შესავალი

პოლიტიკური მეცნიერების ლიტერატურაში „მონაწილეობა“ განიმარტება, როგორც ადამიანების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სახის გადაწყვეტილებებზე. მონაწილეობა იქცა დემოკრატიის ცენტრალურ კონცეპტად, იმ მტკიცებით, რომ – „სადაც მეტია მონაწილეობა, იქ მეტია დემოკრატია“.[1]

მონაწილეობის ხარისხი, თავის მხრივ, არის სამართლიანი გადაწყვეტილების ინდიკატორი, რომელიც ლიტერატურაში სამი ძირითადი კრიტერიუმით განისაზღვრება ხოლმე. კერძოდ, ყურადღება უნდა მიექცეს, ვინ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში – არიან ესენი მხოლოდ ელიტის წარმომადგენლები, თუ მონაწილეობის პროცესი ღიაა ყველასთვის; როგორ  მიიღება გადაწყვეტილება და როგორ  ცვლიან ინფორმაციას მონაწილე პირები – აქ უნდა გაიმიჯნოს საჯარო შეხვედრები, სადაც ადამიანები უბრალოდ იღებენ ინფორმაციას ოფიციალური პირებისგან; შეხვედრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ აზრის გამოთქმა და შეხვედრები, სადაც შესაძლებელია დებატები, პოზიციების გაცვლა და ა.შ. ბოლოს, უფლებამოსილების მოცულობა – ანუ რამდენად ახდენს გავლენას დისკუსიები და მონაწილეობითი შეხვედრები უშუალოდ გადაწყვეტილებაზე, უსმენს თუ არა რეალურად გადაწყვეტილების მიმღები ადამიანებს.[2] ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მონაწილეობა მხოლოდ მაშინ ფასდება, როგორც ნამდვილი დემოკრატიული პროცესების ნაწილი, როდესაც ის არის ღია ყველა დაინტერესებული მხარისთვის, ვისაც გადაწყვეტილება ეხება და როცა ეს მონაწილეობა არ არის ფასადური და რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია.

ცნობილი პოლიტოლოგი და ისტორიკოსი, ფლორიან ბიბერი აღნიშნავს, რომ უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა ის ცნებაა, რომელშიც უმცირესობის უფლებები და მათ მიმართ არსებული სოციალური განწყობა ერთმანეთს ერწყმის.[3] ტრადიციულად, უმცირესობების უფლებები დისკრიმინაციისგან დაცვის პრინციპის გარდა, მოიცავდა ლინგვისტურ და განათლებასთან დაკავშირებულ უფლებებს. ამ სამართლებრივ ჩარჩოში პოლიტიკური მონაწილეობა უფლებრივი დაცვის მიღმა რჩებოდა ხოლმე, თუმცა წლების განმავლობაში მონაწილეობის, როგორც უფლების, უარყოფის მიდგომა ეტაპობრივად შეიცვალ.[4] დღეს პოლიტიკური მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ენაზე საჯარო ცხოვრებაში უფლებადაც ითარგმნება არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტში.

ცხადია, ამ დონის სპეციფიკური სამართლებრივი რეგულირება არ გულისხმობს იმას, რომ მონაწილეობის უფლება მხოლოდ უმცირესობების ჯგუფებს აქვთ, თუმცა ამ ჯგუფების მოწყვლადობისა და საჭიროების ხარისხიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა სამართალმა დროთა განმავლობაში დაინახა უფლების სპეციფიკურ ხარისხამდე მიყვანის საჭიროება. ეს გამოვლინდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში გაეროს დონეზე, ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ამგვარ სპეციალურ უფლებაზე საუბრობს ეუთოსა და ევროპის საბჭოს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დამდგენი არაერთი დოკუმენტი. ადამიანის უფლებათა სამართლის ეს მიდგომა შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის მხარდასაჭერად, თუ რატომ არის საჭირო პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება პოზიტიური მექანიზმებითა და მიდგომით.

დღეს უკვე არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა ოთხ ძირითადად პრინციპზე დგას, მათ შორისაა – თანასწორობა, აღიარება, ინკლუზია დემოკრატიულ პროცესებში და მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.[5] ბოლო ორი პრინციპი თითქოს ერთმანეთთან გადაჯაჭვული და ერთმანეთის მსგავსი ცნებებია, თუმცა ერთი მათგანი ვიწრო, პოლიტიკური მონაწილეობის გაგებით არის წარმოდგენილი და მეორეს უფრო ფართო სოციალური დატვირთვა აქვს. დემოკრატიულ პროცესებში ინკლუზია გულისხმობს, რომ ყველა ჯგუფის ინტერესი გათვალისწინებულია და მათი საჭიროებები ასახულია პოლიტიკურ დღის წესრიგში, მაშინაც კი, როდესაც ისინი პოლიტიკურ ველში არ არიან წარმოდგენილნი. მცირე თუ დიდი ჯგუფების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვისთვის სახელმწიფოები სხვადასხვა ზომას მიმართავენ, მათ შორის: პარლამენტში დარეზერვებული სკამების მექანიზმის შემოღებით, საარჩევნო ბარიერების მოხსნით, საპარლამენტო კომისიებისა თუ კომიტეტების შექმნით, ისევე, როგორც წარმომადგენლობითი ოფისების დაფუძნებით. ზოგიერთ შემთხვევაში უმცირესობების პარტიები მთავრობის კოალიციაშიც ხვდებიან ხოლმე, ფინეთის, ლიეტუვის, სლოვაკეთისა და რუმინეთის გამოცდილების გათვალისწინებით. რაც შეეხება მონაწილეობის პრინციპს, ეს არ უკავშირდება მხოლოდ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას, არამედ სოციალურ ერთიანობას, თანაცხოვრებასა და კეთილდღეობას. ამ პრინციპის მიხედვით, საზოგადოებები, რომლებიც ცალ-ცალკე, პარალელურ სივრცეებში არსებობენ, არიან გახლეჩის რისკის წინაშე. მონაწილეობითი უფლებები მხოლოდ ინდივიდის უფლებებზე არ გადის და სცდება ანტიდისკრიმინაციულ ჩარჩოებს. ის მოიცავს საჯარო სივრცეში კულტურული იდენტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ კოლექტიურ უფლებებს.

პოლიტიკურ/საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის, როგორც უფლების ჩამოყალიბებას ერთი არგუმენტი ამყარებს, რომელიც უკავშირდება უმცირესობების სხვა უფლებების განხორციელებას. ამ გაგებით, თუკი უმცირესობებს შეზღუდული აქვთ საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა, ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი უფლებების დაცვას, საჭიროებების არტიკულირებასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას.

ადამიანის უფლებათა სამართლის ძირითადი დოკუმენტები, რომლებიც უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის უფლებას განამტკიცებს, დამატებით გარანტიებს ქმნის, ამ ჯგუფების პოლიტიკური უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ამ მხრივ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის 27-ე მუხლი ფუძემდებლური ნორმაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეობის უფლებას მეტწილად სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულების  კონტექსტში განიხილავს, მუხლის გავრცელების არეალს მაინც უფრო აფართოებს.[6] ის გულისხმობს, რომ პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა მოითხოვს სამართლებრივ მექანიზმებს ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად იმისათვის, რომ უმცირესობის ჯგუფებმა გავლენა მოახდინონ მათთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე.[7] აქედან გამომდინარე, სავალდებულოა, სახელმწიფოებმა  პოზიტიურად დაიცვან პოლიტიკური მონაწილეობის უფლება, თუმცა პაქტი ისევ სახელმწიფოებს მიანდობს დისკრეციას, თვითონ განსაზღვრონ, თუ რა ზომებით მიაღწევენ ამ უფლების უზრუნველყოფას.[8] რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტი ასევე განმარტავს, რომ სწორედ კონკრეტული სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, ამ უფლების უზრუნველყოფას მიაღწევს საჯარო თუ კერძო ინსტიტუტების საშუალებით.[9]

გარდა უფლებრივი პერსპექტივისა, პოლიტიკურ მონაწილეობას დემოკრატიული სტაბილურობისა და კონფლიქტის პრევენციის მიზნებიც აქვს. ბიბერი აღნიშნავს, რომ სპეციფიკური დამცავი მექანიზმების გარეშე, უმცირესობები პოლიტიკური სისტემიდან გარიყვის რისკის წინაშე დგანან.[10] წიგნში „დემოკრატია პლურალისტურ საზოგადოებებში“ არენდ ლიჟპარდი მნიშვნელოვან ხაზებს ავლებს ორი ტიპის პოლიტიკურ საზოგადოებას შორის – კულტურულად ჰომოგენური პოლიტიკური თემი, რომელიც პოლიტიკურად არ არის გამიჯნული და პლურალისტური საზოგადოება, რომელიც პოლიტიკურად დანაწევრებულია.[11] კოლონიზაციის, მონობისა თუ იმიგრაციის ეპოქებმა ეთნოკულტურულად ჰომოგენური სახელმწიფოების ეპოქა ერთმნიშვნელოვნად  დაასრულა, თუმცა ეთნოკულტურული მრავალფეროვნება ზოგჯერ პოლიტიკურ ფრაგმენტაციად ითარგმნება. დაყოფილ საზოგადოებაში პოლიტიკური მოთხოვნები ხშირად ეთნიკური იდენტობის ჭრილში ვლინდება და ამის შედეგად პოლიტიკური კონფლიქტი ეთნოკულტურულ ჯგუფებს შორის კონფლიქტის სინონიმად გვევლინება.

სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ კარგად მოწყობილი დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები, როგორც წესი, ეფექტიანად მართავენ ამგვარ შესაძლო კონფლიქტებს და ეთნოპოლიტიკურ წუხილს. შესაბამისად, პოლიტიკური ინსტიტუტები და საარჩევნო სისტემები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მშვიდობიანი და თანასწორი პოლიტიკის წარმოებაში. თუ საარჩევნო სისტემები არ პასუხობს რეალურ საზოგადოებრივ საჭიროებებსა და სოციალურ ფორმირებებს, მაშინ ის არა მხოლოდ პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ სირთულეებს წარმოქმნის, შესაძლოა, კონფლიქტის მიზეზიც გახდეს.[12] ის, თუ როგორ არიან ეთნიკური უმცირესობები ჩართულნი დემოკრატიულ პროცესებში, ყოველთვის მკაფიოდ აისახება ხოლმე ინტერეთნიკურ ურთიერთობებზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, პოლიტიკური მონაწილეობის საკითხს, გარდა უფლებრივი და დემოკრატიული სტაბილურობის განზომილებისა, აქვს კიდევ ერთი – სოციალური განზომილება. სოციალურად და ეკონომიკურად არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის პოლიტიკური ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სოციალური გარიყულობა. კვლევები მოწმობს, რომ ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გამო გარიყული ადამიანები, როგორც წესი, ასევე გარიყულები არიან პოლიტიკური ველიდანაც, რადგან მათ საჭიროებებს არ ეთმობა პოლიტიკური სივრცე და ვერ ხდებიან პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი.[13] შესაბამისად, უმცირესობების იმ ჯგუფებში, რომლებიც გარიყულნი არიან სოციალური, კულტურული თუ ეკონომიკური ველიდან, პოლიტიკური ექსკლუზიის ხარისხიც მაღალია.

არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის უნივერსალურ სტანდარტებს გაწერს. გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში მიღებული არაერთი დოკუმენტი ეფექტიანი მონაწილეობის უფლებას განსაზღვრავს, როგორც უმცირესობების სპეციალურ უფლებას და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს აკისრებს მის განსახორციელებლად. მიუხედავად სავალდებულო უნივერსალური სტანდარტების არარსებობისა, პრაქტიკა და  საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები ხშირად მიუთითებს, რომ ამ უფლების რეალიზებისას მნიშვნელოვანია, დაწერილ სტანდარტებს მიღმა გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა.

ამ დოკუმენტის მიზანი არ არის, მიმოიხილოს  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებში განსაზღვრული უნივერსალური პრინციპები და უფლებები. წარმოდგენილი კვლევა შეეცდება, წარმოაჩინოს, თუ რა პრაქტიკა და პოზიტიური მექანიზმებია დანერგილი სხვადასხვა ქვეყანაში უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წასახალისებლად. აღნიშნული პოზიტიური მექანიზმები მიმოხილულია იმ დათქმით, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი პოლიტიკური და ისტორიული კონტექსტი აქვს და, შესაბამისად,  სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების საჭიროება უდგას.

ეს მიმოხილვა მიზნად ისახავს, იყოს დამხმარე სახელმძღვანელო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა სამოქალაქო აქტორებისათვის მონაწილეობის მექანიზმებზე მსჯელობის პროცესში, რასაც, ცხადია, თან უნდა ახლდეს საქართველოში არსებული კონტექსტის გაანალიზება და რეალობის შეფასება.

მიმოხილვა სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

პოლიტიკური_მონაწილეობა_1603185696.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ECMI Handbook, Participatory Mechanisms for National Minorities, December 2015, p. 8.

[2] იქვე.

[3] Florian Bieber,  Introduction: Minority Participation and Political Parties,  Friedrich Ebert Stiftung collection of articles „Political Parties and Minority Participation”, 2008, p. 5.

[4] იქვე.

[5] ECMI Handbook, Participatory Mechanisms for National Minorities, December 2015, p. 15.

[6] M. Weller and K. Nobbs: Political Participation of Minorities, A commentary on International Standards and Practice, Oxford University Press, 2010. pg. 349.

[7] General Comment 23: Rights of Minorities (Article 27)

[8] M. Weller and K. Nobbs, ibid.

[9] CERD General Comment no 10, on Article 1 and Article 5.

[10] Florian Bieber,  Introduction: Minority Participation and Political Parties,  p. 7.

[11] Sujit Choudhry. Constitutional Design for Divided Societies : Integration or Accommodation? OUP Oxford, 2008.

[12] OSCE Guidelines to Assist National Minority Participation in Electoral Process. pg. 28.  https://www.osce.org/files/f/documents/4/0/103866.pdf

[13] Social exclusion and political engagement, Research Paper,  Electoral Commission, 2005, available at: https://www.electoralcommission.org.uk/sites/default/files/pdf_file/Social-exclusion-and-political-engagement.pdf