2019 წლის 1 სექტემბრიდან „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რიგი ნორმები ამოქმედდა. 

შრომის ინსპექციის მანდატი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. კერძოდ:

  • 1 სექტემბრამდე ორგანული კანონის მოქმედება ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. 1 სექტემბრიდან კი მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებული პირების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე.
  • 1 სექტემბრამდე შრომის ინსპექციას საწარმოს/დაწესებულების არაშერჩევითი/არაგეგმიური კონტროლის განხორციელება შეეძლო მხოლოდ წინასწარი სასამართლო ნებართვით. ამიერიდან კი შრომის ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება.

აღნიშნული ცვლილებები ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების კუთხით. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. კერძოდ, EMC-ს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და ამისათვის, დროულად უნდა დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ინსპექტორთა რაოდენობა, რაც საერთაშორისო სტანდარტზე ორჯერ ნაკლებია, და ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით.

ასევე, აუცილებელია, მოხდეს შრომის ინსპექციის მანდატის იმგვარი გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ინსპექციას, ზედამხედველობა განახორციელოს არამარტო შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ ზოგადად შრომის კანონმდებლობის ნორმების აღსრულებაზეც. შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ამგვარი ხელოვნური გამიჯვნა უარყოფითად აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში საწარმოო შემთხვევები სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნული დაყოფის შედეგად შრომითი ინსპექციის ზედამხედველობის სფეროს გარეთ რჩება.[1]

საყურადღებოა, რომ 1 სექტემბრიდან ყველა ტიპის დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, ორგანული კანონის აღსრულების და შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მოიწვიოს ერთი ან მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან აღნიშნული მიზნით შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური.[2] დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ორგანული კანონით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. ამ მხრივ პრობლემურია, რომ ამ დრომდე არსებული აკრედიტირებული პროგრამები არ არის სტანდარტიზებული და ვერ იძლევა შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით სათანადო ცოდნის და კვალიფიკაციის გარანტიას.

1 სექტემბერი იყო ასევე ბოლო ვადა საქართველის მთავრობისათვის, მოეხდინა ინიცირება თუ მიეღო შესაბამისი ნორმატიული აქტები „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი აღსრულების მიზნით, როგორებიცაა: ეკონომიკური საქმიანობის რისკების შეფასების წესი, მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ აქტი, შრომის ინსპექციის მიერ სამუშაო სივრცეში შესვლის წესისა და პირობების წესის მარეგულირებელი აქტი, შრომის ინსპექციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი აქტი.

2019 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ევალებოდა, მიეღო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სადაც უნდა განისაზღვროს უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები. უბედური შემთხვევების დაზღვევის რეგულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ გარდაცვალებების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე. არასათანადო რეგულირების პირობებში დამსაქმებლები ხშირად, კანონის მოთხოვნის ფორმალურად შესრულების მიზნით, დაზღვევის ყველაზე მინიმალურ პაკეტს იძენენ, რაც უბედური შემთხვევის პირობებში, ხშირად, დასაქმებულთა მინიმალური საჭიროებების დაფარვასაც ვერ ახერხებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული აქტების მომზადების მიზნით მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, თუმცა შესაბამისი აქტები საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისას, ჯერ კიდევ არ არის მზად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC მოუწოდებს:

 

საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც გაწერილია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონით და აუცილებელია ორგანული კანონის სრულფასოვნად ამოქმედებისა და შრომის უსაფრთხოების სრულფასოვანი სისტემის დანერგვისა და ეფექტურობისათვის;
  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ შესაბამისი ფინანსური და ადმინისრაციული რესურსის მობილიზება შრომის ინსპექციის ინსტიტუციურად გაძლიერებისა და მის დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბებისთვის;
  • დროულად შეიმუშავონ და მიიღონ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოების მიზნით, რათა იგი გავრცელდეს ზოგადად შრომის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედველობაზე;
  • უზრუნველყონ შრომის უსაფრთხოების სწავლების აკრედიტირებული პროგრამების სტანდარტიზება და გამართვა.

 

დამსაქმებლებს:

  • დროულად დანერგონ სამუშაო ადგილზე საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი შრომის უსაფრთხოების სისტემა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] იხილეთ EMC-ს განცხადება  „რას ვითხოვთ, როდესაც ვსაუბრობთ შრომის უსაფრთხოებაზე?“ 16 აპრილი 2019, ხელმისაწვდომია ბმულზე  https://emc.org.ge/ka/products/ras-vitkhovt-rodesats-vsaubrobt-shromis-usafrtkhoebaze

[2] მუხლი 7.2, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.