ავტორები: გიორგი ხასაია და ვაკო ნაცვლიშვილი

2018 წელი განსაკუთრებულად მარცხიანი იყო ტყიბულისთვის. 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2 ივნისს – ორი, 16 ივლისს – ოთხი. ეს ტრაგიკული მოვლენები, გაბატონებული აზრის თანახმად, უბედური შემთხვევებია – ასე აშუქებს მედია, ამ სიტყვებით გვაწვდის მას კაპიტალი, ასე ამახსოვრდება საზოგადოებას. იმავდროულად, არსებობს სხვა შეფასებაც, რომლის თანახმად, ეს მოვლენები მკვლელობებია – მართებული ლოგიკით, თუ ადამიანს სამუშაო ძალის მეტი გასაყიდი არაფერი აქვს, ხოლო ამ სამუშაო ძალის მყიდველი მას შეგნებულად ამუშავებს ისეთ პირობებში, რომელშიც სიკვდილი ადვილი დასაშვებია, მაშინ ეს მკვლელობაა. მაგრამ ამ აზრს დამაჯერებლობა აკლია. და არა იმიტომ, რომ მასში რამე არ არის ზუსტი, არამედ იმიტომ, რომ ბურჟუაზია ანონიმურია. პარადოქსია – აღიარებულია, რომ გვაქვს კაპიტალიზმი, მაგრამ ბურჟუაზიის არსებობა თითქმის არ შეიცნობა. ჩვენ გვყავს მდიდარი ადამიანები „რომლებიც, უბრალოდ, თავიანთ საქმეს აკეთებენ“ და „ხალხს ასაქმებენ“. ბურჟუაზია ანონიმურია მაშინაც, როცა მიწის ან მეთანის ხელით კლავს.

მოკლულების ოჯახებს რჩებათ ყვავილების გვირგვინები, პრემიერ-მინისტრების ცრემლები და ბუნდოვანი მომავალი.

2018 წელს შახტები დაიხურა – გამოძიების დასრულებისა და საერთაშორისო საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნამდე, რომელიც მზადაა, მაგრამ საეჭვოდ არ ასაჯაროებენ.

შახტები დაიხურა, მაგრამ მეშახტეებს ხელფასი შეუნარჩუნდათ, იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე. და ერთი შეხედვით, ამ ხნის განმავლობაში სიცოცხლისთვის სარისკო სამუშაოს ცოტა ხნით გარიდებულებსა და დასვენებას მოწყურებულებს შვებით უნდა ამოესუნთქათ. მათ ხომ თავისუფალი დრო გამოუჩნდათ – მოცალეობისთვის.

კარლ მარქსი წერდა, რომ დრო სივრცეა ადამიანის განვითარებისათვის. თავისუფალ დროს მოკლებული ადამიანი, რომელიც იძულებულია, მთელი ცხოვრება კაპიტალისტის სამსახურს შესწიროს, სხვისი სიმდიდრის მწარმოებელ მანქანად იქცევა. და რომ, თუ კაპიტალის ძალაუფლება არ აილაგმა, ის შეეცდება, მთელი მუშათა კლასი უღრმესი დეგრადაციის დონემდე დაიყვანოს.

მაგრამ შახტების დროებით დახურვით გაჩენილმა თავისუფალმა დრომ დასვენების ფუფუნება არ მოიტანა და არც ხელფასი ეყო ვინმეს, რომ ყოველდღიურ საზრუნავს გამკლავებოდა. ჩვენს ეკონომიკაში ეს მოცალეობა ყალბი და სტრესულია, პირველ რიგში სწორედ შრომის ანაზღაურების სიმცირის გამო, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური ცხოვრების მოთხოვნილებებს ძლივს ჰყოფნის და შეუსაბამობაშია სხვა მოთხოვნილებებთან, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ფიზიკური გადარჩენისთვის ყოველდღიური გაბრძოლებაა. ჩვენთან დასაქმებული ადამიანი, როგორც წესი, გემოს ვერ ატანს და საჭიროებისამებრ ვერ იყენებს თავისუფალ დროს, რითაც მისი ეს დრო უმუშევრის თავისუფალ დროს ჰგავს – უმუშევრობისგან მიღებული თავისუფალი დროც ხომ სტრესულია, ხვალინდელი დღის შიშით მოცული, ვალით დამძიმებული და მტანჯველი. ტყიბულელი მეშახტეების შემთხვევაში ამ სტრესს აღრმავებდა და აღრმავებს ყრუ შიში, რომ შახტები შეიძლება საერთოდ დახურონ, რაც ქალაქის კიდევ უფრო გაღარიბებას, მის დაცლას და თანდათანობით კვდომას გამოიწვევს.

მეშახტეები ჰყვებიან, რომ მართალია, მეტი დრო გამოჩნდა, მაგრამ ხელფასის სიმცირის გამო შემოსავლის დამატებით წყაროზე ფიქრი და ზრუნვა გარდაუვალი გახდა. ამიტომ ზოგმა ევროპაში სამუშაოდ წასვლა სცადა,ზოგიც სოფელში წავიდა/დაბრუნდა და ყანა დათესა. მეშახტეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სოფელი კვლავ საიმედო ზურგია – იქ მოყვანილი სიმინდი და ლობიო საკვებზე დანახარჯს ამსუბუქებს და სხვა სამომხმარებლო ხარჯისთვის მეტი რჩებათ.

აპრილიდან მოყოლებული კომპანიამ მეშახტეების დაბარება დაიწყო და სხვადასხვა მიზეზით შახტში რამდენიმე საათით ჩასვლას აიძულებდა. მეშახტეებს ხელმოწერით უნდა დაედასტურებინათ ადგილზე ყოფნა. ურჩებს ხელფასის დაურიცხაობით აშინებდნენ. თავად მეშახტეებისთვის ეს ფაქტი ბოლომდე გასაგები არ იყო, მაგრამ ვარაუდობდნენ, რომ კომპანიას მათი გაფანტვის ეშინოდა და ახალ ტაქტიკასაც ამისთვის მიმართა – მათ შესანარჩუნებლად. ეს კი იმის მანიშნებელი უნდა ყოფილიყო, რომ ნახშირის მოპოვების განახლების შანსი არსებობდა და კომპანიაც ამიტომ ცდილობდა, დარწმუნებულიყო, რომ მეშახტეები შორს არ წასულან (ეს პრობლემა ნაკლები სიმწვავით უდგათ, მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელების მფლობელებს – უმუშევართა არმიიდან ყოველთვის მოიძებნებიან ახალი კონსულტანტები და მოლარე-ოპერატორები და ეს დიდ დროსა და რესურსს არ საჭიროებს, მაგრამ შახტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა – მეშახტეობა კვალიფიკაციას მოითხოვს, ხოლო ახალი კადრის გადამზადებას დრო და რესურსი სჭირდება).

სექტემბრის ხელფასების არჩარიცხვის შემდეგ ვალით წელნატკენი და შიმშილის პირას მდგარი, მაგრამ მამაცი ტყიბულელი ხალხი გარეთ გამოვიდა. ბავშვებს კარგად ესმით, რატომ არ აცვიათ ახალი ფეხსაცმელი ახალ სასწავლო წელს; მასწავლებლებმა იციან, რა აწუხებთ მოსწავლეებს და მათ მშობლებს – ამავე მასწავლებლების ყოფილ მოსწავლეებს; მაღაზიის გამყიდველმა იცის, რატომ არ ეყიდება პური და ძეხვი. და ისიც იციან, რომ არსებობს ერთად ყოფნისა და ერთად ბრძოლის სიხარული, რომელსაც ტყიბულში სულ უფრო ატანენ გემოს და სულ უფრო რწმუნდებიან მის ძალაში.

ახლა უკვე აშკარაა, რატომ იბარებდა „საქნახშირი“ მეშახტეებს ხელის მოსაწერად – ახალ ინვესტორთან მოლაპარაკება დაწყებული ჰქონდა და მასვე უნახავდა კვალიფიციურ მუშახელს. ამიტომ „პრობლემის მოსაგვარებლად“ ტყიბულში ჩასული მინისტრის მიერ ახალი ინვესტორის ერთ საათში სასწაულებრივად პოვნა სასწაული სულაც არაა. ტყიბულში ასეთი სასწაულების არ სჯერათ. არც ყოფილი ბიზნესომბუდსმენის, 2016 წლის დიდი გაფიცვის ერთ-ერთი ჩამფუშავის, ახლა უკვე პრემიერ-მინისტრ გახარიას დაბოხებული ხმა და მზრუნველობაა სარწმუნო.

ტყიბულმა მაინც უნდა გაიგოს, რა წერია იმ დასკვნაში, რათა შახტების რეაბილიტაციაში ახალმა ინვესტორმა საკმარისი დახარჯოს და შახტი არ დარჩეს ადგილად, რომელიც ძლივსსამყოფ საკვებს მიაწვდის ტყიბულელებს, ხოლო სანაცვლოდ დროდადრო ადამიანურ მსხვერპლს მოითხოვს მათგან.

მეშახტეების ყოფას მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესება ვერ გამოაკეთებს. ამ ანაზღაურებით ამ სამუშაოს შესრულება სულ უფრო შეუძლებელი გახდება და უკმაყოფილება, ადრე თუ გვიან, ხელფასის მომატების მოთხოვნის სახეს მიიღებს, ანუ შრომასა და კაპიტალს შორის დაპირისპირების ჯერი დადგება – თუმცა რატომ ჯერი, ეს დაპირისპირება არ შეწყვეტილა არც მაშინ, როცა შახტები დახურული იყო და არ შეწყდება მერეც – როცა შახტებს გახსნიან.

პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.