Covid-19-ის გავრცელების დღიდან მოყოლებული შეთქმულების თეორიები, ფაქტიურად, ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მაშინ, როცა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება და პანდემიის საწყისი მიზეზიც და მთელი მსოფლიოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური მომავალიც ერთნაირად ბუნდოვანია, კონსპირაციული თეორიები ჩვენი Facebook-ის ველში თუ ოჯახის წევრებთან საუბარში უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს. კონსპირაციებში ვგულისხმობ სხვადასხვა მოსაზრებებს და თეორიებს, რის მიხედვითაც მიმდინარე მოვლენებს აქვთ ალტერნატიული ახსნები თუ მიზეზები, რაც ღიად არასდროს ჟღერდება და ადამიანთა სრული უმრავლესობისთვის დაფარული რჩება. კონსპირაციები ხშირად მოიცავს იმ აზრებს, რომ სხვადასხვა პროცესები სინამდვილეში კულისებიდან იმართება სხვადასხვა ძლევამოსილი ჯგუფების მიერ. შეთქმულების თეორიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ძლიერია პოლიტიკური რყევებისა და პოლიტიკური პროცესების გასაიდუმლოების დროს,[1] რაც ამჟამინდელ სამყაროს განსაკუთრებით ახასიათებს. თუმცა კონსპირაციული თეორიები  გავრცელებულია მაშინაც, როდესაც ადამიანებს არ სჯერათ, რომ საჯაროდ გაცხადებული რიტორიკა ჭეშმარიტად გამჭვირვალე და გულახდილია. მოდერნულობის ეპოქაში, სადაც გამჭვირვალობა თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მსაზღვრელია, ბევრ ადამიანს მაინც თანსდევს ის გრძნობა, რომ ძალაუფლება ბუნდოვანი და არაერთგვაროვანია და გამჭვირვალობის ილუზიის მიუხედავად მაინც მუდმივად გაუმჭვირვალე და მიუწვდომელი რჩება.[2]

კონსპირაციული თეორიების მონიშვნა „უცოდინრობის“ ან „გულუბრყვილობის“ სახელით ამ თეორიების საზოგადოებრივი წესრიგიდან გარიყვას და მარგინალიზებას ემსახურება, რაც საკმაოდ მარტივი და ერთი შეხედვით ერთადერთი სწორი გამოსავალია. თუმცა  ამ თეორიებს სინამდვილეში ჩვენთვის ბევრად მეტი რამის თქმა შეუძლიათ - შეთქმულების თეორიები და ჭორები კულტურულად და სოციალურად კონსტრუირებული ნარატივებია, რომლებიც ლოკალურ კოტექსტსა და შეხედულებებს აირეკლავს.[3] იმის მიუხედავად რომ შეთქმულების თეორიების შინაარსი შეიძლება სწორი არ იყოს და ბევრ ფაქტობრივ ცდომილებას მოიცავდეს, ისინი თავიანთ თავში ატარებს ინფორმაციას მათ შესახებ, ვინც ქმნის ან იჯერებს კონსპირაციულ მოსაზრებებს, კავშირებსა თუ ნარატივებს. კონსპირაციული თეორიები ბევრ რამეს გვეუბნება ადამიანების თუ ჯგუფების მსოფლმხედველობაზე: ხშირად ამ თეორიებში ასახულია, თუ რა მიმართება აქვთ ადამიანებს ძალაუფლებასთან, როგორ ხედავენ საკუთარ თავს ადგილობრივ ან მსოფლიო კონტექსტში, ან როგორ ხედავენ არსებულ უთანასწორობას, უსამართლობას თუ ასიმეტრიებს.

მაგალითად, ქეთრინ გოთფრედსენი აღნიშნავს, რომ საქართველოში კონსპირაციულ თეორიებისა და ჭორებს მისი ინფორმანტები ხშირად მიმართავდნენ ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების ასახსნელად. მოქალაქეების აღქმით, ის, რაც გარედან ჩანს და რისი კომუნიკაციაც ხელისუფლების მიერ ხდება მხოლოდ ფასადია და ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება საჯარო მზერისა და კონტროლისგან მოშორებით მიიღება. გოთფრედსენის დაკვირვებაა, რომ საქართველოში პოლიტიკა სიბინძურესთან და ბუნდოვანებასთან ასოცირდება და უბრალო მოქალაქეები ყოველდღიურ საუბრებში ხშირად პოლიტიკური პროცესების ალტერნატიულ ახსნებს მიმართავენ ხოლმე იმის საჩვენებლად, თუ „რა ხდება სინამდვილეში.“[4] გოთფრედსენის ინფორმანტებს მუდმივად აქვთ განცდა, რომ პოლიტიკა არსებობს ყოველდღიური ცხოვრებისგან განცალკევებით და მოშორებით, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ აღწევენ და პროცესებზე გავლენა არ აქვთ - პოლიტიკური პროცესები მუდმივად მოქალაქეებისგან დამოუკიდებლად, „სადღაც სხვაგან“ მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი საკითხებიც მათ გარეშე წყდება.[5] შესაბამისად, კონსპირაციულ თეორიებზე დაკვირვებით შეგვიძლია გავიგოთ, თუ რა წუხილები აქვთ ადამიანებს და რა შეხედულება აქვთ საკუთარი თავის, საკუთარი როლის და გაბატონებული ძალაუფლების შესახებ. დღეს არსებული კონსპირაციებიც აჩვენებს ადამიანების ათწლეულობის მანძილზე განცდილ უნდობლობას სხვადასხვა  ძალაუფლების ღერძის მიმართ. დღევანდელი თეორიები ააშკარავებს ადამიანების იმედგაცრუებას და გარიყულობის შეგრძნებას - პოლიტიკა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები სადღაც სხვაგან, ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ იწარმოება და ჩვეულებრივ ადამიანებს არა მხოლოდ არანაირი გავლენა არ აქვთ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ძალაუფლების მქონენი მათ გამუდმებით ატყუებენ და სიმართლეს უმალავენ.

ნახატები ეკუთვნის მარკ ლომბარდის (1951-2000), ამერიკელ ხელოვანს, რომელიც სქემატურად გამოსახავდა ძლევამოსილ ჯგუფებს შორის სავარაუდო (კონსპირაციულ) კავშირებს, ადგილობრივ და გლობალურ ქსელებს

შესაბამისად, რადგან კონსპირაციები ფარული ძალაუფლებრივი კავშირების ან მმართველობის გამოაშკარავებას ცდილობს, მსოფლმხედველობის გარდა, ხომ არ შეგვიძლია, რომ კონსპირაციებში ძალაუფლების კრიტიკაც ამოვიკითხოთ? როდესაც საქმე ეხება ძალაუფლების არმქონე ჯგუფებში გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიებს თუ ჭორებს, ამ ნარატივებმა შეიძლება პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგის მორალური წარმოსახვის  გარდა, უფრო ზოგადი და დიდისიმართლეწარმოაჩინონ სოციალური და პოლიტიკური პირობებისა და უთანასწორობების შესახებ.[6] იმის მიუხედავად, რომ თავად ეს ნარატივები შეიძლება მცდარი და ხარვეზიანი იყოს, მათ ხშირად აქვთ შესაძლებლობა, რომ ძალაუფლების ღერძისკენ მიგვითითონ და სხვადასხვა პარადიგმის უფრო ნათლად ხედვისკენაც კი გვიბიძგონ.[7] ძალაუფლების არმქონე ჯგუფებში ძალაუფლების შესახებ არსებული კონსპირაციული თეორიები ხშირად ადგილობრივი პასუხია სახელმწიფოს, გლობალური წყობილების და წესრიგისადმი[8] და შეიძლება წარმოადგენდნენყოველდღიური წინააღმდეგობის ფორმებს,“[9] რომლებიც ოფიციალურ ნარატივებს უპირისპირდება ან ეჭვის ქვეშ აყენებს. ძალაუფლების არმქონე ჯგუფებს ხშირად, სისტემური შეზღუდვების გამო ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების აშკარა და უეცარი ცვლილება არ შეუძლიათ. შეთქმულების თეორიები, როგორც ალტერნატიული ნარატივები კი იმის შესაძლებლობასაც შეიძლება ატარებდნენ, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება გაკრიტიკონ ან დაასუსტონ კიდეც.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონსპირაციები დასრულებული ნარატივის ფორმით არ არსებობს და და ფრაგმენტული სახით არის გამოხატული, მათ შეიძლება ჰქონდეთ უნარი, უჩინრად ქცეული კავშირები თუ პატერნები დისკუსიაში შემოიყვანონ.[10] ლეფსელტერი საუბრობს ადამიანების იმ მდგომარეობაზე, როდესაც ისინი ინტუიციურად გრძნობენ, რომ მათ გარშემო რაღაც ვერ არის რიგზე. ეს შეგრძნება ჰაერში გაკრთება და ადამიანებში აფექტურ შეგრძნებას აღძრავს იმის შესახებ, რომ ჩვენს გარშემო ბევრი რამ ხდება, რაც ჩვენგან უხილავია და რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამ უხილავი პატერნების დასაჭერად და დასანახებლად კი ადამიანები ხანდახან ერთი შეხედვით დაუკავშირებელ მოვლენებსა და საგნებს აკავშირებენ.[11] ეს პატერნები, კავშირები და აზრები ხშირად არის ფრაგმენტული, დაუმთავრებელი, ფლუიდური და ემოციური გამოძახილის ფორმა აქვს, რაც შეიძლება ახალ-ახალ შესაძლებლობებს გვიღებდეს სწორედ იმიტომ, რომ ისინი დასრულებული და ჩაკეტილი სახით არ არსებობს და სხვადასხვა დაფარული და საიდუმლო კავშირების აღმოჩენის შესაძლებლობას ტოვებს. იმის მიუხედავად, ეს საგნები და მოვლენები მართლა არის თუ არა დაკავშირებული ერთმანეთთან,[12] ამ კონსპირაციებში არსებობს შესაძლებლობა ის უხილავი ძალაუფლებები მოიხელთოს, რომელზეც სხვები შეიძლება არ ფიქრობდნენ და არ აკვირდებოდნენ.

დღეს პოლიტიკის შესახებ არსებულ კონსპირაციებთან ერთად სამედიცინო კონსპირაციებიც აქტიურად ცირკულირებს. თუ მეცნიერებას პრეტენზია აქვს, სრულიად ობიექტური და აბსოლუტურად ჭეშმარიტი სიმართლე აწარმოოს,[13] ხოლო ადამიანებს მეცნიერებაშიც კი ეჭვი შეაქვთ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მეცნიერებაც ადამიანების დიდი ნაწილისთვის დიდწილად ბუნდოვანი და ხელმიუწვდომელი რჩება. მაშინ, როდესაც სამეცნიერო სტატიების თუ წიგნების ლეგალურად გაცნობა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, ღარიბ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის თითქმის მიუწვდომელია და თითო სტატია და წიგნი ათობით დოლარი ღირს, ლიტერატურა ძირითადად უცხო ენაზე არსებობს, რომელიც ბევრმა არ იცის და ენის ბარიერის გარდა, გვაქვს ისეთი განათლების სისტემა, რომელიც ადამიანების უმეტეს ნაწილს არ აძლევს შესაძლებლობას საკმარისი ცოდნა დააგროვოს, მეცნიერება ელიტური, მცირე წრეებში გამოკეტილი და ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისგან მოშორებული რჩება. ამასთან, მეცნიერებას ნაკლებად აქვს საჯარო ხასიათი და ჩვეულებრივ ადამიანებს რთულად შეუძლიათ მის წარმოებაში მონაწილეობა.

ნახატები ეკუთვნის მარკ ლომბარდის (1951-2000), ამერიკელ ხელოვანს, რომელიც სქემატურად გამოსახავდა ძლევამოსილ ჯგუფებს შორის სავარაუდო (კონსპირაციულ) კავშირებს, ადგილობრივ და გლობალურ ქსელებს

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინები, როგორიცაა „შეთქმულების თეორიები“ ან „კონსპირაციები“ არ არის ნეიტრალური[14] და უკვე მოიცავს პოლიტიკურ, ნორმატიულ და შეფასებით ასპექტებს. როდესაც კონკრეტულ თეორიას „არარაციონალობა“ მიეწერება,[15] „კონსპირაციის“ სახელი მიეკერება, თეორიებთან ერთად ადამიანების წუხილები და გრძნობებიც მარგინალური ხდება და დღის წესრიგიდან განიდევნება. შესაბამისად, ამ ტერმინების მიკერება და სახელდება მას შეუძლია, ვინც ძალაუფლებას ფლობს. პელკმანსი და მაქჰოლდი აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდ კონსპირაციებს არასდროს დარქმევიათ კონსპირაციის სახელი. ძალაუფლების მქონეთა შექმნილი თეორიები, რომლებიც ბოლოს მართალი არ აღმოჩნდება ხოლმე, დომინანტურ დისკურსში კონსპირაციის სახელით იშვიათად ხდება ცნობილი, რადგან ჩვენს ანალიტიკურ და კრიტიკულ ველში დიდ გავლენას თამაშობს ძალაუფლებათა ასიმეტრია.[16] ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმაზე ფიქრი, თუ რას შეიძლება გვეუბნებოდეს კონსპირაციები, არამედ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ გამოიყენება კონსპირაციული თეორიები და ვის მიერ? რა თეორიები არ მოინიშნება კონსპირაციებად მათი ცდომილების მიუხედავად? ვის მიერ მოინიშნება გარკვეული თეორია კონსპირაციად ან არაკონსპირაციად და „რა სოციო-პოლიტიკურ ველში გაივლის ეს თეორიები“?[17] ამ პროცესზე ყურადღების გამახვილება კი ჩვენ გაგვიადვილებს იმის დანახვას, თუ როგორ იქმნება „სიმართლე“ და „არაჭეშმარიტება,“ რადგან თეორიის „სიმართლედ“ ქცევაში გადამწყვეტ როლს თეორიის არგუმენტირებულობა და ლოგიკა კი არ თამაშობს, არამედ ეს პროცესი მუდმივად მიბმულია ძალაუფლებასთან.

საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსად, პოლიტიკური ელიტაც აქტიურად იყო და არის ჩართული კონსპირაციულ თეორიზებაში[18] და აქტიურად იყენებს ამ თეორიებს ძალაუფლების მოხვეჭისთვის, თუმცა მათ იშვიათად ერქმევათ „კონსპირაციის“ სახელი, რადგან დომინანტურ დისკურსში, მედიაში თუ პარლამენტის სხდომებზე ეს თეორიები ფაქტების ან სიმართლის სახელით პოზიციონირებს. და რადგან ფაქტები და სიმართლე ყოველთვის გარკვეული ძალაუფლების გზით იწარმოება, მეცნიერებასაც აქვს დიდი ძალაუფლება და აპარატი, რომ სიმართლე აწარმოოს, ხოლო სხვა ალტერნატიული ახსნები და მსჯელობები არარაციონალურად მონიშნოს. ეს კი აბრკოლებს ნამდვილ დიალოგს და კონსპირაციებად მონიშნულ აზრების მიღმა ლეგიტიმური წუხილების ან სიმართლის მარცვლების დანახვას. შეიძლება ზოგიერთმა დასვას კითხვა: კი მაგრამ, როგორ შეიძლება ყველა კონსპირაცია ან შეთქმულების თეორია სერიოზულად მივიღოთ? თუმცა ეს ბლოგი ამ შედეგს ნამდვილად არ ემსახურება. ჩემი სურვილია, კრიტიკულად ვიფიქროთ არსებულ სისტემებზე, რომლებიც თეორიებს სიმართლედ (ფაქტებად) და  კონსპირაციებად ყოფს. აუცილებელია, კითხვები დავსვათ ამ სისტემების შესახებ და თეორიების სიმართლედ ქცევის პროცესის გარშემო: რას ვეძახით სიმართლეს? რატომ? როგორ გადაიქცევა თეორიები სიმართლედ? ასევე მნიშვნელოვანია, ძალაუფლების არმქონე ჯგუფების კონსპირაციების მიღმა დავინახოთ და სერიოზულად აღვიქვათ ადამიანების რეალური წუხილები, რომლებიც შეიძლება ისეთ დაფარულ მიგნებებს ააშკარავებდეს ძალაუფლების შესახებ, რაზეც დანარჩენებს არ გვიფიქრია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Simmel, Georg. 1906. “The Sociology of Secrecy and of Secret Societies.” American Journal of Sociology 11 (4): 441–98.

White, Luise. 2000. Speaking with Vampires: Rumor and History in Colonial Africa. Studies on the History of Society and Culture 37. Berkeley: Univ. of California Press.

[2] Harry G. West and Todd Sanders, eds., Transparency and Conspiracy: Ethnographies of Suspicion in the New World Order (Durham: Duke University Press, 2003).

[3] Kroeger, Karen A. 2003. “AIDS Rumors, Imaginary Enemies, and the Body Politic in Indonesia.” American Ethnologist 30 (2): 243–57.

[4] Gotfredsen, Katrine Bendtsen. 2015. “Invisible Connections: On Uncertainty and the (Re)Production of Opaque Politics in the Republic of Georgia.” In Ethnographies of Grey Zones in Eastern Europe: Relations, Borders and Invisibilities, 125–139. London: Anthem.

[5] Katrine Bendtsen Gotfredsen, “Evasive Politics: Paradoxes of History, Nation and Everyday Communication in the Republic of Georgia” (Copenhagen, University of Copenhagen, Department of Anthropology, 2013).

[6] Butt, Leslie. 2005. “‘Lipstick Girls’ and ‘Fallen Women’: AIDS and Conspiratorial Thinking in Papua,

Indonesia.” Cultural Anthropology 20 (3): 412–42.

[7] Todd Sanders, “Invisible Hands and Visible Goods: Revealed and Concealed Economies in Millennial Tanzania,” in Transparency and Conspiracy, ed. Harry G. West (Duke University Press, 2003), 148–74.

[8] Feldman-Savelsberg, Pamela, Flavien T. Ndonko, and Bergis Schmidt-Ehry. 2000. “Sterilizing Vaccines or the

Politics of the Womb: Retrospective Study of a Rumor in Cameroon.” Medical Anthropology

Quarterly 14 (2): 159–79.

White, Luise. 2000. Speaking with Vampires: Rumor and History in Colonial Africa . Studies on the History

of Society and Culture 37. Berkeley: Univ. of California Press.

[9] Scott, James C. 1985. Weapons of the Weak: Everyday Forms of Peasant Resistance. New Haven: Yale

University Press.

[10] Susan Claudia Lepselter, The Resonance of Unseen Things: Poetics, Power, Captivity, and UFOs in the American Uncanny (Ann Arbor: University of Michigan Press, 2016).

[11] იქვე.

[12] ლეფსელტერის აღქმით ისიც კი პრობლემურია, თუ ვინ ადგენს საგნებსა და მოვლენებს შორის „ჭეშმარიტ“ და „ნამდვილ“ კავშირებს.

[13] რაც ნამდვილად დებატის საკითხია.

[14] Mathijs Pelkmans and Rhys Machold, “Conspiracy Theories and Their Truth Trajectories,” Focaal 2011, no. 59 (January 1, 2011).

[15] იქვე.

[16] მათი აზრით, მხოლოდ მაშინ ერქმევა ძალაუფლების მქონეთა არამართალ თეორიებს კონსპირაცია, როდესაც ამას  სხვა, დომინანტურ ძალაუფლებას დაპირისპირებული, თუმცა საკმაოდ დიდი ძალაუფლების მქონე სუბიექტები მიმართავენ და პირიქით, სწორედ მაშინ აქვს კონსპირაციულ თეორიას „ფაქტად“ ან „სიმართლედ“ ქცევის შესაძლებლობა, როდესაც მათ ავტორებს დიდი ძალაუფლება უპყრიათ.

[17] იქვე, 66.

[18] Gotfredsen, Katrine Bendtsen. 2016. “Enemies of the People: Theorizing Dispossession and Mirroring Conspiracy in the Republic of Georgia.” Focaal 2016 (74).