მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების საკითხი საჯარო დისკუსიების საგანი გახდა. წინამდებარე მცირე მიმოხილვის მიზანია საზოგადოებას გაუზიაროს ნულოვანი ბარიერის პირობებში, პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის პოლიტიკური სტრუქტურისა და მთავრობის ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე მისი გავლენის საკითხები. მიმოხილვა ანალიტიკურია და პოზიციონირებაზე მეტად, საკითხის გააზრებას და თეორეტიზირებას ისახავს მიზნად.  

საქართველოში არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი არ გამოხატავს საზოგადოების რეალურ საჭიროებებსა და სახელმწიფოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. პოლიტიკური პარტიების მხრიდან საჯარო პოზიციონირება კერძო, პარტიკულარული ინტერესებითაა მოტივირებული, არ მიმდინარეობს რეალურ პრობლემებსა და გამოწვევებზე მსჯელობები. ღრმა სოციალური უთანასწორობის პირობებში კი ადამიანების ინტერესები და საჭიროებები გარიყულია პოლიტიკიდან.

საჯარო სივრცე მონოპოლიზებული აქვს ორ მსხვილ პარტიას (ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას) და მათთან დაკავშირებულ მარგინალურ, საზოგადოებაში ნდობადაკარგულ პოლიტიკურ ჯგუფებს. ეს მოჩვენებითი ანტაგონიზმი და რეალური საჭირობებისგან გაუცხოება საზოგადოებაში თესავს შუღლს, დაპირისპირებას, უიმედობასა და პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირების სურვილს. ამის გამო, არსებობს ღრმა უფსკრული დომინანტ პარტიებსა და საზოგადოებას შორის.

ამ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობი მექანიზმების შექმნა, რათა ყველა სოციალურ ჯგუფსა და განსხვავებული შეხედულებების მქონე სეგმენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, მათი ხმა საჯარო სივრციდან არ განიდევნოს. მრავალპარტიული პოლიტიკური ლანდშაფტი არა მხოლოდ ხელისუფლების შტოების უფრო დემოკრატიული და დაბალანსებული ფუნქციონირების წინაპირობა შეიძლება გახდეს, არამედ ხელი შეუწყოს საზოგადოების „დაბრუნებას“ პარტიულ და ელექტორალურ პროცესებში, გააჩინოს ახალი ხიდები, რითაც საზოგადოებას გაუჩნდება დემოკრატიული პროცესების რწმენა. მთლიანობაში, სრულად პროპორციული სისტემა ხელს უწყობს მრავალპარტიული გარემოს შექმნას, რაც ახალი სოციალური ერთობებისა და უფრო შინაარსიანი პოლიტიკური პროცესების დაწყების წინაპირობა უნდა გახდეს.

ნულოვანი საარჩევნო ბარიერი - ინკლუზიური თუ ფრაგმენტული პარლამენტი?

საარჩევნო ბარიერის ცნება უპირველესად მის ფორმალურ გააზრებას გულისხმობს და სამართლებრივად დადგენილ იმ მინიმალურ მხარდაჭერას ასახავს, რომელიც აუცილებელია პარტიისთვის, რათა მან საკანონმდებლო ორგანოში მანდატ(ებ)ი მოიპოვოს.[1] საარჩევნო ბარიერის ორი სახე არსებობს. პირველი, კანონის მიერ ხელოვნურად დადგენილი ზღვარია (სამართლებრივი ბარიერი), მეორე კი ე.წ. ბუნებრივი (ნულოვანი) ბარიერი.[2]

მინიმალური სამართლებრივი ზღვარის არარსებობა ბარიერის სრულ უქონლობას არ გულისხმობს. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სახელმწიფოს კანონით განსაზღვრული ბარიერი, ბუნებრივი ზღვარი ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. ეს უკანასკნელი ხმების იმ მინიმალურ პროცენტულ რაოდენობას ნიშნავს, რაც საჭიროა ოლქში ერთი მანდატის მოსაპოვებლად და დიდწილად ოლქის ზომაზეა დამოკიდებული.[3] როგორც ცნობილია, საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სამართლებრივი ბარიერის გარეშე ჩატარდება, რაც ერთიანი მარავალმადატიანი საარჩევნო ოლქის პირობებში (150 დეპუტატი), ერთი მანდატის მოსაპოვებლად პარტიების მიერ ხმათა დაახლოებით 0.67%-ის დაგროვებას გულისხმობს (ნიდერლანდების მსგავსად).[4]

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა საზოგადოებაში წლების განმავლობაში არსებობდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების მცირე ჯგუფის გარდა, რომელთა მოტივაცია ძალაუფლებრივი ან ეკონომიკური ინტერესებით იყო განპირობებული, საზოგადოების უდიდესი ნაწილში არსებობდა ერთსულოვანი თანხმობა მაჟორიტარიზმისა და არსებული შერეული საარჩევნო სისტემის მანკირებებისა და მისი შეცვლის აუცილებლობის თაობაზე. ამდენად, პოლიტიკურ პროცესში ყოველთვის აქტიურად იდგა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი, თუმცა ის წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მიერ იბლოკებოდა.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო კომისიაშიც დადგა, თუმცა ხელისუფლებამ კვლავ უგულებელყო ეს საკითხი, მიუხედავად წინა წლებში საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებებისა. საბოლოოდ, საჯარო სივრცეში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა ყველაზე მძაფრად ბოლო დღეების განმავლობაში გაისმა. განვითარებულმა მოვლენებმა და უკომპრომისო მიდგომებმა აიძულა მმართველი ძალა, დათმობაზე წასულიყო. შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დადეს პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ბუნებრივი ბარიერის პირობებში ამომრჩეველთა ხმები თითქმის სრულყოფილად კონვერტირდება მანდატების რაოდენობაში. პროპორციული წარმომადგენლობის ცენტრალური იდეაც სწორედ ესაა. პროპორციული სისტემა ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა პროპორციულად ასახავდეს სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობას.[5] გასაკვირი არ არის, რომ მაშინ, როცა ხალხი შეთანხმდა „ერთი ადამიანი/ერთი ხმის“ პრინციპზე, ასევე შეთანხმდა იმაზეც, რომ რამდენ ხმასაც პარტია მიიღებდა, ადგილების რაოდენობაც მისი პროპორციული უნდა ყოფილიყო.[6]

სახელმწიფოს დემოკრატიული მართვაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ რამდენად არიან სხვადასხვა სოციალური ჯგუფები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულები. თანამედროვე არაჰომოგენური საზოგადოებების პირობებში, რომლებიც ხასიათდებიან რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, იდეოლოგიური, ლინგვისტური თუ კულტურული სხვადასხვაობებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დემოკრატიული ჩართულობის იდეა, რომელიც უნდა იყოს უმრავლესობის ერთპიროვნულ ნებაზე დაფუძნებული წესრიგის ალტერნატივა; წესრიგისა, რომელიც არა მხოლოდ არადემოკრატიული, არამედ სახიფათოცაა, რადგან ძალაუფლებისგან გამოთიშული უმცირესობები ჩაგვრისა და დისკრიმინაციის საფრთხის ქვეშ შეიძლება მოექცნენ.[7]

ხელოვნური ზღვარის არარსებობა საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლობისკენ არის მიმართული, რათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფები ჩაერთონ და ამდენად, თავად ეს პროცესი გახდეს უფრო მეტად დემოკრატიული, კონსენსუსსა და სოციალურ თანხმობაზე დაფუძნებული. გარდა ამისა, ხელოვნური ბარიერის გაუქმება პარლამენტში გაცილებით ბევრი პარტიის შესვლის, განსხვავებული პოლიტიკური აქტორების გამოჩენისა და ამდენად, მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების საფუძველია.

თუმცა, ხელოვნური ბარიერის გაუქმება ატარებს მნიშვნელოვან რისკებს, რაც უმთავრესად, პარტიული სისტემების ფრაგმენტაციისა და ულტრამემარჯვენე პარტიების მომძლავრების საფრთხეებში გამოიხატება. ამან თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს პარლამენტის არასტაბილური და არაეფექტური ფუნქციონირება. ულტრამემარჯვენე პარტიებს, როგორც ყველა ახალ/მცირე პარტიას, სჭირდებათ დაბალი ინსტიტუციური/საარჩევნო ბარიერები პოლიტიკურ არენაზე გამოსაჩენად.[8] საპარლამენტო მანდატების მოპოვებასთან ერთად, მემარჯვენე ექსტრემისტული პარტიები იხვეჭენ ლეგიტიმაციასა და საჯარო პლატფორმას, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა და გავლენების გასაძლიერებლად იყენებენ.[9] ხელოვნური ბარიერის დაწესებით შესაძლოა შემცირდეს ეს რისკები.

ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელოვნური ბარიერის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს ამგვარი პარტიებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირებას.[10] საკანონმდებლო ორგანოში მათი არყოფნა, ამ ჯგუფების მიერ საჯარო სივრცეების სხვა ფორმით დაკავებისა და საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის განსხვავებული გზების ძიების საფუძველი ხდება. არც ერთი სოციალური ჯგუფი არ ქრება პოლიტიკური ველიდან, ისინი საჯაროდ პოზიციონირებისთვის ხშირად უფრო მძლავრ და ნოყიერ ნიადაგს პოულობენ.

პარლამენტის შემადგენლობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე (განზოგადებული თვალსაზრისით, მას აქვს წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო, კონტროლის, ასევე დაფუძნებისა და დაკომპლექტების უფლებამოსილებები). დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში საზოგადოებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია შემდეგი საკითხი - ხომ არ გულისხმობს ეს პარლამენტის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში გადაულახავ სირთულეს ან გამოწვევას. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთავრობის ფორმირების და მისი შემდგომი კონტროლის მექანიზმებს.

მთავრობის ფორმირება

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე.[11] შესაბამისად, მას შემდეგ რაც ახალარჩეული პარლამენტი თავის სრულ უფლებამოსილებას შეიძენს, მოქმედი მთავრობა მის წინაშე იხსნის უფლებამოსილებას.[12] ამის შემდგომ უკვე იწყება მთავრობის დაკომპლექტებისთვის დროის ათვლა. მთავრობის დამტკიცებისთვის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია ორი სცენარი/შემთხვევა. პირველი სცენარისთვის განსაზღვრულია ორკვირიანი ვადა და ამ პერიოდში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ უნდა წამოაყენოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კანდიდატმა თავის მხრივ უნდა წარადგინოს მთავრობა, აუცილებელი კომპონენტია სამთავრობო პროგრამის შემუშავება-წარდგენა, ხოლო პარლამენტმა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობა უნდა გამოუცხადოს სავარაუდო მთავრობას. შესაძლებელია, რომ ხსენებულ ვადაში ვერ მოხერხდეს მთავრობის დამტკიცება პარლამენტის მიერ.[13]

მეორე შემთხევისთვისაც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულია ორკვირიანი პერიოდი (რომლის ათვლა იწყება პირველი სცენარისთვის გამოყოფილი ვადის გასვლის შემდეგ). ამ შემთხვევას პირველისგან განასხვავებს პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარმდგენი, კერძოდ, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. ამ ვითარებაში, შესაძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს ორ კანდიდატს.[14]

პირველი ორი შემთხვევიდან რომელიმეს წარმატებით დასრულების შემთხვევაში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორ დღეში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ ორი დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს.[15] იმ შემთხვევაში, როდესაც ორი შესაძლებლობიდან ვერცერთ სცენარს ვერ გამოიყენებს საქართველოს პარლამენტი და ვერ აირჩევს საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.[16] 

მთავრობის კონტროლი

მთავრობის ფორმირებასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი იქნება მთავრობისა და პარლამენტის შემდგომი ურთიერთობა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის მიერ საკონტროლო ბერკეტების გამოყენება, რაც თავის მხრივ არსებითია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მმართველობის უზრუნველსაყოფად. ამ პროცესში შესაძლებელია გამოიყოს, მაგალითად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება,[17] მთავრობის წევრის იმპიჩმენტი,[18] დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნა.

ამგვარად, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შემთხვევაში მთავარი კითხვაა, თუ რამდენად მცირდება საქართველოს პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების შანსები (რაც შეიძლება გამოიხატოს მის დათხოვნაში, მის მიერ კონტროლის განუხორციელებლობაში), თუკი არსებითად პლურალისტული გარემო შეიქმნება საქართველოს პარლამენტში. თუკი ვისაუბრებთ პარლამენტის დათხოვნის შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, სრულად პროპორციული სისტემითა და ბუნებრივი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნის თეორიული რისკები არსებობს, ხოლო ხუთპროცენტიანი ბარიერის ვითარებაში ეს რისკები უფრო ნაკლებია, მაგრამ მნიშვნელოვანია ორ პრიორიტეტს შორის არჩევნის გაკეთება: (1) საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, გაძლიერება, პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია; (2) ახალი პოლიტიკური ალტერნატივების გაჩენის რეალური შესაძლებლობა (საზოგადოებაში არსებობს რეალური წუხილები ახალი პოლიტიკური ძალების არარსებობის შესახებ).[19] ამის პარალელურად ასევე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული საარჩევნო სისტემის ზემოთხსენებული პლიუსები და მინუსები, თუმცა პრიორიტეტის დასახვისას, არსებითია კონსტიტუციური კონტექსტი.

კონტექსტის გათვალისწინების კუთხით, აღსანიშნავია ვენეციის კომისიის პერსპექტივები. მისი ხედვით, არ არის მისაღები იმგვარი საარჩევნო სისტემა, რომლის შედეგადაც ძლიერდება ორი ძირითადი პარტია იმ იდეით, რომ ერთი მართავდეს, ხოლო მეორე ოპოზიციას აყალიბებდეს.[20] ასევე მნიშვნელოვანია ფრაგმენტაციის თავიდან აცილება, რაც მიღწეული უნდა იყოს სათანადო ბარიერის დაწესებაში.[21] საარჩევნო სისტემის არჩევისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ქვეყნის ისტორია და პარტიული სისტემა, სათანადო ბალანსი უნდა იყოს მიღწეული „პოტენციურად ორ კონფლიქტურ ინტერესს შორის - წარმომადგენლობა და მართვადობა“.[22] საქართველოს კონტექსტის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო ზღვრის 2-3 პროცენტით განსაზღვრა.[23] ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოში აქამდე მოქმედი მაჟორიტარული სისტემა, როგორც წესი, მცირე პოლიტიკურ ძალებს არ აძლევდა გაძლიერების შესაძლებლობას, ხოლო იმ პირობებში როდესაც შემოთავაზებული სისტემა  კარდინალურ ცვლილებას გულისხმობს, მოუმზადებლობის მიზეზით, ამან შესაძლებელია გამორიცხოს ახალი, ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიების მიერ ამ შანსის გამოყენების შესაძლებლობა.

შეჯამება

ზემოთ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე შეიძლება იმის თქმა, რომ პროპორციული სისტემის დანერგვა ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება ქართულ პოლიტიკაში. მეტიც, მისი არსებობა გარდაუვლად შეუწყობს ხელს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. თუმცა, ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული კითხვები და რისკები, რომელთა გაანალიზება და მათზე მსჯელობების განვითარება სამომავლოდ აუცილებელია.

ნულოვანი ბარიერის პირობებში არსებობს პარტიული სისტემების ფრაგმენტაციის, ფორმალური პოლიტიკის ველში ექსტრემისტული ჯგუფების შეღწევისა და ეფექტიანი მმართველობის შესუსტების საფრთხეები. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი მეტად არადემოკრატიული და საზოგადოების საჭიროებებისგან გაუცხოვებულია, გარდაუვალია, რომ სრულად პროპორციული სისტემის დამკვიდრებამ ნულოვანი ბარიერით ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არ შეუწყოს ხელი, არ გააჩინოს ახალი სოციალური ერთობის კერები და არ გაზარდოს დემოკრატიული ჩართულობის ხარისხი. ამდენად, ნულოვანი ბარიერი შესაძლოა იყოს ის რისკი, რომელზე წასვლაც ახლა გარდაუვალი აუცილებლობაა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

 

[1] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS CONCERNING THRESHOLDS WHICH BAR PARTIES FROM ACCESS TO PARLIAMENT, Strasbourg, 8 June 2018, p. 6, ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-PI(2018)004-e

[2] იქვე.

[3] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), COMPARATIVE REPORT ON THRESHOLDS AND OTHER FEATURES OF ELECTORAL SYSTEMS WHICH BAR PARTIES FROM ACCESS TO PARLIAMENT, Strasbourg, 15 December 2008, p. 8, ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2008)037-e

[4] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION), COMPILATION OF VENICE COMMISSION OPINIONS AND REPORTS CONCERNING THRESHOLDS WHICH BAR PARTIES FROM ACCESS TO PARLIAMENT, Strasbourg, 8 June 2018, p. 22.

[5] Arkadii Slinko, On the Computation of Fully Proportional Representation, October 27, 2011, p. 2, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/228156376_On_the_Computation_of_Fully_Proportional_Representation

[6] Blais A., Dobrzynska A., Indridason I. H., To Adopt or Not to Adopt Proportional Representation: The Politics of Institutional Choice, Cambridge University Press, 2004, p. 183, ხელმისაწვდომია: https://www.researchgate.net/publication/316688419_To_Adopt_or_Not_to_Adopt_Proportional_Representation_The_Politics_of_Institutional_Choice

[7] AREND LIJPHART, PATTERNS OF DEMOCRACY Government Forms and Performance in Thirty-Six Countries, Yale University Press, Second edition, 2012, pp. 31-32, ხელმისაწვდომია: https://e-edu.nbu.bg/pluginfile.php/830138/mod_resource/content/1/Lijphart%2C%20A.%20Patterns%20of%20Democracy%20-%20Government%20Forms%20and%20Performance%20in%20Thirty-Six%20Countries%20%282012%29.pdf

[8] Pippa Norris, The Rise of the Radical Right: Parties and electoral competition in postindustrial societies, chapter 5, 2004, p. 1, ხელმისაწვდომია: https://sites.hks.harvard.edu/fs/pnorris/Acrobat/Radical_Right/Chapter%205.pdf

[9] იქვე, p. 7.

[10] იქვე.

[11] საქართველოს კონსტიტუცია, 54-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[12] საქართველოს კონსტიტუცია, 56-ე მუხლის პირველი პუნქტი

[13] საქართველოს კონსტიტუცია, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტი

[14] საქართველოს კონსტიტუცია, 56-ე მუხლის მე-4 პუნქტი

[15] საქართველოს კონსტიტუცია, 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი

[16] საქართველოს კონსტიტუცია, 56-ე მუხლის მე-3 პუნქტი

[17] საქართველოს კონსტიტუცია, 57-ე მუხლი

[18] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის პირველი პუნქტი

[19] ამავე ლოგიკით არსებობს რისკი, რომ პარლამენტში შესვლა მოახერხოს დემოკრატიული წესრიგისთვის ან საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი იდეოლოგიის მქონე პარტიებმა

[20] CDL-AD(2010)007, Report on Thresholds and other features of electoral systems which bar parties from access to Parliament (II), para. 65

[21] CDL-AD(2010)007, Report on Thresholds and other features of electoral systems which bar parties from access to Parliament (II), para. 66

[22] CDL-AD(2010)007, Report on Thresholds and other features of electoral systems which bar parties from access to Parliament (II), para. 72

[23] CDL-AD(2017)023, Georgia - Opinion on the draft revised Constitution, para. 11