რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიუროს ჟურნალისტის, ასლანბეკ დადაევისთვის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის საქმეზე EMC-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა.

EMC- მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

ასლანბეკ დადაევი 14 წელია, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთი კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მას ხშირად უწევდა სამუშაო ვიზიტები საქართველოში და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას.

საქართველოში ბოლო ვიზიტიდან მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე არ შემოუშვეს. უარის საფუძვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დადაევი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის, რა სახის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა დადევი.

EMC მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, ამკვიდრებს თვითნებურ ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც შსს-ს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უკანონო და ზოგჯერ დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს.

ამ კუთხით EMC წარმოებაში აქვს კიდევ ერთი ჟურნალისტის, ჯამალ ალის საქმე, რომელიც Meydan TV ჟურნალისტია და აზერბაიჯანის მთავრობის კორუფციულ ინტერესებსა და პრაქტიკებზე კრიტიკულ მასალას ამზადებს. საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული ბოლო კრიტიკული მასალის შემდეგ, ისიც ამავე დასაბუთებით, შსს-მ არ შემოუშვა საქართველოში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ჯამალ ალის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა გამოიწვია იმან, რომ ჟურნალისტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემულ სიაში ირიცხებოდა. ამავე დავაში სასამართლომ განმარტა, რომ უფლებამოსილი ორგანო მხოლოდ ფორმალურად ამოწმებს პირის სიაში არსებობა/არარსებობის საკითხს, ხოლო ის გარემოებები და დოკუმენტები, რომლებიც საფუძვლად უდევს პირის სიაში შეყვანას, არ წარმოადგენს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი პირის უფლებამოსილებას. გარდა ამისა, სიებთან დაკავშირებით ის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია არ არსებობს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც პირები ამ სიებში ხვდებიან. აგრეთვე, საკანონმდებლო დონეზე არ არის განსაზღვრული სიის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანო(ები), მისი კომპეტენცია, საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და ამ პროცესში გასათვალისწინებელი სამართლებრივი პრინციპები.

EMC მიიჩნევს, რომ არსებული კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა არსებით რევიზიას საჭიროებს, რადგან ის შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებების თვითნებური დარღვევის იარაღი ხდება. ჟურნალისტებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კი მედია საქმიანობისთვის ხელის შეშლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუღებელ პრაქტიკას ქმნის.