალისტური გამოცდილებების ასახვას ახალი კაპიტალიზმების პირისპირ (Gagyi, 2015).

პოსტსოციალიზმის ირგვლივ ბევრნაირი კითხვები დაისმის ხოლმე: გვეხმარება თუ არა ამ ცნების ანალიტიკური აპარატი ჩვენი დღევანდელი თუ ახლო წარსული რეალობის ახსნაში გააჩნია თუ არა მას რაიმე პოლიტიკური პოტენციალი.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტსოციალიზმის რაობისა და მისი პოლიტიკური პოტენციალის შესახებ კითხვები გამომდინარეობს იმ ცნობისმოყვარე პოზიციისაგან, რომელიც სახელმწიფო სოციალიზმის დასრულებასთან ერთად გაჩნდა და შეეხებოდა იმას, თუ რა მომავალი გლობალური პოზიცია უნდა დაეკავებინა აღმოსავლეთ ევროპას და ზოგადად პოსტ-სოციალისტურ სივრცეს ახალ რეალობაში. შეკითხვა არა მხოლოდ მაშინ იყო მნიშვნელოვანი, არამედ აქტუალურია დღესაც, ბერლინის კედლის დაცემიდან თითქმის 30 წლის თავზე, რადგანაც ამ საზოგადოებებში და განსაკუთრებით საქართველოში, ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი ხშირ შემთხვევაში პასუხგაუცემელი შეკითხვები იმგვარი საკითხების ირგვლივ, თუ ერთის მხრივ რა დაპირებებით მოვიდა პოსტსოციალისტური ეპოქა ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიის შესახებ, და მეორეს მხრივ, რა რეალური წინააღმდეგობები მოყვა მას თან; როგორ შეიძლება მოვახდინოთ აქ არსებული ეკონომიკური ჩამორჩენისა და განვითარების სტრუქტურული შეზღუდვების თეორეტიზება ამ ჩამორჩენისთვის დამახასიათებელი მთელი თავისი კულტურული თუ იდეოლოგიური განზომილებებით; რა სოციალური შედეგები გამოიღო აქ განხორციელებულმა მარკეტიზაციისა და პრივატიზაციის პოლიტიკებმა და მეორეს მხრივ, ჰქონდა თუ არა მას არადემოკრატიული პოლიტიკური შედეგები; რამდენად მარგინალიზებული და ექსპლუატირებული როლი დაიკავეს პოსტსოციალისტურმა ქვეყნებმა შრომის საერთაშორისო გადანაწილებაში; რამდენად არსებობდა წინააღმდეგობა ერთის მხრივ პოსტსოციალისტური ვითარების და მისი პოლიტიკური ეკონომიკის შესახებ დასავლეთის წარმოდგენებსა და მეორეს მხრივ, თავად ამ საზოგადოებებში განვითარებულ ისტორიებს შორის და განსხვავდებოდა თუ არა ეპოქის შესახებ დასავლური და ადგილობრივი ნარატივები; ვინ ქმნიდა და ამკვიდრებდა ცოდნას პოსტსოციალისტური ისტორიის შესახებ; ვინ იყვნენ და არიან ცოდნის შექმნის ამ პროცესში ე.წ. “გამჩუმებლები” და “გაჩუმებულები,” და გაართულა თუ არა ცოდნის გლობალურმა იერარქიულმა პოლიტიკამ და მის მიერ წარმოქმნილმა ეპისტემურმა უთანასწორობებმა დასავლური იდეოლოგიების ადგილობრივ დონეზე დეკონსტრუქცია; ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში რამდენად შეუშალა ხელი პოსტსოციალისტური მოქალაქის მყარი იდენტობის მქონე პოლიტიკურ სუბიექტად ქცევას, რამდენად გააღარიბა ეროვნული საჯარო დისკურსები და შეზღუდა განვითარების ხედვების წარმოება; და სულ ბოლოს, სად აღმოჩნდნენ “მეორე სამყაროს” აღმოსავლეთ ევროპელები, რომლებიც სახელმწიფო სოციალიზმის დასასრულთან ერთად პირველ სამყაროდ გახდომისაკენ მიისწრაფოდნენ, გადაისროლა თუ არა ისტორიამ ისინი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ერების ადგილზე და მართლაც აღმოაჩინეს თუ არა მათ საკუთარი თავი მესამე სამყაროს სამხრეთში (ე.წ. “მესამე სამყაროიზაცია”) როგორც ეს ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში იწინასწარმეტყველა მსოფლიო სისტემების ზოგიერთმა თეორეტიკოსმა (Frank, 1992). ეს იმ შეკითხვების ზოგადი ჩამონათვალია, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პასუხგაუცემელი და ამდენად პოლიტიკური ქმედებისათვის ყოვლად არაინსტრუქციული, ანუ პოლიტიკური პოტენციალის არმქონეა.

 

პოლიტიკური პოტენციალი

პოლიტიკური პოტენციალის უკეთ გასაგებად მოვიშველიებ მეთოდის შესახებ ნეოგრამშიანულ ტრადიციას. ამ ტრადიციის მიხედვით, პოლიტიკური პოტენციალი შევიძლია გავიგოთ როგორც ცნების, თეორიის, თუ მოვლენის ახსნის შესაძლო გავლენა პოლიტიკურ და სოციალურ ძალებზე და ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე. ამ ტრადიციით, ნებისმიერი კონცეფცია თუ თეორია განიხილება ისეთ თეორიად, რომელიც ისტორიიდან არის ნაწარმოები. ანუ იდეები, ცნებები და თეორიები ამ ხედვით განყენებულად, ობიექტურად და ნეიტრალურად კი არ არსებობენ, არამედ ისინი ნაწარმოები არიან სპეციფიკური ისტორიული კონტექსტიდან და აღნიშნავენ სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში არჩეულ პოზიციონირებას.

მთელი ეს მსჯელობა თავის მხრივ, ეფუძნება იტალიელი ჟურნალისტის, ინტელექტუალისა და რევოლუციონერის, ანტონიო გრამშის ინტელექტუალურ მემკვიდრეობას. გრამშის “ციხის ჩანაწერების” ერთ-ერთ თავში, რომელსაც ინგლისურად ეწოდება –“Prediction and Perspective” –  და რომელიც ქართულად შესაძლოა ვთარგმნოთ როგორც “წინასწარგანსჯა და პერსპექტივა,” ვკითხულობთ:

“უდავოა, რომ წინასწარგანსჯა ნიშნავს, რომ დაინახო აწმყო და წარსული როგორც მოძრაობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მთელი სიზუსტით გაუკეთო იდენტიფიცირება იმას, თუ რა არის პროცესის ფუნდამენტური და პერმანენტული ელემენტები. მაგრამ აბსურდია იმის დაჯერება, რომ არსებობს “ობიექტური” წინასწარგანსჯა. ის, ვინც მსგავს დაშვებებს აკეთებს, მას აუცილებლად გააჩნია გარკვეული “პროგრამა,” რომლის გასამარჯვებლადაც ის იბრძვის, და მის მიერ გაკეთებული დაშვებაც არის ამ პროგრამის გამარჯვებისათვის შეტანილი წვლილი... შეიძლება ისიც კი ვთქვათ, რომ სწორედ ამ დაშვების დაკავშირება გარკვეულ პროგრამასთან ანიჭებს მას ობიექტურობას” (Gramsci, 1999, p. 388).

It is certain that prediction only means seeing the present and the past clearly as movement. Seeing them clearly: in other words, accurately identifying the fundamental and permanent elements of the process. But it is absurd to think of a purely “objective” prediction. Anybody who makes a prediction has in fact a “programme” for whose victory he is working, and his prediction is precisely an element contributing to that victory…Indeed one might say that only to the extent to which the objective aspect of prediction is linked to a programme does it acquire its objectivity.”(Gramsci, 1999, p. 388) 

ეს ისტორიული ტექსტი, უკვე 1981 წელს, ნეოგრამშიანელმა მეცნიერმა რობერტ კოქსმა, თანამედროვე სოციალური მეცნიერებიას მიუსადაგა  მეთოდის შესახებ მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტატიაში, რომელსაც ეწოდება “სოციალური ძალები, სახელმწიფოები და მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის მიღმა”  (Cox, 1981). კოქსმა გრამშიანულ „წინასწარგანსჯისა და დაშვების“ ცნებას უწოდა თეორია, და ეს შემდეგნაირად განავრცო ამავე სტატიის ქვეთავში სახელწოდებით: „პერსპექტივებისა და განზრახვების შესახებ” (On Perspectives and Purposes). სტატიაში ვკითხულობთ:

„თეორია, ყოველთვის ემსახურება ვინმეს და რაიმე მიზანს. ყველა თეორიას აქვს პერსპექტივა. პერსპექტივა, თავის მხრივ, ჩნდება დროსა და სივრცეში არსებული პოზიციისაგან. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, პერსპექტივა ჩნდება სოციალურ და პოლიტიკურ დროსა და სივრცეში გაჩენილი პოზიციისაგან. აქ, მსოფლიო დანახულია იმ პერსპექტივიდან, რომელიც რეალობას განმარტავს და ხედავს ისეთ ცნებებში, როგორიც არის ერი ან სოციალური კლასი, დომინაცია ან დაქვემდებარება, საკუთარი უუნარობის ან კრიზისის შეგრძნება, წარსულის გამოცდილება, ან მომავლისადმი იმედი და მოლოდინები.... ამგვარად, არ არსებობს თეორია, რომელიც არსებობს თავისთავად და ობიექტურად, და რომელიც განყენებულია დროსა და სივრცეში დაკავებული პოზიციისგან. თუ რომელიმე თეორია თავის თავს ასე წარმოაჩენს, აქ უკვე მნიშვნელოვანია, რომ ის განვიხილოთ იდეოლოგიად, და შევეცადოთ მისი დამალული პერსპექტივის გამოაშკარავებას” (Cox, 1981, p. 128).

"Theory is always for someone and for some purpose. All theories have a perspective. Perspective derives from a position in time and space, specifically social and political time and space. The world is seen from a standpoint definable in terms of nation or social class, of dominance or subordination, of rising or declining power, of a sense of immobility or of present crisis, of past experience, and of hopes and expectations for the future … There is … no such thing as theory in itself, divorced from a standpoint in time and space. When any theory so presents itself, it is more important to examine it as ideology, and to lay bare its concealed perspective." (Cox, 1981, p. 128)

ამგვარად, ის რასაც გრამში განიხილავს წინასწარგანსჯად, შემდგომში განივრცო და განხილულ იქნა როგორც თეორია, და ყველაზე უფრო ზოგადი გაგებით, ჩვენ შეგვიძლია ის გავიგოთ როგორც იმგვარი ცოდნა, რომელიც არასდროს არ არის ობიექტურად განყენებული პოლიტიკური და სოციალური კონტექსტისაგან და რომელიც წარმოადგენს იმ პოლიტიკურ კონტექსტში არსებულ პერსპექტივას საიდანაც ის წარმოიშვა. თავად ანტონიო გრამშის ყველა ცნება, რომელსაც ის მის მიერ 1929-1935 წლებში (ანუ იმ წლებში, როდესაც ის ფაშისტური რეჟიმის მიერ იყო დატყვევებული) დაწერილ “ციხის ჩანაწერებში” იყენებს, ნაწარმოები იყო მისი ისტორიული კონტექსტიდან, მისი დაკვირვებებიდან და პოლიტიკური და სოციალური ბრძოლის საკუთარი გამოცდილებიდან. გრამში მიიჩნევდა, რომ ცნებები და კონცეფციები, რომლებიც მან ამ პერიოდში განავითარა, დაეხმარებოდა იმჟამად არსებული სიტუაციის უკეთ გაგებისა და ახსნისათვის, და ბევრად თვალსაჩინოს გახდიდა პოლიტიკური ქმედების მიმართულებას .

ამდენად, ნეოგრამშიანული მეთოდით პოსტსოციალისტური ეპოქის განხილვა ამ ისტორიულ ეპოქაზე შედარებით სხვაგვარად, უფრო პოლიტიკურად დაფიქრების, აქედან გამომდინარე კრიტიკის წარმოების და მისი პოლიტიკური პოტენციალის გამოკვეთის შესაძლებლობას იძლევა. უფრო მოკლედ რომ ვთქვათ, ის თუ როგორ გავიაზრებთ პოსტსოციალიზმს და მისთვის დამახასიათებელ სოციალური ძალების ურთიერთობას, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ მოხდება პოლიტიკური და სოციალური ძალების ფორმაცია, განსაკუთრებით პოლიტიკური იდენტობის ჩამოყალიბებისა და მათი თვითგამორკვევის პროცესში.

 

პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება და საქართველო

საგულისხმოა, რომ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რიგ პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში ეს ამოცანა დეკოლონიურმა კვლევებმა შეასრულეს (Boatcă, 2002; Borocz, 1997; Kiossev, 1995; Tichindeleanu, 2010). ამ დეკოლონიური ავტორების შთამბეჭდავი და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სევდიანი ემპირიული მასალებიდან გამოტანილი დასკვნები და ზოგადი თეორიული არგუმენტი ასე ყალიბდება: იმისათვის, რომ ადგილობრივმა აქტორებმა საკუთარი საზოგადოებების გააზრება და დანახვა ემანსიპატორულ ჭრილში შეძლონ, პირველ რიგში, აუცილებელია რომ მათ მოახდინონ სოციალური ცხოვრების, ნორმებისა და გამოცდილების იმ უნივერსალიზებული კატეგორიების ეპისტემურ დონეზე ჩახშობა, რომლებიც გლობალური კაპიტალიზმის ცენტრში განვითარდა და სისტემის დაქვემდებარებულ (პერიფერიულ) ნაწილში განვითარებული ყოველდღიური სოციალური გამოცდილება დათრგუნა და ისინი “პათოლოგიურ” და “ეგზოტიკურ” ფორმად წარმოაჩინა. უნგრელი მკვლევარი აგნეს გაგი, ამ პროცესების გამოაშკარავების პოზიტიურ როლს პოსტსოციალიზმის ანთროპოლოგიას მიაკუთვნებს, რომელმაც მისი მცირე მასშტაბურობის გამო მართალია დიდი გავლენა ვერ მოახდინა ამ საზოგადოებების თვით-აღქმაზე, მაგრამ სწორედ ეს იყო ერთ-ერთი პირველი დისციპლინარული სივრცე, რომელმაც მიუთითა პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის კომპლექსურობასა და ტრანზიციის იმგვარი სწორხაზოვანი და ნორმატიული კონცეფციების პრობლემურობაზე, როგორიც არის მაგალითად პოსტსოციალისტური ხალხების სიზარმაცის ნარატივი, რომელიც მათ წლების განმავლობაში აპირისპირებდა (და ჯერ კიდევ აპირისპირებს) ახლად-მოპოვებული თავისუფლებასა და ბაზრის მოთხოვნებთან; სწორედ ანთროპოლოგია იყო ერთ-ერთი პირველი დისციპლინა, რომელმაც პრობლემურად წარმოაჩინა ცივი ომის დროინდელი ამხსნელი კატეგორიებისა და ცნებების შენარჩუნება ცივის ომის დასრულების შემდგომაც: ასეთი კატეგორიები იყო “სოციალისტური წარსული” და “მისი მემკვიდრეობა,” რომელთაც ახასიათებდათ კორუფციულობა, ჩამორჩენილობა, და ნოსტალგიური განწყობა სოციალისტური წარსულის მიმართ (Gagyi, 2015).

საინტერესოა, რომ პოსტსოციალიზმის და მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი განზომილებების შესახებ ამ ხნის განმავლობაში დაგროვებული კრიტიკული ცოდნა და თეორიები, როგორც წესი ეყრდნობა იმ განზოგადებებსა და დაშვებებს, რომელიც საქართველოში განვითარებულ ისტორიასა და ემპირიულ რეალობას თითქმის არც ერთ სფეროში არ ითვალისწინებს. რთულია სისტემურად აიხსნას ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტსოციალიზმის თეორიები და ისეთი ცნობილი ნარატივები ამ სივრცისათვის დამახასიათებელ იმგვარ თავისებურებებზე როგორიც არის კლასისა და იდენტობის პოლიტიკის აღრევა, სოციალიზმისა და პოსტსოციალისტური ისტორიების დაკავშირება ისეთი დასავლური პროექტების საშუალებით, როგორიც არის კოსმოპოლიტანიზმი და გლობალური სამოქალაქო საზოგადოება (Gille, 2010), კაპიტალიზმის შენება კაპიტალისტების გარეშე (Eyal, Szelenyi, & Townsley, 1998), თუ პოსტსოციალისტური სახელმწიფოს ფინანსური კრიზისი (Jessop, 1993), ეყრდნობა და აზოგადებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმ საზოგადოებების ემპირიულ გამოკვლევებს, რომლებმაც სოციოლოგიური და პოლიტიკური კვლევების განგრძობადი ტრადიცია (თუმცა ხშირ შემთხვევაში პროფესიული, ანტიიდელოგიური ხაზით და არა კლასზე დაფუძნებული ანალიზით)  ისტორიული ტრანსფორმაციის პროცესში რაღაცნაირად შეინარჩუნეს და ამით მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახადეს ადგილობრივი მოძრაობებისათვის და საზოგადოებისათვის რელევანტური ცოდნის შექმნა:  90-იანი წლებიდან დღემდე არსებული სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობებისა და ფუნდამენტური ანტაგონიზმების გამოკვეთა ცივი ომის დროინდელი ან/და მოდერნიზაციონისტული ჩარჩოების მიღმა, და პოსტსოციალიზმის პოლიტიკური შესაძლებლობების როგორც მინიმუმ თეორიულ დონეზე გამოკვეთა.

მიუხედავად ამ ერთი შეხედვით არსებული უპირატესობისა, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოებებშიც კრიტიკულად დაისმის შეკითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად არსებობს აქ ის სოციალურ-სამეცნიერო ცოდნა, რომლებიც აქტივისტებს დაეხმარებოდათ საკუთარი რეალობის უკეთესად გააზრებაში და რომელიც შეაფერხებდა იმ პრაქტიკას, როდესაც ისინი შაბლონურად იმეორებენ სხვა საზოგადოებებსა და მოძრაობებში გავრცელებულ კოლექტიურ პრაქტიკებსა და ქმედებებს საკუთარი კონტექსტების მხედველობაში მიღების გარეშე; ან აქვთ თუ არა აქტივისტებსა და სოციალურ მოძრაობებს ის კრიტიკული ხელსაწყოები, რომლითაც ისინი საკუთარ მდგომარეობას სხვა მოძრაობებს შეადარებდნენ, საკუთარ რეალობასა და პოსტსოციალისტურ ისტორიას გლობალურ ისტორიას დაუკავშირებდნენ და თავს დააღწევდნენ “პოსტ-სოციალისტურ დაქვემდებარებულობის კომპლექსს” რომელიც დასავლური პრაქტიკების იმიტაციით ესწრაფვის “გლობალური აქტივისტის” პოზიციის დაწევას, ხოლო მის ასეთ პრაქტიკასა და რეალობას შორის არსებულ შეუთავსებლობას აღმოსავლეთ ევროპის ყოველმხრივი “ჩამორჩენილობით” ინტერპრეტირებს (Gagyi, 2015). ამ კრიტიკული შეკითხვების უკან მდგარი ღირებულებრივი ხედვით, უკვე ფუნდამენტურად პრობლემურად გამოიყურება ადგილობრივი კონტექსტისათვის დამახასიათებელი ემპირიკის და სპეციფიკური ფუნქციური თვისებების გამოკვეთის გარეშე ისეთი თეორიული ცნებების ფართო გამოყენება, რომლებიც პირველ რიგში სხვა კონტექსტისათვის განავითარეს (“დემოკრატია” და “დემოკრატიის კრიზისი,” “ნეოლიბერალიზმი,” “პოლიტიკური პარტიების კრიზისი” “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა”, და ა.შ). მიუხედავად ამ პრობლემურობისა, მსგავსი კონცეპტუალური აპარატების კოპირებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ინდივიდუალურ აქტორებს (აქტივისტებს, მკვლევრებს და ა.შ.) კი არ ეკისრებათ, არამედ იმ სტრუქტურულ შეზღუდვებსაც, რაშიც ამ აქტორებს უწევთ ოპერირება, უფრო კონკრეტულად კი ცოდნის წარმოების იერარქიულ სისტემას, რომელიც პოსტსოციალისტურ რეგიონს სოციალური მეცნიერებების დისციპლინების უმრავლესობაში ძირითადად პროგრესისა (მოდერნიზაცია) და რეგრესის იერარქიულ დიქოტომიებში განიხილავს.

 

გრამშის ინტელექტუალური მემკვიდრეობა და კოლექტიური თვითგამორკვევის საკითხი

სოციალური მოძრაობები, მისი ყველაზე უზოგადესი განმარტებით, წარმოადგენენ სისტემისა თუ სტრუქტურის წინააღმდეგ კოლექტიური ქმედებით წარმოქმნილ საფრთხესა და გამოწვევას (Snow, 2004). კოლექტიურობის განცდა გრამშიანულ ტრადიციაში „კოლექტიურ პოლიტიკურ ცნობიერებად“ არის განხილული და მნიშვნელოვანი წინაპირობაა კოლექტიურად განხორციელებული სოციალური ცვლილებებისათვის (Gramsci, 1999). ისტორიულად, კოლექტიური პოლიტიკური ცნობიერებისა და მისგან ნაწარმოები სოლიდარობის წყაროდ სოციალური კლასები მოიაზრებოდნენ. გრამშიც ეყრდნობა ამ მატერიალისტურ ტრადიციას, მაგრამ ასევე ავრცობს მას. კოლექტიურ, პოლიტიკურ ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესში ის ასხვავებს სხვადასხვა ფაზებს -  დაწყებული კორპორატიული დონიდან, რომელიც იკეტება მხოლოდ წმინდა ეკონომიკური კლასის კორპორატიულ საზღვრებში (პროფკავშირული ბრძოლა), დამთავრებული უნივერსალისტური ფაზით, რომელიც ცდება პროფკავშირულ ბრძოლას, უნისონში მოყავს ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები ინტელექტუალურ და მორალურ სისტემასთან და ქმნის ფუნდამენტური ჯგუფის ჰეგემონიას სხვა დაქვემდებარებულ ჯგუფებზე. თუმცა, აქ ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად მოიაზრება პოლიტიკური ცნობიერების არსებული ფაზის თვითგამორკვევა თავად სხვადასხვა სოციალური ძალების მიერ და საერთოდ იმის გამორკვევა, თუ რა ურთიერთობები არსებობს სხვადასხვა „სოციალურ ძალებს“ შორის (აქვე მნიშვნელოვანია, რომ ცნება „სოციალურ ძალებს“ ის იყენებს სოციალური კლასის აღმნიშვნელად). სოციალური ძალების ამ ურთერთობების გამორკვევას აქვს მატერიალური, ორგანიზაციული და იდეოლოგიური კომპონენტი, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან ისტორიულ ბლოკს. ისტორიული ბლოკი არ არის რაიმე ფიქსირებული მოცემულობა, არამედ ის განიცდის მუდმივ ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს და მუდმივად აახლებს ადამიანის აგენტურობის (ცვლილების შემოქმედის) პოტენციალს ისტორიის ცვლილებაში. ამიტომაც, სამოქალაქო საზოგადოების გრამშისეული ცნება, წარმოადგენს იმ ძალების კომბინაციას, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ახალი სახელმწიფო და ახალი სოცალური წესრიგი. სწორედ ამიტომ არის სამოქალაქო საზოგადოების ე.წ. „ემანსიპატორული პოტენციალი“ მისთვის ერთ-ერთი მთავარი საფიქრი თემა. ვინაიდან აქ იგულისხმება, რომ არსებული სიტუაციის გამორკვევა არის ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციის სტრატეგიისათვის აუცილებელი წინაპირობა.

თუმცა, როგორც სტატიის დასაწყისშიც იქნა ნახსენები, ცნებები და კონცეფციები, რომლებსა გრამშის „ციხის ჩანაწერების“ მსგავსი ისტორიული ტექსტებიდან ვიღებთ, წარმოადგენენ იმ ისტორიული დროის ანალიზის მცდელობას, რომელშიც ის იწერებოდა. კონკრეტულად - 20-30-იანი წლების იტალიის კონტექსტის. ანტონიო გრამშიმ ეს ხედვები შეიმუშავა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რევოლუციური ტრანსფორმაცია ისტორიულად შესაძლებელი ჩანდა. თუმცა, მისი მიდგომა საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ოცდამეერთე საუკუნის კონტექსტისათვისაც შესაბამისად შეიძლება მივიჩნიოთ იმ დაშვებით, თუ მისი ანალიტიკური აპარატის ჩვენი დროის შესაბამისად რეკონფიგურაციასა და ცვლილებას მოვახდენთ.

მაგრამ ამ ტრადიციის ყველაზე უფრო ზოგადი საფუძვლადმდებარე აზრით, თანამედროვეობის კოლექტიური ცნობიერების დაბადებას და სახალხო სოციალური მოძრაობის ისტორიული საფუძველის გაჩენას სწორედ ეს უზოგადესი წინაპირობა აქვს – არსებითი ანტაგონიზმების - მტრისა და მოყვარის გამოკვეთა და პოლიტიკური დინამიკისა და სოციალურ ძალთა (კლასთა) ურთიერთობების სიღრმისეული გაგება. დღევანდელობასთან კავშირში მყოფი პრაქტიკული გაგებით, ეს შეიძლება გავიგოთ როგორც კლასზე დაფუძნებული სოციალური ანალიზის პოლიტიკურ მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოხდეს ადგილობრივი სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების კონცეპტუალიზება და გაგება იმ ჩარჩოების მიღმა, რომელიც გლობალური კაპიტალიზმის ცენტრის გამოცდილებებზეა დაფუძნებული. ეს საკმაოდ შრომატევადი და მრავალი სტრუქტურული შეზღუდვის მქონე საქმე უფრო ფართე, „უნივერსალისტურ“ კოლექტიურ თვითგამორკვევას დროში მნიშვნელოვნად ავადებს.

 

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც  Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

Boatcă, M. (2002). From Neoevolutionism to World-Systems Analysis: The Romanian Theory of “Forms without Substance” in Light of Modern Debates on Social Change.

Borocz, J. (1997). Sociology Is Elsewhere. Budapest Review of Books.

Cox, R. W. (1981). Social Forces, States and World Orders: Beyond International Relations Theory. Millennium: Journal of International Studies, 10(2), 126–155. https://doi.org/10.1177/03058298810100020501

Eyal, G., Szelenyi, I., & Townsley, E. R. (1998). Making Capitalism Without Capitalists: Class Formation and Elite Struggles in Post-communist Central Europe. Verso.

Frank, A. G. (1992). Nothing New in the East: No New World Order. Social Justice, 19(1 (47)), 34–61. Retrieved from JSTOR.

Gagyi, Á. (2015). Why don’t East European movements address inequalities the way Western European movements do? A review essay on the availability of movement- relevant research. 7, 12.

Gille, Z. (2010). Is there a Global Postsocialist Condition? Global Society, 24(1), 9–30. https://doi.org/10.1080/13600820903431953

Gramsci, A. (1999). Selections from the Prison Notebooks. London: ElecBook.

Jessop, B. (1993). Reflections on the Financial Crisis of the Postsocialist State. International Journal of Political Economy, 23(2), 9–34. Retrieved from JSTOR.

Kiossev, A. (1995). The Self-Colonization Cultures. Retrieved from https://www.academia.edu/3477652/The_Self-Colonization_Cultures

Snow, D. A. (2004, January 1). SOCIAL MOVEMENTS AS CHALLENGES TO AUTHORITY: RESISTANCE TO AN EMERGING CONCEPTUAL HEGEMONY [Book-part]. https://doi.org/10.1016/S0163-786X(04)25001-7

Tichindeleanu, O. (2010). Ovidiu Tichindeleanu: Towards a critical theory of postcommunism / Radical Philosophy. Retrieved October 3, 2019, from Radical Philosophy website: https://www.radicalphilosophy.com/article/towards-a-critical-theory-of-postcommunism